დავით ზალკალიანი ბელარუსის მიმართულებით ფრენებზე: კერძო კომპანიების გადასაწყვეტია

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოდან ბელარუსის მიმართულებით ფრენების საკითხი კერძო კომპანიების გადასაწყვეტია. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ბელარუსის საჰაერო სივრცეში გადაადგილებასთან დაკავშირებით "ძალიან ბევრი ნიუანსი უნდა გავითვალსიწინოთ".

"საქართველოს არ აქვს პირდაპირი ფრენები ბელარუსიის მიმართულებით. ეს საკითხი რა თქმა უნდა, კერძო კომპანიების გადასაწყვეტია. მაგრამ ამავე დროს ჩვენ ძალიან ბევრი ნიუანსი უნდა გავითვალსიწინოთ. პირველ რიგში, ის, რომ პანდემიის პირობებში თუკი ფრენები არსებობს, ამით სარგებლობენ ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით პრობლემები. ჩვენ ყველა ნიუანსის გათვალისწინებით, ძალიან პასუხისმგებლობით ვუდგებით ამ საკითხს, იმისთვის რომ ჩვეულებრივ ადამიანებს არ შეექმნათ თუნდაც სამშობლოში დაბრუნების პრობლემა. ამასთან, ძალიან ბევრი ბელარუსული კომპანია საქართველოში უკვე მოღვაწეობს, რომელთაც ჰყავთ თავიანთი წარმომადგენლები, თანამშრომლები, ჩვეულებრივი ბელარუსელი მოქალაქეები, რომლებმაც გვინდა, რომ იხილონ რა არის დემოკრატია, რა არის განვითარება. ისინი უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში და ეს ყველაფერი უნდა ნახონ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამ ქვეყანასთან ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ინტენსიური საქმიანობა განვახორიცელეთ ბევრი მიმართულებით", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ცნობისთვის, 26 მაისს, ევროპის ავიაციის მარეგულირებელმა ყველა ავიაკომპანიას მოუწოდა, "უსაფრთხოებიდან გამომდინარე" ბელარუსის საჰაერო სივრცეს მოერიდნონ, თუკი ამას საგანგებო გარემოებები არ მოითხოვს.

პროტესტის ნიშნად ევროპის რამდენიმე ავიაკომპანიამ ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენები უკვე შეწყვიტა. მათ შორის არის კომპანიები: AirBaltic-ი, Lufthansa, Air France, Wizz Air-ი, Austrian Airlines-ი, Belavia.

ამასთანავე, ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ იმ თვითმფრინავების მიღება აკრძალა, რომლებიც ბელარუსის საჰაერო სივრცეს კვეთენ. მათ შორის არის ლიეტუვა. გარდა შემოსვლისა, ლიეტუვის აეროპორტებიდან იმ თვითმფრინავებსაც აეკრძალა გაფრენა, რომლებსაც ბელარუსის საჰაერო სივრცის გადაკვეთა აქვთ დაგეგმილი.

ამასთანავე, დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსის ავიაკომპანიებს დიდ ბრიტანეთში ფრენების განხორციელების ნებართვა შეუჩერა.

26 მაისიდან, ბელარუსთან ავიამიმოსვლა აკრძალა უკრაინამაც.

ამასთანავე, პოლონეთის მთავრობამ ბელარუსის თვითმფრინავებს პოლონეთის საჰაერო სივრცეში ფრენა აუკრძალა

შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა.

ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს.

24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს.

24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.