სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთთან არანაირი სამშვიდობო შეთანხმება არ არის შესაძლებელი უკრაინის თანხმობის გარეშე.
ფიცოს თქმით, ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული აზრის მიუხედავად, მხარეებს სლოვაკეთსა და უკრაინას შორის კარგი და მეგობრული ურთიერთობების საერთო ინტერესი აქვთ.
„დავადასტურე, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს უკრაინის მისწრაფებებს, გახდეს ევროკავშირის წევრი, ვინაიდან სლოვაკეთს სურს, რომ ჩვენი მეზობელი უკრაინა სტაბილური და დემოკრატიული ქვეყანა იყოს.
შევთანხმდით, რომ მოკლე შეხვედრა გვექნება ორშაბათს [4 მაისს] ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე და გავაგრძელებთ ერთობლივი სამთავრობო სხდომების ფორმატს, და ვიზიტები გვექნება ჩვენი ქვეყნების დედაქალაქებში.
ასევე აღვნიშნე, რომ რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო კონფლიქტში არანაირი სამშვიდობო შეთანხმება შეუძლებელია უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე,“ - წერს ფიცო.
მანამდე ზელენსკიმ ფიცოსთან საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობების აუცილებლობას.
„მნიშვნელოვანი იყო იმის მოსმენა, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას და [ეს ქვეყანა] მზადაა, გაგვიზიაროს ევროკავშირში გაწევრიანების გამოცდილება,“ - წერდა ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა ფიცო კიევში მიიწვია და თავის მხრივ, სლოვაკეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ბრატისლავაში მიწვევისთვის.
უფრო ადრე, „დრუჟბას“ მილსადენის მეშვეობით ნავთობის ტრანზიტის აღდგენამდე, ფიცომ ბრიუსელს მოუწოდა, დაევიწყებინა სლოვაკეთის მხარდაჭერა უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების მიმართ.
30 აპრილს ევროკომისიამ განაცხადა, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო და სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი 9 მაისს კიევში უნდა ჩავიდნენ თავიანთი მხარდაჭერის დემონსტრირებისთვის და არა — მოსკოვში.
Reuters-ი რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით წერს, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო იმ მცირერიცხოვან ლიდერებს შორისაა, რომლებიც ამ თვეში მოსკოვში აღლუმს დაესწრებიან.
9 მაისს გამართულ საზეიმო ღონისძიებებზე მოსკოვში ასევე იქნება ბელორუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო.