„რუსული პასპორტის მქონე პირებს არ შეუძლიათ სომხეთის არჩევნებში მონაწილეობა“ - ფაშინიანი პუტინს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებს არ აქვთ უფლება, სომხეთში თანამდებობებისთვის იყარონ კენჭი. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი დემოკრატიული ქვეყანაა მუდმივი პოლიტიკური აქტივობით.


„პრაქტიკაში, ჩვენ წელიწადში ორჯერ ვატარებთ არჩევნებს - მუნიციპალურ არჩევნებს - და ისინი ძალიან პოლიტიზებულია, რადგან ხალხი ჩვენი რეფორმების შედეგად, პოლიტიკურ პარტიებს უჭერს მხარს ან მის წინააღმდეგ აძლევს ხმას,“ - განაცხადა ფაშინიანმა.


მანვე განმარტა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური აქტივობის მაღალი დონე ორაზროვნად აღიქმება. „ჩვენი ზოგიერთი მოქალაქე მიიჩნევს, რომ სომხეთი მეტისმეტად დემოკრატიულია, მაგრამ ეს ჩვენთვის პრინციპის საკითხია,“ - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.


ფაშინიანმა ასევე ხაზი გაუსვა საინფორმაციო სივრცეში თავისუფლების დონეს.


„მაგალითად, სომხეთში სოციალური მედია 100%-ით თავისუფალია. ბევრი მოქალაქე ამას გადაჭარბებულად მიიჩნევს,“ - განაცხადა ფაშინიანმა.


მომავალ საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრისას ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ეს არჩევნები განსაზღვრავს პარლამენტის შემადგენლობას და, ფაქტობრივად, პრემიერ-მინისტრის ვინაობასაც.


მანამდე, ამავე შეხვედრაზე, ვლადიმერ პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ „სომხეთში არსებული პრორუსული პოლიტიკური ძალები არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ.“ პუტინმა ფაშინიანთან შეხვედრისას საუბარი სწორედ სომხეთის არჩევნების თემით დაიწყო.


„ჩვენ სომხეთში ბევრი მეგობარი გვყავს. ასევე, რუსეთის ფედერაციაში ბევრი სომეხი ცხოვრობს. 2 მილიონზე მეტი. ამის სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს. [სომხეთში] ბევრი პოლიტიკური ძალაა, რომელიც პრორუსულია. გვსურს, რომ ყველა ამ პოლიტიკურ პარტიასა და პოლიტიკოსს არჩევნების დროს შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა შეეძლოს.


ვიცით, რომ ბევრი მათგანი ციხეებშია, მიუხედავად იმისა, რომ მათ რუსული პასპორტები აქვთ. ეს თქვენი გადასაწყვეტია და ჩვენ არ ვერევით. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, გვსურს, რომ მათ შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა შეძლონ,“ - განაცხადა პუტინმა კრემლში გამართული შეხვედრისას, რითაც მედიის ცნობით, მკაფიოდ მიანიშნა ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანზე, რომელიც პატიმრობაშია.


ამის საპასუხოდ, ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ფიგურების სისხლისსამართლებრივი დევნის პრაქტიკა არ არსებობს. „ზოგადად, ჩვენ ციხეებში არ გვყავს პოლიტიკურ პროცესში მონაწილეები,“ - განაცხადა ფაშინიანმა და განმარტა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ სომხეთის მოქალაქეებს შეუძლიათ.


ფაშინიანმა კანდიდატებისთვის კონსტიტუციურ მოთხოვნებზე გაამახვილა ყურადღება: „მინდა, აღვნიშნო, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ სომხეთის მოქალაქეობის მქონე მოქალაქეებს შეუძლიათ. სრული პატივისცემით, სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად, რუსული პასპორტის მქონე პირები არ შეიძლება, რომ პარლამენტში დეპუტატობის ან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატები იყვნენ,“ - ამბობს სომხეთის პრემიერ-მინისტრი.


ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ რუსეთთან კავშირებმა ბოლო წლებში სერიოზული გამოცდა გაიარა. „100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ იცით, რომ ჩვენი ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, ისევე როგორც ჩვენი პირადი ურთიერთობები, მრავალი გამოცდის წინაშე იყო,“ - განაცხადა ფაშინიანმა.


მან ასევე მადლობა გადაუხადა პუტინს „კონსტრუქციული და ნდობაზე დაფუძნებული დიალოგის შენარჩუნებისთვის.“ „ძალიან მიხარია და კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ მიერ შექმნილი ნდობის ატმოსფეროსთვის.“


ფაშინიანმა გამოთქვა რწმენა, რომ სომხეთში დემოკრატია კიდევ უფრო გაძლიერდება მომავალი არჩევნების შემდეგ და რომ ორმხრივი ურთიერთობების დინამიკურად განვითარება გაგრძელდება.


აღსანიშნავია, რომ სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა წელს გაფრთხილება გამოთქვა, რომ „გარე აქტორები“ ცდილობდნენ სომხეთის პოლიტიკაში ჩარევას, რაც ანალიტიკოსების აზრით, რუსეთზე მინიშნება იყო. ამასთან, ევროკავშირი სომხეთში, საარჩევნოდ, ჰიბრიდული სწრაფი რეაგირების ჯგუფს გაგზავნის.


პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს ასევე განუცხადა, რომ შეუძლებელია, სომხეთი ერთდროულად იყოს ევროკავშირისა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი. 


„ჩვენ ვხედავთ, რომ სომხეთში მიმდინარეობს დისკუსია ევროკავშირთან ურთიერთობების განვითარების შესახებ. ჩვენ ამას სრულიად მშვიდად ვუყურებთ, გვესმის, რომ ნებისმიერი ქვეყანა ცდილობს, მაქსიმალური სარგებელი მიიღოს მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობიდან. თუმცა აშკარა უნდა იყოს, გულახდილად და წინასწარ, თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ევროკავშირთან საბაჟო კავშირში ყოფნა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ყოფნა შეუძლებელია. ეს უბრალოდ შეუძლებელია. და ეს საკითხი პოლიტიკურიც კი არ არის, არამედ, წმინდა ეკონომიკური ხასიათისაა. რადგან ზოგიერთი საკითხი დიდ ერთობლივ მუშაობას მოითხოვს, რაც წლების განმავლობაში უნდა განხორციელდეს,“ - განაცხადა პუტინმა ფაშინიანთან შეხვედრისას.


ფაშინიანმა პუტინს უპასუხა, რომ სომხეთი იაზრებს, რომ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში (EAEU) და ევროკავშირში წევრობა შეუთავსებელია, თუმცა ჯერჯერობით შესაძლებელია, რომ ორივე გზას მიჰყვეს.


„რაც შეეხება ევროკავშირს, ჩვენ ვიცით, რომ პრინციპში, ორ კავშირში წევრობა შეუთავსებელია. თუმცა ჩვენი ამჟამინდელი დღის წესრიგით, ისინი თავსებადია - ეს ფაქტია. და ვიდრე არსებობს შესაძლებლობა, გავაერთიანოთ ეს დღის წესრიგი, ჩვენ ამას გავაკეთებთ. როდესაც პროცესები მივა იმ წერტილამდე, სადაც გადაწყვეტილების მიღება აუცილებელია, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ანუ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები, მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში, ჩვენი ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს ყოფილა და არც არასოდეს დადგება, რადგან როგორც უკვე აღვნიშნე, ეს კავშირები და ურთიერთობები ძალიან ღრმაა და განხილვას არ ექვემდებარება,“ - აღნიშნა ფაშინიანმა.


სომხეთის პრემიერმა ამავე შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთთან სარკინიგზო კავშირები, ასევე რუსეთიდან აზერბაიჯანის გავლით რკინიგზით იმპორტი - და მომავალში ექსპორტი - აძლიერებს სომხეთის ეკონომიკურ კავშირებს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში. მისივე თქმით, სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები არასდროს ყოფილა და არც არასოდეს დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ იმის გამო, რომ ერევანი ევროკავშირთან თანამშრომლობდა. 


ამავე შეხვედრისას პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი გაზს სომხეთს ევროპაში საწვავის ამჟამინდელ ფასებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალ ფასად აწვდის.


„რაც შეეხება ენერგეტიკას, იმედი მაქვს, რომ აქაც გამოსწორდება სიტუაცია. დღეს, როგორც იცით, ევროპაში ენერგიისა და გაზის ფასები 1000 კუბურ მეტრზე 600 დოლარს აჭარბებს. რუსეთი სომხეთს გაზს 1000 კუბურ მეტრზე 177,5 დოლარად აწვდის. სხვაობა უზარმაზარია,“ - განაცხადა პუტინმა. 


მანვე აღნიშნა, რომ ის და ფაშინიანი ხშირად კამათობენ ენერგიის ფასებსა და მიწოდებაზე.


„ვიცი, რომ თქვენ ენერგიის ფასების განსაზღვრის სხვა მეთოდებს ითხოვთ. თუმცა ეს მაინც სხვა მასშტაბია: 600 დოლარი 177,5 დოლარის წინააღმდეგ,“ - განაცხადა პუტინმა.


რაც შეეხება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, სომხეთმა 2024 წელს გაყინა რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი უსაფრთხოების ალიანსის, CSTO-ს წევრობა და იმავე წელს გამოთქვა ევროკავშირში გაწევრიანების ინტერესი, რითაც კიდევ უფრო გაამწვავა უთანხმოება მოსკოვთან.


კრემლში გამართული შეხვედრისას ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი არ მონაწილეობს CSTO-ს მუშაობაში, რადგან ხელისუფლებას არ შეუძლია, აუხსნას სომეხ ხალხს, თუ რატომ არ ჩაერია ორგანიზაცია ყარაბაღში შექმნილ ვითარებაში. პუტინმა უპასუხა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (CSTO) არ შეეძლო ყარაბაღის სიტუაციაში ჩარევა სომხეთის ხელმძღვანელობის მიერ პრაღაში 2022 წელს გაკეთებული განცხადებების შემდეგ.


„ვფიქრობ, ასევე აშკარაა, რომ მას შემდეგ, რაც თქვენ 2022 წელს პრაღაში აღიარეთ, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილია, სრულიად შეუფერებელი იქნებოდა CSTO-სთვის ჩარევა ამ პროცესში, რომელმაც შიდა აზერბაიჯანული განზომილება მიიღო,“ - განაცხადა პუტინმა რუსეთ-სომხეთის მოლაპარაკებების დროს. რუსეთის პრეზიდენტმა ყარაბაღი ყველაზე მგრძნობიარე საკითხად მოიხსენია. ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად მხოლოდ რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობის საჯარო განცხადებების შემდეგ აღიარა.


მისი თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა დამყარდა ხანგრძლივი ძალისხმევისა და მრავალი საერთაშორისო აქტორის ჩართულობის შედეგად. ამავდროულად, მან ხაზი გაუსვა რუსეთის როლს ურთიერთობების ნორმალიზებაში. ფაშინიანმა ასევე მადლობა გადაუხადა „რუსეთს სამშვიდობო პროცესში მხარდაჭერისთვის.“


„როგორც უკვე ვთქვი, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა დამყარდა და თქვენ პრეზიდენტ ტრამპის სახელი ახსენეთ და აშკარაა, რომ მან თავისი წვლილი შეიტანა ამ პროცესში, მაგრამ ასევე აშკარაა, რომ თქვენ პირადად ასევე თამაშობდით და აგრძელებთ მნიშვნელოვან, ძალიან მნიშვნელოვან როლს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში. თქვენ ყოველთვის უჭერდით მხარს ყველა ამ პროცესს, ჩვენ ყოველთვის მჭიდრო კონტაქტში ვიყავით, რეგულარულად გაცნობებდით მიმდინარე პროცესების შესახებ. სხვათა შორის, გასული წლის აგვისტოში, როდესაც ვაშინგტონიდან დავბრუნდი და დაგიკავშირდით, მაშინ ვთქვი, რომ ვაშინგტონში მომხდარი ასევე ახალ შესაძლებლობებს ხსნის ჩვენი ურთიერთობებისთვის.


