პოლიტიკა

ჯო ბაიდენი: ავღანელებს მოუწევთ გადაწყვიტონ თავიანთი მომავალი - რა უნდათ, უაზრო ძალადობა უნდა შეწყდეს

აშშ-ის პრეზიდეტნი ჯო ბაიდენი ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანს თეთრ სახლში შეხვდა. ჯო ბაიდენმა ავღანელებს მოუწოდა, თავიანთი ქვეყნის მომავალი თავად გადაწყვიტონ. შეხვედრაზე ბაიდენმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს ავღანეთიდან საკუთარი ძალები გაჰყავს, შეერთებული შტატების მხარდაჭერა ქვეყნის მიმართ არ შეწყდება. "ავღანელებს მოუწევთ გადაწყვიტონ თავიანთი მომავალი - რა უნდათ, უაზრო ძალადობა უნდა შეწყდეს", - განაცხადა ჯო ბაიდენმა. ავღანეთის პრეზიდენტის თქმით, ის პატივს სცემს ბაიდენის გადაწყვეტილებას, რომ პარტნიორობა შეერთებულ შტატებსა და ავღანეთს შორის ახალ ფაზაში გადადის. ღანის თქმით, შეერთებული შტატების გადაწყვეტილება ჯარის გაყვანის შესახებ სუვერენული გადაწყვეტილებაა და ქაბულის საქმეა "შედეგების მართვა".

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

26 ივნისის მონაცემებით, საქართევლოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯამში 251 529 ადამიანი აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 92 790 ადამიანი. "აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ინფორმაციაში. ბოლო 24 საათში, ვაქცინით 2 984 ადამიანი აიცრა.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 754 ადამიანს დაუდასტურდა, 438 გამოჯანმრთელდა, ხოლო 18 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 362 937 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 348 705, გარდაიცვალა 5 255 პაციენტი. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 928 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 289 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 639 PCR ტესტით. დადებითობის მაჩვენებელი: 25 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.10 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.47%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.33%. ინფიცირების 754 ახალი შემთხვევიდან 435 თბილისში გამოვლინდა, აჭარა - 35, იმერეთი - 76, ქვემო ქართლი - 54, შიდა ქართლი - 22, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 35, კახეთი - 69, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2. ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 8 951, საიდანაც: 2 562 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 405, აჭარაში - 145, იმერეთში - 334. მძიმე პაციენტი: 639, მათ შორის, თბილისში - 300, აჭარაში - 37, იმერეთში -143. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 159, მათგან თბილისში - 102, აჭარაში - 7, იმერეთში - 10. 585 ადამიანი იმყოფება კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 362 - თბილისში, 218- აჭარაში. 5 804 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 31, ხოლო აჭარაში - 4. სულ 6 ოქტომბრიდან - 25 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 885 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 767 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 547, პირი, აჭარაში - 621, იმერეთში - 1 058.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ფლოიდის მკვლელისთვის გამოტანილ განაჩენს გამოეხმაურა

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, მინეაპოლისის პოლიციის ყოფილი ოფიცერისთვის, დერეკ შოვინისთვის მისჯილი 22-წლიანი პატიმრობა "როგორც ჩანს, მართებულია". ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. "მე არ ვიცნობ ყველა გარემოებას, რომელიც სასამართლომ განიხილა, მაგრამ, როგორც ჩანს, მოქმედი წესების მიხედვით, განაჩენი მართებულია", - განაცხადა ბაიდენმა. ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ დერეკ შოვინს 22.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

ენტონი ბლინკენი საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს საერთო ვალდებულებები ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისა და NATO-ს ალიანსის წინაშე. "მდივანმა ბლინკენმა და პრეზიდენტმა მაკრონმა ხაზი გაუსვეს მოსკოვთან სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობის დამყარების საერთო მიზნებს, რუსეთის აგრესიული და უპასუხისმგებლო საქციელის მოგვარების დროს, მათ შორის უკრაინის მიმართ. მათ განიხილეს ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის იძულებითი ეკონომიკური პრაქტიკის გადასაჭრელად და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დამხობის მცდელობები. მდივანმა ბლინკენმა და პრეზიდენტმა მაკრონმა გაცვალეს მოსაზრებები ტერორისტული საფრთხეების დაძლევის, დემოკრატიის მხარდაჭერისა და საჰელის რეგიონში აფრიკელი პარტნიორების შესაძლებლობების გაუმჯობესების შესახებ. მათ ასევე განიხილეს აფრიკელ და სხვა პარტნიორებთან ერთად მიმდინარე ძალისხმევა ტიგრის ჰუმანიტარული კრიზისისა და ადამიანის უფლებების დარღვევის მოსაგვარებლად. ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საჭიროა ლიბანის ლიდერები გაერთიანდნენ ლიბანელი ხალხის საკეთილდღეოდ", - ნათქვამია დეპარტმენტის განცხადებაში.

საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა, ბელგიის მონარქს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა ბელგიის მონარქს რწმუნებათა სიგელები გადასცა. საზეიმო ცერემონია ბელგიის სამეფო სასახლეში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელგიაში საქართველოს საელო ავრცელებს. საელჩოს ცნობით, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, მეფე ფილიპმა ახლადდანიშნული ელჩი აუდიენციაზე მიიწვია. "შეხვედრაზე ელჩმა ხაზი გაუსვა ბელგია-საქართველოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. მხარეებმა, ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე. ელჩმა მეფე ფილიპს ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ და მადლობა გადაუხადა ბელგიის სამეფოს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. ორმხრივ თანამშრომლობაზე საუბრისას, ელჩმა ყურადღება გაამახვილა პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სოციალური კავშირების გაღრმავებაზე. ასევე, ისაუბრა საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალის - „ევროპალია საქართველოს” სამზადისზე, რომელიც 2023 წელს ბელგიის სამეფოში გაიმართება და საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ემანუელ მაკრონი: მე არ მჭირდება ევროკავშირის სამიტი პუტინის სანახავად, რამდენჯერმე შევხვდი მას და გავაგრძელებ შეხვედრებს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაიცვა საფრანგეთისა და გერმანიის წარუმატებელი მცდელობა, ჩატარებულიყო ევროკავშირის სამიტი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ ევროპის ლიდერებმა ჩააგდეს ინიციატივა. ევროკავშირის ლიდერებმა ვლადიმერ პუტინთან სამიტის გამართვის შესახებ გერმანიისა და საფრანგეთის ინიციატივაზე უარი თქვეს. "სწრაფი სამიტისთვის კონსენსუსი არ შედგა. ჩემი აზრით, ეს არ არის ტრაგედია. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ერთიანი დავრჩეთ. განხეთქილებები გვასუსტებს", - თქვა მაკრონმა პრესკონფერენციაზე. საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს წინააღმდეგობა არ გამოუთქვამთ, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს შეხვდა. "ჩვენ ვნახეთ, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შეხვდა ვლადიმერ პუტინს. ევროკავშირის სამიტზე ჩემს მეგობრებს ვუთხარი: ჯო ბაიდენს თქვენი აზრი არ უკითხავს. ხედავთ, რომ ისინი ერთად იკრიბებიან და ეს თქვენთვის შოკისმომგვრელი არ არის. უცნაურები ვართ. რუსეთთან სამიტის ჩატარებით შეპყრობილი არ ვარ. გულწრფელად გეტყვით, მე არ მჭირდება ევროკავშირის სამიტი ვლადიმერ პუტინის სანახავად. რამდენჯერმე შევხვდი მას და გავაგრძელებ შეხვედრებს", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არიან

ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი Twitter-ზე ავრცელებს. „მოხარული ვარ, მივესალმო ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომლებიც თბილისში სამხრეთ კავკასიაში რეგიონული ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჟოზეპ ბორელის მანდატით ჩამოვიდნენ“, – წერს კარლ ჰარცელი. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის მანდატით, სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდნენ. „ალექსაბნდერ შალენბერგი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი დაბოგდან აურესკუ შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრები ასევე ეწვევიან საოკუპაციო ხაზს. ვიზიტის დასასრულს კი, გააკეთებენ განცხადებებს მედიისთვის და შეაჯამებენ სამხერთ კავკასიის ტურნეს შედეგებს. ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების კავკასიაში ვიზიტის შესახებ გადაწვეტილება მიღებულ იქნა 27 მაისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების არაფორმალურ მინისტერიალზე, სადაც განიხილებოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში არსებული კონფლიქტების პრობლემატიკა. საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის მანდატით, საქართველოში ევროკავშირის სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და რამდენად ჩართულია ევროკავშირი კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პროცესში”,- აღნიშნავენ უწყებაში.

