თურქეთის ხელისუფლებამ სტამბოლი-ერევანი-სტამბოლის მიმართულებით პირდაპირი რეისების დაწყების ზუსტი თარიღი გამოაცხადა.
„ჩვენი ეროვნული ავიაკომპანია THY (Turkish Airlines) დაიწყებს ყოველდღიურ რეისებს სტამბოლი-ერევანი-სტამბოლის მარშრუტზე,“ - დაწერა თურქეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზების საკითხებში, ელჩმა სერდარ კილიჩმა X-ზე.
მანვე აღნიშნა, რომ ეს პირდაპირი რეისები 2026 წლის 11 მარტს დაიწყება. სტამბოლსა და ერევანს შორის საჰაერო მიმოსვლას ამჟამად Turkish Pegasus Airlines ახორციელებს.
თურქეთსა და სომხეთს შორის საჰაერო მიმოსვლას სპორადული მოქმედების ისტორია აქვს: სახმელეთო საზღვარი 1993 წლიდან დაიკეტა, ჩარტერული რეისები კი, 1995 წელს დაიწყო. რეგულარული რეისები 2015 წელს AtlasGlobal-ის მეშვეობით დაიწყო, მაგრამ 2020 წელს დასრულდა. 2022 წელს Pegasus Airlines-მა და FlyOne Armenia-მ კომერციული რეისები განაახლეს.