ევროკომისიის კვლევა, რომელიც 6 თებერვალს გამოქვეყნდა, ანაკლიის პორტის შესაძლებლობებზეც არის საუბარი. კვლევის მიხედვით, ამ პორტს შეუძლია საქართველოს საზღვაო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გააფართოოს და შუა დერეფნის განვითარებას ხელი შუეწყოს. კვლევის ფარგლებში, ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) გაფართოების ფარგლებში ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს დიდი მნიშვნელობა ენიჭება და მსოფლიო ბანკის შეფასების შესაბამისად, „მყარი დაკავშირებადობის პრიორიტეტების ჩამონათვალშია.“
- ქვესათაური: ინვესტიციები ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში (პრიორიტეტულია ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) გაფართოების გეგმისა და მსოფლიო ბანკის მიხედვით).
კვლევის თანახმად, ჩინეთი თავის გავლენას აღრმავებს, ის აქტიური დაინტერესებული მხარეა და დერეფნის ფორმირებას უზრუნველყოფს კაპიტალის, დაფინანსებისა და მმართველობის გზით.
ამის ერთ-ერთ მაგალითად მოყვანილია ხორგოსის კარიბჭე (KZ), რომელიც 2017 წლიდან COSCO-სა და ლიანიუნგანგის პორტის საკუთრებაა.
ასევე, საუბარია ანაკლიის პორტზე და ნათქვამია, რომ ის პეკინს მომავალში შავი ზღვის სანაპიროზე დასაყრდენს სთავაზობს.
„საქართველოში ანაკლიის პორტის სიმძლავრე მსოფლიო ბანკის რეკომენდაციების ნაწილია. თუმცა პროექტი ძალიან პოლიტიკურია და ამჟამად China Communication Construction Company-ის (CCCC) ხელმძღვანელობით ხორციელდება. ანაკლია ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის გაფართოების პროექტის ნაწილია და მისი განხორციელების შემთხვევაში, ანაკლიას შეუძლია, მნიშვნელოვნად გააფართოოს საქართველოს საზღვაო შესაძლებლობები და ხელი შუწყოს შუა დერეფნის განვითარებას,“ - ნათქვამია კვლევაში.
დოკუმენტში ჩამოთვლილია ის პროექტებიც, რომელთა განხორციელების რეკომენდაციას მსოფლიო ბანკი და ევროკომისია გასცემენ, მათ შორის, ქუთაისის შემოვლითი გზა, ლოგისტიკური ცენტრი ქუთაისში, კუმისის ლოგისტიკური ცენტრი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სარკინიგზო დამაკავშირებელი გზა და ა.შ.
რაც შეეხება თბილის-კუმისის ლოგისტიკურ ცენტრს: ეს სტრატეგიული მნიშვნელობის ლოგისტიკური ჰაბი ახლოს არის აღმოსავლეთ–დასავლეთის ახალ მაგისტრალთან.
-
საჭიროა მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ჰაბების განვითარება, რათა ეს ცენტრი მოემსახუროს სატრანსპორტო ნაკადებსა და ტვირთების ზრდას.
-
პროექტი ასევე არის TEN-T ქსელის გაფართოების ნაწილი.
დოკუმენტში საუბარია ბაქო-თბილისი-ყარსზეც (BTK), რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის რკინიგზის ნაწილია: „მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბანკის ან TEN-T-ის მიერ პირდაპირ არ არის დასახელებული, როგორც მთავარი პრიორიტეტი, ამჟამად ეს არის მთავარი სარკინიგზო ხაზი, რომელიც ბაქოს პორტს თურქეთთან და შემდგომ ევროპასთან აკავშირებს.“- რეკომენდაციების ნაწილში წერია, რომ „ერთ-ერთი შესაძლო გზა, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკების გამოყენებისთვის რკინიგზის ციფრულ ტრანსფორმაციაში, შეიძლება, იყოს ERTMS-ის (European Rail Traffic Management System) დანერგვა. ERTMS უზრუნველყოფს ევროპული სტანდარტების დანერგვის შესაძლებლობას, რადგან ის დაფუძნებული იქნება CCS TSI–ზე (რკინიგზის სიგნალიზაციის ტექნიკური სპეციფიკაციები). ეს გახსნის გზას ტექნიკური სტანდარტების უფრო ჰარმონიზებულად დანერგვისკენ.“
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ლოკომოტივების ნაკლებობა ერთ-ერთ მთავარ ოპერაციულ შეზღუდვად ითვლება შუა დერეფანში (BTK რკინიგზის) ხაზზე და ეს არის მსოფლიო ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტი. პროექტის ფარგლებში უნდა მოხდეს შესწავლა, შესაძლებელია თუ არა ლოკომოტივების შესყიდვა დაფინანსების სახით.
- კვლევაში საუბარია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზეც.
„ენერგეტიკული ბაზრების დაკავშირების მიმართულებით მნიშვნელოვანი სტრატეგიული ნაბიჯი იქნება საქართველოსა და რუმინეთს შორის დაგეგმილი წყალქვეშა ელექტროსადენის პროექტი,“ - წერია დოკუმენტში.
დოკუმენტის თანახმად, საქართველოში, ბათუმისა და ფოთის პორტების მოდერნიზაციას, ასევე ანაკლიას ღრმაწყლოვანი პორტის აღდგენას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რათა წყალქვეშა კაბელისთვის და განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის საჭირო მძიმე აღჭურვილობის გადატანა და მართვა მოხერხდეს.
„რუმინეთში, ბულგარეთში, თურქეთში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და უზბეკეთში განახლებადი ენერგიის მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს. თუმცა, მოკლევადიან პერსპექტივაში, არსებული გაზმომარაგების დივერსიფიკაცია ენერგეტიკული უსაფრთხოების მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს,“ - აღნიშნულია დოკუმენტში.
გარდა ამისა, დოკუმენტის თანახმად, აზერბაიჯანმა, საქართველომ და თურქეთმა უკვე განახორციელეს eTIR სისტემის საპილოტე პროექტები ან დაიწყეს მისი დანერგვა, და შესაბამისად, მათი მზადყოფნის დონე შეიძლება განსხვავებული იყოს. რეგიონული დაფარვის გაფართოება შესაძლებელია, თუ eTIR-ში სომხეთიც ჩაერთვება, რაც საზღვრის გადაკვეთის პროცესს დააჩქარებს, თუმცა ეს დამოკიდებულია პოლიტიკურ შეთანხმებაზე.
eTIR არის საერთაშორისო ტვირთების საზღვარზე გადატანის ელექტრონული სისტემა, რომელიც საბაჟო პროცედურებს ციფრულად ამარტივებს და გადაკვეთის პროცესს აჩქარებს.
- შუა დერეფანი: რა წერია ევროკავშირის მეტაანალიზში
- ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა