აქციებზე პიროტექნიკისა და ლაზერების გამოყენება, დემონსტრანტებისთვის კი, სახის დაფარვა აიკრძალა

მე-11 მოწვევის პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტების პაკეტი, რომელიც აქციის მონაწილეებს პიროტექნიკისა და ლაზერების გამოყენებას უკრძალავს. მათი გამოყენების შემთხვევაში, დემონსტრანტს 2000 ლარით დააჯარიმებენ.


კანონპროექტის კანონად ქცევისთვის აუცილებელია, დოკუმენტს ხელი მოაწეროს პრეზიდენტმა. თუ ის ცვლილებებს არ ეთანხმება, შეუძლია, გამოიყენოს ვეტო, სხვა შემთხვევაში კანონპროექტს ხელს მოაწერს პარლამენტის თავმჯდომარე. კანონპროექტის მიხედვით, მოქალაქეებს აქციებზე პიროტექნიკისა და ლაზერების გამოყენება კანონის გამოქვეყნებისთანავე აეკრძალებათ.


„ქართულმა ოცნებამ“ ასევე დაჩქარებული წესით მიიღო კანონპროექტების პაკეტი, რომლითაც დემონსტრანტებს აქციებზე სახის დაფარვა აეკრძალებათ. ამ წესის დარღვევისთვის მოქალაქეებს 2000 ლარით დააჯარიმებენ. პარლამენტმა ადმინისტრაციული ჯარიმების გაზრდას მხარი დაუჭირა და შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი საბოლოო, მესამე მოსმენით, 82-ხმით, ერთხმად დაამტკიცა.


„ქალაქის იერსახის დაზიანებისთვის“ ჯარიმა 50 ლარიდან 1000 ლარამდე იზრდება. პასუხისმგებლობა მკაცრდება სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების გამო. შეკრებებისა და მანიფესტაციების ნორმების დარღვევისთვის კი, არსებული ჯარიმა 500 ლარიდან 5 000 ლარამდე იზრდება, ხოლო ორგანიზატორების შემთხვევაში 5 000 ლარიდან - 15 000 ლარამდე. გარდა ამისა, შსს-ს უნიფორმის უკანონოდ ტარებაზე 2 000-ლარიანი ჯარიმა წესდება.


ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ამჟამად 1 000 ლარიან ჯარიმას იწვევს. “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებების თანახმად, სამართალდარმღვევი პირი გარდა იმისა, რომ 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, 1 წლის ვადით მართვის უფლებაც შეუჩერდება. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და არსებული ჯარიმების ოდენობა იზრდება მუნიციპალურ ქალაქებში იერ-სახის დამახინჯებაზე.


სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.


სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. ხოლო აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით. პროექტის თანახმად, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით აღნიშნული ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, პირს შეეფარდება ადმინისტრაციულ პატიმრობა - 15 დღემდე ვადით.


იგივე ქმედება ჩადენილი კულტურული მემკვიდრეობის ზონაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით (ამჯამად ჯარიმის ოდენობა 1000 ლარია), იგივე ქმედების განმეორება კი, 3 500 ლარიანი ჯარიმის დაკისრების საფუძველი გახდება. აღნიშნული დარღვევის გამოუსწორებლობა დაჯარიმებიდან 10 დღის ვადაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. არსებული ჯარიმები იზრდება დედაქალაქის - თბილისის შემთხვევაშიც.


მე-11 მოწვევის პარლამენტი საგაზაფხულო სესიის გახსნამდე - თებერვლის პირველ სამშაბათამდე აღარ შეიკრიბება. არცერთი ოპოზიციური პარტია, რომელმაც ბარიერი გადალახა, სხდომას არ ესწრებოდა. როგორც ცნობილია, ისინი არჩევნებს გაყალბებულს უწოდებენ. 


შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ და საქართველოს სხვა ქალაქებში 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. 


28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის, სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ შორის არიან საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები.