თელ-ავივის სამედიცინო ცენტრის დამფუძნებელმა COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. EXO-CD24 ისრაელში შეიქმნა და მკვლევრების ჯგუფს ნადირ არბერი ხელმძღვანელობდა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია თელ-ავივის სურასკის სამედიცინო ცენტრის დამფუძნებელსა და COVID-19-ის კვლევის მიმართულების ხელმძღვანელს ნადირ არბერს შეხვდნენ.
როგორც Europetime-ს უწყებაში განუცხადეს, შეხვედრის მიზანი გამოცდილების გაზიარება იყო. ასევე, მხარეებმა იმსჯელეს ჯანდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, სამომავლო გეგმებსა და COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატთან (EXO-CD24) დაკავშირებით, თუმცა როგორც სააგენტოსთან საუბარში უწყების წარმომადგენელმა განმარტა, ეს არ ნიშნავს, რომ აღნიშნული მედიკამენტის შემოტანა იგეგმება.
ისრაელიდან ჩამოსული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი, როგორც დამაკმაყოფილებელ, ასევე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისთვისაა განკუთვნილი. სამედიცინო მკვლევრების განცხადებით მედიკამენტი ნოვატორულ ნაერთს წარმოადგენს და ის გამდიდრებულ CD24-ეზოსომებს ეფუძნება.
„კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატთან დაკავშირებით გვსურს, რომ საქართველო, როგორც ჩვენი მეგობარი ქვეყანა, ისრაელის პარტნიორი იყოს. თქვენ ძალიან კარგი სამედიცინო პერსონალი გყავთ და გვჯერა, რომ ეს თანამშრომლობა ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი იქნება. COVID-19-ის საწინააღმდეგო მედიკამენტი ბევრ ადამიანს დაეხმარება“, - ამის შესახებ თელ-ავივის სურასკის სამედიცინო ცენტრის დამფუძნებელმა ნადირ არბერმა განაცხადა.
ისრაელის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრიც დაათვალიერეს. ქართველმა ექიმებმა ისრაელიდან ჩამოსულ მკვლევრებს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვეს. ისრაელიდან ჩამოსულმა სპეციალისტებმა კი ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატეს.
ისრაელში ჩატარებული კვლევით, კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატმა პაციენტები კორონავირუსისგან 5 დღეში განკურნა.
28 აპრილის მონაცემებით, ვაქცინაციის შემდეგ ისრაელში კორონავირუსით მოსახლეობის მხოლოდ 0.04% დაინფიცირდა.