„შოკირებული ვარ“, მამაცი მეგონა, მაგრამ ვცდებოდი“ — ტრამპი მელონის აკრიტიკებს

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ „შოკირებულია“ იტალიის პრემიერ ჯორჯია მელონით.

ამის შესახებ დონალდ ტრამპმა იტალიურ გამოცემა Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა.


ტრამპმა აღნიშნა, რომ მელონისგან მეტ „სიმამაცეს“ ელოდა.


“მოგწონთ, რომ თქვენი პრემიერ-მინისტრი არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ნავთობი მიიღოს? ხალხს მოსწონს ეს? არ შემიძლია ამის წარმოდგენა. შოკირებული ვართ მისით. ვფიქრობდი, რომ ის მამაცია, მაგრამ ვცდებოდი…


არა. ის უბრალოდ ამბობს, რომ იტალია არ მიიღებს მონაწილეობას [ირანთან დაკავშირებით]. იმის მიუხედავად, რომ იტალია ნავთობს სწორედ იქიდან იღებს, იმის მიუხედავად, რომ ამერიკა ძალიან მნიშვნელოვანი იტალიისთვის. ის არ თვლის, რომ იტალია მონაწილეობას უნდა იღებდეს… ამერიკამ უნდა შეასრულოს ეს სამუშაო მის მაგივრად,” - განაცხადა ტრამპმა.


ტრამპმა მელონი ასევე გააკრიტიკა იმის გამო, რომ იტალიის პრემიერისთვის მისი სიტყვები რომის პაპთან დაკავშირებით, „მიუღებელი“ აღმოჩნდა.


„თქვენ ხართ მიუღებელი, რადგან არ გადარდებთ, აქვს თუ არა ირანს ბირთვული იარაღი და ააფეთქებდა თუ არა იტალიას ორ წუთში, ამის საშუალება რომ ჰქონდეს,” - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არსებული ვითარება უშუალოდ იტალიის პრემიერ-მინისტრთან არ განუხილავს.


მელონიმ, რომელიც ტრამპის მოკავშირედ მიიჩნევა, გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ირანში საომარი მოქმედებების დაწყების დაწყების შესახებ, ტრამპის მიერ რომის პაპის მიმართ კრიტიკას კი, „მიუღებელი“ უწოდა.


გარდა ამისა, დღეს გახდა ცნობილი, რომ ჯორჯა მელონის მთავრობამ ისრაელთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება შეაჩერა.


როგორც Reuters-ი წერს, თეთრმა სახლმა უარი თქვა გავრცელებულ ციტატებზე კომენტირებაზე. მელონის ოფისშიც თავი შეიკავეს კომენტარის გაკეთებაისგან, მაგრამ პოლიტიკოსებმა მელონის პოზიციები დაიცვეს. მათ შორის იყო საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი.


 „ჩვენ ვართ და დავრჩებით დასავლეთის ერთიანობის გულწრფელი მხარდამჭერები და შეერთებული შტატების ურყევი მოკავშირეები, მაგრამ ეს ერთიანობა აგებულია ერთგულებაზე, პატივისცემასა და ერთმანეთის მიმართ გულწრფელობაზე,“ - განაცხადა ტაიანიმ. 


დასავლურმა მედიამ ტრამპის კრიტიკა მელონის მიმართ, ტონის მკვეთრ ცვლილებად შეაფასა. მელონი იყო ერთადერთი ევროპელი ლიდერი იყო, რომელიც ტრამპის ინაუგურაციას დაესწრო 2025 წელს და რომელიც ტრამპმა სულ რაღაც ერთი თვის წინ, „დიდ ლიდერად“ მოიხსენია.


„ისინი [იტალია] მსოფლიოში ყველაზე მაღალ ფასს იხდიან ენერგიაში და მზად არც კი არიან, ჰორმუზის სრუტისთვის იბრძოლონ... ისინი დონალდ ტრამპზე არიან დამოკიდებულნი, რომ სრუტე ღია დარჩეს,“ - განაცხადა ტრამპმა.


Reuters-ი წერს, რომ აშშ-ისრაელისა და ირანის ომს იტალიელებში მხარდაჭერა არ აქვს. ომის ფონზე, იტალიაში ენერგეტიკის სექტორში ფასები გაიზარდა, რადგან ქვეყანა დიდწილად ნავთობისა და გაზის იმპორტზეა დამოკიდებული.


კონფლიქტისგან დისტანცირების მცდელობისას, მელონომ გასულ თვეში, უარი თქვა აშშ-ის გამანადგურებლებისთვის სიცილიის საჰაერო ბაზის გამოყენების უფლების მიცემაზე, ხოლო სამშაბათს, 24 აპრილს, კი, იტალიამ ისრაელთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება შეაჩერა.


„როდესაც არის რაღაცები, რაზეც ვერ ვეთანხმებით, ჩვენ შესაბამისად ვმოქმედებთ,“ - განუცხადა მელონიმ ჟურნალისტებს.

„არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, მთავრობამ გადაწყვიტა, შეაჩეროს ისრაელთან თავდაცვის შეთანხმების ავტომატური განახლება,“ - განმარტა იტალიის პრემიერმა.


საკითხზე ინფორმირებულმა წყარომ, რომელმაც ანონიმურობა მოითხოვა, განაცხადა, რომ მელონიმ გადაწყვეტილება ორშაბათს მიიღო საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან ანტონიო ტაიანისთან და გვიდო კროსეტოსთან, ასევე ვიცე-პრემიერ მატეო სალვინისთან ერთად.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეთანხმების შედეგების დაკნინება სცადა.


„ჩვენ იტალიასთან უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს მრავალი წლის წინანდელი ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც არასდროს შეიცავდა რაიმე არსებით შინაარსს. ეს გავლენას არ მოახდენს ისრაელის უსაფრთხოებაზე,“ - ნათქვამია განცხადებაში.


დიპლომატიური დაძაბულობის გამწვავების ფონზე, გასულ კვირას, რომმა ლიბანში ისრაელის ელჩი დაიბარა იტალიელი ჯარისკაცების მონაწილეობით მომხდარი ინციდენტის გამო. საპასუხოდ კი, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობამ იტალიის ელჩი გამოიძახა „ლიბანში არსებული ვითარების განსახილველად.“ 


8 აპრილს, ბეირუთის სიახლოვეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნეს ლიბანში გაეროს მანდატის ქვეშ მყოფ იტალიელ სამხედროებს. არავინ დაშავებულა, თუმცა მელონიმ მომხდარს "სრულად მიუღებელი" უწოდა.