საზოგადოება

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს სააღდგომო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე: „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ სულიერ შვილებს ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერმონაზონნო, სრულიად საქართველოს ყოველნო მკვიდრნო და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო! ქრისტე აღდგა! დღეს ხარობს და ზეიმობს სამყარო! მხსნელი სოფლისა, დასაბამი და წყარო სიცოცხლისა, მაცხოვარი ჩვენი აღდგა მკვდრეთით და შემუსრა ბჭენი ჯოჯოხეთისა! აღდგა უფალი, დაიმსხვრა საკვრელნი ბოროტებისა და განქარდა ძალი ეშმაკისა! აღდგა უფალი და მოეფინა მარადიული ნათელი ყოველსა ქვეყანასა ზედა! აღდგა უფალი ღმერთი ჩვენი და სიყვარულმა განაღო ყოველი დახშული და კაცთათვის განუხსნელნი კარნი! დღეს განეცხადა კაცობრიობას გონებამიუწვდომელი საიდუმლო, აღდგომა მაცხოვრისა, ლოდსაკიდური ჩვენი რწმენისა, რამეთუ ბრძანებს მოციქული პავლე: „უკეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ამაო არს სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი“ (1 კორ. 15,17). დღეს ჩვენ გამო განკაცებული, ჯვარცმული და საფლავად დადებული მაცხოვარი მკვდრეთით აღადგენს კაცობრივ ბუნებას, შემუსრავს ჯოჯოხეთის ძალაუფლებას და ცოდვის ტყვეობისგან გამოხსნილ ადამიანს კვლავ დასაბამიერ, სამოთხისეულ ნეტარებას აზიარებს. დიდია ამ მოვლენით გამოწვეული სიხარული, ზეიმობს მოაზროვნე ქმნილება და ყველა ერთად წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებთან თანახმიერნი ვღაღადებთ: „დღეს მიეცემა ხსნა სოფელს, როგორც ხილულს, ასევე უხილავს. ქრისტე აღდგა მკვდრეთით, თანააღდექით!.. გათავისუფლდით ცოდვის ბორკილებისგან! ჯოჯოხეთის ბჭენი განიხსნება და სიკვდილი შეიმუსრება, ძველი ადამი განიშორება და ახალი განსრულდება“ (თექვსმეტი სადღესასწაულო სიტყვა. სიტყვა XLV). ჩვენ განვვლეთ წმინდა დიდი მარხვის პერიოდი, როცა ქრისტიანები მკვდრეთით აღდგომილ მაცხოვართან შესახვედრად ემზადებიან; ლოცვითა და მარხვით ვესწრაფოდით სულის განწმენდას, რათა მიახლებულნი ყოვლადმოწყალე უფალს, ღირსნი გავმხდარიყავით მისი სიტყვების მოსმენისა: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენო თქვენ“ (მთ. 11, 28). თუმცა ამ მზადების დროს ჩვენი გულები მწუხარებამ მოიცვა, დიდი მარხვის ჯვრის თაყვანისცემის კვირაში ღვთივ მიიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. ამიტომ ახლა, როცა საყვარელი მამის გარდაცვალებით დაობლებულნი ვხედავთ ქრისტეს აღდგომით დამარცხებულ სიკვდილს, განსაკუთრებით გვანუგეშებს დავით მეფსალმუნის სიტყვები: „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმინდათა მისთა“ (ფს. 115, 6), რადგან ჩვენთვის, ქრისტიანთათვის, გარდაცვალება არა წარწყმედა, არამედ ცხონებისა და მარადიული ნეტარებისკენ მიმავალი გზაა. სწორედ ეს არის აღდგომის სიხარულის საზრისი, თითოეული ადამიანის სასოებისა და სიხარულის საფუძველი… მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის 49-წლიანი მოღვაწეობის გზა ამ სიხარულისა და იმედის მომნიჭებელი იყო ყოველი ჩვენგანისთვის. მისი მამობრივი სიყვარული, ლოცვა და ზრუნვა ეფინებოდა მთელ საქართველოს, თითოეულ ადამიანს… არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს-პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი და ჯვარი. მოწამებრივი გზა და თავგანწირვა იყო მისი ყოველდღიური ცხოვრება, ყოველი საქმე, ყოველი ფიქრი. მან ათეისტური რეჟიმისგან დევნილი, დაკნინებული, შევიწროებული მემკვიდრეობა ჩაიბარა და დაგვიტოვა აღშენებული ეკლესია, რომელიც დღეს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნისა და საზოგადოების ცხოვრებაში. მისი მამამთავრული სიბრძნე მოგვაგონებდა მოსეს, რომლის მსგავსად, განსაცდელთა ჟამს ერთგვარ ბეწვის ხიდზე მიუძღოდა ერს, ამხნევებდა დაცემულს, აერთიანებდა განბნეულს და უფლისკენ მოაქცევდა მათ გულებს; მისი სიტყვა და ლოცვა იყო ის სვეტი, რომელმაც ერს გზა უჩვენა სულიერი ტყვეობიდან გამოსვლისას (გამოს. 13, 21). უწმინდესი პატრიარქი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, ქადაგებას. თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ თავის წინამორბედ პატრიარქთა კვალდაკვალ სვლით და ღვთივსათნო საქმეთა აღსრულებით ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. მისი სწავლებები, მისი ღვაწლი დღესაც უწყვეტად, დაუცხრომლად გრძელდება ყოველ მორწმუნეში, რომელთა ღვთისკენ მიმართული გულები ერთობით ადიდებს მკვდრეთით აღდგომილ მაცხოვარს… ბევრი ითქვა, ბევრი დაიწერა და კიდევ მრავალი დაიწერება მისი ღვაწლის შესახებ, მაგრამ ალბათ ყველაზე ძვირფასი, რაც მისმა უწმინდესობამ მოიმუშაკა, არის ქრისტიანული სარწმუნოების უმთავრესი სათნოება – სიყვარული. სწორედ ამ უსაზღვრო სიყვარულისა და რწმენის ნაყოფია ის სასწაული, რაც მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის გარდაცვალების შემდგომ დღეებში ვიხილეთ. მთელი საქართველო, ზღვა ხალხი უწყვეტ ნაკადად, მოწიწებით მიემართებოდა განსვენებული პატრიარქისთვის პატივის მისაგებად. ერთ მუშტად შეკრული ერი ბოლო წუთამდე მიაცილებდა დამაშვრალ სულიერ მამას მდუმარედ, ცრემლით, სიყვარულითა და მადლიერებით… ვმადლობთ უფალს და თითოეულ თქვენგანს ამ ერთობისათვის! ვმადლობთ მათ, ვისაც არ მიეცა მსახურებაში უშუალო მონაწილეობის შესაძლებლობა, მაგრამ სულიერად ჩვენთან ერთად იყო და თავისი ლოცვებით გვაძლიერებდა… სწორედ ერთმანეთის მხარში დგომა, ლოცვა, ერთობა და სიყვარული არის საწინდარი იმისა, რომ ღირსეულად გავაგრძელოთ ჩვენი საეკლესიო და სახელმწიფოებრივი ცხოვრება. დაე, მკვდრეთით აღდგომილმა მაცხოვარმა მოგვანიჭოს მტკიცე რწმენა, სიყვარული, მშვიდობა, ერთსულოვნება და გონიერება! მაშ, განვიხაროთ და ერთობით ვადიდოთ უფალი, რამეთუ „აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ დღესასწაულსა ამას, და ურთიერთარს შევეტკბოთ… და ესრეთ ღმრთივბრწყინვალედ ღაღადვყოთ: ქრისტე აღდგა მკვდრეთით და სიკვდილითა სიკვდილი დასთრგუნა და მყოფთა საფლავისათა ცხოვრება მიჰმადლა“ (ზატიკი). ქრისტე აღდგა! თბილისი აღდგომა ქრისტესი, 2026 წელი.“  

