თურქეთმა ამერიკული გაზის შესყიდვის 20-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი

თურქეთმა აშშ-სგან თხევადი ბუნებრივი აირის შესყიდვაზე, სავაჭრო კომპანია Mercuria-სთან 20-წლიან შეთანხმებას მოაწერა ხელი.


შესაბამისი განცხადება თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა გააკეთა იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროპას რუსული ენერგორესურსების შესყიდვების შეჩერებისკენ მოუწოდებს.


კერძოდ, სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანია BOTAS-მა ნიუ-იორკში, ერდოღანის ვიზიტის დროს, ხელი მოაწერა უახლეს გარიგებას, რომლის მიხედვითაც, 2026 წლიდან თურქეთისთვის ყოველწლიურად, 4 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდება იგეგმება, ხოლო მთლიანი მიწოდების მოცულობა დაახლოებით 70 მილიარდ კუბურ მეტრს ითვალისწინებს.


„ეს შეთანხმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აშშ-სთან 100 მილიარდი დოლარის სავაჭრო მოცულობის მიზნის მიღწევას,“ - განაცხადა ბაირაქტარმა და განმარტა, რომ შეთანხმების მიზანია მიწოდების უსაფრთხოების გაზრდა და თურქეთის ენერგორესურსების დივერსიფიკაცია.


რუსეთი თურქეთისთვის გაზის უმსხვილესი მიმწოდებელია, თუმცა ანკარამ ბოლო წლებში დივერსიფიკაცია მოახდინა.

ახალი გარიგება ერთ-ერთია იმ რამდენიმეთაგან, რომელსაც ანკარამ სულ მცირე 16 მილიარდი კუბური მეტრის ღირებულების რუსული გაზის იმპორტზე გარიგებების ვადის ამოწურვამდე მიაღწია. რუსეთთან გაზის მიწოდების შესახებ გარიგებები წელს სრულდება. ახალი გარიგება ჯერ არ დადებულა.


ენერგეტიკული შეთანხმებების მიღწევა თურქეთ-ვაშინგტონის ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ სწრაფვის ფონზე ხდება. ორშაბათს, ანკარამ განაცხადა, რომ გააუქმა საპასუხო ტარიფები, რომლებიც 2018 წელს აშშ-დან იმპორტირებული საქონლის ფართო სპექტრზე, მათ შორის, მსუბუქი ავტომობილებსა და ხილზე დაწესდა. გადაწყვეტილება ერდოღანისა და ტრამპის შეხვედრის წინ კეთილი ნების ჟესტად იყო აღქმული.