ირაკლი ღარიბაშვილი უმცირესობებზე: არავინ არ განსხვავდება არავითარი ნიშნით, ამ ადამიანებს იცავს კანონი

ნებისმიერი მოქალაქის უფლება დაცული, ამაზე ზედმეტი აპელირება, ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხვა მიმაჩნია არასწორად, ჩვენ ამით ამ ადამიანების უფლებებს ვარღვევთ მე ასე მიმაჩნია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არავინ არ განსხვავდება არავითარი ნიშნით და ამ ადამიანებს იცავს კანონი. „მე შეგახსენებთ, რომ მაშინ როდესაც ვმუშაობდით ჩვენ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაზე მაშინ ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ამ დისკრიმინაციული კანონის მიღება და ჩემ დროს იქნა აღნიშნული კანონი ამავდროულად ჩემივე ინიციატივა იყო და მაშინ ჩვენ ეს პოლიტიკური საბჭოს ფორმატში განვიხილეთ და ჩვენ ეს დავაანონსეთ რომ ამავდროულად ჩაწერილიყო კონსტიტუციაში და ქორწინების განმარტება მომხდარიყო, რაც ასევე გაკეთდა ჩვენი გუნდის ჩვენი ხელისუფლების დროს, შესაბამისად კანონით და კონსტიტუციით არის ნებისმიერი მოქალაქის უფლება დაცული, ამაზე ზედმეტი აპელირება, ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხვა მიმაჩნია არასწორად, ჩვენ ამით ამ ადამიანების უფლებებს ვარღვევთ მე ასე მიმაჩნია. არავინ არ განსხვავდება არავითარი ნიშნით, ამ ადამიანებს იცავს კანონი და საერთოდ ასეთი გამოყოფა და დისკრიმინაცია სწორედ ეს არის. ასეთი ფორმით, ასეთი ნიშნით საუბარი უმცირესობებზე მიმაჩნია დისკრიმინაციის წახალისებად. ჩვენ ვიცავთ ყველა მოქალაქეს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერი: ზაზა გახელაძის ინციდენტს, ისევე, როგორც განგრძობითი ოკუპაციის პირობებში მომხდარ ყველა დარღვევას, სტრასბურგის სასამართლო უკვე განიხილავს

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ბატონი გახელაძე რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს თავის ოჯახში. იუსტიციის სამინისტროს მიერ სტრასბურგის სასამართლოში შეტანილი მესამე სახელმწიფოთაშორისი სარჩელი განგრძობითი ოკუპაციის პირობებში მომხდარ ყველა ინციდენტს მოიცავს, მათ შორის - ზაზა გახელაძის საქმესაც, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამის თაობაზე ხელისუფლებას აქვს ინტენსიური მოლაპარაკებები და ჩართულია ყველა საშუალება, რომ რაც შეიძლება მალე გათავისუფლდნენ გახელაძე და ბებუა. „იუსტიციის სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი საჩივარი შეიტანა სტრასბურგის სასამართლოში 2018 წლის 21 აგვისტოს. სარჩელში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტატუნაშვილის, ოთხოზორიას და ბაშარულის მკვლელობების საქმეებს, გარდა ამისა, საჩივარი ფარავს განგრძობადი ოკუპაციის პირობებში მომხდარ ყველა ინციდენტს, შესაბამისად, გახელაძის ინციდენტი მოექცა მის ფარგლებში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ამ საქმის განხილვაც ისეთივე წარმატებით დასრულდება, როგორც 2008 წლის ომის საქმე, რომელიც ქართულმა მხარემ ისტორიული გამარჯვებით დაასრულა. „სასამართლომ ამ სარჩელის განხილვა მიმდინარე წლის 11 ივნისს განაახლა და დარწმუნებულები ვართ, მასზე გადაწყვეტილება ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც იყო 2008 წლის ომის საქმეზე, რომელიც საქართველოს გამარჯვებით დავასრულეთ“, - განაცხადა პრემიერმა. ე.წ. განგრძობითი ოკუპაციის საქმე საჩივარი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკას ეხება. აღნიშნული ქმედებები განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდეგ გაძლიერდა და კრიტიკულ ზღვარს 2018 წლის თებერვალში არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის დროს მიაღწია. საჩივარში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებს. საჩივარზე წარმოება დროებით „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“ საქმეზე (ე.წ. “ომის საქმე“) გადაწყვეტილების მიღებამდე იყო შეჩერებული.

პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის მოწვევის თხოვნით მიმართა

პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რიგგარეშე სესიის მოწვევის თხოვნით მიმართა. საქართველოს პრეზიდენტის N25/06/01 განკარგულების შესაბამისად, პარლამენტის რიგგარეშე სესია 2021 წლის 28 ივნისის 13 საათზე გაიმართება. მე-10 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს ოფიციალურად დაიხურება.

ირაკლი ღარიბაშვილი: გაგრის რაიონის სოფელ აიბღას ანექსიით რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და პრინციპებს

გაგრის რაიონის სოფელ აიბღას ანექსიით რუსეთი აქაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და პრინციპებს და მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის შემდეგ, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საგარეო საქმეთა მინისტრი ყველა დონეზე აფიქსირებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქართული მხარის პოზიციას და ასევე აქტიურად განიხილება, რომ იუსტიციის სამინისტრომ ამ თემაზე სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს. „გაგრის რაიონის სოფელ აიბღას დაწყებული ანექსიის საგანგაშო ფაქტს, ჩვენ უსაფრთხოების საბჭოს სხდომის ფარგლებში გვქონდა ამაზე საუბარი, მოგეხსენებათ, რომ 2008 წლის ომის შემდეგ დაიწყო ეს პროცესი. რუსეთი აქაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და პრინციპებს და მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს. საგარეო საქმეთა მინისტრი ყველა დონეზე, მათ შორის ჟენევის ფორმატშიც არაერთხელ გვავს დაფიქსირებული ამის თაობაზე და ახლა აქტიურად განვიხილავთ, რომ აქტიურად განვიხილავთ, რომ იუსტიციის სამინისტრომ უკვე სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს, ვინაიდან, ეს შეიძლება იყოს ის საკითხი, რაც გაგვაერთიანებს ჩვენ და აფხაზებს, რომელიც არის თქმა უნდა, განუყოფელი ნაწილი ჩვენი ქვეყნის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე ძალიან მძიმე მდგომარეობაა და ხელისუფლება იყენებს ყველა საშუალებას და ყველა დონეზე აფიქსირებს თავის პოზიციას. „ჩვენი პარტნიორები, ევროკავშირის მისია აქტიურად არის ჩართული, ყველა ასეთ შემთხვევაზე მათ მიეწოდებათ ინფორმაცია და ასე გავაგრძელებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერი: ფოთი-კონსტანცას პროექტის მიმართ დიდი ინტერესია ბრიუსელის მხრიდან, მსოფლიო ბანკი აფინანსებს და ჩვენ ამ პროექტს კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით გავაგრძელებთ

