სამმხრივი მოლაპარაკებების დაწყებამდე, ტრამპმა პუტინთან და სი ძინპინთან ცალ-ცალკე, ორმხრივი შეხვედრები გამართა.
BBC-ის ცნობით, მოსალოდნელია, რომ სამმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში ლიდერები განიხილავენ უკრაინის საკითხს, ომს ირანში, ბირთვული იარაღის გავრცელებას, სავაჭრო ომსა და ხელოვნური ინტელექტის საკითხს. მედიის ინფორმაციით, ევროპულ წრეებში მატულობს უკმაყოფილება იმის გამო, რომ სი ძინპინი უკრაინის საკითხთან დაკავშირებით რუსეთზე საკმარის ზეწოლას არ ახდენს.
ჩინეთი ცდილობს, ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოს ამ ომში, თუმცა სი ძინპინმა უარი თქვა, დაეგმო თავისი „ძველ მეგობრის“ პუტინის ქმედებები.
ამ სამიტის დაწყებამდე, აშშ-ის პრეზიდენტი სი ძინპინი სადილზე მიიწვია.
უფრი ადრე, სი ძინპინთან ორმხრივი შეხვედრის შემდეგ კი ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ და ჩინეთი უკრაინის ომის დასრულებას ისურვებდნენ.
პუტინის ერთ-ერთი თანაშემწის თქმით, ტრამპთან ორმხრივმა შეხვედრამ „კარგად“ ჩაიარა, თავად პუტინი კი „შესანიშნავ ხასიათზე“ იყო.
თავის მხრივ, ჩინეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან ერთად ჩინეთ-შეერთებული შტატების ურთიერთობას ახალი შინაარსი შესძინეს.
მისივე თქმით, პეკინსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა პატივისცემაზე, სამართლიანობასა და ორმხრივობაზეა დაფუძნებული.
„ჩვენ დავამკვიდრეთ ჩინეთ-აშშ-ს სტრატეგიული სტაბილურობის კონსტრუქციული ურთიერთობის ახალი განმარტება,“ – განაცხადა სი ძინპინმა.
AFP-ს ცნობით, ჩინეთის ლიდერმა ამერიკელ კოლეგას განუცხადა, რომ მისი ძალისხმევა ისტორიაში შევა.
„ბატონო პრეზიდენტო, თქვენი ძალისხმევა ყველასთვის აშკარაა და ისტორიაში შევა,“ – განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ტრამპის და პუტინის შეხვედრა დაახლოებით ორმოც წუთს გაგრძელდა. შეხვედრის დასაწყისში, რომელიც მედიისთვის ღია იყო, პრესისთვის მოკლე განცხადება მხოლოდ ტრამპს ჰქონდა. მან თქვა, რომ პუტინთან მრავალწლიანი კარგი ურთიერთობა აქვს და შეხვედრიდან კარგ შედეგებს ელოდება. პუტინმა მხოლოდ მადლობა თქვა ინგლისურ ენაზე.
დახურულ კარს მიღმა შეხვედრას დაესწრნენ ტრამპის და პუტინის ადმინისტრაციების წარმომადგენლებიც, მათ შორის სახელმწიფო მდივანი რუბიო და საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი.
შეხვედრის შემდეგ აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტებს პრესისთვის განცხადება არ გაუკეთებიათ.
18 ნოემბერს სი ძინპინს შენჟენში შეხვდა ვლადიმირ პუტინიც. კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტის" განუცახდა, რომ ვლადიმირ პუტინმა და სი ძინპინმა განიხილეს უკრაინის საკითხიც და პუტინმა სი ძინპინს უამბო აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებთან, უიტკოფსა და კუშნერთან ბოლო კონტაქტების შესახებ. პუტინმა სი ძინპინს „ძვირფასი მეგობარი“ უწოდა. ჩინეთის ლიდერმა განაცხადა, რომ პეკინი მზად არის, რუსეთთან და სხვა ქვეყნებთან ერთად ხელი შეუწყოს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის კეთილდღეობას.
რაც შეეხება ორმხრივ, ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებს, მას სი ძინპინმა უწოდა „მთასავით მყარი“, რომელიც არ ექვემდებარება წუთიერ მსოფლიო კონიუნქტურას და განვითარების ფართო პერსპექტივა აქვს. მისივე განცხადებით, ჩინეთმა და რუსეთმა ხელი უნდა შეუწყონ მრავალპოლარული მსოფლიოს ფორმირებას და საერთაშორისო ურთიერთობების დემოკრატიზაციას.
როგორც ცნობილია, ჩინეთის ქალაქი შენჭენი აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტს მასპინძლობს.