ჩაგოსის კუნძულების სტატუსი აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის განხილვის საგანია

ჩაგოსის კუნძულები [ინდოეთის ოკეანეში მდებარე არქიპელაგი] აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის განხილვის საგანია. დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ის „არასდროს წავა კომპრომისზე ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.“ მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის მიერ ჩაგოსის კუნძულების მავრიკისთვის გადაცემისა და მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზის იჯარით დაბრუნების შესახებ შეთანხმებას „დიდი სისულელის აქტი“ უწოდა და ის გრენლანდიის შესყიდვის საკუთარ მცდელობას დაუკავშირა. ტრამპმა განაცხადა, რომ მისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა დანიისთვის გრენლანდიის წართმევა.


დიდმა ბრიტანეთმა მაისში მოაწერა ხელი 3.4 მილიარდი ფუნტის (4.6 მილიარდი აშშ დოლარის) ღირებულების შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ის შეინარჩუნებდა კონტროლს არქიპელაგის ყველაზე დიდ კულძულ დიეგო გარსიაზე, სადაც აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი ბაზა ფუნქციონირებს.


ჩაგოსის არქიპელაგის მავრიკისთვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან დიეგო-გარსიაზე მდებარე ბაზა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც სასამართლო გადაწყვეტილებებმა ჩვენი პოზიცია შეასუსტა და მომავალში ბაზის ფუნქციონირებას ხელი შეუშლიდა,“ – აცხადებენ ბრიტანეთის მთავრობაში.


ჩაგოსის კუნძულები მავრიკს 1965 წელს გამოეყო, როდესაც მავრიკი ჯერ კიდევ ბრიტანეთის კოლონია იყო. ბრიტანეთმა კუნძულები 3 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეიძინა, თუმცა მავრიკი ამტკიცებს, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შეთანხმების ფარგლებში, უკანონოდ აიძულეს ტერიტორიის გადაცემა.


გასული წლის მაისში მიღწეული შეთანხმების თანახმად, დიდი ბრიტანეთი კუნძულების სუვერენიტეტს მავრიკის გადასცემდა, დიეგო გარსიაზე მდებარე სამხედრო ბაზაზე კონტროლს კი, თავად შეინარჩუნებდა.


შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ანაცხადა, რომ ვაშინგტონი „მიესალმება“ შეთანხმებას. მანვე აღნიშნა, რომ ეს უზრუნველყოფს „დიეგო გარსიაში აშშ-ბრიტანეთის ერთობლივი სამხედრო ობიექტის გრძელვადიან, სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას“, რაც მან „რეგიონული და გლობალური უსაფრთხოებისთვის კრიტიკულ აქტივად“ შეაფასა. რუბიომ ასევე განაცხადა, რომ „პრეზიდენტმა ტრამპმა თეთრ სახლში პრემიერ-მინისტრ სტარმერთან შეხვედრის დროს მხარდაჭერა გამოუცხადა ამ მიღწევას.“


ცნობისთვის, 1980-იანი წლებიდან მავრიკი კუნძულებზე სუვერენიტეტს აცხადებს და თავის საქმეს საერთაშორისო სასამართლოებისა და ტრიბუნალების მეშვეობით აწარმოებდა. 2019 წელს, გაეროს მთავარმა სასამართლო ორგანომ, საერთაშორისო სასამართლომ (ICJ), არასავალდებულო გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ მავრიკის დეკოლონიზაციის პროცესი კანონიერად არ დასრულებულა 1968 წელს დამოუკიდებლობის მინიჭებისას და რომ დიდი ბრიტანეთი „ვალდებული იყო, რაც შეიძლება სწრაფად დაესრულებინა არქიპელაგის ადმინისტრირება.“


რიში სუნაკის ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობის დროს, 2022 წელს გამოცხადდა, რომ დიდი ბრიტანეთი და მავრიკი შეთანხმდნენ ჩაგოსის არქიპელაგზე სუვერენიტეტის განხორციელების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე.


დიდი ბრიტანეთი 99-წლიან საწყისი იჯარის ხელშეკრულებას ინარჩუნებს [გახანგრძლივების ვარიანტით]. ამ იჯარის საფასურს დიდი ბრიტანეთი დაფარავს. ხელშეკრულების საწყისი 99-წლიანი პერიოდის საშუალო წლიური ღირებულება,  2025-26 წლების ფასებით 101 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს. ფინანსური პაკეტის მთლიანი პროგნოზირებული ღირებულება 3.4 მილიარდ ფუნტ სტერლინგს შეადგენს, თუმცა ზოგიერთი პროგნოზით, ის შეიძლება, უფრო მაღალიც იყოს.