რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვების ფონზე, სომხეთი საქართველოში თევზის ექსპორტს იწყებს

საქართველოში სომხეთის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი კვლავ იზრდება, ახალი ტვირთები კი, საქართველოს ბაზარზე 27, 29 და 30 ივლისს შემოვიდა, იტყობინება საქართველოში სომხეთის საელჩო.


მისივე ინფორმაციით, უახლოეს მომავალში მიწოდების მოცულობა გაიზრდება.


კერძოდ, წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები სომხური თევზის პროდუქტების საქართველოს ბაზარზე შეტანასთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღალი ხარისხის სომხური თევზის პროდუქტები მალე ხელმისაწვდომი გახდება ქართველი მომხმარებლებისთვის.


საელჩოს დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია, მათ შორის არც ექსპორტიორ კომპანიებზე, თევზის სახეობებზე ან საწყისი პარტიების მოცულობაზე.


სომხეთის კალმახისა და ზუთხის მოშენების ინდუსტრია რუსეთის მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა დააზარალა. მაისის ბოლოდან ივნისის დასაწყისამდე, რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა (როსელხოზნადზორი) აკრძალა სომხური პროდუქციის, მათ შორის ბოსტნეულის, ხილის, ყვავილების, მინერალური წყლისა და თევზის იმპორტი.


შეზღუდვები გამკაცრდა სომხეთის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში და ერევნის მიერ ევროკავშირთან კავშირების გაძლიერების მცდელობის ფონზე. პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მმართველი პარტიის გამარჯვების შემდეგ, ზომები ფაქტობრივად გავრცელდა ყველა რეგულირებად სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე.


21 ივლისს, თევზის მწარმოებლებმა ერევანში, სომხეთის მთავრობის შტაბ-ბინის წინ საპროტესტო აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ დაახლოებით 15 000 ტონა ცოცხალი თევზი, გაყინული პროდუქტების გამოკლებით, თევზის ფერმებში დარჩა, რადგან ექსპორტი შეჩერდა. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთმა ივლისში მოიპოვა ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის უფლება, მწარმოებლები ამბობენ, რომ მათ არ შეუძლიათ, სწრაფად გადაამისამართონ მარაგი ევროპულ ბაზარზე, მკაცრი სერტიფიცირების მოთხოვნებისა და რთული ლოგისტიკის გამო.


ამ ფონზე, საქართველო სომეხი მწარმოებლებისთვის ყველაზე სწრაფი და ხელმისაწვდომი ალტერნატიული საექსპორტო ბაზრის როლში გამოჩნდა. სომხეთის საელჩომ თბილისში განაცხადა, რომ გააგრძელებს მუშაობას ორმხრივი სავაჭრო თანამშრომლობის გაფართოებისა და სომეხი ექსპორტიორებისთვის საქართველოს ბაზარზე ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად.