შვედეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას აჩერებს, კანადა ურთიერთობის გადახედვას აანონსებს

შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრი ბენჟამინ დოუსა აცხადებს, რომ შვედეთის მთავრობა აჩერებს საქართველოს მთავრობასთან პირდაპირ თანამშრომლობას. ამავდროულად, საქართველოსთვის შვედეთის დახმარება წელიწადში 200 მილიონ კრონს შეადგენს. წელს, 25 მილიონი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას გამოეყო.


„საქართველოში განვითარებული მოვლენები დიდი ხანია, საგანგაშოა. საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ შაბათს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევები ამას ადასტურებს. მცდელობები, ხელი შეეშალოს ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას თავისი დემოკრატიული როლის შესრულებაში, კერძოდ, შემზღუდავი კანონმდებლობით, ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება. აქედან გამომდინარე, მთავრობა აჩერებს შვედეთ-საქართველოს მთავრობის პირდაპირ თანამშრომლობას, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება, მათ შორის საქართველოს საგადასახადო ორგანოსთან,“ - აცხადებს ბენჟამინ დოუსა. მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირთან კვლავ დაახლოების შემთხვევაში, შესაძლოა, ურთიერთობები განახლდეს.


დღესვე ცნობილი გახდა, რომ კანადა საქართველოს ხელმძღვანელობასთან ურთიერთობის გადაფასებას აანონსებს.

„როგორც საქართველოს მეგობარი, პარტნიორი და დიდი ხნის მხარდამჭერი, კანადა ცნობად იღებს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს, რომლებიც ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა.


თუმცა კანადა შეშფოთებულია ამომრჩეველთა დაშინების ფართოდ გავრცელებული შემთხვევებით, ხმების მოსყიდვით და კენჭისყრის დღეს სხვა დარღვევებით, რომლებიც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) და სხვა მიუკერძოებელმა დამკვირვებლებმა აღნიშნეს. ეს საკითხი გამოძიებული და გადაჭრილი უნდა იყოს. კანადას მტკიცედ სჯერა, რომ თავისუფალი, სამართლიანი და დამოუკიდებელი არჩევნები დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედს წარმოადგენს.


ჩვენს ევროპელ და G7-ის პარტნიორებთან კოორდინაციით და არჩევნების შედეგებისა და წარმართვის გათვალისწინებით, კანადა საქართველოს ხელმძღვანელობასთან ურთიერთობას გადააფასებს. კანადა კვლავ ღიაა საქართველოსთან თანამშრომლობისთვის, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას პატივს სცემს და ბოლოდროინდელ დემოკრატიული უკუსვლის საკითხს გადაჭრის.


ყველა მხარეს სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ და საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ მშვიდობიანი პროტესტების კონტექსტში ადამიანების უფლებებსა და უსაფრთხოებას პატივი სცეს. ჩვენ ვაქებთ ქართველებს საარჩევნო პროცესში აქტიურად მონაწილეობისთვის, მათ შორის, ამომრჩევლებს, საარჩევნო უბნების თანამშრომლებსა და  მოქალაქე დამკვირვებლებს,“ ნათქვამია განცხადებაში.


შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო.


9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს.

16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა.


ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში."


სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 25 სექტემბერს „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია. ამავე გამოცემამ კი, უფრო ადრე, 20 სექტემბერს დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა. 4 ოქტომბერს, თბილისში, „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024-ის" პრეზენტაციაზე მყოფმა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მაღალი დონის შეხვედრები შეჩერდება.


15 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი“ გაყინა, თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები გააუქმა და კიბერუსაფრთხოების პროგრამა შეაჩერა.


17 ოქტომბერს ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ კვლავ სერიოზულადაა შეშფოთებული საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის საფუძველში არსებულ ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება. [...] მსგავსი მოქმედების კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს დე ფაქტო აჩერებს. ამ ფორმულირებით, ეს უკვე დოკუმენტირებული გზავნილია, რომელიც ევროპელი პარტნიორებისგან დღემდე ისმოდა.