კრემლი ფრთხილი რეაქციით გამოეხმაურა დონალდ ტრამპის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას და განაცხადა, რომ აშშ კვლავ მტრულ სახელმწიფოდ რჩება. კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ტრამპმა თავისი კამპანიის დროს გააკეთა მნიშვნელოვანი განცხადებები უკრაინის ომის შეწყვეტის სურვილზე.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვსაუბრობთ მტრულ სახელმწიფოზე, რომელიც პირდაპირ და ირიბად არის ჩართული ომში ჩვენს სახელმწიფოსთან (უკრაინაში),“ – განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტებთან.
პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ არ აქვს ინფორმაცია პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ტრამპისთვის გამარჯვების მილოცვის გეგმების შესახებ და რომ ვაშინგტონთან ურთიერთობები ისტორიულ მინიმუმზეა.
„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ აშშ-ს შეუძლია ამ კონფლიქტის დასრულებას შეუწყოს ხელი. ეს მყისიერად არ ხდება, მაგრამ... აშშ-ს შეუძლია, შეცვალოს თავისი საგარეო პოლიტიკის კურსი. მოხდება თუ არა ეს, და თუ კი, როგორ... ამას იანვარში (აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ) დავინახავთ.“
მოგვიანებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ „არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის, რომელიც რუსეთში კარგად არის ცნობილი და კონგრესის ახალი შემადგენლობის შესახებ, სადაც წინასწარი მონაცემებით, „რესპუბლიკელები“ უმრავლესობას იღებენ, ილუზიები არ აქვთ.“
„რუსეთი იმუშავებს ახალ ადმინისტრაციასთან, როდესაც იგი თეთრ სახლში მოეწყობა, რუსეთის ეროვნულ ინტერესებს მხარს დაუჭერს და ფოკუსირებული იქნება სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა დასახული მიზნის მიღწევაზე. ჩვენი პირობები უცვლელია და ვაშინგტონში კარგად არის ცნობილი,“ - აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.
78 წლის ტრამპმა, პირობა დადო, რომ არჩეული შემთხვევაში სწრაფად დაასრულებდა უკრაინაში ომს, თუმცა მან არ დააკონკრეტა, როგორ გეგმავდა ამის მიღწევას.
პუტინმა განაცხადა, რომ ის მზადაა, განიხილოს ომის შესაძლო დასრულება, თუმცა რუსეთმა თავისი ტერიტორიული მიღწევები და პრეტენზიები უნდა შეინარჩუნოს, რაც უკრაინის ხელმძღვანელობისთვის მიუღებელია და კაპიტულაციად ითვლება.
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ გამოიწვია ყველაზე დიდი დაპირისპირება მოსკოვსა და დასავლეთს შორის 1962 წლის კუბის კრიზისის შემდეგ, როდესაც საბჭოთა კავშირი და აშშ ბირთვული ომის ზღვარზე იდგნენ.
განახლება: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.
პუტინმა მას მამაცი ადამიანი უწოდა და განაცხადა, რომ არ არის წინააღმდეგი, მას დაურეკოს.
პუტინმა წამყვანის შეკითხვას ამერიკელი პრეზიდენტების შესახებ უპასუხა ვალდაის ფორუმზე გამართულ პრესკონფერენციაზე. მან განაცხადა, რომ მათ, ყველას, საინტერესო ადამიანებად მიიჩნევს და აღნიშნა, რომ სხვანაირად ისინი ვერ დაიკავებდნენ "მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოს" ხელმძღვანელის პოსტს.
ტრამპის შესახებ პუტინმა განაცხადა, რომ შთაბეჭდილება მოახდინა პოლიტიკოსის საქციელმა მასზე თავდასხმის დროს. „ადამიანი თავს ავლენს არაჩვეულებრივ პირობებში. და მან აქ გამოავლინა თავი," - განაცხადა პუტინმა.