საქართველომ და რუმინეთმა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი

საქართველომ და რუმინეთმა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა და რუმინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორის Transelectrica-ს აღმასრულებელმა დირექტორმა შტეფანიცა მუნტეანუმ, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განვითარების მიზნით, ბუქარესტში ხელი მოაწერეს ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმს.


„ელექტროსისტემის“ ცნობით, შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობის ჩარჩოს ჩამოყალიბებას, რომელიც მიმართული იქნება მხარეების კოორდინირებულ მუშაობაზე პროექტის მომზადებისა და განვითარების მიმართულებით.


მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები თანხმდებიან, რომ ითანამშრომლებენ პროექტისთვის საჭირო სხვადასხვა ტიპის კვლევების, მათ შორის, შავი ზღვის ფსკერის გეოტექნიკური და გეოფიზიკური, ფინანსური, სამართლებრივი/მარეგულირებელი, გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების კვლევების ჩატარების კუთხით. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში ინსტიტუციური წარმომადგენლობის კოორდინირებულ უზრუნველყოფას.


წელს იტალიური საკონსულტაციო კომპანია CESI-ს მიერ განხორციელებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ პროექტი ტექნიკურად და ეკონომიკურად განხორციელებადია. პროექტი შეტანილია ელეტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორების ევროპული ქსელის (ENTSO-E) 2022 და 2024 წლების ათწლიანი ქსელის განვითარების გეგმაში (TYNDP) და წარდგენილია ENTSO-E TYNDP 2026 გეგმაში შეტანის მიზნით. 2025 წლის ევროკომისიამ პროექტი ორმხრივი ინტერესის პროექტების (PMI) სტატუსის მისაღებ სიაში შეიტანა.


შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ითვალისწინებს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები. პროექტის რეალიზაცია ხელს შეუწყობს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და სატრანზიტო შესაძლებლობების ზრდას.


შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ითვალისწინებს 1,155 კილომეტრიანი მაღალი ძაბვის ხაზის მშენებლობას, რომელიც შავი ზღვის გავლით საქართველოსა და ევროპის ენერგოსისტემებს დააკავშირებს. რუმინეთი იქნება მთავარი დამაკავშირებელი წერტილი. წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელების შესახებ მემორანდუმს პირველად ხელი 2022 წლის 17 დეკემბერს მოეწერა. ხელმომწერები არიან საქართველო, აზერბაიჯანი, უნგრეთი და რუმინეთი.