წლების წინ, ელექტროენერგიის ექსპორტიორი საქართველო, ბოლო წლების განმავლობაში, არა თუ ექსპორტს ვეღარ ახორციელებს, ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარების გამო (12 მილიარდ კილოვატ საათამდე), ყოველწლიურად თვითონ შეისყიდის 1.5 მილიარდ კილოვატ საათს სამი ქვეყნიდან, მათ შორის რუსეთიდან. მიუხედავად ამ მოცემულობისა, ქვეყანაში დიდი ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგება მოსახლეობის გარკვეული ნაწილი.
დღეისთვის შეჩერებულია სამი დიდი ელექტროსადგურის ნენსკრა, ნამახვანჰესის და ხუდონჰესის მშენებლობა, რომლებიც ქვეყანის ენერგოდამოუკიდებლობას გაზრდიდა და ექსპორტიორ ქვეყნადაც აქცევდა. თუმცა ენერგოდამოუკიდებლობის საპირწონედ დგას სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმში ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ დაყენება, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება, უნიკალური მიკროკლიმატური ზონების შეცვლა და რაც მთავარია ჰესის, წყალსაცავის უსაფრთხოება წყალსაცავიანი ელექტროსადგურების მიმართ მოსახლეობის და გარემოს დამცველების აღნიშნული შიშები გამოწვეულია სახელმწიფო კვლევითი და საექსპერტიზო ინსტანციების მუშაობის ხარისხის მიმართ, უნდობლობით. ასევე სხვა ახალ აშენებულ ჰესებზე მომხდარი ავარიებით.
რა ენერგო პოტენციალი აქვს საქართველოს? ენერგოდამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, ამ სიტუაციიდან სად არის გამოსავალი? შესაძლებელია თუ არა დიდი ჰესების უსაფრთხოდ აშენება და ამისთვის რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ? - აღნიშნულ საკითხებზე Europetime ენერგეტიკის აკადემიის წევრს პაატა ცინცაძეს ესაუბრა.
_თქვენი შეფასებით, რამდენად ადეკვატური თანხა იხარჯება ნამახვანჰესის დაპროექტებასა და მშენებლობაზე? პროექტის ხარჯების შემცირება, ხომ არ ხდება პროექტის უსაფრთხოების ხარჯზე?
ასეთი დიდი ნაგებობის უსაფრთხოება განისაზღვრება სამ ეტაპზე. პირველი - ეს არის პროექტირების სტადია, რომელიც უნდა გაკეთდეს აუცილებლად მაღალ დონეზე. მეორე არის მშენებლობა, მესამე ეს არის ექსპლუატაციის პერიოდი. როცა უკვე ჰესი მუშაობს. არსებობს ასეთი საერთაშორისო ორგანიზაცია, მაღალი კაშხლების ასოციაცია ICOLD, შვეიცარიაში აქვს შტაბბინა. მათი მიერ გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, ყველაზე ხშირად, ჰიდროსადგურებზე ავარიები ხდება პირველ 3-5 წლიან ინტერვალში. ამ ვადაში გამოჩნდება ხოლმე პროექტირებისას და მშენებლობის დროს დაშვებული შეცდომები. შემდეგ, 50 წელი ძალიან იშვიათობაა ავარიები და 50 წლის შემდეგ, ისევ ჩნდება ავარიების საშიშროება იმიტომ, რომ აქ უკვე იწყება გამოყენებული მასალების და კონსტრუქციების ე.წ დაღლილობა, დაძველება და ამან შეიძლება, გამოიწვიოს რაიმე ავარია. თუ ნამახვანიჰესი აშენდება ყველა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და პროექტი მაღალ დონეზე იქნება გაკეთებული, რა თქმა უნდა, უსაფრთხოა. მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, ჰესების პროექტების ექსპერტიზის ზედმეტად ლიბერალური სისტემა გვაქვს. დაახლოებით 20 წლის წინ შემოიღეს ერთი ფანჯრის პრინციპი, გამარტივებული პროცედურები, როცა პროექტირებისთვის და მშენებლობისთვის არავითარი ლიცენზიის მოთხოვნა აღარ ხდება, ასეთ პროექტებზე ეს არ არის სწორი მიდგომა.
როგორ შეიძლება ტექნიკური ნაგებობის ექსპერტიზა არ ჩატარდეს, ძალიან მაღალ დონეზე და ძალიან მაღალი დონი სპეციალისტების მიერ?! ამის მაგალითია ავარიები მესტიაჭალაჰესზე, შუახევჰესზე და ა.შ. აღნიშნული ავარიები ძირითადად მოხდა პროექტირებისას დაშვებული შეცდომების გამო. ან მშენებლობის დროს დაშვებული შეცდომების მიზეზით. ჩვენ ამ პროექტებს სათანადო ექსპერტიზა ვერ ჩავუტარეთ. სახელმწიფომ ვერც ტექნიკური ზედამხედველობა ვერ განახორციელა, სათანადო დონეზე მშენებლობის პერიოდში.
_მიზეზი რა არის? შესაბამისი სამსახურების არარსებობა, კვალიფიციური კადრების დეფიციტი, თუ კიდევ სხვა სახის დამატებით პრობლემებთან გვაქვს საქმე?
რა თქმა უნდა, შესაბამისი კვალიფიკაციის საკმარისი კადრები არ გვყავს. ეს მხოლოდ ჩვენი ბრალია. ჩვენ, როცა გავაჩერეთ ხუდონჰესის მშენებლობა 1987 წელს და გახარებულები ვიყავით ამით, ვამბობდით, რომ ეს არის ჩვენი ყველზე დიდი მიღწევა, ამის შედეგია ეს ყველაფერი. ხუდონის მშენებლობა იცით როგორ იყო დაგეგმილი? ენგურჰესის მშენებლობა 1983 წელს დამთავრდა.
ენგურჰესზე ჩამოყალიბდა ჰიდროტექნიკური მშენებლობის უზარმაზარი სკოლა. 15-18 წელი შენდებოდა ენგურჰესი და ინჟინრების, მშნებლების და ტექნიკური პერსონალის მთელი თაობები გაიზარდა. ამის გარდა, გაჩნდა უზარმაზარი სამშენებლო ბაზა და ტექნიკა. ხუდონჰესის გაჩერებასთან ერთად ეს ყველაფერი ჩვენ მოვკალით. ჩვენი ხელით გავანადგურეთ ყველაფერი. ისეთი საქმე გავაკეთეთ, მტერს რომ მოესურვებინა ის ვერ დაგვიშავებდა ამდენს.
ხუდონჰესს 1.7 მილიარდი კილოვატსაათი ელექტროენერგია უნდა გამოემუშავებინა. ამით არსებულ დეფიციტს შევავსებდით, ხუდონს კიდევ დამატებით სხვა, ძალიან ბევრი პლიუსი ჰქონდა. მისი აშენების შემდეგ, ენეგურჰესზეც გავზრდიდით წარმოებას. ენგურჰესის წყალსაცავი ილამება. ხუდონჰესის აშენების შემთხვევაში, ენგურჰესის ექსპლუატაციის პერიოდი დაახლოებით 100 წლით გაიზრდებოდა. გარდა ამისა, ჩვენ დიდი პრობლემები გვაქვს აფხაზეთთან დაკავშირებით. აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდების რაოდენობა 2 მილიარდ კილოვატსაათამდე გაიზარდა. აფხაზეთი ჩვენი ტერიტორიაა და რა თქმა უნდა ჩვენ ვერ შევუწყვეტთ ელექტროენერგიის მიწოდებას და ამაში ხუდონჰესს განსაკუთრებული როლი ექნებოდა. ერთი სიტყვით ხუდონჰესის გაჩერება იყო მომაკვდინებელი დარტყმა საქართველოს ჰიდროენერგეტიკისთვის და ენერგოდამოუკიდებლობისთვის, რომლის ნაყოფსაც ახლა ვიმკით. ხუდონჰესის მშენებლობის დაწყების რეალური შესაძლებლობა არსებობს და ადრე თუ გვიან აუცილებლად გაკეთდება. სჯობს ადრე გაკეთდეს.
ნამახვანსაც იგივე ეხება. ორივეს აშენება, რა თქმა უნდა შეიძლება. უნდა შევძლოთ და გავაკეთოთ პროექტების ექსპერტიზის და მშენებლობის ზედამხედველობა თანამედროვე სისტემა გამართული და არა ისეთი, როგორიც დღეს გვაქვს.