„უცნობია ასეთი ინფორმაციის საფუძველი“ - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის დაზვერვის განცხადებაზე

„მსგავსი ჩარევა სხვა ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან, რომელიც არ უნდა იყოს, ჩვენთვის წარმოუდგენელია და მიგვაჩნია ეს სრულიად შეუძლებლად,“ - ასე ეხმაურება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გავლენის გაძლიერებას ცდილობს და პატრიარქის თანამდებობაზე ორ კანდიდატს უჭერს მხარს. ანდრია ჯაღმაიძის თქმით, „უცნობია ამ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველი.“ ცნობისთვის, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებით, კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოსი „აგრძელებს მართლმადიდებლობაში განხეთქილების მზაკვრული ხაზის შენარჩუნებას და ამჯერად აპირებს ისარგებლოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებით და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავისი გავლენა გააძლიეროს“. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსოფლიო პატრიარქს სურს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის თანამდებობაზე დაწინაურდეს კანდიდატი, რომელსაც დაეყრდნობა. „ფანარიოტს ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ისეთი წარმომადგენლის დაწინაურება სურს, რომელზე დაყრდნობასაც შეძლებს. ბართლომეოსი ამ როლისთვის კანდიდატებად განიხილავს დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამს (გარმელია) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს (ბერბიჭაშვილი). ის მათ თავის უახლოეს გარემოცვაში წარმოაჩენს, როგორც მისი ნების ყველაზე შესაფერის შემსრულებლებს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია ΙΙ 93 წლის ასაკში გარდაიცვალა

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია ΙΙ 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ჟურნალისტებთან დაადასტურა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიომ. ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩაფიძის კლინიკაში გუშინ, ორშაბათს, 16 მარტს, ნაშუადღევს მიიყვანეს, შემდეგ კი, „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გადაიყვანეს. კლინიკის დირექტორის განცხადებით, პატრიარქი „კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში იყო.“ ბიოგრაფიული ცნობები  1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი სიმონის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია იოსების ასულ კობაიძის ოჯახში დაიბადა ილია (ერისკაცობაში ირაკლი) ღუდუშაურ-შიოლაშვილი.  გიორგი შიოლაშვილის შვილები თავიდანვე ეკლესიურ გარემოში იზრდებოდნენ. ოჯახი წმიდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაში დადიოდა. გიორგის შინ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე მეორე ეკლესია მოუწყვია. ერთ ქადაგებაში კათოლიკოს-პატრიარქი ასე იხსენებს ამ დროს: „მინდა, ჩემი ბავშვობა გავიხსენო. ყოველ საღამოს, ძილის წინ, მამაჩემი და-ძმებს ხატების წინ დაგვაყენებდა და ლოცვებს წაგვიკითხავდა, ზოგ ლოცვას ჩვენც გვაკითხებდა, მაგალითად, 90-ე ფსალმუნს აუცილებლად რომელიმე ჩვენგანს გვათქმევინებდა, შემდეგ ნაკურთხ წყალს გვასხურებდა და დასაძინებლად გაგვიშვებდა, თვითონ კი ლოცვას აგრძელებდა და იმით ამთავრებდა, რომ ყოველთა წმიდათა ქართველთა ხატის წინ მუხლს იმდენჯერ მოიყრიდა, რამდენი წმინდანიცაა გამოხატული ამ ხატზე და ყოველი მათგანისგან ლოცვა-კურთხევას ითხოვდა.“ კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, საქართველოში გაიხსნა ეკლესიები და მონასტრები, აშენდა ახალი ტაძრები. ცნობისათვის: 25 წლის წინ საქართველოში მხოლოდ 48 მოქმედი ეკლესია იყო, დღეს მათი რიცხვი 800-მდეა. 25 წლის წინ 40-მდე სასულიერო პირი გვყავდა, დღეს 1000-მდეა. საქართველოს ეპარქიათა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. აღსდგა ტაო-კლარჯეთის ისტორიული ეპარქია და დაარსდა ახალი - დასავლეთ ევროპის მიტროპოლია. კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დაჯილდოებულია მსოფლიოს საპატრიარქოს, იერუსალიმის, ალექსანდრიის, რუსეთის, ბულგარეთის, სერბეთის და თითქმის ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი. ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიამ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II ღვთისმეტყველების დოქტორის წოდება მიანიჭა. ასეთივე ხარისხი მიანიჭა 1997 წელს მას კრეტის მეცნიერებათა აკადემიამ. საპატრიარქოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, „2002 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურმა უნივერისტეტმა საპატიო დოქტორისა და პროფესორის წოდება მიანიჭეს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოს ისტორიაში კათოლიკოს-პატრიარქის ილია II მოღვაწეობას უკავშირდება. 2002 წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დაიდო საკონსტიტუციო შეთანხმება, რითაც აღდგა ისტორიული სამართლიანობა და განისაზღვრა ეკლესიის ადგილი ქვეყნის ცხოვრებაში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევითა და ღვაწლით თბილისში აშენდა წმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარი, როგორც ქართველი ერის ღვთისაგან სინანულით მოქცევის სიმბოლო.“ ილია მეორის სახელს უკავშირდება საქართველოში საბჭოთა პერიოდიდან ეკლესია-მონასტრების აღდგენა და აშენება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, სასულიერო სასწავლებლების და გიმნაზიების გახსნა, ეპარქიების, მრევლისა და სასულიერო პირთა რაოდენობის ზრდა, საერთაშორისო კონტაქტების გაღრმავება, არაერთი მნიშვნელოვანი გამოცემა და სამეცნიერო-საგანმანათლებლო წამოწყება. ილია მეორეს დაწერილი აქვს 20-ზე მეტი ხატი, რომელთა შორის გამორჩეულია ყოვლადწმინდა სამება. უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით, თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, არაერთი საღვთისმეტყველო კრებული, ბროშურა და წიგნი. ილია მეორემ ასევე დაამკვიდრა ჩვილთა საყოველთაო ნათლობის ტრადიცია.  

მეუფე შიო: შენდობა უნდა ვთხოვოთ მის უწმინდესობას ყველაფრისთვის, რაშიც გული ვატკინეთ, რაც ვერ გავაკეთეთ ისე, როგორც მას სურდა

დღეს ჩვენი გულები სავსეა ემოციებით, გრძნობებით, სიტყვებით. ყველას გვინდა, რაღაც ვთქვათ, გამოვხატოთ ჩვენი სიყვარული, ერთგულება, მადლიერება და ალბათ, კიდევ ერთი რამე, რაც უნდა ვთქვათ - შენდობა უნდა ვთხოვოთ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სიონის ტაძარში ილია მეორის გამოსამშვიდობებელი სიტყვის წარმოთქმის დროს განაცხადა. მეუფე შიოს თქმით, პატრიარქისთვის სიონის ტაძარი განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო. „აი, დადგა წუთები, როდესაც ჩვენ სიონის წმინდა ტაძრის ძვალთშესალაგს უნდა მივაბაროთ ჩვენი ძვირფასი სულიერი წინამძღოლის, მამის, კათოლიკოს-პატრიარქ ილიას ნეშტი. განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება ამ ტაძრისადმი. აქ დაიწყო მისი 49-წლიანი საპატრიარქო, მოწამებრივი, სამოციქულო ღვაწლი და გზა. სწორედ ამ ტაძარში ჩაისახა მრავალი იდეა, რომელსაც შემდგომ ხორცი შეასხა მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ, რამაც დიდი სიკეთე მოუტანა ჩვენს ქვეყანასა და ეკლესიას, იმ სიწმინდეთა შორის, რომელთა მადლიც მუდამ სდევდა მისი უწმინდესობის მოღვაწეობას და იმ წმინდანთა შორის, იმ პატრიარქთა შორის, რომლებიც წმინდანად შეირაცხნენ მისი ინიციატივითა და მისი ღვაწლით. ამ ყველაფერმა განაპირობა მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება სიონის საპატრიარქო ტაძრისადმი, რაც გამოვლინდა იმაში, რომ მან ინება, დაკრძალულიყო სწორედ ამ ტაძარში. დღეს ჩვენი გულები სავსეა ემოციებით, გრძნობებით, სიტყვებით. ყველას გვინდა, რაღაც ვთქვათ, გამოვხატოთ ჩვენი სიყვარული, ერთგულება, მადლიერება და ალბათ, კიდევ ერთი რამე, რაც უნდა ვთქვათ - შენდობა უნდა ვთხოვოთ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, ყველაფრისთვის, რაც ისე ვერ შევასრულეთ, რაზეც გული ვატკინეთ, რაც ვერ გავაკეთეთ ისე, როგორც მას სურდა და ის გვაკურთხებდა“, - წარმოთქვა მეუფე შიომ. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის ტაძარში დაასვენეს, სადაც მისი დაკრძალვის პროცესამდე რამდენიმე წუთით ადრე მეუფე შიომ და მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა, მეუფე ანანიამ გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოთქვეს.  

