თუ რუსეთი დასავლეთთან ომში ჩაება, შესაძლოა, ჩინეთმა რუსეთს ისეთი დარტყმა მიაყენოს, ვეღარ გადარჩეს - კახა გოგოლაშვილი

„თუ რუსეთი დასავლეთთან ომში ჩაება, შეიძლება ჩინეთმა ამით ისარგებლოს და ისეთი დარტყმა მიაყენოს, რომლისგანაც ის ვეღარ გადარჩება“, -ამის შესახებ Europetime-თან ინტერვიუში საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროს მეცნიერ-თანამშრომელმა, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა განაცხადა.

ანალიტიკოსის შეფასებით, დასავლეთთან დაპირისპირების დროს, ერთადერთი, ვისკენაც ახლა რუსეთი იყურება, ეს არის ჩინეთი, რადგან ამერიკა ჩინეთს უფრო მეტად, თვლის სტრატეგიულ მოწინააღმდეგედ, ვიდრე რუსეთს.

„ამიტომ თუ დასავლეთთან კონფლიქტი უფრო მეტად გაუმწვავდება, კრემლი ყველანაირად შეეცდება ჩინეთის მხარდაჭერა მოიპოვოს.. თუმცა, არ მგონია, ჩინეთი ბოლომდე სანდო პარტნიორი იყოს რუსეთისთვის. ჯერ ერთი რომ მათ ტერიტორიები აქვთ გასაყოფი და თუ ვინმეს უჭირავს რუსეთის ტერიტორიებზე თვალი, ეს ჩინეთია. ევროპას და ამერიკას რუსეთის ერთი გოჯი მიწაც კი არ სჭირდებათ. ჩინეთი კი დიდი სიამოვნებით წაიღებდა მის ტერიტორიებს, რადგან ძალიან სჭირდება და ისტორიული პრეტენზიებიც გააჩნია“, - აღნიშნავს გოგოლაშვილი.

მისივე განმარტებით, გარდა ამისა, ჩინეთის ეკონომიკისთვის დასავლეთის ბაზარი არის უმნიშვნელოვანესი და რაც არ უნდა ცუდი ურთიერთობები ჰქონდეს დასავლეთთან, ამ ბაზრებზე წვდომის დაკარგვა არ სურს.

"ჩინეთის შემოსავლის ძირითადი წყარო მაინც ევროპის და ამერიკის ბაზრებია. იმხელა სავაჭრო ბრუნვა აქვს ამერიკულ და ევროპულ ბაზრებზე, რუსეთთან სავაჭრო ბრუნვას 20-ჯერ აღემატება. თუ ის სანქციების გამო, ამ ბაზრებს დაკარგავს და მასთანაც ურთიერთობებს ჩაკეტავენ, სერიოზულად დაზარალდება. მაგრამ ომიც რომ დაიწყოს, დასავლეთიც ბოლომდე ვერ ჩაკეტავს ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობებს, ერთმანეთზე იმდენად დამოკიდებულნი არიან. თუმცა, სავაჭრო ბრუნვა, თუ შემცირდება ეს ჩინეთს მაინც ძალიან დაარტყამს.

არ მგონია ჩინეთის ხელმძღვანელობა ამდენად ჭკუამოკლე და ფანატიკოსი იყოს, საგარეო ურთიერთობების კონტექსტში. შეიძლება ჩინელების პოლიტიკა არ მოგვწონდეს და ფუნდამენტურად მცდარიც იყოს, მაინც კომუნისტური რეჟიმია, მაგრამ მიუხედავად ამისა, საერთაშორისო ურთიერთობებში სტრატეგიულად და გრძელვადიანად აზროვნებენ. ამიტომ რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ჩინეთის იმედი.

ერთადერთი რაც რუსეთს იცავს და რითიც ის აშანტაჟებს მთელ მსოფლიოს, არის მისი ბირთვული არსენალი, მაგრამ არ ვიცით ჩინეთს რამდენად ეშინია უკვე ამ რუსული ბირთვული შანტაჟის. თვითონაც საკმაოდ ძლიერი შესაძლებლობები აქვს, რუსეთის გასანადგურებლად, სამხედრო და სამოქალაქო თვალსაზრისით“, - განუცხადა Europetime-ს კახა გოგოლაშვილმა.

კახა გოგოლაშვილი: ევროკავშირისა და აშშ-ს ასეთი აქტიურობა გასაკვირი არ არის, შეიძლება საქართველო მალე დასჭირდეთ NATO-ში

ვალერი ჩეჩელაშვილი: პუტინი კარგი ტაქტიკური მოთამაშეა, მაგრამ ცუდი სტრატეგი, არცერთი გულწრფელი მოკავშირე აღარ დარჩა

ზურაბ ბატიაშვილი: გენოციდის აღიარებაზე თურქეთი შეეცდება ისეთი პოზიცია დაიკავოს, მისი ეკონომიკა მეტად არ დაზიანდეს

რუსეთი 1.5 ტრილიონამდე ეკონომიკით, აშშ-ს ევროკავშირის და ბრიტანეთის 45 ტრილიონამდე ეკონომიკის პირისპირ - ვალერი ჩეჩელაშვილი