შესაძლოა, პირბადის ტარება მხოლოდ დიდი თავშეყრის ადგილებში იყოს სავალდებულო

"არის საუბარი იმაზე, რომ შეიძლება პირბადის ტარება მხოლოდ დიდი თავშეყრის ადგილებში იყოს სავალდებულო", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ჯერჯერობით პირბადის ტარება კვლავ სავალდებულოდ უნდა დარჩეს.

"ვტოვებთ [პირბადეების ტარების ვალდებულებას] იმიტომ, რომ ჯერჯერობით ახალი შემთხვევების რიცხვი არის ასეულების ფარგლებში. რადგან პირბადე გახლავთ ყველაზე უფრო იოლი და ყველაზე ძლიერი საშუალება ინფექციის გავრცელების პრევენციული საშუალება, ამიტომ ჯერჯერობით მისი გამოყენების აუცილებლობას ვტოვებთ. ამაზე ბევრი დისკუსიაა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ჩვენ პირბადე არ უნდა მოვხსნათ.

თუმცა, არის საუბარი იმაზეც, რომ შეიძლება პირბადე იყოს სავალდებულო მხოლოდ დიდი თავშეყრის ადგილებზე, როგორიც არის ავტობუსების გაჩერებები, დიდი სასეირნო ქუჩები, როგორიცაა თბილისში რუსთაველის გამზირი, ასევე ბათუმის ბულვარი და ა.შ. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ჯერ გარკვეული პერიოდი, მაგალითად, ივნისში პირბადე იყოს აუცილებელი ატრიბუტი ჩვენი მოსახლეობისთვის", - განაცხადა გამყრელიძემ.

ამავე თემაზე:

ამირან გამყრელიძე: პირბადეს ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოვიხსნით

ივანე ჩხაიძე ინდურ შტამზე: ორი ნიღბის ტარება აუცილებელია, თუ ვირუსის გადაცემის ალბათობა უფრო მაღალია

ამირან გამყრელიძე გარე სივრცეებში პირბადის შესაძლო მოხსნაზე: მოსახლეობის სულ მცირე 20% უნდა იყოს აცრილი