ფიცო აცხადებს, რომ სლოვაკეთი უკრაინისთვის საგანგებო ელექტროენერგიის მიწოდებას წყვეტს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ თუ უკრაინული მხარე სლოვაკეთს უკრაინის ენერგოქსელის სტაბილიზაციაში დახმარების თხოვნით მიმართავს, ის ასეთ დახმარებას აღარ მიიღებს.


ფიცოს განცხადებით, თუ უკრაინა ნავთობის ტრანზიტს არ აღადგენს, სლოვაკეთი მზადაა, მიიღოს შემდგომი ზომები, მათ შორის გადახედოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერას.


ცნობისთვის, უკრაინის ეროვნული ენერგეტიკული კომპანია „უკრენერგო“ აცხადებს, რომ სლოვაკეთიდან საგანგებო ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა უკრაინის ენერგოსისტემაზე გავლენას არ მოახდენს. კომპანიის განცხადებით, უკრაინამ სლოვაკეთს საავარიო დახმარება ერთ თვეზე მეტი ხნის წინ სთხოვა და ძალიან შეზღუდული მოცულობით.


„საავარიო დახმარება სლოვაკეთიდან საკმაოდ იშვიათად შემოდიოდა უკრაინის ენერგოსისტემაში და საუბარია მოკლევადიან მიწოდებაზე,“ – აღნიშნა კომპანიამ.


„უკრენერგომ“ ასევე განაცხადა, რომ სლოვაკეთის სისტემური ოპერატორი კომპანიის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტის შესახებ ოფიციალური დოკუმენტი ჯერ არ მიუღიათ.


ნავთობსადენ „დრუჟბით“ ნედლეულის მიწოდება 27 იანვრიდან არის შეჩერებული. სლოვაკეთი და უნგრეთი კი უკრაინას „შანტაჟსა“ და რუსული ნავთობის მიწოდების განზრახ შეჩერებაში ადანაშაულებენ. უკრაინული მხარის განცხადებით, მიზეზი ნავთობსადენზე განხორციელებული რუსული თავდასხმაა.