საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრების მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღება მნიშვნელოვნად აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ ნებას უგულებელყოფს და ქვეყნის უზენაესი კანონის 78-ე მუხლით დადგენილ კონსტიტუციურ ვალდებულებას ეწინააღმდეგება. განცხადებაზე ხელმომწერები სახელმწიფო ორგანოებში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს მიმართავენ, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია გამოხატონ.
“ჩვენ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლები, ვიზიარებთ საჯარო მოხელეთა მიერ გავრცელებულ განცხადებათა სულისკვეთებას და ჩვენი პროფესიული პასუხისმგებლობის გააზრებითა და რწმენით, სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების ერთგულებით, მივიჩნევთ, რომ:
ევროკავშირში საქართველოს გაწევრების მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღება მნიშვნელოვნად აზიანებს კონსტიტუციურ რანგში აყვანილ, ჩვენი სახელმწიფოს თვითმყოფადობის, დამოუკიდებლობისა და თავისუფალი განვითარებისათვის ერთ-ერთ ფუნდამენტს – ევროინტეგრაციის პროცესს. აღნიშნული გადაწყვეტილება უგულებელყოფს საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ ნებას და ეწინააღმდეგება ქვეყნის უზენაესი კანონის 78-ე მუხლით დადგენილ კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომლის თანახმად კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
ამასთანავე, ვგმობთ 2024 წლის 29 ნოემბერს, საპოლიციო ძალებისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებით მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის, მიზანმიმართული დევნის, უსაფუძვლო დაკავებისა და ფიზიკური ძალადობის ქმედებებს და მიგვაჩნია, რომ აღნიშნული არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.
მოვუწოდებთ საჯარო ხელისუფლების განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირებს, უერთგულონ საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ წესრიგს, შეცვალონ ევროკავშირში საქართველოს გაწევრების მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილება და მიიღონ სათანადო ზომები, რათა შეაჩერონ საქართველოს ევროპული საზოგადოებისგან იზოლაცია და მისი თანმდევი უარყოფითი შედეგები.
იმავდროულად, ვთხოვთ, სახელმწიფო ორგანოებში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს, გამოხატონ მკაფიო პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით“, - ვკითხულობთ განცხადებაში
განცხადების ხელმომწერები არიან:
ბარამაშვილი თამარ – მთავარი სამართლებრივი მრჩეველი-მრჩეველთა ხელმძღვანელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტი.
გორგილაძე გოდერძი – სპეციალისტი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტი.
დოლუაშვილი ნინო – უფროსი სამართლებრივი მრჩეველი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტი.
კენჭაძე მარინა – კოლეგიის თავმჯდომარის თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.
კიკნაძე თამარი – მოსამართლის უფროსი თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.
ლაშხია გვანცა – მოსამართლის უფროსი თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.
მაჭარაშვილი ლელა – მოსამართლის უფროსი თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.
მესხია თამარ – მოსამართლის უფროსი თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.
მძევაშვილი მარი – სპეციალისტი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტი.
ობოლაშვილი თორნიკე – კოლეგიის თავმჯდომარის უფროსი თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.
პირველაშვილი ნიკა – უფროსი სამართლებრივი მრჩეველი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტი.
სულხანიშვილი გიორგი – მთავარი სამართლებრივი მრჩეველი-მრჩეველთა ხელმძღვანელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტი.
ქსოვრელი ირაკლი – სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსი.
ღოლიჯაშვილი დავით – მოსამართლის უფროსი თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.
ჭიოკაძე ლევანი – მოსამართლის თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.
ხავთასი ივა – მოსამართლის თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.
დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსამართლეების ნაწილის განცხადებით, ისინი ძალადობას გმობენ და ემიჯმებიან ნებისმიერ გადაწყვეტილებას და ნაბიჯს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან წინააღმდეგობაში მოდის.
ცნობისთვის, 30 ოქტომბერს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ აცხადებდა, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. ამასთან, ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას ხელახალი ჩართულობისკენ „მკაფიო გზა“ და საქართველოს შესაძლო წევრობისკენ „გზამკვლევი“ შესთავაზა.
შეგახსენებთ, 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ამასთან, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ “ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.“ ეს განცხადება მან მმართველი გუნდის ოფისში შეკრების შემდეგ გააკეთა. მანამდე, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მთავრობას ნდობა გამოუცხადა.
"ქართული ოცნების" სახელით გაკეთებული განცხადების შემდეგ, აქცია დაიგეგმა რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის წინ და „ქართული ოცნების“ ოფისთანაც. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა. ეს იყო უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი განცხადებას ოპოზიციასთან ერთად აკეთებდა. პირველად, 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ არჩევნები გაყალბდა. პრეზიდენტი მოგვიანებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა. შსს-ს განცხადებით, პარლამენტთან აქციაზე 43 პირია დაკავებული.
მედიაომბუდსმენის შეფასებით, 28 და 29 ნოემბერს, ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს გაუსწორდნენ.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო.
პრემიერ-მინისტრმა პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ქმედებებს მომიტინგეების მხრიდან „მასშტაბური ძალადობის“ შედეგი უწოდა.
მათ კი, ვინც პროტესტი გამოხატა, კობახიძის თქმით, მოსმენილის გააზრების პრობლემა აქვთ.
„ზოგადად, ჩვენ, თითოეულ საქართველოს მოქალაქეს და, მით უმეტეს, საჯარო მოსამსახურეს ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ. აქაც აშკარად იკვეთება წაკითხულის გააზრების და მოსმენილის გააზრების პრობლემა. თუ ვინმეს აქვს ეს პრობლემა ობიექტურად, მე პირადად მზად ვარ, რომ განვუმარტო თითოეული საკითხი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მოსმენილის სწორად გააზრების პირობებში პროტესტის განცდა არავის არ უნდა გასჩენოდა. კარგად შეგიძლიათ, წაიკითხოთ გუშინდელი ბრიფინგის ტექსტი. შეიძლება, გუშინ რუსთაველის გამზირზე გამოსული ადამიანების დიდ ნაწილს არ ჰქონდა ბოლომდე წაკითხული ეს ტექსტი, ან თუ წაიკითხა, შეიძლება ვერ გაიაზრა,“ განაცხადა პრემიერმა.
29 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი თანამდებობას ტოვებს.
თავის მხრივ, ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი მამუკა ციხელაშვილი იმ 100-ზე მეტ მოქმედ თანამშრომელს შორისაა, რომლებმაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ევროპული საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდასაჭერად.
თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი აცხადებს, რომ „ერთგულნი რჩებიან საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულების.“
განათლების სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი ამბობს, ხელისუფლების განცხადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს.