CBS: ირანში ჩამოგდებული ამერიკული F-15-ის ეკიპაჟის ერთი წევრი ამერიკელმა სამხედროებმა გადაარჩინეს

ირანის თავზე აშშ-ის გამანადგურებელი ჩამოაგდეს. ეს ინფორმაცია მედიასაშუალებებმა, მათ შორის Reuters-მა, Axios-მა და The New York Times-მა, გაავრცელეს აშშ-ის ადმინისტრაციის ანონიმურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით. პენტაგონსა და აშშ-ის ცენტრალურ სარდლობას ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ. BBC-ის ამერიკულ პარტნიორს CBS News-ს ორმა წყარომ დაუდასტურა, რომ სამხრეთ ირანში ჩამოგდებული ამერიკული F-15 გამანადგურებლის სამაშველო სამუშაო მიმდინარეობსCBS-ის ცნობით, ეკიპაჟის ერთი წევრი გადარჩენილია. ეკიპაჟის მეორე წევრის სამაშველო-სამძებრო ოპერაცია გრძელდება.


ირანულმა მედიამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამანადგურებელი ჩამოაგდეს და გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებზეც, მათი თქმით, F-15-ის ნამსხვრევები და კატაპულტის სავარძელია. ფოტოების ავთენტურობა დადასტურებული არ არის. BBC Verify-მა დაადასტურა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ამერიკული თვითმფრინავი, რომელსაც ორი ვერტმფრენი ახლავს თან, ხუზისტანის პროვინციის თავზე დაფრინავს.  


Axios იუწყება, რომ სავარაუდოდ, საქმე ეხება ჩამოგდებულ F-15E Strike Eagle-ს. თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ინფორმირებულია.“


სააგენტოები ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ აშშ-ის სამხედროები სამძებრო-სამაშველო ოპერაციას ატარებენ. 


თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, ეს იქნება პირველი შემთხვევა მიმდინარე კონფლიქტში, როდესაც ირანის საჰაერო თავდაცვამ არა მხოლოდ მოარტყა, არამედ, ჩამოაგდო ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავი ირანის ტერიტორიაზე.


ამასობაში, ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ისრაელის დარტყმებმა ირანის ფოლადის წარმოების სიმძლავრის 70% გაანადგურა. ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ისრაელი და აშშ გააგრძელებენ „ირანის განადგურებას.“