პარლამენტის თავმჯდომარე კვლავ შალვა პაპუაშვილია

საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს. ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე, რომელსაც მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატები ესწრებოდნენ, პარლამენტის ვიცე-სპიკერები დაამტკიცეს. სხდომას არ ესწრებოდა ოპოზიცია. პარლამენტის სპიკერატში მმართველი უმრავლესობა პირველი ვიცე-სპიკერითა და უმრავლესობის კვოტით, სამიდან მხოლოდ ორი ვიცე სპიკერით იქნება წარმოდგენილი.


პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე გია ვოლსკი წარადგინა, რომელიც 88 ხმით ერთხმად დაამტკიცეს.

უმრავლესობის კვოტით ვიცე-სპიკერებად, ასევე, არჩეული არიან თეა წულუკიანი და ნინო წილოსანი.

სპიკერატში უმრავლესობის ერთი კვოტა ვაკანტურია.


XI მოწვევის პარლამენტმა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცა. პარლამენტის გადაწყვეტილებით, კომიტეტებს უმრავლესობის შემდეგი წარმომადგენლები უხელმძღვანელებენ:

აგრარულ საკითხთა კომიტეტი - გელა სამხარაული

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი - რატი იონათამიშვილი

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი - გივი მიქანაძე

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი - მაია ბითაძე

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი - შოთა ბერეკაშვილი

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი - ირაკლი ზარქუა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი - ლევან მახაშვილი

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი - ალექსანდრე ტაბატაძე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი - გიორგი კახიანი

კულტურის კომიტეტი - გიორგი გაბუნია

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი - ირაკლი ქადაგიშვილი

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი - ნიკოლოზ სამხარაძე

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი - დავით მათიკაშვილი

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი - პაატა კვიჟინაძე

სპორტის კომიტეტი - ვიქტორ სანიკიძე

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი - ზაზა ლომინაძე

უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გიორგი კახიანი მხოლოდ ორი კვირის განმავლობაში უხელმძღვანელებს. ორი კვირის შემდეგ კი, ამ პოსტს არჩილ გორდულაძე დაიკავებს, რომელიც პარლამენტში შემოვა, ხოლო გიორგი კახიანი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე იქნება არჩეული.


მე-11 მოწვევის პარლამენტმა, რომლის პირველი სხდომა 25 ნოემბერს 12:00 საათზე გაიხსნა, პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელისა და პროტესტის ფონზე, რომლითაც არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვენ, პარლამენტის 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო.


ცნობისთვის, ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები საქართველოს მთავრობას არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ, მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბების შესახებ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ბრალდებებს უარყოფს. 16 ნოემბერს ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაპირისპირებისა და ხმაურის შემდეგ დაამტკიცა.


საკონსტიტუციო სასამართლომ 20 ნოემბერს დაარეგისტრირა საქართველოს პრეზიდენტის სარჩელი, რომლითაც 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაა მოთხოვნილი.