ზელენსკის თქმით, ზუსტად ოთხი წელია, რაც პუტინი კიევს სამ დღეში იღებს

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა კიევში ჩავიდნენ. ომის დაწყების მეოთხე წლისთავისთვის, ევროკავშირი გეგმავდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-20 პაკეტის დამტკიცებას, რაც უნგრეთის და სლოვაკეთის წინააღმდეგობის გამო შეფერხდა. უნგრეთმა უარი თქვა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს კრედიტის გამოყოფის მხარდაჭერაზეც.


24 თებერვალს კიევში ასევე ჩავიდნენ ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, ხორვატიის, ფინეთის, დანიის, ისლანდიის, შვედეთის და ნორვეგიის ლიდერებიც.


კიევი უკრაინის და ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნების სამიტს და „მსურველთა კოალიციის“ სხდომას მასპინძლობს. "მსურველთა კოალიციის" შექმნის ინიციატივა ეკუთვნით გაერთიანებულ სამეფოსა და საფრანგეთს და ის 2025 წლის მარტში გამოცხადდა, უკრაინის შესახებ ლონდონის სამიტის შემდეგ. კოალიციის შექმნის მიზნად დასახელდა სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობა და მშვიდობის მიღწევის შემთხვევაში მისი ეფექტიანობის უზრუნველყოფა.


"მსურველთა კოალიცია" მხარს უჭერს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდასა და რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამკაცრებას. ამ დროისთვის კოალიციაში 30-ზე მეტი ქვეყანაა თავმოყრილი, უკრაინის ჩათვლით.


დღეს, ფონ დერ ლაიაენმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ომის დაწყების შემდეგ კიევში უკვე მეათედ ჩავიდა, რათა დაადასტუროს, რომ ევროპა უკრაინას ურყევად უჭერს მხარს ფინანსური და სამხედრო თვალსაზრისით, ხაზი გაუსვას უკრაინის სამართლიანი ბრძოლისადმი ერთგულებას და როგორც უკრაინელ ხალხს, ისე აგრესორს გაუგზავნოს მკაფიო სიგნალი, რომ უკან არ დაიხევენ, ვიდრე მშვიდობა არ აღდგება.


ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, მშვიდობა უკრაინის პირობებით უნდა დამყარდეს.


„ევროკავშირი მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით. სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის. ძლიერი და სუვერენული უკრაინისთვის ძლიერ და სუვერენულ ევროპაში," - დაწერა სოციალურ ქსელ X-ში ანტონიო კოშტამ.


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ომის მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით ამბობს, რომ „დღეს ზუსტად ოთხი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც პუტინმა კიევის აღების სამდღიანი შეტევა დაიწყო.“ ეს კი, ზელენსკის თქმით, ბევრ რამეს ამბობს უკრაინის წინააღმდეგობაზე, იმაზე, თუ როგორ იბრძვის უკრაინა მთელი ამ ხნის განმავლობაში.


უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამ სიტყვების უკან დგას მილიონობით უკრაინელი, უზარმაზარი გამბედაობა, შრომისმოყვარეობა, გამძლეობა და ის გრძელი გზა, რომელსაც უკრაინა 24 თებერვლიდან მიჰყვება.


„შეჭრის დასაწყისს რომ ვიხსენებთ და დღევანდელ დღეს განვსჯი, სრული უფლება გვაქვს, ვთქვათ: ჩვენ დავიცავით ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენ არ დაგვიკარგავს ჩვენი სახელმწიფოებრიობა; პუტინმა ვერ მიაღწია თავის მიზნებს. მან ვერ გატეხა უკრაინელები; მან ვერ მოიგო ეს ომი. ჩვენ შევინარჩუნეთ უკრაინა და ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობისა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად. დიდება უკრაინას!“- წერს ზელენსკი.


შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო.


სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მონაცემებით, 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის დეკემბრამდე პერიოდში ომში რუსეთის მხრიდან 1.2 მილიონი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. ორგანიზაციის ინფორმაციით, მათ შორის დაღუპულთა რაოდენობა 325 000-ია. იმავე პერიოდში, უკრაინის მხრიდან 500 000-600 000 ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. ორგანიზაციის ინფორმაციით, მათ შორის, დაღუპულთა რაოდენობა 140 000-ია.


გაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიის მონაცემებით, ომის შედეგად 14 999 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის, 763 ბავშვი. ორგანიზაცია აცხადებს, რომ მონაცემები, სავარაუდოდ, არასაკმარისად შეფასებულია და რეალური რაოდენობა მეტია.


„ომის შესწავლის ინსტიტუტის“ მონაცემებით, რუსეთი უკრაინის ტერიტორიის 19.4%-ს აკონტროლებს, 2022 წლის თებერვლამდე, სრულმასშტაბიან შეჭრამდე, კი, ის უკრაინის თითქმის 7%-ს აკონტროლებდა.

Map showing areas of eastern Ukraine under Russian control


ორგანიზაციის შეფასებით, რუსულმა ძალებმა გასულ წელს უკრაინის ტერიტორიის მხოლოდ 0.79% დაიკავეს.


გაეროს მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ 5.9 მილიონმა უკრაინელმა დატოვა თავისი ქვეყანა. მათმა დიდმა უმრავლესობამ ევროპას შეაფარა თავი. 3.7 მილიონი ადამიანი უკრაინის ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებული პირი გახდა. ომამდე უკრაინის მოსახლეობა 40 მილიონს აჭარბებდა.


მსოფლიო ბანკის მონაცემებით, სრულმასშტაბიანი შემოჭრის ოთხი წლის განმავლობაში, უკრაინამ 195 მილიარდი დოლარის პირდაპირი ზარალი განიცადა, ხოლო რეკონსტრუქციისა და აღდგენის საერთო ღირებულება თითქმის 588 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.


ენერგეტიკის სექტორში მიყენებული ზიანი დაახლოებით 21%-ით გაიზარდა, რაც გავლენას ახდენს ელექტროენერგიის წარმოებაზე, გადაცემასა და განაწილებაზე, ასევე, რაიონული გათბობის სისტემებზე. ტრანსპორტის სექტორში საჭიროებები დაახლოებით 24%-ით გაიზარდა 2025 წელს რკინიგზასა და პორტებზე გაძლიერებული თავდასხმების გამო. 2025 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, საცხოვრებელი სახლების 14% დაზიანდა ან განადგურდა, რამაც სამ მილიონზე მეტი ოჯახი დააზარალა.


ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას ცდილობს. თუმცა აგვისტოში პუტინთან ალასკაში შეხვედრამ და უკრაინელ და რუს მომლაპარაკებელ ჯგუფებთან დისკუსიების რამდენიმე რაუნდმა რაიმე მნიშვნელოვანი პროგრესი ვერ მოიტანა. მოსკოვი კვლავ მოითხოვს უკრაინისგან სუვერენული ტერიტორიის გადაცემას, რაც კიევისთვის მიუღებელია.