საზოგადოება

ევროპის საბჭო საქართველოში ახალი, 600 000-ევროიანი პროექტი დაიწყო

ევროპის საბჭომ საქართველოში ახალი, 600 000 - ევროიანი პროექტი „ადამიანის უფლებებისა და ჯანდაცვის ხელშეწყობის გაძლიერება პენიტენციურ სისტემაში“ დაიწყო. საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავს დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას პენიტენციურ სისტემაში ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებების შემდგომ გაუმჯობესებაში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვას. მათი განმარტებით, პროექტი ხელს შეუწყობს პატიმრებისთვის ხარისხიანი ფსიქიატრიული დახმარების, მკურნალობისა და რეაბილიტაციის მისაწვდომობის გაუმჯობესებას და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის კონტროლის ხარისხიანი შიდა მექანიზმის შექმნას. „პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, პრევენციის ეროვნული მექანიზმი და შესაბამისი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. პროექტი ხორციელდება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში და გაგრძელდება 2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს პროექტის მმართველმა კომიტეტმა ჩაატარა პირველი შეხვედრა პროექტის სამუშაო გეგმის განსახილველად. გეგმა მოიცავს პროექტის სრულ პერიოდს და ემყარება პროექტის პარტნიორებისა და ევროსაბჭოს ექსპერტების მიერ გამოვლენილ საჭიროებებს. პროექტი ეყრდნობა მანამდე განხორციელებული ისეთი პროექტების ფარგლებში შეძენილ გამოცდილებას, როგორიცაა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პარტნიორობით ორ ეტაპად განხორციელებული ერთობლივი პროექტი „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ (2010-2017), და ევროპის საბჭოს პროექტი „თავისუფლებააღკვეთილ პირთა ფსიქიკური ჯანდაცვის გაუმჯობესება საქართველოში“ (2018-2019)“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პირბადე ღია სივრცეშიც ატარეთ - უწყებათაშორისო საბჭო მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართავს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს მოუწოდებს, მაქსიმალურად შეასრულონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების რჩევები, ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და მაქსიმალურად შეინარჩუნონ მუშაობის დისტანციური რეჟიმი. "საბჭო რეკომენდაციით მიმართავს ხანდაზმულებს, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევების გარდა, მაქსიმალურად დარჩნენ სახლში. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ დედაქალაქში მობილობა განსაკუთრებით მაღალია და ვირუსიც შესაძლოა უფრო სწრაფად გავრცელდეს, საბჭოს რეკომენდაციაა, მოქალაქეებმა პირბადე ღია სივრცეებშიც ატარონ, რამდენადაც ის მსოფლიოში ამ ეტაპზე თავდაცვის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გარდა ამისა, როგორც ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამ ეტაპზე აჭარაში დაწესებული შეზღუდვები ძალაში რჩება. იმ შემთხვევაში, თუ აჭარაში სტაბილური მაჩვენებლები ვირუსის საინკუბაციო პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება, შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად დაიწყება. საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 12 272 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 538 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 93 კი გარდაიცვალა.

გრიპის ვაქცინის 25 000 დოზა საქართველოშია - მაღალი რისკის ჯგუფებს აცრა პოლიკლინიკებში შეეძლებათ

გრიპის ოთხვალენტიანი ვაქცინის პირველი 25 000 დოზა საქართველოში შემოვიდა. ფრანგული წარმოების ვაქცინა თბილისსა და რეგიონებში უკვე განაწილდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, მეორე ეტაპზე, 23 ოქტომბრის კვირაში კიდევ 135 000 დოზა შემოვა. "ეს 25 000 დოზა გამოყენებული იქნება ყველაზე მაღალი რისკ ჯგუფებისთვის. პოლიკლინიკებში აიცრებიან ყველაზე მაღალი რისკ ჯგუფები - ორსულები, ბავშვთა და მოხუცთა სახლების ბინადრები, საბავშვო ბაღების პერსონალი, აივ ინფიცირებული და C ჰეპატიტის მქონე ადამიანები, რომლებიც გადიან მკურნალობას, ასევე, დიალეზზე მყოფი პაციენტები. მეორე ეტაპზე, როცა დიდი პარტია შემოვა, აიცრებიან დანარჩენი რისკ ჯგუფები - ჩემი კოლეგები, სამედიცინო პერსონალი, დიაბეტიანი ავადმყოფები, სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე (რესპირაციული დაავადებები, ასთმა) პაციენტები, 65 წელს ზემოთ თანმხლები დაავადებები ვისაც აქვთ, და ასევე, გულსისხლძარღვთა დაავადებები ვისაც აქვს, 65 წელს ზემოთ" - თქვა გამყრელიძემ. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, სახელმწიფო მუშაობს, რომ დამატებით 100 000 დოზა გრიპის ვაქცინის მობილიზაცია გააკეთოს. "ამის შემოსვლის ალბათობა არის ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის შუა რიცხვები, ამიტომ, დაახლოებით ამ მოცულობით, რომელიც იქნება გასამმაგებული შარშანდელთან

NGO–ები საქართველოს მთავრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპკორპუსს მიმართავენ

საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები საქართველოს მთავრობასა და მის რელევანტურ უწყებებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ თხოვნითა და მოწოდებით, მანდატის ქვეშ მიიღოთ ყველა სათანადო ზომა ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას სიცოცხლის, უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის მიზნით და ხელი შეუწყოთ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მისი გადმოყვანის პროცესს. ინფორმაციისთვის: საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა გალის რაიონში 30 სექტემბერს დააკავეს კულტურის სახლის წინ აფხაზური დროშის დაწვის ფაქტზე. ვიდეოში, სადაც ირაკლი ბებუა სავარაუდოდ დე ფაქტო ხელისუფლების სამართალდამცავ ორგანოებთან დაკითხვაზე იმყოფება, თავად ადასტურებს აფხაზეთის დროშის დაწვის ფაქტს, თუმცა უთითებს, რომ მას აფხაზებთან საწინააღმდეგო არაფერი აქვს და პირიქით, ის ამ ორი ხალხის მეგობრული ურთიერთობის მომხრეა და დროშაც სწორედ მათი დაყოფის მიმართ პროტესტის ნიშნად დაწვა სიმბოლურად. მას ბრალი რამდენიმე მუხლით წაუყენეს. „ირაკლი ბებუას ოჯახს მასთან შეზღუდული კომუნიკაცია აქვს და მის მიმართ მოპყრობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სანდო ინფორმაციას ამ დრომდე არ ფლობს. ირაკლი ბებუას სავარაუდოდ, დაუნიშნეს სახაზინო ადვოკატი და მისი ეფექტიანი დაცვის საკითხი ასევე პრობლემური შეიძლება გახდეს. ირაკლი ბებუას ოჯახი 1993 წლიდან აფხაზეთიდან დევნილია. 2016 წელს ირაკლი დაბრუნდა გალში ხანდაზმული ბებიის მოსავლელად და თბილისში დაბრუნება ვეღარ მოახერხა ე.წ. საზღვრის გადმოკვეთისთვის საჭირო დოკუმენტების არარსებობის გამო. აღსანიშნავია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სუსტია, მას ქრონიკული დაავადებები აქვს და გალში ჩაკეტვის შემდეგ, თითქმის 4 წელი არ იღებდა მისთვის აუცილებელ მკურნალობას, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. ირაკლი ბებუას უკანონო დაკავება განსაკუთრებით ყურადსაღებია საქმის პოლიტიკური კონტექსტის და სენსიტიურობის გამო. სოციალურ ქსელებში დაკავებულ ირაკლი ბებუას მიმართ მძიმე კომენტარები კეთდება, ნაწილი მისი სასტიკი დასჯის მოთხოვნას აყენებს. უკანონო დაკავებები და დაკავების დროს არაადამიანური და სასტიკი მოპყრობა საოკუპაციო რეჟიმებს ახასიათებს. ამგვარ გარემოებებთან კავშირში არაერთი მძიმე საქმე გვახსოვს, მათ შორის, დე ფაქტო სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელიას ბუნდოვანებით მოცული გარდაცვალების საქმე, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, დავით ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფის ტრაგიკული შემთხვევები.პრობლემურია აფხაზეთის ციხეებში არსებული მდგომარეობა და არასათანადო პირობები იქ მყოფი პატიმრებისთვის, რომლებიც ბაზისურ უფლებებსა და სათანადო საცხოვრებელ პირობებს არიან მოკლებულნი პენიტენციალურ დაწესებულებებში. ციხის მძიმე და არაადაპტირებული პირობები მძიმე დაავადებების გავრცელების მაღალ რისკებს შეიცავს და პირადი ცხოვრების დაცვის და პატივისცემის მინიმალურ გარანტიებსაც არ ქმნის. ოკუპაციის პირობებში სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების შეზღუდულობა ქმნის სრული დაუსჯელობის და უმოქმედობის განცდას. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური მექანიზმების გამოყენებით საერთაშორისო აქტორების ჩართულობას“,– ნათქვამია განცხადებაში. ირაკლი ბებუას საქმის კონტექსტის, მასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, არასამთავრობოები საქართველოს მთავრობას მიმართავენ თხოვნითა და რეკომენდაციით: გამოიყენოს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან კომუნიკაციის ფორმალური და არაფორმალური ფორმატები და ყველა დიპლომატიური მექანიზმი ირაკლი ბებუას გათავისუფლებისა და გადმოცემის მიზნით;უზრუნველყოს სათანადო ადმინისტრაციული და სამართლებრივი ზომების მიღება მის გადმოცემამდე ირაკლი ბებუას უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის მიზნით;მიიღოს პრევენციული პოლიტიკური ზომები, რომ ირაკლი ბებუას საქმე არ გახდეს გალში მცხოვრები ქართველების შევიწროების კიდევ ერთი საფუძველი.საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს: მიიღოთ სათანადო პოლიტიკური, დიპლომატიური და ადმინისტრაციული ზომები დაკავებული ირაკლი ბებუას სიცოცხლის, უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის ხელშეწყობის მიზნით. განსაკუთრებით აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ხელი შეუწყონ დაკავებული ირაკლი ბაბუას კომუნიკაციას ოჯახთან და მისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესწავლისა და მონიტორინგის პროცესს. განცხადებას ხელს აწერენ: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA) ადამიანის უფლებათა ცენტრი დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) პლატფორმა სალამი მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი

"თბილისში ნიღბების მოხმარებაზე ზომებს ვამკაცრებთ, ტრანსპორტს ამ ეტაპზე არ ვაჩერებთ"

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, თბილისში ჯერჯერობით ტრანსპორტის შეზღუდვა არ იგეგმება. მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ "პირველი და მნიშვნელოვანი ღონისძიება არის პირბადეების მოხმარება და ამ მიმართულებით გავამკაცრებთ ზომებს". "რაც შეეხება ამ ეტაპისთვის ტრანსპორტის შეზღუდვას ან სხვა ნებისმიერი მობილობის დაგდებას, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვსაუბრობთ, მაგრამ ეს არ წარმოადგენს ჯერჯერობით N1 გადაწყვეტას ამ პრობლემის, ვინაიდან აქ ჩვენ ვითვალისწინებთ როგორც დედაქალაქის სიმჭიდროვეს, ასევე, დედაქალაქში ყველა ღონისძიების დაცვის ხარისხს. მნიშვნელოვნად განსხვავდება აჭარასა და თბილისს შორის ყოველივე ამ ღონისძიების გატარების ხარისხი. ჩვენ ძალიან დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ დედაქალაქის მოსახლეობა დაგვეხმარება იმაში, რომ ნიღბების ინტენსიური და მკაცრი გამოყენების პირობებში ჩვენ არ მოგვიწევს დამატებითი შეზღუდვების მიღება" - თქვა ტიკარაძემ.

