აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 13 იანვარს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს შეხვდა. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, მარკო რუბიომ და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა პროექტის - „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) განხორციელების ჩარჩო დოკუმენტი წარადგინეს.
ჩარჩო დოკუმენტის თანახმად, სომხეთი „ტრამპის მარშრუტის“ მშენებლობის გრძელვადიან ექსკლუზიურ უფლებებს აშშ-ის მიერ კონტროლირებად კომპანიას 49 წლის ვადით გადასცემს, რომელიც შეიძლება, დამატებით 50 წლით გაგრძელდეს.
კერძოდ, კომპანიაში აშშ 74%-იან წილს მიიღებს, ხოლო სომხეთი 26%-იან წილს. ასევე, კომპანია სატრანზიტო დერეფნის გასწვრივ სარკინიგზო ხაზს, გზას, ენერგომომარაგების ქსელებს და სხვა სახის ინფრასტრუქტურას ააშენებს.
ასევე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სომხეთს „TRIPP-ის გავლით ვაჭრობისა და ტრანზიტის დროს საზღვრის კონტროლსა და საბაჟო ოპერაციებზე სრული უფლებამოსილება ექნება.“
6-გვერდიანი დოკუმენტი გაგრძელებაა 2025 წლის 8 აგვისტოს დონალდ ტრამპს, ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გაფორმებული ხელშეკრულების, რომლის თანახმადაც, სომხეთი და აზერბაიჯანი საბოლოო ორმხრივი სამშვიდობო შეთანხმებისკენ ისწრაფვიან.
დოკუმენტის თანახმად, პროექტი „დააკავშირებს აზერბაიჯანის ძირითად ნაწილსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას ერთმანეთთან და შექმნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კავშირს „ტრანსკასპიურ სავაჭრო გზაზე“ - რასაც სხვაგვარად, „შუა დერეფანს“ უწოდებენ [რედ].
- რა ვალდებულებებს (თუმცა არა სამართლებრივს) იღებს ერევანი, რათა პროექტი, „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP), განხორციელდეს.
შეიქმნება „TRIPP-ის განვითარების კომპანია“ - მოკლედ TDC, - რომლის 74%-საც სომხეთი აშშ-ს გადასცემს, ხოლო 26%-ს თავისთვის დაიტოვებს.
ეს კომპანია იქნება პასუხისმგებელი TRIPP-ის განვითარებაზე; როგორც დოკუმენტში წერია, „არსებობს მოლოდინი“, რომ პროექტის ადმინისტრირების უფლება, „საწყის ეტაპზე“, 49 წლით ექნება.
„არსებობს მოლოდინი, რომ შეთანხმება გახანგრძლივდება დამატებით 50 წლით, სომხეთის მთავრობის მიერ დამატებითი კაპიტალის შეტანით, რის შედეგადაც მისი წილი 49%-მდე გაიზრდება,“ - წერია დოკუმენტში.
ამასთან, აშშ იტოვებს უფლებას, თქვას საბოლოო სიტყვა კომპანიის მეწილეებისა და საბოლოო ბენეფიციარების რაიმე ფორმით ცვლილების შესახებ - მათ შორის წილის გაყიდვაზე, დონაციაზე, რეორგანიზაციასა თუ სხვა სამართლებრივ პროცესზე.
ხაზგასმულია, რომ პროექტის წარმატება დამოკიდებულია სომხეთ-აზერბაიჯანს შორის „მშვიდობის ინსტიტუციონალიზაციაზე“, სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების „სრულ ნორმალიზაციაზე“, აშშ-ის ჩართულობაზე, რეგიონული თანამშრომლობასა და სტაბილურობაზე და სომხეთის ინსტუტიტების ეფექტურობაზე.
„TRIPP-ი წარმოადგენს სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას. სომხეთი ამ პროექტს მიიჩნევს ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური განვითარებისა და რეგიონული ინტეგრაციის სფეროში გრძელვადიანი თანამშრომლობის საფუძვლად,“ - წერია დოკუმენტში.
„TRIPP-ის შემუშავება იგეგმება სომხეთის ტერიტორიაზე განსაზღვრული სატრანზიტო მარშრუტების ფარგლებში, - რომლის კონკრეტული ადგილებიც მომავალში დაზუსტდება“; ხაზგასმულია, რომ ეს მოხდება „სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ფარგლებში პროექტის ყველა არეალზე სომხეთის სრული სუვერენიტეტის შენარჩუნებით“.
„ჩარჩო დოკუმენტი ასახავს კონკრეტულ გზას TRIPP-ის ამოქმედებისთვის, რომლის მიზანი სომხეთის ტერიტორიაზე შეუფერხებელი, მრავალმოდალური სატრანზიტო კავშირის დამყარებაა. აზერბაიჯანის ძირითადი ნაწილისა და მისი ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის დაკავშირებისა და ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის დამაკავშირებელი გზის შექმნის პარალელურად, TRIPP-ი ორმხრივ სარგებელს მოუტანს სომხეთის რესპუბლიკას საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორისი კავშირების თვალსაზრისით.
TRIPP-ი პრეზიდენტ ტრამპის მიერ 8 აგვისტოს გამართულ ისტორიულ მშვიდობის სამიტის პრინციპებს ეფუძნება და სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელობას ხაზს უსვამს,“ - ნათქვამია თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
„ვფიქრობთ, TRIPP-ის შეთანხმება ნამდვილად გახდება მსოფლიოსთვის მოდელი იმისა, თუ როგორ შეგიძლიათ, გახსნათ საკუთარი თავი ეკონომიკური აქტივობისა და კეთილდღეობისთვის.“
მანაც გაუსვა ხაზი, რომ ეს ხდება „სუვერენიტეტის ყოველგვარი კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვის გარეშე.“ ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, TRIPP-ის პროექტი ვაჭრობის, ტრანზიტისა და ენერგეტიკული ნაკადების კუთხით, სამხრეთ კავკასიის პოტენციალს გახსნის, რაც ხელს შეუწყობს კეთილდღეობისა და უსაფრთხოების გაზრდას მთელ რეგიონში.“
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შესანიშნავი იქნება სომხეთისთვის, შესანიშნავია შეერთებული შტატებისთვის, შესანიშნავია ყველა ჩართული მხარისთვის, მაგრამ საბოლოო ჯამში, მოდელი იქნება მსოფლიოსთვის.“
შეგახსენებთ, 2025 წლის 8 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით ვაშინგტონში შედგა სამშვიდობო სამიტი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მონაწილეობით, რომელზეც ხელი მოეწერა როგორც სამმხრივ, ასევე, ორმხრივ შეთანხმებებს.
ამავე სამიტზე გამოცხადდა სატრანსპორტო დერეფნის პროექტი სახელწოდებით „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP).