სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციები ერთმანეთის ტერიტორიებს ეწვივნენ

8 აგვისტოს, ვაშინგტონში, დონალდ ტრამპის მედიაციით მიღწეული შეთანხმების შემდეგ, სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციები სასაზღვრო ზონაში შეხვდნენ.

სომხეთის დელეგაციას ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი, აზერბაიჯანისას კი - ვიცე-პრემიერი შაჰინ მუსტაფაევი ხელმძღვანელობდა. უშუალოდ რომელ სასაზღვრო რაიონებში იმყოფებოდნენ სომეხი და აზერბაიჯანელი ოფიციალური პირები, ვის შეხვდნენ და კიდევ ვინ შედიოდა დელეგაციებში ვიცე-პრემიერების გარდა, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. უცნობია, დელეგაციები ერთობლივად ეწვივნენ თუ არა სიუნიქის რეგიონს, - იმ ადგილს, სადაც შეთანხმების თანახმად უნდა გაიაროს „ტრამპის მარშრუტმა.“


„8 აგვისტოს ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად, მხარეებმა განვიხილეთ სასაზღვრო ხაზის შესაბამისი მონაკვეთების/სექციების დემარკაციასთან და განაღმვასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე განვიხილეღ საჭირო ინფრასტრუქტურის აღდგენა-მშენებლობასთან და [აღდგენა-მშენებლობის] ვადებთან დაკავშირებული საკითხები, კომუნიკაციების შექმნის სფეროში მოქმედებების სინქრონიზაციის მიზნით,“ - წერია სომხეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.


მუსტაფაევი და გრიგორიანი ამავე დროს ხელმძღვანელობენ თავიანთი ქვეყნების კომისიებს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვის დელიმიტაციის საკითხებში. საგარეო უწყებების განცხადების თანახმად, პოლიტიკოსებმა „გაცვალეს მოსაზრებები“, თუ როდის შეიძლება, ჩატარდეს ერთობლივი კომისიის მორიგი სხდომა.