„ტრამპის მარშრუტი“ და ჩინეთის ინტერესები

წყარო


ბოლო წლებში ევრაზიის სატრანსპორტო და სატრანზიტო სტრატეგიამ ღრმა ტრანსფორმაცია განიცადა. ამ ცვლილების ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავი ელემენტია TRIPP პროექტი (ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის), ახალი სატრანსპორტო და სატრანზიტო დერეფანი სამხრეთ სომხეთში, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონის ათწლეულების კონფლიქტის გადალახვას და დიდი ხნის განმავლობაში ჩამოყალიბებული ლოგისტიკური მარშრუტების რეფორმირებას.


თავდაპირველად, ჩინეთის „ერთი სარტყელი და გზის“ ინიციატივის ფარგლებში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ცენტრალური როლი ჰქონდა ევრაზიულ ინტეგრაციაში, რომელიც ჩინეთიდან ცენტრალური აზიის გავლით ევროპისა და ახლო აღმოსავლეთისკენ იყო გადაჭიმული.


ჩინური ინვესტიციები და მსხვილ სატრანსპორტო კვანძებში მონაწილეობა გლობალურ სავაჭრო მარშრუტებზე პეკინის გავლენის გაძლიერებას გულისხმობდა. თუმცა TRIPP-ის გაჩენასთან ერთად, გეოპოლიტიკურ განტოლებაში ახალი ძალები შემოვიდნენ. შეერთებული შტატები ცდილობდა არამხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის ხელშეწყობას, არამედ, სატრანზიტო პროექტის, კერძოდ, მეღრის გავლით გზის ზედამხედველობას.


TRIPP-ის გამოჩენამდე, ჩინეთის ძირითადი ყურადღება შუა და ჩრდილოეთის დერეფნების გაძლიერებაზე იყო გამახვილებული, რომლებიც „ერთი სარტყელი და გზის“ ჩარჩოს განუყოფელი ნაწილია. უკრაინაში ომის დაწყებისა და რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემდეგ, ჩრდილოეთის მარშრუტი სულ უფრო პრობლემური გახდა, რამაც შუა დერეფანი, რომელიც ცენტრალურ აზიას, კასპიის ზღვას, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს გავლით გადის, ჩინეთსა და ევროპას შორის მთავარ სატრანზიტო კავშირად აქცია.


TRIPP ხშირად წარმოდგენილია, როგორც უფრო მოკლე და პოტენციურად უფრო ხელსაყრელი გზის გახსნა ცენტრალური აზიიდან შავ ზღვასა და ევროპაში - სამხრეთ კავკასიის გავლით, რომელიც გვერდს უვლის არამხოლოდ რუსეთსა და ირანს, არამედ, ჩინეთთან დაკავშირებულ მარშრუტებსაც.


ზოგიერთი დამკვირვებელი ვარაუდობს, რომ მომავალში ჩინეთის დერეფნებით ამჟამად გადაადგილებული ტვირთების მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება, ამ ახალ გზაზე გადამისამართდეს, რაც ხსენებულ მარშრუტებს ნაკლებად მიმზიდველს გახდის.


თუმცა ასეთ პროგნოზებს არ აქვს მყარი ეკონომიკური დასაბუთება. მიუხედავად ამისა, ისინი კვლავაც ვრცელდება და ხშირად რეგიონულ ლოგისტიკურ ასპარეზზე ჩინეთის ჩავარდნის მტკიცებულებად არის წარმოდგენილი.


TRIPP-ის დაანონსებასთან ერთად, რეგიონულმა სახელმწიფოებმა მოიპოვეს თანამშრომლობის ახალი ვექტორი შეერთებულ შტატებთან, სადაც ვაშინგტონი არამხოლოდ შუამავლის, არამედ, პრაქტიკული ინფრასტრუქტურის ოპერატორის როლსაც ასრულებს. ეს განვითარება პოტენციურად ასუსტებს პეკინის ტრადიციულ მიდგომას, რომელიც ეკონომიკური კავშირებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მეშვეობით გავლენის კონსოლიდაციას ისახავს მიზნად.


RBC-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივა წინსვლას განაგრძობს, სამხრეთ კავკასიაში უკვე ყალიბდება დერეფანი, რომელსაც შეუძლია, ჩინურ მარშრუტებს სიჩქარის, ტარიფებისა და სტაბილურობის თვალსაზრისით, კონკურენცია გაუწიოს.


ამავდროულად, ექსპერტები არ თვლიან, რომ TRIPP სრულად გამოდევნის ჩინეთს ევრაზიის სატრანსპორტო სტრატეგიიდან. პირიქით, ჩინეთი კარგავს მონოპოლიას და არა - წარმომადგენლობას/ყოფნას.

Latest News & Breaking Stories | Stay Updated with Caspianpost.com - The Trump Route and China’s Perceived Losses


TRIPP-ი გეოპოლიტიკური კონკურენციის სიმბოლოდ იქცა, რომელშიც ზოგიერთი ინტერპრეტაციის თანახმად, შეერთებულმა შტატებმა ჩინეთი დაამარცხა. ზოგიერთმა კომენტატორმა ივარაუდა, რომ ვაშინგტონის დეკლარაციამ შანხაის დეკლარაციაზე გაიმარჯვა. შანხაის დეკლარაციაში აზერბაიჯანმა და ჩინეთმა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ფარგლებში თანამშრომლობა მთავარ პრიორიტეტად დაასახელეს.


ერთი შეთანხმების მეორეზე „გამარჯვების“ მტკიცება საკამათოა. აზერბაიჯანი კვლავ ჩინეთის საიმედო პარტნიორად რჩება „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში, რომლის განუყოფელი კომპონენტია შუა დერეფანი და რომელიც აგრძელებს აქტიურ ფუნქციონირებს და განვითარებას ცენტრალურ აზიაში.


რაც შეეხება TRIPP-ს, ის ასევე აზერბაიჯანის მიერ დიდი ხნის განმავლობაში პოპულარიზებული ე.წ. ზანგეზურის დერეფნის კონცეფციას ეფუძნება. აზერბაიჯანისთვის TRIPP საერთაშორისო ტრანზიტზე ნაკლებად არის ორიენტირებული და უფრო ნახიჩევანთან პირდაპირი კავშირის უზრუნველყოფას ემსახურება — კავშირს, რომლის მიღწევაც მას გადაწყვეტილი აქვს.


საერთაშორისო ტრანზიტის თვალსაზრისით, პროექტი შესაძლოა, უფრო მეტად საინტერესო იყოს სომხეთისთვის, რომელიც წლების განმავლობაში იბრძოდა „ერთი სარტყლის“ ქსელებში ინტეგრაციისთვის გეოგრაფიული იზოლაციის, გადაუჭრელი კონფლიქტისა და ინფრასტრუქტურის ნაკლებობის გამო.


ლოგისტიკის მიმართულების სპეციალისტები ამბობენ, რომ TRIPP ვერ გაუწევს კონკურენციას შუა დერეფანს და შესაძლოა, ის მისი განშტოებადაც იქცეს. პროექტის ერთ-ერთი პრობლემა მისი ფართო პოლიტიზებულობაა, რაც ეკონომიკურ სიცოცხლისუნარიანობას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, ხოლო ბევრ რამეს აშშ-ის ჩართულობა განსაზღვრავს.


აშშ-ის ინტერესი TRIPP-ში დაკავშირებულია ცენტრალური აზიის რესურსების დასავლეთის ბაზრებზე მიწოდებასთან ამერიკული ზედამხედველობის ქვეშ. პროექტმა შეიძლება, შეამციროს ჩინეთის გეოპოლიტიკური ბერკეტები, განსაკუთრებით, ურანის, ოქროს და იშვიათ მიწათა ლითონების ტრანზიტის თვალსაზრისით, რუსეთისა და ირანის გვერდის ავლით.


ჩინეთს პროექტში ადრე ჩართვა ტექნიკურად შეეძლო, მაგრამ კონფლიქტის შემდგომ რეგიონში, სადაც სამმხრივი შეთანხმებები ჯერ არ სრულდება, მისი აქტივობა შეზღუდული იყო. სწორედ აშშ-მ შესთავაზა ერევანს შეთანხმება, რომელსაც სომხეთისთვის უარის თქმა რთულია, ხოლო აზერბაიჯანს აძლევს ნახიჩევანთან კავშირის ხედვის განხორციელების საშუალებას.


ახლა ერთ-ერთი კითხვაა, დაუშვებს თუ არა აშშ ჩინური ტვირთების ტრანზიტს TRIPP-ის მეშვეობით. ეს სომხეთსა და რუსულ კომპანიებს კომერციული ინტერესების გამო აინტერესებთ, რაც პროექტის ლოგისტიკურ და პოლიტიკურ ბალანსს რთულს ხდის.