ფრანგულმა კონტეინერმზიდმა და იაპონურმა ტანკერმა ჰორმუზის სრუტე გადაკვეთეს - Bloomberg

Bloomberg-ის ინფორმაციით, ფრანგულმა კონტეინერმზიდმა და იაპონურმა ტანკერმა ჰორმუზის სრუტე გადაკვეთეს. ასევე, Financial Times-ი MarineTraffic-ზე დაყრდნობით წერს, რომ საფრანგეთის საზღვაო კომპანია CMA CGM-ის საკუთრებაში არსებული კონტეინერმზიდმა ჰორმუზის სრუტე გაიარა.


ეს არის დასავლური საზღვაო ხაზის საკუთრებაში არსებული პირველი გემი, რომელმაც ირანის ომის დროს სრუტე გაიარა.


FT-ის ცნობით, ერთ-ერთია ასევე თხევადი ბუნებრივი აირის ტანკერი, რომლის თანამესაკუთრე იაპონური კომპანია Mitsui OSK Lines-ია.


როდის გადაკვეთა გემმა სრუტე და ჰქონდა თუ არა რაიმე მოლაპარაკებები, ამის შესახებ კომპანიაში კომენტარს არ აკეთებენ.


ამ კვირაში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა, 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელთან ვირტუალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ირანზე ზეწოლის მიზნით კოორდინირებული ქმედებებია საჭირო, რათა სრუტე ხელახლა გაიხსნას. მან ასევე განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი უარყოფს ნებისმიერ მცდელობას, რაც გემებს მრავალმილიონიან გადასახადს დაკისრებს სრუტის გავლისთვის.


ამასთან, გაერო განიხილავს ერთ-ერთ ვარიანტს, შესაძლებელია თუ არა ჰუმანიტარული გადაზიდვების დერეფნის გახსნა, რათა უზრუნველყოფილი იყოს სასუქის მიწოდება; თავიდან აიცილონ საკვების დეფიციტი ღარიბ ქვეყნებში. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 3 აპრილს განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია, „მარტივად გახსნას სრუტე, მაგრამ ამას ცოტა მეტი დრო დასჭირდება.“


ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში ომმა, ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლა და ნავთობის ტრანსპორტირება მნიშვნელოვნად შეაფერხა. ირანის ხელისუფლებამ მკაცრი კონტროლი და შეზღუდვები დააწესანავთობის ფასები 70 დოლარიდან 120 დოლარამდე გაიზარდა.


ალტერნატიული მარშრუტები არსებობს, მაგრამ მათი გამტარუნარიანობა შეზღუდულია. IEA-ს მონაცემებით, 2025 წელს ჰორმუზის სრუტეში ყოველდღიურად დაახლოებით 20 მილიონი ბარელი ნავთობი გადაიზიდებოდა. ჰორმუზის ალტერნატიული მილსადენების გამტარუნარიანობა 3.5-დან 5.5 მილიონ ბარელამდე შემოიფარგლება - საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების (UAE) გავლით. აბუ დაბი-ფუჯაირას მილსადენის მეშვეობით, დღეში დაახლოებით 1.1 მილიონი ბარელის ექსპორტი ხორციელდება, დამატებითი გამტარუნარიანობა დაახლოებით 700,000 ბარელს მოიცავს.


საუდის არაბეთში, აღმოსავლეთ-დასავლეთის ნავთობსადენის საპროექტო გამტარუნარიანობა 5 მილიონი ბარელია. აბკაიკ-იანბუს მილსადენი, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის ნედლი ნავთობსადენის პარალელურად გადის და თხევადი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას ახდენს, ამჟამად სრული დატვირთვით მუშაობს, მისი გამტარუნარუიანობა დღეში დაახლოებით 300,000 ბარელია.


ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალფარსლან ბაირაქტარი ერაყ-თურქეთის ნავთობსადენის, კირკუკიდან ჯეიჰანამდე გამავალი ნავთობსადენის ბოლოდროინდელ მდგომარეობას შეეხო და განაცხადა: „ამ მილსადენის გამტარუნარიანობა 1,5 მილიონი ბარელია. აქედან დღეში 1,5 მილიონი ბარელის ტრანსპორტირება შეგვიძლია.


მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის მხრივ ნაწილობრივი ალტერნატივები არსებობს, თხევადი ბუნებრივი აირის ფრონტზე სურათი უფრო მყიფე ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ ჰორმუზის სრუტე თხევადი ბუნებრივი აირის გადაზიდვის კრიტიკულ სატრანზიტო პუნქტად რჩება, ექსპერტები თვლიან, რომ გაზის ალტერნატიულ მარშრუტებზე გადამისამართება მოკლევადიან პერსპექტივაში ადვილი არ იქნება.


გერმანიის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა კლაუდია კემფერტმ, Anadolu-ს რეპორტიორს განუცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში ხანგრძლივი შეფერხება, ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის გლობალურ ფასებს გაზრდის და „საშუალოვადიან პერსპექტივაში, არსებული რისკები ფასების მაღალ დონეზე შენარჩუნებას გამოიწვევს, რაც სტრატეგიულ რეზერვებზე უფრო მეტ დამოკიდებულებას და ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ შეშფოთებას გაზრდის.“


კემფერტმა აღნიშნა, რომ ალტერნატიულ მარშრუტებზე მომუშავე მილსადენებს, ძირითადად, საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების გავლით, შეზღუდული ექსპორტის სიმძლავრე აქვთ, რაც მნიშვნელოვანი შეფერხების კომპენსაციისთვის საკმარისი არ არის.


თურქეთის ვაჭრობის მინისტრ ომერ ბოლატის თქმით, ანკარა აქტიურ ნაბიჯებს დგამს ალტერნატიული ლოგისტიკური მარშრუტების ასამუშავებლად, რაც შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტა იყოს როგორც ენერგიის მწარმოებლებისთვის, ასევე, მომხმარებლებისთვის, განსაკუთრებით კრიზისის დროს.


მედია წერს, რომ განიხილება სპარსეთის ყურის რეგიონიდან ენერგიის ტრანსპორტირების რამდენიმე მარშრუტი. ესენია სახმელეთო მიწოდება ერაყისა და სირიის გავლით, კომბინირებული მარშრუტი სუეცის არხის, წითელი ზღვის, იორდანიისა და საუდის არაბეთის გავლით, ასევე, მარშრუტი ომანის პორტიდან არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში.


გარდა ამისა, კეთილი იმედის კონცხის მარშრუტი ერთ-ერთ ვარიანტად არის მითითებული, მაგრამ ის ნაკლებად მომგებიანად ითვლება, რადგან მიწოდების დროს 10-15 დღით ზრდის და ტრანსპორტირების ხარჯებს აძვირებს.