_ახლა რა ხარისხის პროექტიც არის და რა დონის ექსპერტიზა, ზედამხვედველობის სისტემა, ამ მოცემულობით რამდენად მიზანშეწონილია ნამახვანჰესის აშენება?
ჰესის მშენებლობა სახლის მშენებლობას არ ჰგავს. პროექტირება ფაქტობრივად სრულდება, მაშინ როდესაც მშენებლობა სრულდება. მაგალითად, ენგურჰესზე მშენებლობის დროს, 200 კაცი მუშაობდა საპროექტო ჯგუფში, რომელიც იყო განთავსებული ენგურზე. მშენებლობის მიმდინარეობისას პერიოდულად ცვლილებები შედიოდა პროექტში, ანუ პროექტირება მშენებლობის დროსაც გრძელდება. ამიტომ, დღევანდელი მონაცემებით კი ბატონო, შეიძლება მშენებლობის დაწყება. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ჩვენ არ გვაქვს პროექტის ხარისხიან ექსპერტიზის და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების თავი არ გვყავს საკმარისი კვალიფიციური სპეციალისტები, პროექტის მიმდინარეობისას, ჩვენ უნდა შევძლოთ ის, რომ სხვა ქვეყნიდან მაინც მოვიწვიოთ, კვალიფიციური კომპანიები, რომელიც სათანადო ტექნიკურ ზედამხედველობას განახორციელებს.
_ერთ-ერთ ექსპერტის მოსაზრება იყო, რომ თუ არსებული ჰესების რეაბილიტაციაზე დაიხარჯება გარკვეული მოცულობის თანხა, აქამდე წარმოებული ენერგიის 20-25 პროცენტამდე გაზრდა შესაძლებელია. თქვენ როგორ აფასებთ ამ ინიციატივას, რამდენად რეალისტურ გათვლებს ეფუძნება და განსახორციელებლად რამდენად რეალისტურია?
რა თქმა უნდა, რეალობას არ შეესაბამება. არსებული ჰესების რეაბილიტაცია რომც მოხდეს, 25 პროცენტით მაინც ვერ გაიზრდება. თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ და რეაბილიტაცია ჩაუტარდეს, მაგალითად ლაჯანურჰესის წყალსაცავი რომ გავასუფთაოთ, რომელიც დალამულია. კატასტროფულად ძვირი დაჯდება. ძალიან რთულად განსახორციელებელი საქმეა. გაწმენდა ასე იოლად არ ხდება. სად უნდა წავიღოთ ამდენი ლამი და ქვიშა, მაგაზე ვინმე პასუხს გვეუბნება? რა არის გასაკეთებელი, სად არის ეს რეზერვი, რომელ ჰესზე? თუ საუბრობენ კონკრეტულადაც უნდა თქვან. ენგურჰესის რეაბილიტაცია ახლა კეთდება. გვირაბიდან წყლის გაჟონვის გამო დაახლოებიტ 300 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია იკარგებოდა. იმედია რეაბილიტაცია სწორად ჩატარდება და 300 მილიონ კილოვატ საათს დავიმატებთ. სამწუხაროდ 300 მილიონი, ჩვენი ჯამური წარმოების ელექტროენერგიის 3 პროცენტიც არ არის. არავითარი რეაბილიტაცია ამას არ უშველის. ის ელექტროენერგია, რაც დღეს გვაკლია, მთლიანად, რეაბილიტაციის ხარჯზე რომ დავფაროთ, შეუძლებელია.
_რაც შეეხება ნამახვანჰესს, რამდენად საფუძვლიანია მოსახლეობის შიშები ჰესის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, გარემოზე ზემოქმედების კუთხით და მშენებლობის ხარისხთან დაკავშირებით? რატომ გაჩნდა ასეთი პროტესტი, რამდენად სწორი ინფორმაცია აქვს მოსახლეობა და დაცულია თუ არა უსაფრთხოების ზომები?
ახლა ნამახვან ჰესზეა საუბარი, თორემ ყველაფერი დაიწყო ხუდონიდან. როცა ვსაუბრობთ, რომ საქართველოში ჰესები უნდა ავაშენოთ, ამის ქვეშ ხშირად არის საუბარი, რომ მოდი მცირე ჰესები ავაშენოთ, 13 მეგავატამდე სიმძლავრის სადგურებზეა საუბარი. ასევე საშუალო სიმძლავრის 50 მეგავატამდე სადგურებზე. მცირე და საშუალო სიმძლავრის სადგურებს წყალსაცავები არ სჭირდება. წყალსაცავი სჭირდება დიდ ჰესებს.
ჩვენი მდინარეები არის სეზონური. ზაფხულში ბევრი წყალია, ზამთარში ცოტა. ბევრ წყალს ვკარგავთ. წყალსაცავი საჭიროა სწორედ იმისთვის რომ ზამთრისთვის მოხდეს დაგროვება და ზამთარში ამ წყლის მარაგის გამოყენება. აქ არის მხოლოდ ერთი გამოსავალი, ავაშენოთ წყალსაცავიანი ჰესები და ზაფხულში მდინარეების ჭარბნადენი დავაგროვოთ, ამ წყალსაცავებში. შემდეგ გავხარჯოთ ეს ენერგია ზამთარში, რომ ელექტროენერგიის იმპორტი აღარ დაგვჭირდეს. დღევანდელი მონაცემებით, იმპორტს ვახორციელებთ წელიწადში 9 თვე.
ასეთი მდინარე, რომელსაც აქვს ამხელა პოტენციალი და შესაძლებელია წყალსაცავიანი ჰესების მშენებლობა საქართველოში სულ ორია. ერთი არის ენგური, მეორე რიონი. სხვა მდინარეებს ამხელა პოტენციალი არ აქვს. მთელი საქართველოს მდინარეების ტექნიკურად გამოსაყენებლი ჰიდროპოტენციალი, ადაახლოებით 40 მილიარდი კილოვატ საათია. მისი თითქმის ნახევა რი ამ ორ მდინარეზე . ამიტომ, ადრე თუ გვიან ნამახვანი და ხუდონჰესი აუცილებლად აშენდება. სჯობს ადრე აშენდეს. მეტი გზა არ გვაქვს. თუ, რა თქმა უნდა, გვინდა დამოუკიდებლობა, ევროკავშირის წევრობა. თუ რუსეთის გუბერნიად გადაკეთება გვსურს, მაშინ აღარ გვინდა აღარაფერი რუსები შეგვინახავენ. მაგრამ ეს ხომ არ გვინდა?! ყველა სახელმწიფო ცდილობს, ენერგოდამოუკიდებლობის ამღლებას.
ევროკავშირის „ენერჯი კომუნითის“, წევრი საქართველო 2016 წელს გახდა. ეს ფაქტიურად ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ენერგეტიკა შევიდა ევროკავშირში. რა თქმა უნდა, იქ ძალიან ბევრი მოთხოვნაა დასაკმაყოფილებელი, რომელსაც „ენერჯი კომუნითი“ ითხოვს წევრებისგან. პირველ რიგში ეს არის ელექტროენერგისს ბაზრის ლიბერალიზაცია, კონკურენტული გარემოს შექმნა, სექტორში და თვითკმარი ენერგეტიკული სექტორის არსებობა. არავის არ უნდა მიიღოს ისეთი წევრი რომელიც, ასე ვთქვათ იქნება ევროკავშირის სარჩენი. მით უმეტეს წევრი, რომელიც ენერგეტიკულად არ არის დაკავშირებული ევროკავშირთან. ჩვენ ელექტროგადამცემი ხაზებით პირდაპირ დაკავშირებული არ ვართ ევროკავშირთან. ეს ძალიან დიდი პრობლემაა.
_რატომ ვერ ხერხდება ამ ელექტროგადამცემი ხაზების აშენება, თანხების გამო, თუ თვითონ ევროკავშირიც არ აქტიურობს ამ კუთხით და მისთვის სტრატეგიული ღირებულება არ აქვს? როგორც ნავთობ და გაზსადენებზე მოხდა, უცხოური ინვესტიციებით, მშენებლობა, ელექტროენერგიის დერეფნის კუთხით რატომ ვერ ხერხდება?
