„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის დღეს, 11 დეკემბერს სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაცია თავდაპირველად „ქართული ოცნების“ პრესსამსახურმა გაავრცელა.
მმართველი პარტიის ცნობით, სატელეფონო საუბარი საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა, ერთ საათს გაგრძელდა და საუბარი საქართველოში შექმნილ ვითარებას შეეხო. ასევე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კონტაქტი ისევ შედგება.
„საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით, სატელეფონო საუბარი შედგა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის. მაკრონმა აღნიშნა, რომ წუხს საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და ამ ვითარების სრულად განმუხტვაში თავისი წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვა. თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ინიციატივისათვის მადლობა გადაუხადა და ერთობლივი ძალისხმევის იდეას მიესალმა.
ივანიშვილი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კვლავ შედგება კონტაქტი და შეფასდება მიღწეული პროგრესი. საუბარი ერთ საათს გაგრძელდა,“ - ნათქვამია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგვიანებით, მაკრონის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში დაკონკრეტებულია, თუ რა საკითხზე ისაუბრეს საფრანგეთის პრეზიდენტმა და „ქართული ოცნების დამფუძნებელმა. მაკრონმა გამოთქვა სინანული, რომ `საქართველომ გადაუხვია ევროპული ტრაექტორიიდან.“ საფრანგეთის პრეზიდენტი ასევე გამოვიდა ინკლუზიური დიალოგის მოწოდებით. მან ითხოვა „ყველა უკანონოდ დაკავებული პირის“ გათავისუფლება და მოუწოდა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემისკენ. მაკრონმა დაგმო „სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაშინება, ისევე როგორც სამართალდამცველების ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ.“
„საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი თავისი ინიციატივით „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ესაუბრა. მან დაგმო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაშინება, ისევე როგორც სამართალდამცველების ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ. მან ითხოვა ყველა უკანონოდ დაკავებული პირის გათავისუფლება და მოუწოდა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემისკენ.
მან კიდევ ერთხელ გამოთქვა სინანული, რომ საქართველომ გადაუხვია ევროპული ტრაექტორიიდან და დაადასტურა თავისი რწმენა, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე აუცილებლად იმოქმედებს კურსი, რომელიც არჩეულ იქნა ან იქნება. მან მოუწოდა ინკლუზიური დიალოგისკენ ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების პატივისცემით, რასაც კიდევ ერთხელ მიესალმა,“ წერია ფრანგული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ორი საათის წინ, „ქართულმა ოცნებამ“ დამატებითი ინფორმაცია გააავრცელა სატელეფონო საუბრის, რომლის თანახმად, დემონსტრაციებისას დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნაზე ივანიშვილმა მაკრონს განუმარტა, რომ საქართველო „სამართლებრივი სახელმწიფოა.“
„საფრანგეთის პრეზიდენტმა საუბრისას მართლაც დასვა დაკავებულების გათავისუფლების საკითხი. პარტიის საპატიო თავმჯდომარემ პრეზიდენტს ამ საკითხზე განუმარტა, რომ დაკავებულთა უმრავლესობა არის ადმინისტრაციული წესით დაკავებული და უახლოეს პერიოდში, ყველა მათგანი გათავისუფლდება,“ - წერს „ქართული ოცნება.“
„რაც შეეხება სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ პირებს, მაკრონს განემარტა, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და ყველა დამნაშავე ჩადენილ დანაშაულზე კანონის მოთხოვნებისა და მტკიცებულების მაღალი სტანდარტის შესაბამისად აგებს პასუხს,“ - ვკითხულობთ განცხადებაში.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ასევე განუცხადა, რომ „პოლიცია აქციის მონაწილეთა მასშტაბური ძალადობის წინააღმდეგ ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა.“ „გარდა ამისა, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ საუბრისას აღნიშნა, რომ ცალკეულ გადაცდომებზე გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს,“ - იუწყება „ქართული ოცნება.“
ამ სატელეფონო საუბარს წინ უძღოდა მაკრონის შეხვედრა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან და სამმხრივი დისკუსია საქართველოს პრეზიდენტს, ემანუელა მაკრონსა და დონალდ ტრამპს შორის. საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში ვიზიტით იმყოფებოდა. ზურაბიშვილის თქმით, მას ასევე, ჰქონდა სადილი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებთან და ყველას მკაფიო მესიჯები გადასცა თავიანთი დედაქალაქებისთვის.
„დღეს, რადგან 10 დეკემბერია და ეს ტრადიციულად ხდებოდა, მქონდა სადილი 27 ელჩთან (27-ვე არ არის საქართველოში, 22 თუ 23 იყო). ყველას ძალიან მკაფიო მესიჯი გადავეცი თავიანთი დედაქალაქებისთვის, რომ ამ ყველაფრის მიმართ რეაგირებით დღეს წყდება არამხოლოდ საქართველოს მომავალი, არამედ, ამ რეგიონის მომავალი, ვრცელი რეგიონის – ჩვენ ვნახეთ, სხვა ქვეყნებში რა შეიძლება, კიდევაც მოხდეს – ევროკავშირის პოლიტიკის და მის მიმართ ნდობის მომავალიც, რადგან არ შეიძლება, რაღაცები ისაუბრო, დიდი განცხადებები აკეთო დღითი დღე და შემდეგ, არ იყოს მიღებული ის მთავარი გადაწყვეტილებები, რომლებიც ნამდვილად ახდენს გავლენას ქვეყნის მომავალსა და ჩვენი მოსახლეობის შემართებაზე.
ისიც უნდა ვთქვა, რომ ამ დღეებში, წინა კვირიდან 30 თუ 32 ინტერვიუ მივეცი სხვადასხვა ევროპულ თუ ამერიკულ მედიაწარმომადგენლებს, სადაც ასევე ასახულია დღევანდელი მდგომარეობა. შემიძლია, გამოვიტანო ერთადერთი დასკვნა, რომ ამის შემდეგ ვერავინ, ვერცერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა და პარტნიორი ქვეყნის მეთაური, ვერავინ იტყვის, რომ არ ვიცოდი, ყველამ ყველაფერი იცის და ეს იყო ჩემი მოვალეობა,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა უკვე 10 დეკემბერს.
შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
29 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ 28 ნოემბერს გამოცხადებული გადაწყვეტილება არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი და უკიდურესად სამწუხარო. იმავე დღეს, ამერიკის ელჩმა „მტკიცედ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს. 30 ნოემბერს ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. რიგი საჯარო მოხელეები და ელჩები თანამდებობებს ტოვებენ.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქმე გვაქვს „წაკითხულის გააზრების პრობლემასთან“ და მთავრობას ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია.
პირველ დეკემბერს, ევროკავშირის ახალმა ხელმძღვანელობამ შეახსენა ყველას, რომ „საქართველოს ხელისუფლების მოქმედების კურსმა და დემოკრატიულმა უკუსვლამ გამოიწვია გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში, ხოლო ევროკავშირის ფინანსური დახმარება, რომელიც უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, ამჟამად შეჩერებულია. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება კი, საქართველოს ლიდერების ხელშია.“ 5 დეკემბერს, უკრაინამ ივანიშვილსა და კიდევ 18 პირს სანქციები დაუწესა.
5 დეკებერს ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ დამატებითი სანქციების გამოსაყენებლად ემზადება, პასუხს აგებენ ისინი, ვინც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში.
მანამდე, სანქციების შესახებ გამოაცხადეს ბალტიის ქვეყნებმა, ხოლო ანალოგიური ზომა დააანონსა კანადამაც.