ეკონომიკა

ნათია თურნავა: საქართველოში ვითარდება რამდენიმე პროექტი, რომელიც ითვალისწინებს კინოს პავილიონების განვითარებას, მათ შორის, ჰოლივუდის ფილმებისთვის

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ცვლილება შედის. საუბარია კინოინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტზე, რომელიც ადგილობრივი კინოინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობასა და უცხოური კინოწარმოების მოზიდვაზეა ორიენტირებული. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ცვლილების ფარგლებში, კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის ახალი ეტაპი გამოცხადება განახლებული დიზაინითა და პირობებით, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი კინოინდუსტრიის ბაზრის ზრდას, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარებას და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, განახლებული პირობებით პროექტების მიღება უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. „პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ ხელს უწყობს საქართველოს ცნობადობის ამაღლებას. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ყალიბდება არა მხოლოდ კინოპროდუქციის ერთჯერადი გადაღების წერტილად, არამედ კინოპროდუქციის მრავალჯერადი წარმოების პლატფორმად. საგულისხმოა, რომ აღნიშნული პროგრამის განახლებასთან ერთად საქართველოში ვითარდება რამდენიმე პროექტი, რომელიც ითვალისწინებს კინოს პავილიონების განვითარებას, მათ შორის, ჰოლივუდის ფილმებისთვის. ეს იქნება დიდი მიღწევა, რადგან ესაა მუდმივი სამუშაო ადგილების წყარო. ეს არის ჩვენთან, საქართველოში კინოინდუსტრიისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პლატფორმა და გარდა ამისა, ეს არის ტურისტების მოზიდვისთვის საუკეთესო მექანიზმი“, - აღნიშნა მინისტრმა. ცნობისთვის, პროგრამას "გადაიღე საქართველოში" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო "აწარმოე საქართველოში" 2016 წლიდან ახორციელებს. პროგრამა კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.

1-ლი ივლისიდან დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ის ბაზა ქუთაისის აეროპორტში ბრუნდება

,,Wizz Air-ის ქუთაისის ბაზის დაბრუნება საქართველოში ადგილობრივი კადრების დასაქმებას შეუწყობს ხელს,-‘’საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის განმარტებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ის ბაზის არსებობა დამატებით სამუშაო ადგილებს ქმნის და ეკონომიკის, როგორც პირდაპირ, ისე ირიბ ინვესტირებას და სტიმულირებას უწყობს ხელს. "პანდემიის გამო ავიაკომპანიას მოუხდა ბორტების გადაყვანა მთავარ ბაზაზე ბუდაპეშტში, მაგრამ ახლა უკვე, ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოში ბაზის დაბრუნების შესაძლებლობა გაჩნდა. რაც ჩვენი ქვეყნისთვის ნიშნავს იმას, რომ ბაზაზე არის მიბმული საქართველოს მოქალაქეების დასაქმება ადგილზე. როგორც იცით, ბაზირებულ რეისებზე ეკიპაჟი საქართველოს მოქალაქეებით არის დაკომპლექტებული. დღეისათვის მათი უმეტესობა დისლოცირებულია საზღვარგარეთ. ისინი შეძლებენ სამშობლოში დაბრუნებას და აქედან თავიანთი საქმიანობის გაგრძელებას. შესაბამისად ქუთაისისთვის და ზოგადად, იმერეთის რეგიონისთვის ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების კუთხით Wizz Air-ის ბაზის არსებობას დიდი მნიშვნელობა აქვს", -განაცხადა თამარ არჩუაძემ. 1-ლი ივლისიდან ვროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებულ საჰაერო ხომალდს აბრუნებს და საქართველოდან ევროპის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს 6 მიმართულებით: მილანი, პრაღა, ათენი, სალონიკი, ლარნაკა, მემინგენი შეასრულებს. ,,შესაძლოა რიგითი მგზავრი, ბილეთის შეძენისას ვერ გრძნობს განსხვავებას ავიაკომპანიის ბაზირებულ მიმართულებაზე ყიდულობს ბილეთს, თუ არაბაზირებულზე. ბაზირებული ხომალდი რეისს იწყებს და ასრულებს იმ აეროპორტში, სადაც მას ბაზა გააჩნია. პირობითად, მილანის მიმართულებით პირდაპირი რეისები დაიწყება ქუთაისიდან და დასრულდება ქუთაისში და შემდეგ გაგრძელდება სხვა მიმართულებით, რომელიც კონკრეტულ ბაზირებულ ხომალდზეა მიბმული. ბაზის არსებობის დროს, ტექნიკურად უფრო მარტივი და მოქნილი ხდება თანამშრომლობა ავიაკომპანიებსა და აეროპორტებს შორის. ავიაკომპანია აეროპორტის სერვისებზე შეღავათებით სარგებლობს, სახელმწიფო კი ადგილობრივ მოსახლეობას ასაქმებს", - განმარტავს თამარ არჩუაძე.

„საქართველო ფსონს ტურიზმის მდგრად განვითარებაზე დებს" -  fDi Magazine საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს

„საქართველო ფსონს ტურიზმის მდგრად განვითარებაზე დებს" - ამ სათაურით გავლენიანი ეკონომიკური გამოცემა Financial Times-ის ჟურნალი fDi Magazine ვრცელ სტატიას აქვეყნებს. გამოცემა მკითველს საქართველოს ეკონომიკის შესახებ ვრცელ მიმოხილვას სთავაზობს, სადაც ერთ-ერთი მთავარი თემა ტურიზმია. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. „ტურიზმი საქართველოში რთული გასაყიდი არ არის. მართალია ეს ქვეყანა მცირე ზომისაა, მაგრამ ის ამაყობს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ადგილებით, შავი ზღვის სანაპიროთი, ჯადოსნური კავკასიონის მთებით, მრავალფეროვანი ბუნებით, 8 ათასწლოვანი ღვინის დამზადების ტრადიციითა და მდიდარი სამზარეულოს კულტურით“, - წერს გამოცემის ჟურნალისტი და აღნიშნავს, რომ 2009 წლიდან 2012 წლამდე საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 200%-ით გაიზარდა და 1.5 მილიონიდან 4.4 მილიონს მიაღწია. 2019 წელს კი მოგზაურთა რაოდენობა ამ მონაცემებზე ორჯერ უფრო მეტად გაიზარდა და საქართველოში 9.3 მილიონი საერთაშორისო ვიზიტი შედგა. ამ შედეგმა ქვეყნის ეკონომიკას 3 მილიარდ დოლარზე მეტი მოუტანა, რაც მთლიანი შიდა პროდუქციის 7.5% -ს შეადგენს. სტატიაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის თამარ ყორიაულის ციტატაა მოყვანილი. „ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მდგრადი ტურიზმის განვითარებაა, ეს არის ეკონომიკის სამინისტროს ეროვნული პოლიტიკის ნაწილი. ჩვენ მხარს ვუჭერთ ადგილობრივ მოსახლეობას, მათთვის უსასყიდლოდ ვმართავთ ტრენინგებს უსაფრთხოების, მდგრადობისა და ეკო პრინციპების დასანერგად", - აცხადებს თამარ ყორიაული fDi Magazine-თან საუბარში. „ვიდრე მთავრობა კერძო სექტორის მხარდაჭერის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინვესტიციებისა და საქართველოს ტურიზმის პოპულარიზაციის სტრატეგიაზე მუშაობს, ამასობაში ევროკავშირი, USAID, გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP) და სხვა ორგანიზაციები ფინანსური კუთხით აქტიურად მხარს უჭერენ საქართველოს, რომ რეგიონული პროექტები განავითაროს. მაგალითად, ევროკავშირმა შვედეთთან და ავსტრიასთან ერთად „პროექტი გრეტა“ წამოიწყო. ეს არის დასავლეთ საქართველოს სამთო რეგიონების რვა მუნიციპალიტეტისათვის შეთავაზებული 860 000 ევროს ღირებულების საგრანტო პროგრამა. ასეთი გრანტებით მოქალაქეებს არა მხოლოდ სახლების შეკეთება და შემდეგ ორი ოთახის გაქირავება, არამედ ბიზნეს მოდელის შექმნა შეუძლიათ, სადაც გარემოზე ზემოქმედების ფაქტორებიც არის გათვალისწინებული“, - წერს სტატიის ავტორი.

1-ლი ივლისიდან ვარკეთილში, გლდანში, მუხიანსა და სენაკში გაზი ძვირდება

გაზგამანაწილებელი მცირე კომპანიების ტარიფები დაკორექტირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ავრცელებს. სემეკის ცნობით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 28 ივნისის საჯარო სხდომაზე იმსჯელა ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი მცირე კომპანიებისათვის - შპს „გასკო +“, შპს „ვარკეთილაირი“, სს „ენერგოკავშირი “ ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების ტარიფების კორექტირებაზე. კორექტირებული ტარიფები ძალაში შევა 1-ლი ივლისიდან და იმოქმედებს 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. "შპს „გასკო +“ ოპერირებს ქ. სენაკში და ემსახურება 9 ათასამდე აბონენტს. შპს „ვარკეთილაირი“ ოპერირებს ქ.თბილისში, ვარკეთილში 16 ათასამდე აბონენტს ემსახურება. სს „ენერგოკავშირი“ ოპერირებს ქ. თბილისში, ემსახურება გლდანისა და მუხიანის რამდენიმე მიკრორაიონს, ჯამში 12 000-მდე აბონენტს. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, შპს „გასკო +“-ის კორექტირებული ტარიფია 53.351 თეთრი/მ3 დღგ-ს ჩათვლით. პირველ ივლისამდე მოქმედი ტარიფი შეადგენს 48.301 თეთრი/მ3-ს. შპს „ვარკეთილაირის“ კორექტირებული ტარიფია 57.062 თეთრი/მ3. პირველ ივლისამდე მოქმედი ტარიფი შეადგენს 48.677 თეთრი/მ3-ს. სს „ენერგოკავშირის“ კორექტირებული ტარიფია 57.794 თეთრი/მ3. პირველ ივლისამდე მოქმედი ტარიფი შეადგენს 49.443 თეთრი/მ3-ს. ტარიფების ცვლილების საფუძველს წარმოადგენს ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სემეკში შესული კომპანიების მოთხოვნები ტარიფების კორექტირებასთან დაკავშირებით", - ნათქვამი გავრცელებულ ინფორმაციაში. 27 მაისს, სემეკის გადაწყვეტილებით, გაზის საფასური გაიზარდა თბილისის ზოგიერთ ნაწილში - კომპანია "თბილისი ენერჯის" აბონენტებისთვის. თბილისსა და რეგიონებში დენი გაძვირდა

მთავრობამ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტში ცვლილებები დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტში ცვლილებები დაამტკიცა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტს ახალი მიზნობრიობა დაემატა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პროექტის ფარგლებში, შესაძლებელი გახდა განახლებადი ენერგიის წყაროების შეძენა, მონტაჟი და მოწყობა, რაც გარემოზე ზემოქმედების შემცირებას შეუწყობს ხელს; ამავდროულად, გაზრდის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების პრაქტიკის დანერგვას. აღნიშნული მიზნობრიობით ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხების ჯამური მოცულობა 1,5 მლნ ლარიდან 10 მლნ ლარამდე მერყეობს. სოფლის განვითარების სააგენტო მოახდენს გაცემული სესხის არაუმეტეს 36 თვის პროცენტის თანადაფინანსებას, წლიური 11%-ის ოდენობით. პროექტში განხორციელებული ცვლილებებით, განახლებადი ენერგიის წყაროების შეძენა აგროლიზინგითაც შესაძლებელი გახდა.

ეკონომიკის მინისტრი: დავიწყებთ მუშაობას უსაფრთხოების ახალ პროტოკოლებზე, რითაც შეიძლება მომავალში ღამის კლუბების ინდუსტრია ავამოქმედოთ

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ღამის კლუბების წარმომადგენლებთან ერთად მთავრობა უსაფრთხოების ახალ პროტოკოლებზე დაიწყებს მუშაობას. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „დაწყებული გვაქვს გარკვეული შესწავლა. ადრეც ვთქვი, რომ სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგება, მაგრამ არ გვინდა, რომ ეს იყოს შეხვედრა შეხვედრისთვის, რადგან ეს დაზარალებული ინდუსტრიაა. ჩვენ პრობლემატიკის შესწავლა დავიწყეთ, ანუ კონკრეტულად რა უჭირთ ყველაზე მეტად, რა სპეციფიკით ხასიათდება ეს სექტორი და რა დახმარება შეიძლება გავუწიოთ. მათ შორის ახლა დავიწყებთ მათთან ერთად მუშაობას ახალ უსაფრთხოების პროტოკოლებზე, რითაც შეიძლება მომავალში ავამოქმედოთ ეს ინდუსტრია“, - განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავა: პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ განახლდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ განახლდება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ბოლო პერიოდში რამდენიმე წარმატებული შემთხვევა გვქონდა, როცა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ჰოლივუდის წარმომადგენლებმა გადაიღეს ფილმები, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო კინოკომპანიების მიერ მიმდინარეობდა კინოგადაღება. 2019 წლის ბოლოს, პანდემიის დაწყებასთან ერთად შეწყდა დროებით ეს პროგრამა და დღეს გადავწყვიტეთ, რომ განახლებული, გაუმჯობესებული ფორმით აღვადგინოთ ეს პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს პოპულარიზაციას, სხვადასხვა მსოფლიოში ცნობილი კინოკომპანიის ჩამოსვლას. ამ პროგრამის განახლების მოლოდინში წამოწყებულია პროექტები, რომლებიც საქართველოში არა მხოლოდ ერთჯერადად, არამედ კონკრეტულად სტუდიების და პავილიონების შექმნას ითვალისწინებს“, - განაცხადა თურნავამ. მინისტრი დარწმუნებულია, რომ პროგრამა მომავალ წლებში ძალიან წარმატებული იქნება. „პროგრამის ძირითადი პრინციპი არის ე.წ. ქეშბექი. როცა შეთანხმებული ბიუჯეტით ხდება კინოს გადაღება, ხოლო მერე, როცა დადასტურდება საინვესტიციო ხარჯები, ჩვენს მიერ ხდება თანამონაწილეობა და ანაზღაურება დაახლოებით 20%-ის რაოდენობით“, - განაცხადა თურნავამ და დასძინა, რომ პროექტის განხორციელებას მონიტორინგს გაუწევს კულტურის სამინისტროც.

