აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კუბა ვენესუელისგან ფულს და ნავთობს ვეღარ მიიღებს. ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც აშშ-ის ხაზინაში ვენესუელის ნავთობით მიღებულ მოგებას იცავს იურიდიული პროცესებისგან, საიმისოდ, რომ ეს მოგება შენახული იყოს და მოხმარდეს "აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მიზნებს."
ბრძანება საგანგებო ნებართვის გარეშე ამ სახსრებთან მიმართებით ნებისმიერ ოპერაციას კრძალავს.
თეთრი სახლის განმარტებით, მოგება ვენესუელის საკუთრებად რჩება და მას აშშ-ის ხელისუფლება განაგებს - ხოლო მისი დაცვა აუცილებელია საიმისოდ, რომ არ მოხდეს ამ სახსრების გატანა საჩივრებით, მაგალითად კრედიტორების, ან კერძო პირების მიერ.
„კუბა მრავალი წლის განმავლობაში ვენესუელიდან მიღებული დიდი რაოდენობით ნავთობითა და ფულით ცხოვრობდა. სანაცვლოდ, კუბა ვენესუელის ბოლო ორ დიქტატორს „უსაფრთხოების სამსახურებით“ უზრუნველყოფდა, მაგრამ ეს აღარ ხდება!
ამ კუბელების უმეტესობა აშშ-ის გასული კვირის თავდასხმის შედეგად დაიღუპა და ვენესუელას აღარ სჭირდება დაცვა იმ ბანდიტებისა და გამომძალველებისგან, რომლებსაც ისინი ამდენი წლის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი. ვენესუელას ახლა ჰყავს ამერიკის შეერთებული შტატები, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა (ბევრად!) დასაცავად და ჩვენ დავიცავთ მათ. კუბაში აღარც ნავთობი და აღარც ფული წავა - ნული! მკაცრად ვურჩევ მათ, დადონ შეთანხმება, ვიდრე ძალიან გვიანი არ არის,“ - წერს ტრამპი.
თავის მხრივ, კუბის პრეზიდენტმა მიგელ დიას-კანელმა უარყო ტრამპის მუქარა და მიანიშნა, რომ აშშ-ს არ ჰქონდა მორალური უფლებამოსილება, კუბაზე შეთანხმება დაედო.
კუბის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრუნო როდრიგესმა ასევე განაცხადა, რომ კუბას უფლება ჰქონდა, საწვავი შეეტანა ნებისმიერი მომწოდებლისგან, რომელიც მზად იყო მისი ექსპორტისთვის. მან ასევე უარყო, რომ კუბამ მიიღო ფინანსური ან სხვა „მატერიალური“ კომპენსაცია რომელიმე ქვეყნისთვის გაწეული უსაფრთხოების მომსახურების სანაცვლოდ.
Reuters-ის ცნობით, ვენესუელა კუბის უმსხვილესი ნავთობმომწოდებელია, თუმცა მას შემდეგ, რაც იანვრის დასაწყისში აშშ-ის ძალებმა ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დააკავეს, OPEC-ის ქვეყნის მიმართ აშშ-ის მიერ დაწესებული მკაცრი ნავთობბლოკადის ფონზე, ვენესუელის პორტებიდან კარიბის ზღვის აუზის ქვეყანაში ტვირთი არ გასულა.
ამასთან, კარაკასი და ვაშინგტონი 2 მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმებაზე მუშაობენ, რის საფუძველზეც, აშშ-ს 50 მილიონ ბარელამდე ვენესუელური ნავთობი მიეწოდება, ხოლო შემოსავალი აშშ-ის ხაზინის ზედამხედველობის ქვეშ მყოფ ანგარიშებზე განთავსდება.
ვენესუელაზე აშშ-ის რეიდის დროს კუბის შეიარაღებული ძალებისა და სადაზვერვო სამსახურების ოცდათორმეტი წევრი დაიღუპა. კუბამ განაცხადა, რომ დაღუპულები პასუხისმგებელნი იყვნენ „უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე“, თუმცა არ წარმოადგინა დეტალები ორ დიდი ხნის მოკავშირეს შორის დადებული შეთანხმების შესახებ.
კუბა ძირითადად ვენესუელისა და მექსიკის მიერ მიწოდებულ იმპორტირებულ ნავთობსა და საწვავს იყენებს მცირე მოცულობით, რომელსაც ღია ბაზარზე ყიდულობს, რათა შეინარჩუნოს თავისი ელექტროგენერატორები და სატრანსპორტო საშუალებები.
ბოლო წლებში მისი ოპერაციული გადამუშავების სიმძლავრის შემცირების გამო, ვენესუელას კუბაში ნავთობისა და საწვავის მიწოდება შემცირდა, თუმცა სამხრეთ ამერიკული ქვეყანა - დღეში დაახლოებით 26,500 ბარელის ექსპორტით, კვლავ უმსხვილესი მიმწოდებელია.