უკრაინის დაზვერვის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩოე სონ ჰუიმ, რუსეთის ფედერაციისთვის სამხედრო მხარდაჭერის შეჩერების შესახებ განაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება პირადად ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა მიიღო.
ამავდროულად, სადაზვერვო სამსახურების ცნობით, ოქტომბერში რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის დაძაბულობა წარმოიშვა, რისი მიზეზიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო გახდა. მან განაცხადა, რომ კრემლი მომავალში სეულსა და ფხენიანს შორის ურთიერთობების დეესკალაციაზე იმუშავებს, რამაც ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მწვავე რეაქცია გამოიწვია.
ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი განცხადებები არ შეესაბამება ორ ქვეყანას შორის გაფორმებული საალიანსო შეთანხმებების არსს და მოითხოვა განმარტება რუსეთის პოლიტიკის შესახებ სამხრეთ კორეასთან მიმართებით.
„არსებული ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება პირადად ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა მიიღო. შეზღუდვები მოიცავს რუსული სამხედრო სატრანსპორტო ავიაციის მიერ ჩრდილოეთ კორეის საჰაერო სივრცის გამოყენების აკრძალვას, ასევე — KN-23 ტიპის ბალისტიკური რაკეტებისა და საარტილერიო საბრძოლო მასალების მორიგი პარტიის მიწოდების შეჩერებას,“ — აცხადებენ DIU-ში.
გარდა ამისა, ფხენიანი ამ ეტაპზე თავს იკავებს რუსეთის მოთხოვნის შესრულებისგან, რომელიც რუსეთში დისლოცირებული ჩრდილოეთ კორეის სამხედრო კონტინგენტის 8 500-დან 50 000 ჯარისკაცამდე გაზრდას გულისხმობს. ამავდროულად, ჩრდილოეთ კორეის არმიის მე-11 სპეციალური ოპერაციების კორპუსის ქვედანაყოფები კვლავ აგრძელებენ სამსახურს რუსეთის კურსკის ოლქში, სადაც ისინი კურსკის მიმართულებაზე მოქმედი დაჯგუფების მეორე ეშელონს წარმოადგენენ.
უფრო მეტიც, ზაფხულის შუა პერიოდიდან რუსეთის ვორონეჟის ოლქში დისლოცირებულია ჩრდილოეთ კორეის არმიის შერეული სარაკეტო დანაყოფი, რომელსაც რუსული ძალები უკრაინის წინააღმდეგ დარტყმების განსახორციელებლად იყენებენ.
დანაყოფი მოსკოვის სამხედრო ოლქის პირველი სატანკო არმიის 112-ე სარაკეტო ბრიგადის შემადგენლობაში მოქმედებს. ამრიგად, მოსკოვსა და ფხენიანს შორის სამხედრო თანამშრომლობის შემდგომი გაფართოება ამ ეტაპზე შეფერხებულია. ჩრდილოეთ კორეის კონტინგენტსა და აგრესორი სახელმწიფოს — რუსეთის — არმიას შორის სამხედრო კოორდინაციის შემაფერხებელ ფაქტორებს შორისაა: ძალებს შორის ოპერაციული თავსებადობის დაბალი დონე, ენობრივი ბარიერი და თარჯიმნების ნაკლებობა, ასევე — ჩრდილოეთ კორეის მხრიდან სათანადო ლოგისტიკური უზრუნველყოფის არარსებობა,“ — აღნიშნეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოში (DIU).