აშშ-ში კორონავირუსის 44 614 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 398 ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 44 614 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 398 ადამიანი გარდაიცვალა, - შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, აშშ-ში, საერთო ჯამში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 7 762 546-მდე, დაღუპულების კი - 214 768-მდე გაიზარდა. ცნობისათვის, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით, აშშ პირველ ადგილზეა მსოფლიოში.

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს PCR ტესტს ყოველ 72 საათში ერთხელ ჩაუტარებენ

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს PCR ტესტს ყოველ 72 საათში ერთხელ ჩაუტარებენ. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. "ისინი არიან ყველაზე მჭიდრო კონტაქტში [სავარაუდო ინფიცირებულებთან] როგორც გამოვლენის პერიოდში, ისე მანამ, სანამ დაუდგინდებათ დიაგნოზი. მათ ტესტირება უტარდებოდათ ორ კვირაში ერთხელ, ამას შევამცირებთ და ყოველ 72 საათში ჩაუტარდებათ. ეს დაგვეხმარება როგორც სამედიცინო პერსონალის დაცვაში, ასევე შესაძლო ინფექციის გავრცელებაში" - თქვა ტიკარაძემ. ბოლო 24 საათში საქართველოში ახალი კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 211 ადამიანი გამოჯანმრთელდა და 6 გარდაიცვალა. 12 პქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ის 12 272 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 538 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 91 კი გარდაიცვალა. ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 12 272-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. ამასთან, გარდაიცვალა საქართველოს კიდევ 6 მოქალაქე და ამ დროისთვის კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 91-ს შეადგენს. გარდა ამისა, საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 211 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა ამ ეტაპზე 6538-ია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 836 პირი. კოვიდ სასტუმროში მოთავსებულია 1393 პაციენტი, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

აფხაზეთში COVID-19-ით ინფიცირების 99 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით ინფიცირების 99 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი. ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპერატიული შტაბი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 288 ადამიანს ჩაუტარდა. სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 2 170 შემთხვევაა გამოვლენილი. გამოჯანმრთელდა 814 პირი. ამასთან, გარდაიცვალა 21 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 11271-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 253 პაციენტი და საერთო რაოდენობა 6119-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5971 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ს შეადგენს. ქვეყანაში კორონავირუსით 78 ადამიანია გარდაცვლილი.

შვეიცარიის მთავრობამ საქართველო მაღალი რისკის შემცველი ქვეყნების სიაში შეიყვანა

2020 წლის 9 ოქტომბერს, ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით, შვეიცარიის მთავრობამ საქართველო მაღალი რისკის შემცველი ქვეყნების სიაში შეიყვანა. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც 12 ოქტომბრიდან შევლენ შვეიცარიის ტერიტორიაზე საქართველოდან სხვადასხვა სატრანზიტო მარშრუტით, სატრანზიტო ქვეყნის ეპიდემიოლოგიური სტატუსის მიუხედავად, ვალდებულნი იქნებიან გაიარონ 10 დღიანი კარანტინი/თვითიზოლაცია. აღნიშნული წესი ვრცელდება ნებისმიერ საქართველოდან შემოსულ პირზე, ხოლო წესის გვერდის ავლის შემთხვევაში გათვალისწინებულია მაღალი ჯარიმა – 10 000 შვეიცარიული ფრანკი. შვეიცარიაში შემოსვლის შემდეგ, საქართველოს მოქალაქე ვალდებულია დაუყოვნებლივ გადავიდეს თვითიზოლაციაში და მაქსიმუმ 2 დღის ვადაში უნდა დაუკავშირდეს კანტონალურ უწყებებს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და დაემორჩილოს მიღებულ ინსტრუქცია/რეკომენდაციებს. ასევე, მოქალაქეებს ეძლევათ რეკომენდაცია გამგზავრებამდე კომუნიკაციაში იყვნენ შესაბამის ავიაკომპანიებთან, რომლებიც უფლებამოსილნი არიან განსაზღვრონ მგზავრობასთან დაკავშირებული წესები, როგორიცაა COVID-19-ის ტესტის წარდგენის აუცილებლობა და სხვა. ამჟამად საქართველოს საზღვარი მხოლოდ ხუთი ქვეყნისთვის აქვს გახსნილი – გერმანია, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი და საფრანგეთი. გერმანიის შეზღუდვების გარდა, ლიტვას და ლატვიას საქართველოს მოქალაქეებისთვის თვითიზოლაციის ვალდებულება აქვს დაწესებული. საქართველოდან რეგულარული ფრენები მხოლოდ მიუნხენის, რიგის და პარიზის მიმართულებით სრულდება.

