ტრამპთან სამიტის შემდეგ, სი ძინპინი პუტინს მასპინძლობს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მასპინძლობიდან რამდენიმე დღეში, ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიღო.

აეროპორტში პუტინს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი დახვდა.


რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის, იური უშაკოვის თქმით, პუტინის ვიზიტის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან “საერთაშორისო პრობლემების ყველაზე აქტუალური საკითხების განხილვა” იქნება. მისი ინფორმაციით, რუსეთი და ჩინეთი 40-მდე დოკუმენტს გააფორმებენ, მათ შორის, პუტინი და სი ძინპინი დეკლარაციას მიიღებენ „მულტიპოლარული სამყაროსა და ახალი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობების ჩამოყალიბების შესახებ.“


ჩინეთის საგარეო უწყების განცხადებით, ორი მხარე გააგრძელებს ურთიერთობების გაღრმავებას, „მსოფლიოსთვის მეტი სტაბილურობისა და პოზიტიური ენერგიის მისაცემად.“


ჩინეთის სახელმწიფო სააგენტო Sinhua წერს, რომ ეს არის ვლადიმeრ პუტინის ოცდამეხუთე ვიზიტი ჩინეთში და რომ 2026 წელს აღინიშნება ჩინეთ-რუსეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების 30-ე წლისთავი. სააგენტოს სარედაქციო წერილში აღნიშნულია, რომ 2013 წლის შემდეგ, პუტინი და სი ძინპინი 40-ზე მეტჯერ შეხვდნენ ერთმანეთს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში.


ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გამგზავრებამდე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ „დიდი ხანია, გადააჭარბა 200 მილიარდ დოლარს.


მისივე თქმით, „მოსკოვი და პეკინი კოორდინირებულად გამოდიან საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების მუხლების დასაცავად, მათი მთელი სისრულით, ერთობლიობითა და ურთიერთკავშირით, მხარს უჭერენ აქტიურ თანამშრომლობას გაეროს, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის, ბრიქსისა და სხვა მრავალმხრივი სტრუქტურების ხაზით, რითაც წვლილი შეაქვთ მსოფლიო და რეგიონული პრობლემების მოგვარებაში.“


14 მაისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტით ჩავიდა აშშ-ის პრეზიდენტი. ეს იყო აშშ-ის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი 2017 წლის შემდეგ. დონალდ ტრამპმა სი ძინპინი მიმდინარე წლის შემოდგომაზე ვაშინგტონში მიიწვია.


თეთრი სახლის განცხადებით, „ორი ლიდერი შეთანხმდა, რომ ირანს არ შეიძლება, ჰქონდეს ბირთვული იარაში, ასევე, გამოვიდნენ ჰორმუზის სრუტის გახსნის მოწოდებით და განაცხადეს, რომ არცერთ ქვეყანას ან ორგანიზაციას არ უნდა ჰქონდეს უფლება, სრუტეში გავლაზე ბაჟი დააწესოს. აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერებმა დაადასტურეს, რომ მათი საერთო მიზანია ჩრდილოეთ კორეის დენუკლეარიზაცია.


ტრამპის ვიზიტის დროს, სი ძინპინმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ჩინეთს მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ორმხრივი ურთიერთობა აქვთ და რომ ისინი „პარტნიორები უნდა იყვნენ და არა — მეტოქეები.“


ორი ქვეყანა ასევე შეთანხმდა „სტრატეგიული სტაბილურობის კონსტრუქციული ურთიერთობის“ ჩამოყალიბებაზე. პეკინი იმედოვნებს, რომ მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის დაძაბულობის განმუხტვის პერიოდი დაიწყება.