დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებია. კენჭისყრა უკვე დაიწყო - მჭიდრო რბოლაში დონალდ ტრამპი და კამალა ჰარისი იბრძვიან. ყველა წინასწარი გამოკითხვა აჩვენებს, რომ კანდიდატებს შორის დიდი უპირატესობა არცერთს არ აქვს და რიგ შემთვევაში, მათ მიმართ მხარდაჭერა თანაბარიც არის. ახალი პრეზიდენტის არჩევას და საბოლოო შედეგების გამოვლენას შესაძლოა, რამდენიმე დღე დასჭირდეს. ნაადრევი ხმის მიცემის უფლებით 76 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა უკვე ისარგებლა. 2024 წლის არჩევნებისთვის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რიცხვი 161 მილიონს აჭარბებს. წინა, 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობა 155 მილიონზე მეტმა ამერიკელმა მიიღო.
არჩევნების წინ ტრამპი და ჰარისი კვლავ ე.წ. მერყევ შტატებში ჩავიდნენ.
დემოკრატიული და რესპუბლიკური კამპანიების მიზანი ამომრჩეველთა იმ ნაწილს მიმხრობაა, ვისაც გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, ხმა ადრეულ არჩევნებზე ჯერ არ მიუცია და შესაძლოა, 5 ნოემბრის საყოველთაო კენჭისყრაზე წასვლაზეც ყოყმანობდეს.
დემოკრატთა კანდიდატი კამალა ჰარისი, კვირას, მიჩიგანის შტატში ჩავიდა, შვიდი შტატიდან ერთ-ერთში, სადაც გამოკითხვების მიხედვით, მისი და ტრამპის პოპოულარობის მაჩვენებლები ერთმანეთთან ძალზე ახლოსაა და შესაბამისად, მოსალოდნელი შედეგი გაურკვეველი რჩება.
პოლიტოლოგთა ანალიზის მიხედვით, ის კანდიდატი, რომელიც ამ შვიდიდან ოთხს ან მეტს მოიგებს, ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი იქნება.
დონალდ ტრამპი, კვირას საარჩევნო კამპანიას პენსილვანიის შტატში შეუდგა, საიდანაც შემდეგ ჩრდილოეთ კაროლინისკენ გაემართა. ორივე შტატი ე.წ. მერყევ შტატთა შვიდეულში შედის.
ტრადიციის მიხედვით, რომელიც სათავეს 1960 წლიდან იღებს, დიქსვილ ნოტჩის დასახლებაში საარჩევნო უბანი შუაღამისას გაიხსნა. დასახლებაში ხმა ექვსმა ამომრჩეველმა მისცა. ოთხმა „რესპუბლიკელმა“ და ორმა „დამოუკიდებელმა“. „დემოკრატიული პარტიისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატებმა, კამალა ჰარისმა და დონალდ ტრამპმა სამ-სამი ხმა მიიღეს.
კანდიდატების დაპირებები
დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა კამალა ჰარისმა, 29 ოქტომბრის შემაჯამებელი გამოსვლისთვის თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორია შეარჩია. რესპუბლიკელთა ნომინანტმა დონალდ ტრამპმა კი, წინასაარჩევნო შეხვედრა პენსილვანიაში გამართა.
ჰარისი, რომელიც მხარს უჭერს აბორტის უფლებებს, პირობას დებს, რომ ოჯახებისთვის საკვებისა და საცხოვრებლის ხარჯებს შეამცირებს. დონალდ ტრამპის განცხადებით, არალეგალური მიგრაციის კრიზისს საზღვრის დაკეტვით, კედლის მშენებლობის დასრულებით და ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი დეპორტაციის ოპერაციით მოაგვარებს.
ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, შესაძლოა, არალეგალური მიგრაციის გამო ტარიფები დააწესოს იმ ქვეყნებისთვის, მათ შორის ჩინეთისთვის, რომლებიც თავიანთი ტერიტორიიდან აშშ-ში ემიგრანტების ნაკადს არ ზღუდავენ.
ტრამპის და ჰარისის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები
ვიცე-პრეზიდენტი ჰარისი ამბობს, რომ სჯერა შეერთებულმა შტატებმა კონფლიქტების მართვისთვის ალიანსები უნდა აშენოს. ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ ძლიერების ჩვენებას და მის არაპროგნოზირებად ბუნებას შეუძლია, ომები იქამდე შეაჩეროს, ვიდრე ისინი დაიწყება.
რუსეთის ჩარევის საფრთხე
ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო სააგენტოები აცხადებენ, რომ არჩევნების დღეს და მომდევნო კვირებში რუსეთის ჩარევის საფრთხე არსებობს. აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოება აცხადებს, რომ ეს მცდელობები ძალადობის წაქეზების საფრთხეს ქმნის, მათ შორის, საარჩევნო მოხელეების წინააღმდეგ. აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოების ინფორმაციით, რუსეთის გავლენის აქტორებმა გამოაქვეყნეს სტატია, რომელშიც ყალბად ამტკიცებენ, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები სხვადასხვა შტატებში გეგმავენ არჩევნების გაყალბების ორგანიზებას სხვადასხვა ტაქტიკის გამოყენებით, როგორიცაა - ბიულეტენების ჩაყრა და კიბერშეტევები.
„რუსეთის გავლენის აქტორებმა ასევე შექმნეს ვიდეო, რომელიც ყალბად ასახავდა ინტერვიუს პირთან, რომელიც ირწმუნებოდა, რომ არიზონაში არჩევნები ყალბდება, მათ შორის, ყალბი ბიულეტენების შექმნით და ამომრჩეველთა სიების შეცვლით ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის სასარგებლოდ. არიზონას სახელმწიფო მდივანმა უკვე უარყო ვიდეოში გამოთქმული ბრალდება და განაცხადა, რომ ეს სიყალბეა,“ - აღნიშნულია განცხადებაში. აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოების ცნობით, აშშ-ის არჩევნებისთვის უცხოური გავლენის მნიშვნელოვან საფრთხედ რჩება ირანიც.
არჩევნების შედეგი ისტორიული იქნება იმის მიუხედავად, თუ რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს - რატომ?
ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, ის იქნება პირველი ხანდაზმული პრეზიდენტი (78 წლის), რომელიც თეთრ სახლს დაიკავებს. პირველი პრეზიდენტი, რომელიც ორჯერ იყო იმპიჩმენტზე წარდგენილი და პირველი პრეზიდენტი, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. გამარჯვების შემთხვევაში, დემოკრატი გრუვერ კლივლენდის შემდეგ, ტრამპი ამერიკის ისტორიაში მეორე პრეზიდენტი იქნება, რომელიც თეთრ სახლს ერთი ვადის გამოტოვებით, მეორედ დაიკავებს.
დემოკრატმა გრუვერ კლივლენდმა 1884 წელს მოიგო არჩევნები, 4 წელიწადში წააგო და იგივე ოპონენტთან, 1892 წელს არჩევნებში ისევ გაიმარჯვა. 130 წელზე მეტია, ამერიკაში მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა.
კამალა ჰარისის შემთხვევაში, ის იქნება პირველი ქალი პრეზიდენტი, ასევე, პირველი შავკანიანი ქალი პრეზიდენტი და სამხრეთ აზიური წარმოშობის.
შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის ბედს მარტივი უმრავლესობის ხმები არ წყვეტს. გამარჯვებულს 538 ელექტორისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია გამოავლენს. ყოველ შტატს, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ელექტორების განსაზღვრული რაოდენობა ჰყავს. ამერიკის მომავალ პრეზიდენტს ჯამში 270 ელექტორის ხმის დაგროვება სჭირდება.
გამარჯვებული კანდიდატი ამერიკის 47-ე პრეზიდენტი გახდება და 4-წლიანი ვადით თეთრ სახლში საქმიანობას, მომავალი წლის 20 იანვარს შეუდგება.