"თბილისში ფართომასშტაბიან შეზღუდვებთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს"

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, თბილისში ფართომასშტაბიან შეზღუდვებთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოზე მსჯელობა მიმდინარეობს. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ორშაბათს, 12 ოქტომბერს, გახდება ცნობილი კონკრეტულად რა ტიპის შეზღუდვები იგეგმება დედაქალაქში. "რაც შეეხება ფართომასშტაბიან შემზღუდავ ღონისძიებებს, ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა. რა ტიპის იქნება ეს შემზღუდავი ღონისძიებები, ან იქნება თუ არ იქნება, ორშაბათს საკოორდინაციო საბჭოზე გადაწყვეტენ და ყველასთვის გახდება ცნობილი",-განაცხადა გამყრელიძემ. დღეს, კორონავირუსი 527 ადამიანს დაუდასტურდა, 313 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 კი დაიღუპა. ახალი შემთხვევებიდან თბილისში კორონავირუსის 179 შემთხვევა დადასტურდა. NCDC-ის ცნობით, გუშინ, 8 ოქტომბერს, საქართველოში 9 605 PCR ტესტი ჩატარდა. ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის 10 752 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 5866 პაციენტი განიკურნა, ხოლო 72 გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5574 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836. 1338 ადამიანი კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს.

WTO-ს ქალი ხელმძღვანელი ეყოლება

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას (WTO) ისტორიაში პირველად ქალი ხელმძღვანელი ეყოლება. ახალი ხელმძღვანელის საარჩევნო პროცესი ბოლო ეტაპზეა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის მიხედვით, 8 კანდიდატიდან შეირჩა ორი და ორივე ქალბატონია, მათგან ერთი ნიგერიის ყოფილი ფინანსთა მინისტრი ნგოზი ოკონჯო-ივეალაა, ხოლო მეორე სამხრეთ კორეის ვაჭრობის მინისტრი იო მიუნ-ჰი. ფინალში მყოფ ორივე კანდიდატს, როგორც პოლიტიკაში ყოფნის, ასევე საერთაშორისო გამოცდილებაც აქვთ, ორივეს განათლება აშშ-ში აქვთ მიღებული. ნიგერიის ყოფილი ფინანსთა მინისტრი გარკვეული დროით საგარეო მინისტრის პოზიციასაც იკავებდა, ასევე მას ეკავა წამყვანი პოზიციები ეკონომისტის რანგში მსოფლიო ბანკში. ამჟამად ოკონჯო-ივეალა ვაქცინების საერთაშორისო ალიანსის Gavi-ის საბჭოს თავმჯდომარეა. რაც შეეხებმა მეორე კანდიდატ იო მიუნ-ჰის, ის ვაჭრობის დარგის სპეციალისტია და „დეტალურად ერკვევა ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებში“. ორივე კანდიდატს აქვს უნარი წარმატებით აწარმოოოს მხარეებს შორის შეთანხმებები, რაც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელისათვის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. როგორც გამოცემა წერს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ახალ ხელმძღვანელს ნოემბრის დასაწყისისთვის დაასახელებს.

ბათუმში სათნოების სახლში მცხოვრებმა 11-მა ხანდაზმულმა კორონავირუსი დაამარცხა

ბათუმში სათნოების სახლ "სავანეში" მცხოვრებმა 11-მა ხადაზმულმა კორონავირუსი დაამარცხა. ამის შესახებ ფორმულას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს. ამჟამად სათნოების სახლში მცხოვრები 10-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. დღეს, 9 ოქტომბერს კორონავირუსი 527 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 190 აჭარაში, ხოლო 179 თბილისში გამოვლინდა. 313 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 კი დაიღუპა. NCDC-ის ცნობით, გუშინ, 8 ოქტომბერს, საქართველოში 9 605 PCR ტესტი ჩატარდა. ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის 10 752 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 5866 პაციენტი განიკურნა, ხოლო 72 გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5574 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836. 1338 ადამიანი კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს.

მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გაეროს საკვების სააგენტომ მიიღო

მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გაეროს საკვების სააგენტოს, მსოფლიო საკვების პროგრამას (WFP) გადაეცა მსოფლიოში შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლის და კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში პირობების გაუმჯობესებისათვის. სააგენტოს სათავო ოფისი რომშია. ის ყოველწლიურად 88 ქვეყანაში 97 მილიონამდე ადამიანს ეხმარება. "საერთაშორისო სოლიდარობა და მრავალმხრივი თანამშრომლობა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოში შიმშილის მსხვერპლთა ზრდა გამოიწვია. სანამ სამედიცინო ვაქცინა არ გვექნება, საკვები არის საუკეთესო ვაქცინა ქაოსის წინააღმდეგ.". - ნათქვამია ნობელის კომიტეტის განცხადებაში. ნობელის პრემიის ჯილდო 10 მილიონი შვედური კრონია ($1.1 მილიონი).

Apple-მა Telegram-ს სამი არხის სოციალური ქსელიდან წაშლა მოსთხოვა

Apple-მა Telegram-ს სამი არხის სოციალური ქსელიდან წაშლა მოსთხოვა. ამის მიზეზი ამ არხებში ბელარუსი სამართალდამცავების პირადი ინფორმაციის გასაჯაროება გახდა. ინფორმაცია Telegram-ის დამფუძნებელმა პაველ დუროვმა გაავრცელა. Karateli Belarusi (ბელარუსის დამსჯელები), Chat Gruppy Karateli (დამსჯელების ჯგუფის ჩათი) და VSE NARUSHENIYA (ყველა დარღვევა) დუროვის თანახმად, Apple-ი თვლის, რომ სამართალდამცველების პირადი ინფორმაციის გავრცელებამ შეიძლება ძალადობის წამახალისებელი გახდეს. Telegram-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ თავად ურჩევნია, არხები არ წაიშალოს, მაგრამ Apple-ი სოციალურ მედიას არჩევანის თავისუფლებას არ უტოვებს. არხები სავარაუდოდ iOS სისტემაზე დაიბლოკება, თუმცა სხვა სისტემების მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი დარჩება. ბელარუსული ოპოზიციური Telegram არხები სამართალდამცველების პირად ინფორმაციას სექტემბრის დასაწყისიდან ავრცელებენ. არხების დამფუძნებლები თვლიან, რომ იდენტიფიცირების საფრთხე პოლიციას ხელს შეუშლის დემონსტრანტების წინააღმდეგ გადამეტებული ძალა გამოიყენოს. ქვეყნის ყველაზე პოპულარულმა ოპოზიციურმა არხმა NEXTA-მ უკვე გაასაჯაროა ათასობით სამართალდამცველების პირადი ინფორმაცია. Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი უკვე რამდენიმე თვეა Apple-თან დაპირისპირეაშია. ივლისის ბოლოს დუროვმა საჯაროდ გააკრიტიკა Apple-ი App Store-ში დეველოპერებისთვის 30%-იანი გადასახადის დაწესებისთვის. მოგვიანებით დუროვმა Apple-ს ევროკავშირის კომისიაშიც უჩივლა..

DRIVE-IN კინოთეატრებში გამოსულ ფილმებს ოსკარის ნომინაციისთვის ბრძოლა შეეძლებათ

ამერიკის კინოაკადემიის გადაწყვეტილებით Drive-In კინოთეატრებში გამოსული ფილმები ოსკარის ნომინაციებისთვის ბრძოლას შეძლებენ. ახალი წესის თანახმად, რომელიც ღია ცის ქვეშ კინოთეატრებზეც ვრცელდება სურათი მინიმუმ შვიდი დღის განმავლობაში უნდა იყოს კინოგაქირავებაში. ოსკარის წესების ცვლილება ახალი კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია. შეიცვალა დაჯილდოების ცერემონიის თარიღიც, თებერვლის ნაცვლად კინოაკადემია გამარჯვებულებს 2021 წლის 25 აპრილს გამოავლენს, ხოლო განაცხადის მიღების უკანასკნელი თარიღი 28 თებერვალია.

გერმანიამ საქართველოს Covid-19-ით დაავადებული პაციენტებისთვის 5 სასუნთქი აპარატი აჩუქა

გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კოვიდ-19-ით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ ხუთი სასუნთქი აპარატი აჩუქა. გერმანიის ელჩმა ჰუბერტ კნირშმა აპარატები მინისტრის მოდგილეს თამარ გაბუნიას გადასცა. გერმანიის საელჩოს ცნობით, დრეგერის (Dräger) ფირმის ხუთი სასუნთქი აპარატი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფონდიდან შეიძინეს. ფონდი განკუთვნილია კოვიდ-19-ის პანდემიის დროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდასაჭერად. სასუნთქი აპარატები ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში განთავსდება.

საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის ​შემთხვევათა რაოდენობა 527-ით გაიზარდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა. ბოლო 24 საათში 313 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 კი დაიღუპა. კარანტინის რეჟიმში 5574 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836. 1338 ადამიანი კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს. ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის 10752 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 5866 პაციენტი განიკურნა, ხოლო 72 გარდაიცვალა.

220 000-ზე მეტი ჩამოტვირთვა და 18 700-ზე მეტი გაგზავნილი შეტყობინება – ეს stopcov.ge-ის აპლიკაციის ოფიციალური სტატისტიკა

220 000-ზე მეტი ჩამოტვირთვა და 18 700-ზე მეტი გაგზავნილი შეტყობინება – ეს stopcov.ge-ის აპლიკაციის ოფიციალური სტატისტიკაა, საიდანაც ინფიცირების 27 შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსის პრევენციის მიზნით შექმნილი აპლიკაციის ტექნიკური მომსახურების საფასურმა 412 116 ლარი შეადგინა და ის 2020 წლის აპრილში გამოჩნდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში ამბობენ, რომ მარტივი ინტერფეისის მიუხედავად, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების მხრივ საქართველოში დაბალი კულტურაა და საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი ან არ იყენებს, ან უჭირს აპლიკაციის გამოყენება. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ახლა, როცა ყოველდღიურად კოვიდის მზარდი სტატისტიკა გვაქვს, მნიშვნელოვანია, აპლიკაცია უფრო მეტმა ადამიანმა გადმოწეროს. „აპლიკაცია 2 კვირის განმავლობაში აგროვებს 2 მეტრზე ახლო მანძილზე მყოფ, 15 წუთზე მეტ ხანს ახლოს მყოფ კონტაქტებს. შემდეგ ამ კონტაქტების იდენტიფიცირებას ახდენს ორ მოწყობილობას შორის და ინახავს, როგორც შესაძლო კონტაქტი. მოგვიანებით, თუ რომელიმე კონტაქტს კორონავირუსით დაინფიცირება გამოუვლინდება, მასზე ინფორმაცია ეგზავნება ყველა იმ შესაძლო „კლასტერს“, ვინც ახლო კონტაქტში იყო ახლადდაინფიცირებულ პირთან. ამიტომ, აპლიკაცია, როგორც დამატებითი ხელსაწყო, ეპიდემიოლოგებისთვის ძალიან წარმატებით მუშაობს. უბრალოდ, რაც მეტი ადამიანი გადაიწერს მას, მით უფრო ეფექტური იქნება“, – განუცხადა Bm.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა, მიხეილ ჯანიაშვილმა. ცნობისთვის, აპლიკაციის შექმნისას გამოყენებულია ავსტრიული პლატფორმა, აგრეთვე, სამხრეთ კორეის, იაპონიისა და სინგაპურის გამოცდილება.