ასეთი ელექტროგადამცემი ხაზების აშენება საკმაოდ დიდ თანხებს უკავშირდება. ჩვენ ევროკავშირის წევრ არც ერთ ქვეყანას არ ვესაზღვრებით. ერთი, ძალიან რთული გზაა თურქეთის გავლით შევძლოთ ევროპის ბაზარზე გასვლა, რასაც თურქეთი კატეგორიულად ეწინააღდეგება. მეორე გზა არის შავი ზღვის ფსკერზე, სადენების გაყვანა, რაც ასევე ძალიან ძვირი და ძალიან რთული პროექტია.
რა თქმა უნდა შეიძლება, თუ ევროკავშირის ქვეყნები დაინახავენ რომ საქართველოში ამისთვის რამე კეთდება. ჩვენ 30 წელია არაფერი ახალი არ აგვიშენებია. ჰესებს ვგულისხმობ, მწვანე ენერგიაზეა აქ საუბარი. მათ არ სჭირდებათ თბოსადგურების საშუალებით მიღებული ელექტროენერგია. თუ იქნება წარმოებული დიდი რაოდენობის მწვანე ენერგია, რომელიც შიდა ბაზარსაც დააკმაყოფილებს და ექსპორტის საშუალებაც იქნება, ამ შემთხვევაში ამ საკითხის დასმა შეიძლება. მაგრამ ახლა ევროკავშირში ხედავენ, რომ საქართველო ორ მეგავატიანი სადგურის აშენებასაც ვერ ახერხებს. ბუნებრივია, ამ ქსელის აგების პროექტიც დღის წესრიგში არ დგას. რისთვის უნდა აშენდეს?
თურქეთეთთან დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზიც უფუნქციოდ გვრჩება. რომელსაც საშუალება აქვს 700 მეგავატი გაატაროს, ამ დროს არ ატარებს 20-30 მეგავატზე მეტს. თუ ჩვენ ენერგეტიკას განვავითარებთ ისე, როგორც საჭიროა, მაშინ შესაძლოა, ჩვენს ელექტროკავშირების განვითარებაზე ევროპამაც იზრუნოს და მხოლოდ ჩვენ საზრუნავი არ გახდეს.
_თუ ელექტროგადამცემი ხაზით ვერ ვუკავშირდებით ევროპას და თურქეთსაც ვკარგავთ, როგორც ელექტროენერგიის პოტენციურ შემსყიდველს, საქართველოში დიდი ჰესების აშენება კიდევ საჭირო ხდება?
რა თქმა უნდა, ჩვენ ხომ მხოლოდ თურქეთზე არ გვაქვს საუბარი. ჩვენ ჯერ ჩვენი შიდა ბაზარი არ გვაქვს დაკმაყოფილებული. ახლა სამი ქვეყნისგან ვყიდულობთ, ელექტროენერგიას - რუსეთისგან, აზერბაიჯანისგან და თურქეთისგან. ადრე ვიყავით ექსპორტიორი ქვეყანა, ახლა არათუ საექსპორტო მოცულობები აღარ გვაქვს, ჩვენ თვითონ ვყიდულობთ.
ერთადერთი რესურსი, რითაც ელექტროენერგიის წარმოება შეგვიძლია, არის ჰიდრო რესურსი. ჩვენ არც ნავთობი გვაქვს, არც გაზი. მოხმარება იზრდება, რა ვქნათ, ეს მოხმარება უნდა დავაკმაყოფილოთ, ან საკუთარი წყაროებიდან, ან ვიყიდოთ სხვა ქვეყნისგან. მეტი გზა უბრალოდ არ არსებობს. არის კიდევ ერთი გზა, რომ თბოსადგურები ავაშენოთ, მაგრამ თბოსადგურების აშენების შემთხვევაში, გარდა ეკოლოგიური პრობლემებისა, არსებობს, დამოკიდებულების ზრდა აზერბაიჯანზე. ჩვენ არ გვაქვს ეს გაზი და აზერბაიჯანიდან უნდა შემოვიტანოთ. ასე რომ, ჰესების მშენებლობა არის ერთადერთი ხსნა იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს ჩვენი ენერგეტიკა და მინიმალურად დამოკიდებული ვიყოთ სხვა ქვეყანაზე.