ფოთი-კონსტანცას პროექტთან დაკავშირებით პანდემიის პერიოდში იყო გარკვეული შეფერხება, ახლა მაქსიმალურად დავაჩქარებთ პროცესს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის შემდეგ, ფოთი-კონსტანცას პროექტთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პროექტთან დაკავშირებით არაერთი შეხვედრა გაიმართა. „ჩვენ როდესაც ვიმყოფებოდით ბრიუსელში, მაშინ გვქონდა ამის თაობაზე საუბარი. მანამდეც იყო საუბარი ევროკავშირთან, აღნიშნული პროექტის მიმართ არის დიდი ინტერესი ბრიუსელის მხრიდან, მსოფლიო ბანკი აფინანსებს და ჩვენ აღნიშნულ პროექტს კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით გავაგრძელებთ. რაც შეეხება ილტოს წყალსაცავის პროექტს, ტენდერი ჩატარდება წელს და ეს პროექტი უკვე დასრულებულია. 2019 წლის ბოლოს რკინიგზამ დაიწყო მუშაობა პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავდა ფოთისა და ბათუმის პორტის დაკავშირებით რუმინეთის პორტ კონსტანცასთან. ფიდერით (საკონტეინერო გემით) რუმინეთის პორტ - კონსტანცასთან. აღმოსავლეთდან რკინიგზით წამოსული კონტეინერების ევროპის დანიშნულებით ტრანსპორტირება და პირიქით. გაიმართა არაერთი შეხვედრა, მოეწერა ხელი მემორანდუმს. პანდემიის პერიოდში იყო გარკვეული შეფერხება, ახლა მაქსიმალურად დავაჩქარებთ პროცესს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერი: ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჯანმრთელი თაობის გაზრდა და არა ნარკოტიკების წახალისება, ამიტომ ოქროს შუალედი უნდა ვიპოვოთ

ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჯანსაღი, ჯანმრთელი თაობის გაზრდა და არა ნარკოტიკების წახალისება, ამიტომ ოქროს შუალედი უნდა ვიპოვოთ - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ დასმულ შეკითხვას. მისი თქმით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. „ვიზიარებ იმას, რომ ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში, არა ერთი ნაბიჯი გადაიდგა ლიბერალიზაციის მიმართულებით. მზად ვართ, თქვენგან მოვისმინოთ კონკრეტული ინიციატივები, იდეები და განვიხილოთ, პარლამენტში ვიმსჯელოთ ამის თაობაზე. მთავრობაც მზაობას გიცხადებთ, რომ ჩავერთვებით ამ დისკუსიაში, მაგრამ ერთგვარი დაბალანსება უნდა მოხდეს, რომ არ წავახალისოთ მძიმე ნარკოტიკები, ვინაიდან ეს ეხება ჩვენს ახალგაზრდა თაობას, შვილებს და მომავალ თაობას. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჯანსაღი, ჯანმრთელი თაობის გაზრდა და არა ნარკოტიკების წახალისება, ამიტომ ოქროს შუალედი უნდა ვიპოვოთ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მთავრობის მეთაურის თქმით, სირცხვილია, რომ დღემდე საბჭოთა კავშირის დროინდელი კანონები მოქმედებს და საბჭოთა კავშირის დროინდელი კანონების შეცვლაზე იუსტიციის მინისტრი მუშაობს. “ბატონი რატი ბრეგაძის ინიციატივა სწორედ ამას შეეხება, რომ უახლოესი წლების განმავლობაში, 2020-2024 წლამდე არც ერთი საბჭოთა კავშირის დროინდელი კანონი არ იყოს და ჩანაცვლდეს თანამედროვე კანონებით, მოხდეს მაქსიმალური ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერი სტატუსშეჩერებულ სტუდენტებზე: გავამზადებთ იმ სტუდენტების სიას, ვისაც სჭირდება დახმარება და აუცილებლად დავეხმარებით

ჩვენ ახლა გავამზადებთ იმ სტუდენტების სიას, ვისაც ესაჭიროება დახმარება ჩვენი მხრიდან და ჩვენ მათ აუცილებლად დავეხმარებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის შემდეგ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული საკითხი უკვე დავალებული აქვს მინისტრს. „ამის თაობაზე ჩვენ გვქონდა უკვე საუბარი მინისტრთან. ჩვენ ახლა გავამზადებთ იმ სტუდენტების სიას, ვისაც ესაჭიროება დახმარება ჩვენი მხრიდან და ჩვენ მათ აუცილებლად დავეხმარებით. უკვე დავალებული აქვს ბატონ მინისტრს. გასულ წელს ჩვენ მათ დავეხმარეთ და წელსაც იგეგმება ანალოგიურად დახმარება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერი ნამახვანჰესზე: ეს პროექტი მემკვიდრეობით დამხვდა, მიუღებელია ის პირობები, რომლებიც იქ წერია, უნდა გადაიხედოს

ნამახვანჰესთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია მე ღიად დავაფიქსირე, არ დამიმალავს, რომ ეს პროექტი მემკვიდრეობით დამხვდა და რა თქმა უნდა, მიუღებელია ის პირობები, თუნდაც 100 წელი და სხვა პირობები, რომლებიც იქ წერია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, დეპუტატების მიერ ემ თემაზე დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საუბარი ჰქონდა ინვესტორთან, დამფუძნებელთან და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. „ჩემი მოწვევით ის იმყოფებოდა საქართველოში და ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ ეს პირობები უნდა გადაიხედოს. ვმუშაობთ აქტიურად, ჩართულია ქალბატონი ნათია თურნავა. ა მას გარდა, იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს დავავალე, მან გამოაცხადა კონკურსი, შერჩეულია შესაბამისი, საერთაშორისო ავტორიტეტის კომპანია, რომელიც შეისწავლის აღნიშნული კონტრაქტის საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას. თუ კიდევ დამატებით რაიმე შეუსაბამობას აღმოვაჩენთ და შესაბამისი დასკვნაც იქნება, რა თქმა უნდა, ამასაც გავითვალისწინებთ, მაგრამ იქ არის პრინციპული საკითხები, რაც ჩვენში დამატებით ემოციას იწვევს და რაც აბსოლუტურად გასაგებია, ეს ყველას გვესმის და ამაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ინვესტორთან, რომ ეს პირობები შეიცვალოს. ამასთან ერთად, ჩვენ თხოვნით მივმართეთ და ჩავრთეთ ევროკავშირის წარმომადგენელი მედიაციის პროცესში. მე პირადად არაერთგზის დავუდასტურე ჩემი წარმომადგენლების მეშვეობით ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეებს დიალოგი, სრული გახსნილობა, სრული გამჭვირვალობა, რათა არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი და აშენდეს ეს პროექტი ისეთი სახით, როგორც სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის. მინდა, ყველას კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ქვეყანაში ასეთი მასშტაბური პროექტი არ აშენებულა. რა თქმა უნდა, ჩვენ მორატორიუმი გამოვაცხადეთ კაშხლის მშენებლობაზე, ეს ჩემს დროს მოხდა, ვთქვით, რომ მინიმუმ 9-12 თვე არ დაიწყება კაშხლის მშენებლობა, ვიდრე პასუხი არ გაეცემა ყველა კითხვას, რომელიც დაკავშირებულია გარემოზე ზემოქმედების ეფექტსა და ზიანთან. ნებისმიერი რისკი გამორიცხული უნდა იყოს. ჩვენ არ გვაქვს ნავთობი, გაზი და სხვა ძვირფასი რესურსები, მაგრამ გვაქვს ისეთი ძვირფასი რესურსი, როგორიც არის წყალი და ჰიდრორესურსები. შეგვიძლია, გავიზიაროთ ევროპული ქვეყნების პრაქტიკა, როგორიცაა შვეიცარია, ავსტრია, გერმანია, სადაც ასეთი დონის უზარმაზარი ჰესებია აშენებული და გარემოს არავითარი ზიანი არ ადგება. რა თქმა უნდა, ყველაფერი ხდება იმ პარამეტრების და წესების დაცვით, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია. ჩვენ თუ მაქსიმალურად გონივრულად არ გამოვიყენებთ ჩვენს რესურსებს, ვერ მივაღწევთ ენერგოდამოუკიდებლობას და ენერგოუსაფრთხოებას, რაც, საბოლოო ჯამში, გადის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე, დამოუკიდებლობაზე, მეგობრებო, ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერეზე. ყველა პროექტს, რომელიც სასარგებლოა ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის, მთავრობისგან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება. ყველა პროტესტი გამოხატული უნდა იყოს კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში, დანარჩენი ყველაფერი მიუღებელია. პროცესი იქნება მაქსიმალურად გახსნილი და გამჭვირვალე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი ანაკლიის პორტზე: თუ პროექტის დასაფინანსებლად რეალური ინვესტორი იქნება ქვეყანაში, ჩვენ მზად ვართ სრული მხარდაჭერისთვის

დღესაც გიდასტურებთ, თუ აღნიშნული პროექტის დასაფინანსებლად რეალური ინვესტორი იქნება ქვეყანაში, ჩვენ მზად ვართ სრული მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ-ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი ანაკლიის პორტის შესახებ მამუკა ხაზარაძის მიერ დასმულ კითხვას. მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტს უპრეცედენტო მხარდაჭერა ჰქონდა ხელისუფლების მხრიდან, პარლამენტმა ჩაწერა კონსტიტუციაში და ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს და ზონას მიეცა სპეციალური სტატუსი. "ანაკლიის პორტზე, ჯერ კიდევ ჩემი პირველი პრემიერობის დროს ჩვენ გვქონდა არა ერთი შეხვედრა, სრულ მხარდაჭერას გიწევდით და გიდასტურებდით ამ პროექტთან მიმართებაში. ყველა ტრიბუნიდან, ყველა დონეზე მე და შემდეგი პრემიერებიც ყოველთვის მხარს გიჭერდით. ყოფილი პრემიერი და პარტიის თავმჯდომარეც, მოგეხსენებათ, მხარს გიჭერდათ ამ პროექტში. უფრო მეტიც, დაფინანსების შემოთავაზებაც კი გქონდათ თქვენ მიღებული. თქვენ მოგეცათ გონივრულზე მეტი ვადა, 4 წელი. სამწუხაროდ, თქვენ ვერ შეასრულეთ ვალდებულებები და ეს პროექტი ვერ განხორციელდა. უფრო მეტიც, პარლამენტმა ჩაწერა კონსტიტუციაში და ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს და ამ ზონას მიეცა სპეციალური სტატუსი, რაც იყო უპროცედენტო ნაბიჯი ჩვენი მხრიდან, უმაღლეს დონეზე გქონდათ მხარდაჭერა. მას შემდეგ მოგეხსენებათ, მე ბოლო 4 წელი არ ვიყავი მთავრობაში და როგორც მთავრობის წევრებისგან ვიცი, თქვენ არა ერთხელ-სამჯერ თუ ოთხჯერ გადაგივადეს. პირველი ფაზაც ვერ შეასრულეთ. შემდეგ სამწუხაროდ წავიდა პოლიტიკური, სპეკულაციები და საუბარი იმაზე, რომ თითქოს მთავრობა გიშლით ხელს და რუსეთის დავალებით ვერ განახორციელეთ აღნიშნული პროექტი. დღესაც გიდასტურებთ, თუ აღნიშნული პროექტის დასაფინანსებლად რეალური ინვესტორი იქნება ქვეყანაში, ჩვენ მზად ვართ სრული მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ. უფრო მეტიც, მიწებიც გადმოგეცათ, 100 მილიონი დოლარის დაფინანსებაზეც მიიღეთ გარანტია, საპარტნიორო ფონდიდან. მანამდე დაიხარჯა რამდენიმე ათეული მილიონი ლარიც. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან გაუგებარი და სამწუხაროა, იმიტომ, რომ ჩვენ ერთად გვივლია ამერიკაშიც მათ შორის ამ პროექტით, გაეროს ტირბუნიდან, ყველა პლატფორმაზე გქონდათ სრული მხარდაჭერა და სამწუხაროა,რომ ეს პროექტი ვერ განხორციელდა",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი ირანელ ბიზნესმენზე: თუ აშშ-ის მიერ ძებნილი და სანქცირებული პირი მე მიჩივის ირანის სასამართლოში, მგონი, გამიმართლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ირანელ ბიზნესმენთან დაკავშირებით მის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ აღნიშნულ ბანკსა და კომპანიას ამერიკის შეერთებული შტატები ფულის გათეთრებას ედავებოდა. რამდენიმე დღეა, აბსოლუტურად სასოწარკვეთილები სვამენ ერთსა და იმავე კითხვას, გაისმა ბრალდება, თითქოს მე ერთ-ერთ ირანელ ბიზნესმენს, ბიზნესი წავართვი და ა.შ. დეტალებში, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ვერ შევდივარ, მაგრამ ძალიან მოკლედ, ზედაპირულად მინდა, მოსახლეობისთვის განვმარტო, რომ აღნიშნული ბანკი და კომპანია აშშ-ის სანქციების ქვეშ იყო მოხვედრილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, დეპუტატ გია ვოლსკის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში, 2013 წელს ამ საქმეზე აქტიური კოორდინაცია ჰქონდა დასავლელ პარტნიორებთან. „მაშინ მე ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი, 2013 წელს, როდესაც ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან და სხვა პარტნიორებთან ამ საკითხზე გვქონდა აქტიური მუშაობა და უშუალოდ მათი კოორდინაციით მოხდა აღნიშნული ბანკის ლიცენზიის შეჩერება და ა.შ, ვინაიდან ასეულობით მილიონი დოლარის გათეთრება დაფიქსირდა ამ ბანკში ამ ბანკში 2012 წლამდე, მაშინ, როდესაც „ნაციონალები“ იყვნენ ხელისუფლებაში და სწორედ მათთან აფილირებული იყო აღნიშნული ბანკი და კომპანია. თუ მეტი დეტალი გაინტერესებთ, შეგვიძლია, თხოვნით მივმართოთ ნდობის ჯგუფს და შესაბამისი უწყებები დეტალურ ინფორმაციას წარმოგიდგენენ და გეტყვიან, თუ რაოდენ საშიში და მნიშვნელოვანი დანაშაულები აღვკვეთეთ მაშინ. ძალიან მარტივია პასუხი, თუ აშშ-ის მიერ ძებნილი და სანქცირებული პირი მე მიჩივის ირანის სასამართლოში, მგონი, გამიმართლა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ნათია თურნავა ანაკლიის პორტზე: ერთ თვეში გვეცოდინება, რა ფორმით შეიძლება შევთავაზოთ ინვესტორებს

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, დაახლოებით, ერთ თვეში ეცოდინებათ, რა ფორმით შეიძლება შესავაზონ ანაკლიის პორტი ინვესტორებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ანაკლია სტრატეგიული პროექტია. "მოგეხსენებათ, ანაკლია ჩვენთვის სტრატეგიული პროექტია. ჩვენ მართლაც ძალიან სერიოზულად ვფიქრობთ, მიუხედავად პოსტპანდემიური პერიოდისა, როგორ გავხადოთ ანაკლიის პროექტი კვლავ საინტერესო ინვესტორებისთვის. ჩვენ ავიყვანეთ საერთაშორისო კონსულტანტი, რომელიც 2015 წელს მომზადებული სატენდერო დოკუმენტაციას აახლებს და ასევე, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების, იგივე ბაზრის კვლევას. დაახლოებით, ერთ თვეში გვექნება შედეგები და ჩვენ დავინახავთ რა ფორმით შეიძლება შევთავაზოთ უკვე ინვესტორებს", — განაცხადა თურნავამ. ირაკლი ღარიბაშვილი: პრიორიტეტად რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა EXCLUSIVE: ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა იმედი მაქვს, ანაკლიის პორტის პროექტზე ინვესტორების მოზიდვა წელს მოხერხდება - ნათია თურნავა

ამირან გამყრელიძე: ეპიდსიტუაციის კუთხით ნახტომისებური ჩამოსვლა არ გვაქვს, პლატოზე ვართ გასული

ეპიდსიტუაციის კუთხით ნახტომისებური ჩამოსვლა არ გვაქვს, პლატოზე ვართ გასული, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვებინარზე განაცხდა. მისი თქმით, ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევები 500-800-ს შორის მერყეობს, რაც საქართველოსთვის საკმაოდ მაღალია. "ეპიდსიტუაცია სტაბილიზირდება, მაგრამ ძალიან ნელი ტემპით, ანუ ნახტომისებური ქვემოთ ჩამოსვლა არ გვაქვს, პლატოზე ვართ გასული და ჯერჯერობით ქვემოთ არ მოდის. ყოველდღიური შემთხვევები მერყეობს 500-800-ს შორის, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის ეს საკმაოდ მაღალია. გასაგებია, რომ მთელი რიგი მიზეზების გამო პირბადის ტარების მანდატორიზმი მოიხსნა ღია სივრცეებში, მაგრამ მაინც ჩვენი რეკომენდაციაა, რომ მოსახლეობის უმრავლესობას თვითშეგნებიდან გამომდინარე პირბადე, სადაც ძალიან არ გვიჭირს - ვატაროთ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.