„რაც შეეხება ყარაბაღთან დაკავშირებულ საკითხებს, მე უკვე ძალიან გამჭვირვალედ და საჯაროდ განვაცხადე სომხეთის რესპუბლიკაში, რომ ჩვენ არ უნდა გავაგრძელოთ „ყარაბაღის მოძრაობა“, რადგან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა უკვე დამყარდა და სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა, პოლიტიკური დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი აღიარეს 1991 წლის ალმა-ათის დეკლარაციის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ორმხრივად ვაღიარებთ, რომ დამოუკიდებელი სომხეთი 100%-ით იდენტურია საბჭოთა სომხეთისა, ხოლო დამოუკიდებელი აზერბაიჯანი 100%-ით იდენტურია საბჭოთა აზერბაიჯანისა.“


ჩვენ არაერთხელ განვიხილეთ ყარაბაღის საკითხი, ძირითადად სამუშაო ფორმატში. დიახ, ჩვენ ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად ვაღიარეთ, მაგრამ ეს მხოლოდ მას შემდეგ გავაკეთეთ, რაც რუსეთის ფედერაციის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ ორჯერ საჯაროდ განაცხადა ამის შესახებ და, გახსოვთ, ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ ამაზე. ჩვენ არასდროს დაგვიმალავს ჩვენი პრობლემები CSTO-სთან დაკავშირებით, რადგან 2022 წელს ჩვენ გვქონდა კონკრეტული სიტუაცია. და, ჩემი აზრით, CSTO-ს მექანიზმები უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ ისინი არ ამოქმედდა და ამან, რა თქმა უნდა, გამოიწვია ის სიტუაცია, რაც გვაქვს CSTO-სთან ურთიერთობებში. ჩვენ ამჟამად არ ვმონაწილეობთ CSTO-ს მუშაობაში მარტივი მიზეზის გამო: ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ავუხსნით ჩვენს ხალხს, ჩვენს მოქალაქეებს, რატომ არ უპასუხა CSTO-მ და არ უპასუხა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მიუხედავად,“ - თქვა ფაშინიანმა. 


განახლება: სომხეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მოსკოვში მისი ვიზიტი „ძალიან წარმატებული“ იყო.


„ჩვენ მივაღწიეთ კონკრეტულ შეთანხმებას ჩვენი დღის წესრიგის ყველა სფეროში, კულტურიდან დაწყებული სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობით დამთავრებული,“ - განუცხადა მან ჟურნალისტებს 2 აპრილს. „და მე ვიზიტს ძალიან წარმატებულად ვაფასებ,“ - თქვა ფაშინიანმა.


რკინიგზაზე შეთანხმება არ შედგა

ლიდერების მოლაპარაკებების შედეგად მხარეებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას სომხეთის რკინიგზის რუსული მმართველობიდან ჩამორთმევასთან დაკავშირებით.


სომხეთის რკინიგზის მონაკვეთები რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კომპანიას კონცესიის ხელშეკრულებით აქვს გადაცემული [კონცესიის ხელშეკრულება არის გრძელვადიანი ხელშეკრულება სახელმწიფოსა და მესამე მხარეს შორის]. ფაშინიანს სურს რკინიგზის გარკვეული მონაკვეთების აღდგენა - ეს მისი ამბიციური „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტის ნაწილია, რაც შეავსებს „ტრამპის მარშრუტის“ ინიციატივასაც.


ფაშინიანმა შემდეგ განაცხადა, რომ სომხეთi ჯერ არ გეგმავს რკინიგზის მართვის შესახებ შეთანხმების ცალმხრივად შეწყვეტას.

„სომხეთის რესპუბლიკას ეს ბერკეტი [რკინიგზის დაბრუნება] აქვს, მაგრამ ჩვენ არ ვგეგმავთ და არც გვინდა ასეთი გზით წასვლა,“ - განაცხადა სომხეთის პრემიერმ-მინისტრმა.