მსოფლიო პატრიარქი: შესაძლოა, ღირსეულ კათოლიკოსთაგან ვერავინ ისე ეს ვერ გააიგივა თავისი სახელი საქართველოსთან, ეკლესიასთან, ერთან, სახელმწიფოებრიობასთან, როგორც სულმნათმა პატრიარქმა

შესაძლოა, განვლილი დროის ღირსეულ კათოლიკოსთაგან ვერავინ ისე ეს ვერ გააიგივა თავისი სახელი საქართველოსთან, ეკლესიასთან, ერთან, სახელმწიფოებრიობასთან, კავკასიის რეგიონში მშვიდობისმყოფელთან იმგვარად, როგორც ნეტარხსენებულმა სულმნათმა პატრიარქმა ილია მეორემ, - ამის შესახებ კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმინდესმა ბართლომეოს I-მა სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის პანაშვიდზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მსოფლიო პატრიარქის თქმით, პატრიარქის სიკვდილით ღვთისმოშიშ ქართველ ერს მოაკლდა სულიერი მამა. „როგორ არ ვტიროდეთ უდიდესი ტკივილით ზნეობრიობის პატივისცემისა და ღვთის მოყვარე ცხოვრების უდიდეს სიმაღლეზე მყოფი პიროვნების, ნეტარხსენებული, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ჩვენგან განშორებას. აღმოსავლეთის ქრისტეს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ იერარქთა პატივცემული დასი ეთხოვება თავის ერთ-ერთ ყველაზე ღირსეულ, ბრძენ და ბრწყინვალე ძმას. საქართველოს ისტორიული ქვეყნის უწმინდეს ეკლესიას მოაკლდა ნახევარი საუკუნის განმავლობაში მმართველი ბრძენი მესაჭე და ღვთივღირსეული მწყემსმთავარი, ქვეყნის პატივცემულ წმინდა იერარქიას კი, ღვთისმეტყველებაში ღრმად განსწავლული და სამოძღვრო გამოცდილების მქონე მისი პირველი იერარქი, რომლის მიერაც ყველა მღვდელმთავარმა მიიღო მღვდელმთავრობის საღვთო მადლი, პატივცემულ სახელმწიფო ხელისუფლებას კი დააკლდა ბრძენი მრჩეველი ყოვლად კეთილსა და ერის მოყვარე საქმეში, მშვიდობისა და ერთობის დესპანი. ღვთისმოშიშ ქართველ ერს მოაკლდა მზრუნველი და მოსიყვარულე მამა, რომელიც უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ფხიზლობდა ღვთისმიერი აღმშენებლობისთვის, სულიერი განმტკიცებისთვის, საზოგადოებრივი წინსვლისა და მისი კეთილდღეობისათვის. წმინდა მოციქულთა სწორი ნინოსა და წმინდა დიდმოწამე გიორგის ღმრთის მოსავი მემკვიდრეობა მოკლებულია თავის პატივცემულ მცველსა და ერთგულ გამგრძელებელს. შესაძლოა, განვლილი დროის ღირსეულ კათოლიკოსთაგან ვერავინ ისე ეს ვერ გააიგივა თავისი სახელი საქართველოსთან, ეკლესიასთან, ერთან, სახელმწიფოებრიობასთან, კავკასიის რეგიონში მშვიდობის მყოფელთან იმგვარად, როგორც ნეტარხსენებულმა სულმნათმა პატრიარქმა ილია მეორემ,“ - განაცხადა ბართლომეოს I-მა.  

საქართველოში ხუთი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური იმყოფება

საქართველოში ხუთი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური იმყოფება. სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ: ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I; სრულიად ბულგარეთის პატრიარქი - უწმინდესი დანიელი; სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსი - უნეტარესი იოანე; ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი - უნეტარესი როსტისლავი; ამერიკის მიტროპოლიტი ტიხონი. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად იმყოფებიან სხვა ეკლესიების დელეგაციებიც. სამების ტაძარში უკვე მივიდა კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I. მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I მიტროპოლიტ შიოსა და წმინდა სინოდის წევრებთან ერთად უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის წესის აგების მსახურებას შეასრულებს. სამების საკათედრო ტაძარში, წირვა დილის 09:00 საათზე დაიწყო და ის სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღასრულა. ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, დღეს 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.  

გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. სამძიმრის წერილშია ნათქვამია, რომ მეფე ჩარლზი გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებს, მორწმუნეებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც გლოვობს პატრიარქის გარდაცვალებას. „ღრმა მწუხარებით შევიტყვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. ის სამუდამოდ დარჩება ჩვენს ხსოვნაში, როგორც ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოღვაწეობას, სულიერ მეგზურობას და ქართველი ხალხის მუდმივ მსახურებას. მისი მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. 2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს. გამოვხატავ ჩემს გულწრფელ სამძიმარს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებისა და მორწმუნეების, ასევე ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც გლოვობს მის გარდაცვალებას,“ – ნათქვამია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდისადმი გაგზავნილ წერილში.  

ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი დაესწრება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი დაესწრება. არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი ამბობს, რომ „კვირის მსახურება დილით დაიწყება 09:00 საათზე, მეუფე შიო მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს წირვას. მსოფლიო პატრიარქის თვითმფრინავი დაახლოებით 11:00 საათზე დაფრინდება თბილისის აეროპორტში. ეს არის მისი გადაწყვეტილება და წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას.“  მსოფლიო საპატრიარქო საყდრის არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა იუწყება, რომ მსოფლიო პატრიარქთან ერთად თბილისში ჩამოდიან: ქალკედონის უხუცესი მიტროპოლიტი ემანუელი; დიდი ეკლესიარხი აიეტიოსი, პატრიარქის პირადი ოფისის დირექტორი, დიდი არქიდიაკონი ალექსანდრე; არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა; კონსტანტინოპოლის ქართული სამრევლოს წინამძღვარი; მსოფლიო საპატრიარქოს პრესისა და კომუნიკაციის სამსახურის დირექტორი ნიკოლაოს-გეორგიოს პაპახრისტუ; მსოფლიო საპატრიარქოს თანამშრომელი პანაიოტის გრაფიადელისი. „ჩვენ მივიღეთ სამძიმრის წერილები თითქმის ყველა ავტოკეფალიური ეკლესიიდან და ვიცით, რომ მისი უწმინდესობის დაკრძალვის დღეს საქართველოში სტუმრად ჩამოვა სხვადასხვა დელეგაცია,“ - განაცხადა დეკანოზმა თათარაშვილმა 19 მარტს.  მოწვეულთა შორისაა ყოველთა სომეხთა კათალიკოსი გარეგინ მეორე, - სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მეთაური. თუმცა მისთვის სომხეთის ხელისუფლებას, რომელსაც სისხლის სამართლის საქმე აქვს აღძრული გარეგინ მეორის წინააღმდეგ, ქვეყნის დატოვება აკრძალული აქვს. ასევე, საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვაზე თბილისში ვატიკანიდან ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის პრეფექტი კარდინალი კურტ კოხი ჩამოვა.  ვატიკანის საელჩოს ინფორმაციის მიხედვით, კარდინალთან ერთად დელეგაციაში იქნებიან: მონსენიორ ლადრაპა იარომირი, ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის თანამშრომელი; მთავარეპისკოპოსი ანტე იოზიჩი, სამოციქულო ნუნციუსი და დიპლომატიური კორპუსის დეკანი საქართველოში; მონსენიორ ალექსანდრ რაჰინია, პაპის დესპანის მრჩეველი საქრათველოში; ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი; მონსენიორ გევორქ ნორადუნგიანი, აღმოსავლეთ ევროპის სომეხ კათოლიკეთა ორდინარიუსი ერევანში. 17 მარტს, გვიან საღამოს 93 წლის ასაკში თბილისში, კლინიკა „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე. პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.  

რომის პაპი: ილია II გვერდში ედგა ქართველ ხალხს ძნელბედობის პერიოდში, იყო ხმა შერიგებისა, დაუღალავი შემოქმედი ერთობისა

რომის პაპი ლეონ XIV მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს უსამძიმრებს. ამის შესახებ კათოლიკე ეკლესიის საინფორმაციო სააგენტო წერს. „დიდი გულისტკივილით შევიტყვე ცნობა მისი უწმიდესობის და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. გამოვთქვამ ჩემს გულწრფელ სამძიმარს და ვუდასტურებ თქვენს მაღალ ყოვლადუსამღვდელოესობას ჩემს ძმურ თანადგომას. თქვენი ერისათვის ამ მწუხარე ჟამს, გიერთდებით ლოცვაში და თქვენთან ერთად მადლიერებით ვიხსენებ მწყემსსა და მამას, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში წინ მიგიძღოდათ სიკეთით, სიბრძნით და სახარებისეული ძლიერებით. თავისი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში, პატრიარქი ილია II გახლდათ ღვთისმოსავი მოწმე მკვდრეთით აღმდგარი უფლის რწმენისა. იგი თავისი მსახურებით გვერდში ედგა ქართველ ხალხს ძნელბედობისა და ძირეული ეპოქალური ცვლილებების პერიოდში, სიყვარულით მფარველობდა ტრადიციებსა და იმედით აღავსებდა ადამიანთა გულებს და მთელ საზოგადოებას. მსურს, განსაკუთრებით აღვნიშნო მისი სიყვარული მუსიკისადმი, რომელიც წარმოგვიჩენს უფლისეულ მშვენიერებას და რომელსაც ძალუძს გააერთიანოს ხალხები, დააახლოოს ეკლესიები, მიუხედავად მათი კულტურული და თეოლოგიური განსხვავებებისა. უამრავი ადამიანისთვის პატრიარქი ილია II იყო ხმა შერიგებისა, დაუღალავი შემოქმედი ერთობისა. იგი გულთბილი და ძმური სულისკვეთებით შეხვდა ჩემს ორ წინამორბედს - წმიდა იოანე პავლე მეორეს და პაპ ფრანცისკეს. და ახლა, როცა უფალს ანდობთ ამ ერთგულ მსახურს, კვლავაც ჩაგვესმის პავლე მოციქულის სიტყვები, დასტურად იმისა, რომ იესოს აღდგომა ჩვენი რწმენის საფუძველი და იმედის წყაროა, რადგან, თუ იესო არ აღმდგარა, ჩვენი რწმენაც ფუჭი ყოფილა (შდრ, 1 კორ 15:14). ამიტომაც, მწყემსის სიკვდილმა გულები სასოწარკვეთით კი არა, იმის რწმენით უნდა აგვივსოს, რომ სიცოცხლე არ ჰქრება, არამედ, გარდაიქმნება. ამ გრძნობებით აღსავსე, ჩემს ძმურ სიახლოვეს ვუდასტურებ თქვენს მაღალ ყოვლადუსამღვდელოესობას, რომელსაც თანამოსაყდრეობის მძიმე ტვირთი აკისრია. დაე, უფალმა მოგმადლოთ სინათლე, სიბრძნე და ძალა, რათა თქვენც იმგვარივე მწყემსისეული სიყვარულით წარუძღვეთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორითაც გარდაცვლილი პატრიარქი მიუძღოდა. შევთხოვ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, ნუგეშისა და სიყვარულის მოსასხამით დაიფაროს თქვენი მაღალი ყოვლადუსამღვდელოესობა, წმიდა სინოდი და მთელი ქართველი ერი," - ნათქვამია ლეონ XIV -ს სამძიმრის წერილში. 17 მარტს, გვიან საღამოს 93 წლის ასაკში თბილისში, კლინიკა „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე. პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.  

სასულიერო ლიდერები, პოლიტიკური ფიგურები, საერთაშორისო ორგანიზაციები სამძიმრის წერილებს ავრცელებენ

კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, სამძიმრის წერილებს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურები, სხვადასხვა ქვეყნის სასულიერო ლიდერები და საერთაშორისო პოლიტიკური ფიგურები ავრცელებენ. „მწუხარებითა და თანაგრძნობით მივიღე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის, სულიერი ლიდერის, ელია II-ის გარდაცვალების ამბავი, რომლის ცხოვრებაც ღვთის, ეკლესიისა და ქართველი ხალხის მსახურებას მიუძღვნა. მისი პატრიარქობის ათწლეულების განმავლობაში, იგი მრავალი მორწმუნისთვის რჩებოდა სულიერ ორიენტირად, ძალისხმევას არ იშურებდა რწმენის განმტკიცებისთვის, ქრისტიანული ტრადიციების შესანარჩუნებლად და საზოგადოების სულიერი აღორძინებისთვის, განსაკუთრებით სახელმწიფო ათეიზმის წლების შემდეგ. ჩვენთვის დასამახსოვრებელია ის ფაქტი, რომ მან მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას, რომელიც რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი შემოჭრის მსხვერპლია.~ ილია მეორის პატრიარქობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ, მთელი მართლმადიდებელი სამყაროსთვის. მისმა მსახურებამ მრავალი შთააგონა, დაეძლიათ განსაცდელები და შეენარჩუნებინათ იმედი ყველაზე მძიმე პერიოდებშიც, მათ შორის, რუსეთის მიერ პროვოცირებული ომების დროს. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ეპისკოპოსებს, სასულიერო პირებსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მორწმუნეს, რომლებმაც დაკარგეს თავიანთი წინამძღოლი, ასევე ქართველ ხალხს, ვისთვისაც იგი იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ჭეშმარიტი სულიერი მამა. ვილოცებთ, რომ მამამ ზეციურმა მიიღოს თავისი მსახური ზეციურ სავანეში. უფალმა დაამკვიდროს ახლად განსვენებული კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სული თავის სასუფეველში და მიანიჭოს ნუგეში, მშვიდობა და სულიერი ძალა ყველა მათ, ვინც ამ დანაკლისს გლოვობს. მარადიული და ნათელი იყოს მისი ხსოვნა!“ - დაწერა სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ სოციალურ ქსელში.რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია განცხადება გაავრცელა რუმინეთის საპატრიარქომ, რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით. სამძიმრის წერილში პატრიარქი დანიელი წერს, რომ ილია მეორე „იყო თანამედროვე მართლმადიდებლობის პატივცემული პიროვნება და სარწმუნოების მტკიცე აღმსარებელი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას როგორც განსაცდელის, ისე განახლების პერიოდში სიბრძნით მწყემსავდა.“ „... ვევედრებით ჩვენს უფალ იესო ქრისტეს, რომელიც არის "აღდგომა და სიცოცხლე" (იოანე 11, 25), რათა პატრიარქ ილია II-ის სულს თავის საყვარელ წმინდანთა სამყოფელში განუსვენოს, სადაც არ არს ჭირი, მწუხარება, არცა სულთქმა, არამედ ცხოვრება დაუსრულებელი. დაე, იყოს მისი მარადიული ხსოვნა თაობიდან თაობამდე!," - წერია განცხადებაში. საელჩოებისა და პარტნიორების სამძიმარი სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა ისრაელის საელჩომ საქართველოში. საელჩო წერს, რომ ილია II-ის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია საქართველოსთვის და მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის. „ის იყო სულიერი წინამძღოლი, რომლის სახელი განუყოფლად უკავშირდება ეროვნულ გამთლიანებას, ქვეყნის სულიერი ცხოვრების აღორძინებას და საზოგადოების გაერთიანებას. ისრაელის მთავრობისა და ხალხის სახელით, ელჩი ვალიდ აბუ ჰაია და საქართველოში ისრაელის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მოსახლეობას და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას,“ - წერს ისრაელის საელჩო.  ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა X-ზე დაწერა: „დამწუხრებული ვარ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების ცნობით: დიადი ლიდერი, ისრაელისა და ებრაელი ხალხის მეგობარი.“ ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და საქართველოს მოსახლეობას. მისმა უწმინდესობამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ეროვნული იდენტობისა და სარწმუნოების შენარჩუნებაში და მორწმუნეთათვის ერთიანობის სიმბოლოდ დარჩა,“ - წერია განცხადებაში. სოციალურ ქსელში სამძიმრის ტექსტი გაავრცელა თურქეთის საელჩომ საქართველოში: „უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ყველას, ვინც გლოვობს მის გარდაცვალებას. ამ მწუხარების ჟამს, გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ თანაგრძნობას და სოლიდარობას,“ - წერია სამძიმრის ტექსტში. საფრანგეთის საელჩო სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს ქართული ეკლესიის 141-ე წინამძღვრის გარდაცვალების გამო. „როგორც ქვეყნის თანამედროვე ისტორიის ტრაგიკულ, ისე სასიხარულო მომენტებში, ის იყო ქართველი ერის წინამძღოლი და მესაჭე, უმნიშვნელოვანესი ფიგურა, რომელმაც გააერთიანა ქართველები და ეკლესიის ხანგრძლივ ისტორიაში ეროვნული ერთიანობა დაამკვიდრა. საბჭოთა ოკუპაციიდან ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენამდე და დღესაც, მან უმთავრესი როლი ითამაშა ქვეყნის კულტურული და სულიერი იდენტობის შენარჩუნებაში. გახლდათ რა ქართველი ერის საყრდენი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში და განსაკუთრებული სიბრძნით დაჯილდოებული, მისი უწმინდესობა ტოვებს სიყვარულისა და შეუდრეკლობის გზავნილს, ურყევ რწმენას, სულიერ რენესანსსა და 50 000-მდე ნათლულს. მისი გავლილი გზა მჭიდროდ არის გადაჯაჭვული თანამედროვე საქართველოს ცხოვრებასთან. გარდამავალ, ასევე რთულ პერიოდში, მან თავი დაიმკვიდრა, როგორც ეროვნული დამოუკიდებლობის ფიგურამ, რომელსაც საქართველოს სუვერენიტეტისადმი ღრმა ერთგულება ამოძრავებდა. ამ ეროვნული გლოვის ჟამს, საფრანგეთი გულითადად უერთდება ქართველ ხალხის მწუხარებას,“ - წერია განცხადებაში. შვედეთის საელჩო საქართველოში უსამძიმრებს მართლმადიდენელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და საქართველოს მოსახლეობას, კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. „მისმა უწმინდესობის მემკვიდრეობა დარჩება როგორც რწმენის, სიყვარულისა და მშვიდობის მაგალითი,“ - წერია ტექსტში, რომელიც Facebook-ზე გავრცელდა. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში წერს: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო. მისი ცხოვრება და უდიდესი ღვაწლი არასდროს მიეცემა დავიწყებას. დაე, მშვიდად განისვენოს მისმა სულმა.“ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ილია მეორის „ერთგულება რწმენისადმი, ერთიანობისადმი და სულიერი ძალისადმი და ქართველი ხალხის უკეთესი მომავლისადმი, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება გასტანა, წარუშლელ მემკვიდრეობას ტოვებს“. „დამწუხრებული ვარ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალებით, “ - დაწერა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ X-ზე. არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მედიის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტმა ზაიდ ალ-ნაჰაიანმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, ხოლო პრემიერ-მინისტრმა რაშიდ ალ-მაქტუმმა - პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. საქართველოში ავსტრიის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალების გამო. „ავსტრიის საელჩო უსამძიმრებს ყველა მართლმადიდებელს საქართველოში და საზღვარგარეთ ,“ - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ქართულ ენაზე ვრცელდება. „გულწრფელად ვუსამძიმრებთ საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის სულიერი მამის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო,“ - აღნიშნულია თავის მხრივ, იტალიის საელჩო განცხადებაში, რომელიც ასევე ქართულ ენაზე ვრცელდება. საქართველოში სლოვაკეთის ელჩი მატუს ბუსოვსკი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. „გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს,“ - წერს მატუს ბუსოვსკი სოციალურ ქსელში. პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს. „მისი უწმინდესობა სამუდამოდ დარჩება მეხსიერებაში როგორც უმაღლესი მორალური ავტორიტეტი, ქართველი ერის სულიერი მამა და განსაცდელის ჟამს გადარჩენის სიმბოლო. მშვიდობით განისვენოს მისმა უწმინდესობამ,“ - აღნიშნულია განცხადებაში. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სამძიმრის წერილი გაუგზავნა, რომელშიც მას, ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას და ქართველ ხალხს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. „ძვირფასო ბატონო პრემიერ-მინისტრო, ღრმა მწუხარებით მივიღეთ ცნობები მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ, რომელიც ჩვენი დროის გამორჩეული რელიგიური ფიგურაა,“ - აღნიშნულია წერილში. ილჰამ ალიევი ხაზს უსვამს, რომ ილია II-მ მთელი თავისი ცხოვრება და ძალისხმევა კეთილშობილურ საქმეებს მიუძღვნა თავისი ხალხისა და კაცობრიობის საკეთილდღეოდ. „კავკასიის ხალხებს შორის მშვიდობის, უსაფრთხოების, სოლიდარობის, რელიგიათაშორისი გაგებისა და დიალოგის დამყარებისკენ მიმართული ინიციატივებით, მისი უწმინდესობა ილია II მილიონობით ადამიანის გულში ჩაიბეჭდა, მიუხედავად მათი ეროვნული თუ რელიგიური კუთვნილებისა, და ღრმა პატივისცემა და თანაგრძნობა დაიმსახურა. მისმა უწმინდესობამ, ილია II-მ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის ტრადიციული კავშირების განვითარებასა და განმტკიცებაში. ამ ღრმა დანაკარგის მწუხარების გაზიარებით, სამძიმარს გიცხადებთ თქვენ, მთელ ქართველ ხალხს და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორც პირადად, ასევე აზერბაიჯანის ხალხის სახელით,“ - ნათქვამია წერილში. სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი კი, ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილ წერილში წერს: „მწუხარებით შევიტყვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. მისი თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობის განმავლობაში, ილია II-ის ცხოვრება და მსახურება სიმბოლურად გამოხატავდა ერებს შორის რწმენის, პატრიოტიზმისა და მეგობრობის კეთილშობილურ ღირებულებებს.“ „სომეხი ხალხისა და ჩემი სახელით, გულწრფელად ვუსამძიმრებ საქართველოს მთავრობას, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მოძმე საქართველოს ხალხს და ვუსურვებ მათ ძალასა და გამძლეობას ამ რთულ დროს,“ - წერია ფაშინიანის წერილში. გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში დიდიე ტღებიუკი და გაეროს ქვეყნის გუნდი საქართველოში გამოხატავენ ღრმა მწუხარებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალების გამო. „სიღრმისეული სიბრძნითა და თანაგრძნობით გამორჩეული სულიერი ლიდერი, მისი უწმინდესობა თაობებს ხელმძღვანელობდა თავმდაბლობით, რწმენითა და მშვიდობის, ერთიანობისა და ღირსებისადმი ურყევი ერთგულებით. მისი სიტყვები და ქმედებები ნუგეშსა და შთაგონებას სძენდა მორწმუნეებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ვუსამძიმრებთ საქართველოს მოსახლეობას, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ყველას მთელ მსოფლიოში, ვინც ამ დიდ დანაკარგს გლოვობს.“ "იაპონიის საელჩო საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მისი უწმინდესობისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო და ქართველი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, დაუშვა იაპონიის სახელმწიფო დროშა," - წერია განცხადებაში. რუსეთის პატრიარქი კირილე სამძიმარს აქვეყნებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო. „ღრმა მწუხარებით მივიღე ცნობა ჩემი ძვირფასი ძმისა და თანამსახურის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებაზე. სრულიად რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და ჩემი სახელით გულწრფელად ვუსამძიმრებ ჩვენს ქართულ ძმურ მართლმადიდებელ ეკლესიას მძიმე დანაკარგს. კათოლიკოს-პატრიარქი ტრადიციულად კეთილ ურთიერთობას ინარჩუნებდა ჩვენს ეკლესიასთან,“ - წერს პატრიარქი კირილე.         კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ.“ „მისი მრავალწლიანი მსახურება — რელიგიათშორისი პატივისცემის, მშვიდობისა და საზოგადოებრივი ერთობის განმტკიცების საქმეში — განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო. ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლს ამ მძიმე დანაკლისს,“ - წერია სამძიმრის ტექსტში.      

მარკო რუბიო: ვგლოვობთ ილია II-ის გარდაცვალებას, მისი სულიერი წინამძღოლობა და წარუშლელი მემკვიდრეობა თაობებს ემახსოვრებათ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსდა. „ჩვენ ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ საქართველოს ხალხს, ასევე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მორწმუნეს. მისი სულიერი ლიდერობა და წარუშლელი მემკვიდრეობა თაობებს ემახსოვრებათ. დაე, მშვიდად განისვენოს,“ - ნათქვამია განცხადებაში. 17 მარტს, გვიან საღამოს 93 წლის ასაკში თბილისში, კლინიკა „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე. პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.  

აშშ-ის ვიზის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებს $5 000-დან $15 000-მდე დეპოზიტის გადახდა დასჭირდებათ

სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ 12 ქვეყანა, მათ შორის, საქართველო დაამატა იმ ქვეყნების სიას, რომლის მოქალაქეებსაც აშშ-ის ბიზნეს და ტურისტულ ვიზაზე განაცხადის გასაკეთებლად, 15 000 დოლარამდე ოდენობის დეპოზიტის წარდგენა მოეთხოვებათ. 2 აპრილიდან, კამბოჯის, ეთიოპიის, საქართველოს, გრენადის, ლესოთოს, მავრიკიის, მონღოლეთის, მოზამბიკის, ნიკარაგუის, პაპუა-ახალი გვინეის, სეიშელისა და ტუნისის პასპორტის მქონე პირებს მოეთხოვებათ ბონდის (დეპოზიტის) გადახდა, რომელიც მოქალაქეს დაუბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ ვიზის განაცხადი უარყოფილია, ან თუ ვიზა გაიცემა და პირი დაიცავს მის პირობებს. 2 აპრილის შემდეგ, უკვე 50 ქვეყნის მოქალაქე დაექვემდებარება ამ მოთხოვნას. ეს პროგრამა გასულ წელს შემოიღო ტრამპის ადმინისტრაციამ, რათა ვიზის ვადის გადაცილების ფაქტები და უფრო ფართოდ, არალეგალური მიგრაცია შეეზღუდა. პროგრამის ფარგლებში, განსაზღვრული ქვეყნებიდან ვიზის მსურველებს, რომელთა შორის ბევრია აფრიკის ქვეყანა და სადაც ვიზის ვადის გადაცილების მაღალი მაჩვენებელია, მოეთხოვებათ 5,000, 10,000 ან 15,000 დოლარის ოდენობის დეპოზიტის გადახდა — რაც დამოკიდებულია მათ მდგომარეობასა და იმ კონსულის გადაწყვეტილებაზე, რომელიც განაცხადს განიხილავს. „პროგრამამ უკვე დაამტკიცა თავისი ეფექტიანობა — მნიშვნელოვნად შეამცირა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ვიზის ვადას აჭარბებენ და არალეგალურად რჩებიან აშშ-ში,“ — განაცხადა დეპარტამენტმა. სახელმწიფო დეპარტამენტმა განმარტა, რომ თითქმის 1000 ადამიანიდან, ვინც დეპოზიტი გადაიხადა, დაახლოებით, 97%-ს ვიზის ვადისთვის არ გადაუჭარბებია.  

გარეგინ II: ილია II-ის მოღვაწეობა იყო მტკიცე რწმენისა და სულიერი წინამძღოლობის დასტური

სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ II-მ სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. „არმენპრესის“ ცნობით, დედასაყდარ წმინდა ეჩმიაძინის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში ნათქვამია: „უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მრავალწლიანი მწყემსმთავრული მოღვაწეობა იყო მტკიცე რწმენისა და სულიერი თავდადებული წინამძღოლობის დასტური. მისი მწყემსმთავრობა აღინიშნა საქართველოში სულიერი ცხოვრების აღორძინებით, საეკლესიო ცხოვრების განმტკიცებითა და გააქტიურებით. რთულ პერიოდში ნეტარხსენებული პატრიარქი მამობრივი სიბრძნითა და სიყვარულით უძღოდა თავის მორწმუნე სამწყსოს და ურყევად ინარჩუნებდა საქართველოს წმინდა ეკლესიის მისიას. ყოვლისშემძლე უფლის ნუგეშს ვთხოვ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოებასა და მგლოვიარე მეგობარ ქართველ ხალხს. ვლოცულობთ, რომ უწმინდესის ხსოვნა მარად ცოცხალი დარჩეს მისი მორწმუნე შვილების გულებში და შთაგონების წყაროდ იქცეს მომავალი თაობებისთვის.“  

წმინდა სინოდმა მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა

წმინდა სინოდმა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა. ამის შესახებ სინოდის განჩინებაშია აღნიშნული, რომელიც საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე, საზოგადოებას ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ გააცნო. მეუფე თეოდორეს განცხადებით, სინოდის სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ მიტროპოლიტი შიო მუჯირი, მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე და მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე. „წმინდა სინოდის სხდომა იქნა მოწვეული სამწუხარო მიზეზით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით. წმინდა სინოდის სხდომა გახსნა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ. თავის სიტყვაში მეუფე შიომ სამძიმარი გამოუცხადა წმინდა სინოდის წევრებს და გაიხსენა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მრავალწლიანი ღვაწლი ერისა და ეკლესიის წინაშე. ამის შემდეგ მან დააყენა საკითხი ეკლესიის მართვა-გამგეობასთან დაკავშირებით მომავალი პატრიარქის არჩევამდე. აზრი გამოთქვა უხუცესმა მღვდელმთავარმა, მანგლელმა მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ. წაკითხულ იქნა საქართველოს მართვა-გამგეობის დებულების მეოთხე თავის მეოთხე პარაგრაფი. სინოდმა დაამტკიცა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ,“ - განაცხადა მეუფე თეოდორემ. ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ, საპატრიარქოში შეიკრიბა სინოდის სხდომა, რომლის დროსაც, პატრიარქის დაკრძალვის თარიღზე შეთანხმდნენ - პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ. ახალი პატრიარქის არჩევამდე ეკლესიას მიტროპოლიტი შიო მართავს. 2017 წლის 23 ნოემბერს ილია მეორემ დაასახელა თავისი მოსაყდრის ვინაობა - პატრიარქის თანამოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. გადაწყვეტილებას ახალი პატრიარქის შესახებ იღებს წმინდა სინოდი, რომელიც არჩევს სამ კანდიდატს - და საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელზედაც უნდა აირჩიონ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. გაფართოებულ კრებას იწვევს მოსაყდრე - საპატრიარქო ტახტის დაქვრივებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ორი თვისა.  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს. ხმის უფლება მხოლოდ მღვდელმთავრებს აქვთ. ამჟამად სინოდში 39 მღვდელმთავარია.  

პატრიარქს 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ. შესაბამისი გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა სხდომაზე მიიღო. ჟურნალისტებს მეუფე იობმა განუცხადა, რომ სიონში დაკრძალვა თავად პატრიარქის სურვილი იყო. ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.  

რომელია ხუთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში

კონფლიქტებით სავსე წელს, ხუთი ქვეყანა კვლავაც მსოფლიოს ყველაზე მშვიდობიან ქვეყნებს შორისაა. BBC-ის ცნობით, 2025 წლის გლობალური მშვიდობის ინდექსის (GPI) მიხედვით, სახელმწიფოებრივი კონფლიქტების რაოდენობამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია, მხოლოდ წელს, კიდევ სამი კონფლიქტი დაიწყო, რაზეც ბევრი ქვეყანა გაზრდილი მილიტარიზაციით რეაგირებს. 2008 წლიდან პირველ ადგილზე მყოფი ისლანდია კვლავაც ყველაზე მშვიდობიანად რჩება, ლიდერობს სამივე სფეროში: უსაფრთხოება, მიმდინარე კონფლიქტი და მილიტარიზაცია. მან წელს 2%-იანი გაუმჯობესებაც კი დააფიქსირა, რამაც სიაში მეორე ადგილზე მყოფ ქვეყანასთან შედარებით სხვაობა გაზარდა. მეორეა ირლანდია, რომელმაც განსაკუთრებით მაღალი ქულები მიიღო მილიტარიზაციის შემცირებისთვის წლიდან წლამდე და დასახელდა ერთ-ერთ ქვეყნად, რომელსაც ყველაზე ნაკლები მიმდინარე შიდა და საერთაშორისო კონფლიქტი აქვს. ის ასევე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და დაცულობის მხრივ, დანაშაულისა და ძალადობის დაბალი აღქმით,  ტოპ 10 ქვეყანას შორის მოხვდა. ახალი ზელანდია მესამე ადგილზეა - უსაფრთხოებისა და დაცვის სფეროში გაუმჯობესების, ასევე, დემონსტრაციებისა და ტერორიზმთან დაკავშირებული ზემოქმედების შემცირების შედეგად, წელს ორი პოზიციით წინ წავიდა.   ავსტრია წელს მეოთხე ადგილზეა, ის ერთი პოზიციით დაქვეითდა, თუმცა ამ ქვეყანამ ყველა სფეროში მაღალი რეიტინგი მაინც შეინარჩუნა. ირლანდიის მსგავსად, ავსტრიაც კონსტიტუციით დაკისრებულ ნეიტრალიტეტის პოლიტიკას ირჩევს, რაც მას NATO-ს მსგავს სამხედრო ალიანსებში გაწევრიანების საშუალებას არ აძლევს. სინგაპურის ქალაქ-სახელმწიფო, რომელიც მეექვსე ადგილზეა, ერთადერთი აზიური ქვეყანაა ტოპ ათეულში (იაპონია და მალაიზია, შესაბამისად, მე-12 და მე-13 ადგილებზე არიან). ის განსაკუთრებით მაღალ ადგილზეა უსაფრთხოებისა და დაცულობის მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ ერთ სულ მოსახლეზე სამხედრო ხარჯების მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ დონეს ინარჩუნებს - რომელსაც მხოლოდ ჩრდილოეთ კორეა და კატარი უსწრებენ. 2025 წლის გლობალური მშვიდობის ინდექსის მიხედვით, ტოპ 10 ქვეყანა: 1. ისლანდია 2. ირლანდია 3. ახალი ზელანდია 4. ავსტრია 5. შვეიცარია 6. სინგაპური 7. პორტუგალია 8. დანია 9. სლოვენია 10. ფინეთი

მეუფე შიო: ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ პატრიარქის მდგომარეობა იყოს სტაბილური

საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ პატრიარქის ჯანმრთელობის შესახებ, საპატრიარქო ტაახტის თანამოსაყდრის, მიტროპოლიტი შიოს [მუჯირი] კომენტარს ავრცელებს. მეუფე კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება. ადგილზე მივიდნენ სინოდის სხვა წევრებიც.  მეუფე შიოს თქმით, მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა - ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდი ყურადღებას იჩენენ, რომ მისი მდგომარეობა იყოს სტაბილური. მიტროპოლიტი მოუწოდებს მორწმუნეებს, რომ ილოცონ ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. „როგორც საზოგადოებისთვის, როგორც ცნობილი გახდა, მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა. გადმოყვანილია რეანიმაციაში. ჩვენი ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ, რომ მისი მდგომარეობა იყოს სტაბილური და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ასეც იქნება, ღვთის შეწევნით. ჩვენ გვინდა დღეს მოვუწოდოთ ჩვენს სამღვდელოებას, ჩვენს სამონაზვნო დასს, ყველას, მორწმუნეებს, განსაკუთრებით ვილოცოთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობისთვის, ვინაიდან ვიცით, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მის ლოცვას, ზრუნვას ჩვენზე და მის ჯანმრთელობას. ასე რომ, ეს მინდა მოგიწოდოთ,“- აცხადებს შიო მუჯირი, რომლის კომენტარსაც საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ ავრცელებს. საქართველოს საპატრიარქომ 17 მარტს დილით განაცხადა, რომ „ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გართულების გამო, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება. მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა, სტაბილური." „მისი ჰერმოდინამიკური მაჩვენებლები არასტაბილური და საყურადღებოა,“ ამას ამბობს კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი სოფიო ასპანიძე.  

საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს - დიმიტრი აბდუშელიშვილი

დიმიტრი აბდუშელიშვილი საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის ახალი პრეზიდენტია. ცნობისთვის, დიმიტრი აბდუშელიშვილი დაიბადა 1973 წლის 18 ივნისს თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ეროვნულ ბანკში; იყო წყალბურთის 1973-იანი წლების თაობის ერთ-ერთი გამოცდილი და სტაჟიანი მოთამაშე, თავდამსხმელის პოზიციაზე. თამაშობდა ეროვნულ ნაკრებში. 1990 წლების ბოლოდან მისი კარიერა უცხოეთში განვითარდა. დიმიტრი აბდუშელიშვილი მენცენატი, ბიზნესმენი და ვეტერანი წყალბურთელია - მან სულ ცოტა ხნის წინ შექმნა წყალბურთის ახალი გუნდი "აპოლო", რომელიც პირველივე წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა. ცენტრალურ აზიაში ჩამოაყალიბა თავისი კომპანია და დღემდე კერძო სექტორში საქმიანობს. მისი ბიზნესაქმიანობის არეალი მოიცავს ლოგისტიკურ სფეროს და აერთიანებს ისეთ დიდ, მასშტაბურ პროექტებს როგორიცაა, შუა კორიდორი, სატრანზიტო ჰაბი. იყო ერთ- ერთი ინვესტორი და ანაკლიის აშენების გულმხურვალე მხარდამჭერი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, საფუძველი ჩაუყარა ბათუმის პორტის ტერმინალის მშენებლობას, რომელიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკვანძო ჰაბად იქცა შუა კორიდორის მიმართულებით. არის იდეის ავტორი და ფინანსური მხარდამჭერი ბევრი ეროვნული მნოშვნელობის პროექტის. როგორიცაა, ვეფხისტყაოსნის უნიკალური გამოცემა, საქვეყნოდ ცნობილი ხელოვანის, გუჯი ამაშუმელის მონაწილეობით. ამ გამოცემის ორიგინალი ვერსია დაცულია გაეროს სათაო შტაბ-ბინაში. ასევე არის სხვადასხვა უამრავი პატრიოტული და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიმართულების ხელშემწყობი. ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.  

რომელ უნივერსიტეტს რა ფაკულტეტები დარჩება

განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ სამთავრობო გუნდის მიერ შემუშავებული განათლების რეფორმის ფარგლებში ისაუბრა იმ პროგრამებზე, რომელთა განხორციელების უფლებაც დარჩებათ სახელმწიფო უნივერსიტეტებს. ამ სისტემით უნივერსიტეტები სტუდენტებს 2026-2027 სასწავლო წელს მიიღებენ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები (პედაგოგიკის გამოკლებით); სამართალი; ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება; სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საინჟინრო-ტექნიკურ დისციპლინები. „ამ ეტაპზე, მთავრობის მიერ დამტკიცებულ დადგენილებაში აგრარული მიმართულება დროებით რჩება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, შესაბამისად, მიღება გამოცხადდება ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით. თუმცა უახლოეს დღეებში დაიწყება რეორგანიზაციის პროცესი, რომლის საფუძველზეც, რამდენიმე თვეში აგრარული მიმართულება გადაინაცვლებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში... 2026-2027 სასწავლო წელს ახლად მიღებული სტუდენტები აგრარულ ფაკულტეტზე სწავლას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყებენ,“ - თქვა გივი მიქანაძემ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მედიცინის სპეციალობები. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პედაგოგიკის პროგრამები; ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობები. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი აგრარულ სპეციალობები; ქართულ-აფხაზური ენისა და ლიტერატურისა და პედაგოგიკის სპეციალობები. სხვა უნივერსიტეტები სახელოვნებო უნივერსიტეტები და სპორტის უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებენ შესაბამის სპეციალობებზე; ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტები შეინარჩუნებენ მრავალფუნქციურ დატვირთვას; ზუგდიდის, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტებში აქცენტი გაკეთდება აგრარულ სპეციალობებზე, ტურიზმის მიმართულებასა და პედაგოგიკაზე. უნივერსიტეტების ახალი კონცეფციის შესახებ მთავრობამ დღეს, 12 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება, გივი მიქანაძემ კი, ბრიფინგზე ისაუბრა. მიქანაძის თქმით, 2026-2027 წელს დაახლოებით 2 ათასით გაიზრდება სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების კვოტა და 21 300-მდე განისაზღვრება. მიქანაძის განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები ყოველწლიურად გადაიხედება. კერძოდ, კვოტები დაეფუძნა შრომის ბაზრის ანალიზს, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ ჩაატარა, განათლების სამინისტროსა და კერძო სექტორთან კონსულტაციის საფუძველზე. “მივიღეთ ბაზრის კვლევის შედეგები, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ჩაატარა. აქედან გამომდინარე შესაბამისი კვოტები სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს.” გივი მიქანაძის განმარტებით, “ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კომპეტენცია საკმაოდ მაღალია” საიმისოდ, რომ მსგავსი კვლევა ჩაეტარებინა.  “სპეციალური შეხვედრაც ჩავატარეთ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. როდესაც კონცეფცია გასაჯაროვდა, იქ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა ცალსახად დააფიქსირეს ამ რეფორმის მნიშვნელობა და აუცილებლობა. გამოხატეს თავისი გულისტკივილი, რომ ხშირად მათ არ აქვთ შესაძლებლობა, ადგილობრივ დონეზე დაიქირაონ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები და ცალსახად თქვეს, რომ ამ პროცესის განხორციელებაში აქვთ სრული მზაობა, რომ ჩაერთონ... ეს არის კომპლექსური მუშაობის შედეგი, რაც იქნება შემუშავებული.” გივი მიქანაძე ამბობს, რომ “კვლევის შედეგები დაზუსტდა სულ რამდენიმე დღის წინ, შედეგებზე შეჯერება იყო” და დარწმუნებულია, რომ “უახლოეს პერიოდში უკვე წარდგენა იქნება ანგარიშის და საზოგადოებას დეტალურად ექნება ინფორმაცია ამის შესახებ.” განათლების მინისტრის თქმით, კერძოდ “კვლევაში ჩართული იყო საქართველოს ბიზნესასოციაცია”, თუმცა მოგვიანებით დააზუსტა, რომ “ბიზნესასოციაციის ეგიდით შედგა შეხვედრა” და მას არ აქვს ინფორმაცია, კვლევაში კონკრეტულად ვინ მონაწილეობდა. „კონკრეტულად რომელი ბიზნესის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას, ასეთი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ბიზნესასოციაციის წევრი, კერძო სექტორის წარმომადგენლები რომ იღებდნენ მონაწილეობას, ეს ვიცი,” - აღნიშნა გივი მიქანაძემ. განათლების ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ არ უნახავთ შრომის ბაზრის კვლევის ანგარიში. ცნობისთვის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრებილმა სტუდენტებმა 15 თებერვალს, 15:00 საათზე განათლების რეფორმის საწინააღმდეგო აქცია დააანონსეს. შეკრებილი სტუდენტები ითხოვენ, “განათლების რეფორმის უკან გაწვევას, უნივერსიტეტების ავტონომიურობის ხელშეუხებლობას და სრულფასოვანი განათლების უფლებას.”  

არაბთა გაერთიანებული საამიროები ადგილობრივ უნივერსიტეტებში ქართველი სტუდენტების სწავლას დააფინანსებს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე დუბაიში არაბთა გაერთიანებული საამიროების უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევის მინისტრს, დოქტორ აბდულრაჰმან აბდულმანან ალ ავარს შეხვდა. საქართველოს განათლების სამინისტროს ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალი საგანმანათლებლო პროექტის განხორციელების საკითხს, რომლის ფარგლებშიც არაბთა გაერთიანებული საამიროების მხარე უზრუნველყოფს ქართველი სტუდენტების სწავლის დაფინანსებას ადგილობრივ უნივერსიტეტებში.  აღინიშნა, რომ სტუდენტების მიღება მიმდინარე წელს დაიწყება.  გივი მიქანაძის თქმით, ეს ინიციატივა სტუდენტებისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცოდნის მიღების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ ერთობლივი სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბებაზე, რომელიც კონკრეტული მიმართულებებით პარტნიორობის გაძლიერებაზე იმუშავებს. მხარეებმა, საგანმანათლებლო კავშირების კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით, მზადყოფნა გამოთქვეს, მომავალშიც აქტიურად განაგრძონ თანამშრომლობა და განახორციელონ ერთობლივი პროექტები.