საპარლამენტო ოპოზიციის წევრებისა და სენატორების რობ პორტმანისა და ჯინ შაჰინის შეხვედრა დასრულდა. როგორც „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, „საუბარი იყო ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს“.
„აინტერესებდათ და ამას ღიად გვეკითხებოდნენ - რაში შეიძლება დაეხმაროს ამერიკა ამ ქვეყანას. ცხადია, ჩვენ საუბარი გვქონდა ყველა იმ პრობლემაზე, რომელზეც ჩვენ ყოველდღე ვსაუბრობთ, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე, საარჩევნო სისტემაზე, პოლიტიკურ დევნაზე და ა.შ., თუმცა ამის მიღმაც იყო საუბარი“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
„სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, სენატორებმა დეტალურად იციან ის, რაც ხდება საქართველოში.
„კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამხელა მეგობრები გვყავს ჩვენი ამერიკელი მეგობრების სახით. სენატორებმა დეტალურად იციან ის, რაც ხდება საქართველოში. როცა მკითხეს, რა არის ნომერ პირველი პრობლემა საქართველოში - ნომერ პირველი პრობლემა ქვეყანაში არის შიმშილი, მართლა ასეა და ჩვენ გვჭირდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამერიკასთან და მათ გვითხრეს, რომ შეიძლება ამაზე საუბარი, ამის განხილვა და ყოველშემთხვევაში დისკუსიის დაწყება ამაზე. რა თქმა უნდა, ველაპარაკეთ სასამართლოს ანტიკორუფციული მექანიზმების შექმნაზე, ვილაპარაკეთ პოლიტიკურ გამოძიებებზე: გვარამია, ხაზარაძე, ჯაფარიძე, ოქრუაშვილი და უგულავას ქეისებზე.
ასევე, შარლ მიშელის შეთანხმებაზე ვილაპარაკეთ, რომელიც მათთვისაც არის როგორც ლაკმუსის ქაღალდი ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის და ამას ძალიან დიდ მნიშვნელობა აქვს და გვითხრეს და დაგვიდასტურეს, რომ სრული მხარდაჭერა ექნება საქართველოს.
ადამიანურად ვთხოვეთ, რომ როგორმე ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებაში დაგვეხმარონ და აქაც გვითხრეს, რომ რა თქმა უნდა, ამაზეც იქნება საუბარი. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
„ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ამერიკელ სენატორებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრისას განიხილეს ყველა მნიშვნელოვანი საკითხი.
„ეს არის NATO-ში გაწევრიანება, ეს არის საგარეო გამოწვევები, ეს არის შიდა გამოწვევები, მართლმსაჯულების რეფორმა, რომელიც ჩვენი ამერიკელი მეგობრების მიერ განიხილება, როგორც გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესი რეფორმა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. გვქონდა ძალიან შინაარსიანი და კარგი საუბარი. უნდა ითქვას, რომ განვიხილეთ ისეთი საკითხებიც, როგორიც არის NATO-ში გაწევრიანება იმ ფორმულით, როდესაც შესაძლებელია ჩვენ გავხდეთ NATO-ს წევრი, ოღონდ მეხუთე მუხლი არ ამოქმედდება ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით და ამოქმედდება მაშინ, როცა მოხდება ამ რეგიონების რეინტეგრირება ჩვენს ქვეყანაში. თითქმის ყველა საკითხზე გვქონდა საუბარი. სენატორებმა განაცხადეს, რომ 19 აპრილის შეთანხმების განხორციელების პროცესს ყურადღებით დააკვირდებიან. განვიხილეთ საკითხი, რომ ჟენევის ფორმატი აიწიოს და შესაძლებელია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის დონეზე იყოს აწეული. ძალიან მნიშვნელოვანია რომ აშშ–ის უფრო მაღალი ჩართულობა იყოს აქაც და ამას ძალიან დიდი ყურადღებით მოეპყრნენ სენატორები. გარდა ამისა, სენატორები მართლმსაჯულების რეფორმასს განიხილავენ, როგორც უკიდურესად მნიშვნელოვანს ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
სალომე სამადაშვილის თქმით, სენატორი ჯინ შაჰინი განსაკუთრებით მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემებით დაინტერესდა.
„გვქონდა ძალიან საფუძვლიანი საუბარი იმ გამოწვევებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აქვს, მათ შორის შიდა პოლიტიკური ვითარება, ასევე გეოპოლიტიკური გარემო, რომელშიც ჩვენი ქვეყანა ცხოვრობს...მათ აინტერესებდათ ოპოზიციის ხედვები, როგორ გვესახება ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ხელისუფლებაში კოალიციური მთავრობის შემადგენლობით მოვალთ", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას თქმით, ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ დამკვირვებლების რაოდენობა ოქტომბრის არჩევნებზე მაქსიმალურად ბევრი იყოს და შეხვედრაზე ეს თემაც განიხილეს.
„სასიხარულოა, რომ ასეთი მეგობრები ქვეყანას ჰყავს და ისინი არამხოლოდ ვაშინგტონიდან ადევნებენ თვალს აქ მიმდინარე მოვლენებს, უშუალოდ თბილისში არიან. მნიშვნელოვანია რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი აღარ იყოს მართვის სადავეებთან. ამ ყველაფერზე იყო საუბარი, ისინი კარგად არიან ინფორმირებული, რა ჭირდება სახელმწიფოს რომ ჩადგეს განვითარებული სახელმწიფოების რიგებში“, - განაცხადა მელიამ და აღნიშნა, რომ 2 კვირაში მას ვაშინგტონში კონგრესმენებთან და სენატორებთან პერსონალური შეხვედრები ექნება.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ სენატორებთან „განხილვის ერთ–ერთი მთავარი თემა პოლიტიკური მართლმსაჯულება იყო.
„შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო, ყველა საკითხზე, რომელიც ამ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვილაპარაკეთ სენატორებთან. პოლიტიკური მართლმსაჯულება იყო ერთ ერთი მთავარი თემა და ყველა საქმეზე, ნიკა გვარამიას, გიგი უგულავას - ყველა საქმეზე, რომელიც დღესაც აქტუალურია, ვისაუბრეთ. ხაზი გავუსვით მართლმსაჯულების რეფორმის მნიშვნელობას, რომ ასეთი პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები აღარ იყოს ქვეყანაში. ეს აუცილებელია, მათ შორის იმისთვისაც, რომ მივიღოთ ინვესტიციები და შევძლოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. საუბარი იყო უსაფრთხოების საკითხებზე. ვისაუბრეთ გახელაძის საქმეზე, შარლ მიშელის დოკუმენტის სხვა პუნქტებზე. ვისაუბრეთ ნინოწმინდის პანსიონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
შეგახსენებთ, ოპოციციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ამერიკელ სენტარეობს ჯინ რიშსა და რობ პორტმანს საქმიან ვახშამზე შეხვდნენ.
კონგრესის დელეგაცია, სენატორ ჯინ შაჰინის ხემძღვანელობით საქართველოს ეწვია
სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