CBS: ირანში ჩამოგდებული ამერიკული F-15-ის ეკიპაჟის ერთი წევრი ამერიკელმა სამხედროებმა გადაარჩინეს

3 აპრილს, Reuters-მა, Axios-მა და The New York Times-მა აშშ-ის ადმინისტრაციის ანონიმურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ირანის თავზე აშშ-ის გამანადგურებელი [F-15 E Strike Eagle] ჩამოაგდეს. ეს ცნობა ვაშინგტონს საჯაროდ ამ დრომდე არ დაუდასტურებია. თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლივიტმა Axios-ს განუცხადა, რომ „პრეზიდენტი ტრამპი ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმირებულია.“


  • ირანი აცხადებს, რომ საბრძოლო თვითმფრინავი მისმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.
  • პენტაგონსა და აშშ-ის ცენტრალურ სარდლობას ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ. 
  • NBC News-თან სატელეფონო ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ მომხდარი არ იქონიებს გავლენას მოლაპარაკებების პროცესზე.
  • „არა, არანაირად. ეს ომია. ჩვენ ომში ვართ,“ - აღნიშნა ტრამპმა.


CBS-ის ცნობით, ეკიპაჟის ერთი წევრი გადარჩენილია. ეკიპაჟის მეორე წევრის, შეიარაღების სისტემის ოფიცრის სამაშველო-სამძებრო ოპერაცია გრძელდება.


ირანულმა მედიამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამანადგურებელი ჩამოაგდეს და გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებზეც, მათი თქმით, F-15-ის ნამსხვრევები და კატაპულტის სავარძელია. ფოტოების ავთენტურობა დადასტურებული არ არის. BBC Verify-მა დაადასტურა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ამერიკული თვითმფრინავი, რომელსაც ორი ვერტმფრენი ახლავს თან, ხუზისტანის პროვინციის თავზე დაფრინავს.  


მედია წერს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ამერიკული ხომალდი ირანმა ხმელეთიდან გახსნილი ცეცხლით ჩამოაგდო.


ასევე, გამოცემა The Independent-ის კითხვაზე კი, რას გააკეთებს, თუ თვითმფრინავის ეკიპაჟის მეორე წევრს ირანელები იპოვიან და შეიპყრობენ, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ ამის შესახებ კომენტარის გაკეთება არ შეუძლია.


„ვიმედოვნებთ, ეს არ მოხდება,“ - განაცხადა ტრამპმა. ირანმა ჯილდო დააწესა მათთვის, ვინც ეკიპაჟის წევრს ცოცხლად შეიპყრობს. 


„სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩართულ Blackhawk-ის ტიპის ვერტმფრენი, რომელსაც F-15E-ს გადარჩენილი პილოტი გადაჰყავდა, მსუბუქი ცეცხლის ქვეშ მოექცა, რაც ირანმა ქვეყნის მომთაბარე ტომებს მიაწერა — დარტყმის შედეგად, ეკიპაჟის წევრები დაშავდნენ, თუმცა ვერტმფრენმა უსაფრთხოდ შეძლო დაჯდომა. 


ცალკე, აშშ-ის A-10 Warthog-ის თვითმფრინავი, რომელიც ჩამოგდებული თვითმფრინავის სამძებრო-სამაშველო მისიის ნაწილი იყო, ასევე დაზიანდა, თუმცა მისი პილოტი უსაფრთხოდ გადაარჩინეს,“ იტყობინება CBS News. ირანი აცხადებს, რომ მან ჩამოაგდო ამერიკული A-10 Warthog - უცნობია, ეს იგივე თვითმფრინავია თუ არა.


ბოლო ოფიციალური ცნობებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ირანს 48 საათი აქვს შეთანხმების მისაღწევად ან ჰორმუზის სრუტის ხელახლა გასახსნელად, წინააღმდეგ შემთხვევაში, „მათ  ჯოჯოხეთი ელით.“


ცნობისთვის, სააგენტო Reuters-ი ამერიკის დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირანი, სავარაუდოდ, ახლო მომავალში არ გახსნის ჰორმუზის სრუტეს ხომალდების თავისუფალი გადაადგილებისთვის, რადგან ამ სრუტეზე კონტროლი თეირანისთვის ერთადერთი რეალური ბერკეტია აშშ-ზე გავლენის მოსახდენად.


ჰორმუზის სრუტე მნიშვნელოვანია მსოფლიო ბაზარზე ენერგომატარებლების მისაწოდებლად, ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ, ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა.