საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად საქართველოს იულიან ბულაის (რუმინეთი, ALDE) ხელმძღვანელობით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 32-კაციანი დელეგაცია ეწვია.
NDI-მ საპარლამენტო არჩევნებისთვის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია დაიწყო.
გარდა ამისა, IRI, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ აცხადებს, რომ რომ ორგანიზაციის მოკლევადიანი დამკვირვებლების ჯგუფი საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნებს დააკვირდება. მისიას ხელმძღვანელობენ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი კონგრესმენი ჯონ შიმკუსი, შვედეთის პარლამენტის წევრი მარგარეტა სედერფელდი და IRI-ის პრეზიდენტი დენ თვაინინგი.
„მოკლევადიანი დამკვირვებლები დააკვირდებიან არჩევნების დღეს, მათ შორის საარჩევნო უბნების გახსნას, ხმის მიცემისა და ხმის დათვლის პროცესს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მათი მუშაობა გააძლიერებს გრძელვადიანი დამკვირვებლების ძალისხმევას, რომლებიც საქართველოში ჩამოსვლის დღიდან აქტიურად მუშაობენ არჩევნებში ჩართულ მხარეებთან, საარჩევნო ინსტიტუტებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან,“ - აცხადებენ IRI-ში.
ორგანიზაციას საქართველოში ჯამში 48 დამკვირვებელი ეყოლება. მათგან 28 - მოკლევადიანი, 20 კი - გრძელვადიანი.
„მოკლევადიანი დამკვირვებლების ჩამოსვლა კიდევ უფრო გააძლიერებს მისიის შესაძლებლობებს, დააკვირდეს ამ მნიშვნელოვანი არჩევნების საკვანძო ეტაპებს“, - ამბობს ჯონ შიმკუსი, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი კონგრესმენი.
IRI-ის სადამკვირვებლო მისია მუშაობს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესის გაძლიერების კონსორციუმის (CEPPS) ფარგლებში. ორგანიზაცია ახორციელებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას საქართველოში.
საარჩევნო პროცესს ჯამში დააკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი დამკვირვებელი, 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე პროცესს გააშუქებს 199 მედიაორგანიზაციის 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.“
„ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი მოემსახურება. საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის 13 – გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, საიდანაც 12 – პენიტენციურ დაწესებულებებში, 1 კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია გახსნილი.
რაც შეეხება საზღვარგარეთ შექმნილ უბნებს – 42 ქვეყნის 53 ქალაქში შექმნილია 67 საარჩევნო უბანი. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები საქართველოში 2 263 უბანზე ჩატარდება, დანარჩენ უბნებზე, ასევე საზღვარგარეთ, კენჭისყრა ტრადიციული წესით გაიმართება.
საარჩევნო უბნები 06:45 საათზე გაიხსნება. კენჭისყრის პროცესი კი, 08:00 საათზე დაიწყება. საზღვარგარეთ კენჭისყრა შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიმართება. ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი.
წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 135 922 ახალგაზრდას. გადასატანი ყუთის სიაში 64 238 ამომრჩეველია. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა 95 910-ია.
პარლამენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 18 საარჩევნო სუბიექტი. სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოების არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 3 საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი 5 კანდიდატი, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის უსკო-ს მიერ რეგისტრირებულია 11 საარჩევნო სუბიექტი.
არჩევნების ადმინისტრირებას განახორციელებს 54 000-ზე მეტი საარჩევნო ადმინისტრატორი, საიდანაც ნახევარზე მეტს უფლებამოსილი პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული წევრები წარმოადგენს, ხოლო დანარჩენს არაპარტიული ნიშნით, ე.წ. პროფესიული წევრები. შეგახსენებთ, რომ თითო კომისიაში 17 წევრიდან 8 არის არაპარტიული წევრი, ხოლო 9 – პარტიული, საიდანაც 1 არის მართველი პარტიის, ხოლო დანარჩენი 8 სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული.
საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით ჩატარდება, განსხვავებული იქნება საარჩევნო ბიულეტენიც – ამ შემთხვევაში ამომრჩეველმა, ნაცვლად პარტიის ნომრის შემოხაზვისა, უნდა გააფერადოს/მონიშნოს მხოლოდ ერთი პარტიის წინ არსებული წრე/წრის შიდა სივრცე.
ხმის მთვლელი აპარატი ავტომატურ რეჟიმში ითვლის ხმებს და კენჭისყრის დასრულების შემდეგ, სავალდებულო პროცედურების განხორციელებისთანავე ბეჭდავს კენჭისყრის წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს, რომელიც პლანშეტის საშუალებით გამოიგზავნება ცესკოში, რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად მცირდება წინასწარი შედეგების გამოქვეყნების დრო და, სავარაუდოდ, კენჭისყრის დასრულებიდან 1-2 საათის განმავლობაში საზოგადოებას გავაცნობთ პირველად წინასწარ მონაცემებს. მონაცემები ამავდროულად, ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ვებგვერდზე results.cec.gov.ge.
„გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველყოფის მიზნით, გათვალისწინებულია ბიულეტენების ხელით დათვლა. ბიულეტენების დათვლის დროს კომისიის წევრები ახარისხებენ ნამდვილ და ბათილ ბიულეტენებს და მიღებულ შედეგს ადარებენ აპარატის მონაცემებს. კანონმდებლობა სხვა სახის მსჯელობას ე.წ. საეჭვო ბიულეტენებთან მიმართებაში არ ითვალისწინებს.
დანარჩენ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით ჩატარდება, თუმცა აღნიშნულ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენები დასკანერდება და გაციფრულდება, შესაბამის უსაფრთხო პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.
ელექტრონული აპარატები არ არის დაკავშირებული ინტერნეტის ქსელთან და, შესაბამისად, კიბერჩარევის საფრთხე არ არსებობს. რა თქმა უნდა, ხმის მიცემა ფარულია. ყველა საარჩევნო უბანზე განთავსებულია მოდიფიცირებული (ე.წ. ამოჭრილი) კაბინები. კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება აკრძალულია.
საარჩევნო ადმინისტრაციისა და ვენდორი კომპანიის გამოცდილებით, ალბათობა იმისა, რომ რომელიმე აპარატი მწყობრიდან გამოვიდეს, მინიმალურია. მაგრამ, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული და დაზღვეულია მსგავსი შემთხვევებიც, შემუშავებულია რისკების პრევენციისა და მართვის დოკუმენტი. მთავარი არის ის, რომ არცერთ შემთხვევაში არ შეწყდება კენჭისყრა.
კენჭისყრა სრულდება 20:00 საათზე, თუმცა ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, რისთვისაც, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით, კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩევლებს და ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას შეძლებენ.
სიახლეა გადასატანი ყუთით სარგებლობასთან დაკავშირებითაც – ამ არჩევნებზე ის ამომრჩევლებიც გაივლიან მარკირების პროცედურას, რომლებიც გადასატანი ყუთის გამოყენებით მისცემენ ხმას.
დღის განმავლობაში იმუშავებს ცესკოს კონტაქტჰაბი – 2 51 00 51. ასევე მუდმივ რეჟიმში იმუშავებს მედიაცენტრი, სადაც მედიას და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს საშუალება ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე,“ განაცხადა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა შემაჯამებელ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, საპარლამენტო არჩევნები ხვალ, 26 ოქტომბერს იმართება. პარლამენტი პირველად აირჩევა სრულად პროპორციული წესით.