თურქეთი, სირია და იორდანია ჰიჯაზის რკინიგზას აღადგენენ

თურქეთი, სირია და იორდანია ისტორიული ჰიჯაზის რკინიგზის ხაზის აღდგენაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ თურქული მედია მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იტყობინება და წერს, რომ ეს მოვლენა  რეგიონული კავშირის აღდგენისა და საერთო მემკვიდრეობის შენარჩუნებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.


„ისტორიული ჰიჯაზის რკინიგზა აღდგება,“ - განაცხადა ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულკადირ ურალოღლუმ.


მინისტრის ინფორმაციით, შეთანხმებას ამ თვის დასაწყისში, ამანში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე მიაღწიეს. კერძოდ, ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტზე, რომელიც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სფეროში ყოვლისმომცველ თანამშრომლობას განსაზღვრავს.


ინიციატივის ფარგლებში, თურქეთი რკინიგზის სირიის სეგმენტზე 30 კილომეტრიანი (18.6 მილი) დაკარგული სტრუქტურის დასრულებაში დაეხმარება. ამასობაში, იორდანია  სირიაში ლოკომოტივების მოვლა-პატრონობის, შეკეთებისა და ექსპლუატაციის მხარდასაჭერად, თავის ტექნიკურ შესაძლებლობებს შეაფასებს.


სამი ქვეყანა ასევე გეგმავს ერთობლივი ტექნიკური კვლევების ჩატარებას, რომლებიც მიზნად ისახავს წითელ ზღვაზე თურქეთის წვდომის გაუმჯობესებას, იორდანიის აკაბის პორტის მეშვეობით. გარდა ამისა, სირიის გავლით, თურქეთსა და იორდანიას შორის საავტომობილო ტრანსპორტის აღდგენა იგეგმება. 


თავდაპირველად 1900-1908 წლებში, ჰიჯაზის სარკინიგზო ხაზი დაახლოებით, 1750 კილომეტრზე იყო გადაჭიმული და სტამბოლს მექასა და მედინასთან, ასევე, დამასკოსთან და იემენის ნაწილებთან აკავშირებდა.


 „რკინიგზა, რომელმაც ხელი შეუწყო რეგიონის განვითარებას, აშენდა რელიგიური, სამხედრო და პოლიტიკური მიზნებისთვის,“ წერს თურქული მედია.