აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „მშვიდობის საბჭოს” მოახლოებულ პირველ სხდომასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაცია იქნება.
დონალდ ტრამპის თქმით, „მშვიდობის საბჭო“ მხოლოდ ღაზის საკითხით არ შემოიფარგლება, მიზანი მთელ მსოფლიოში მშვიდობის მიღწევაა.
„მსოფლიოს ყველა ლიდერი უზარმაზარ თანხებს ჩადებს და ვფიქრობ, ეს ღაზის ფარგლებს გასცდება. ვფიქრობ, მთელ მსოფლიოში მშვიდობა იქნება. ჩვენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ერთად ვმუშაობთ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციას დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა მათ ის ვერ გამოავლინეს. მე ვფიქრობ, რომ ისინი, შეიძლება, ცოტათი დაგვეხმარონ,“ – აღნიშნა ტრამპმა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ღაზის სექტორში დაწესებული მრავალი შეზღუდვა მალე მოიხსნება და რეგიონი გაიხსნება.
„მშვიდობის საბჭოს“ წესდების ხელმოწერის ცერემონია გასულ თვეში, დავოსში გაიმართა. ამჟამად საბჭოს შემადგენლობაში წესდების ხელმომწერი 22 სახელმწიფოა. „მშვიდობის საბჭო“, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ხელმძღვანელობს, თავდაპირველად ღაზის სექტორის რეკონსტრუქციაზე პასუხისმგებელ ორგანოდ ჩამოყალიბდა, თუმცა ორგანიზაციის წესდებით, მის მისიას მთელ მსოფლიოში არსებული კონფლიქტების მოგვარება წარმოადგენს.
„მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი ვაშინგტონში 19 თებერვალს გაიმართება. იტალიამ და ევროკავშირმა განაცხადეს, რომ მათი წარმომადგენლები ვაშინგტონში დაგეგმილ „მშვიდობის საბჭოს“ სამიტს დამკვირვებლის სტატუსით დაესწრებიან.
ვატიკანი საბჭოში“ მონაწილეობაზე უარს ამბობს. კარდინალმა პიეტრო პაროლინმა განაცხადა, რომ ვატიკანი არ მიიღებს მონაწილეობას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოში“.
მისი განმარტებით, კრიზისული სიტუაციების მართვა გაერო-ს კომპეტენციაში უნდა იყოს.