რადიომაუწყებლებს მილიონ-ნახევარი ლარის დავალიანება ჩამოეწერებათ

რადიომაუწყებლობის კომპანიებს მილიონ-ნახევარი ლარის დავალიანება ჩამოეწერებათ, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პანდემიის გამო, რადიომაუწყებლებს შემოსავლები შეუწყდათ ან შეუმცირდათ, რის გამოც დაგროვილი დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნით მიმართეს საქართველოს მთავრობას და მარეგულირებელ კომისიას. თურნავას თქმით, მთავრობამ დღეს გაითვალისწინა კომპანიების წინაშე მდგარი პრობლემები. „გადაწყვეტილება ვიცი, ძალიან გაუხარდებათ სხვადასხვა რადიომაუწყებელ კომპანიას. მოგეხსენებათ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებობს ასეთი კომპანია შპს „საქართველოს ტელე-რადიო ცენტრი“, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ფლობს ანძებს. ანძების მეშვეობით ვაწვდით სიხშირეებს სხვადასხვა რადიომაუწყებელს. ჩვენ რამდენიმე ხნის წინ და ასევე მარეგულირებელ კომისიას მიმართა 24-მა რადიომაუწყებლობის კომპანიამ, რომლებმაც მოითხოვეს ამ „ტელე-რადიო ცენტრის“ მიმართ დაგროვილი დავალიანების პატიება, რაც ახსნილი იყო კორონავირუსის პანდემიის პერიოდით. ჩვენ მიერ, მთავრობის მიერ გაზიარებულ იქნა ეს არგუმენტაცია, რადგან მართლაც, ძირითადი შემოსავალი რადიომაუწყებლების, რადიოკომპანიების არის რეკლამა. მოგეხსენებათ, რომ 2020 წელს შეფერხებული იყო ეკონომიკური საქმიანობა და რა თქმა უნდა, შემოსავლები ამ წყაროდან მათ შეუწყდათ ან შეუმცირდათ. აქედან გამომდინარე, მთავრობამ გაიზიარა მათი მოთხოვნა და მთლიანობაში, დაახლოებით მილიონ ნახევარი ლარის დავალიანება და ასევე, წლის ბოლომდე მომსახურების საფასურის პატიება ხდება რადიომაუწყებელი კომპანიების მიმართ. გვინდა, მათ ვუსურვოთ წარმატება. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებამ ხელი შეუწყო და მომავალშიც შევუწყობთ ხელს მათ შეუფერხებელ საქმიანობას, თავისუფალ რადიომაუწყებლობას. გავითვალისწინეთ მათ წინაშე მდგარი პრობლემები და ასეთი ქმედითი ბერკეტი მოვნახეთ და დავამტკიცეთ დღეს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავა ნამახვანჰესზე: მედიაციის პროცესი მიდის ცივილიზებულ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გარემოში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის ჩართულობით, ნამახვანჰესთან დაკავსირებული მედიაციის პროცესი ცივილიზებულ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გარემოში მიდის. როგორც თურნავა აღნიშნავს, მხარეებს შორის დეესკლაციისთვის პირველი ნაბიჯები გადაიდგა. მინისტრის განცხადებით, მომდევნო ნაბიჯი არის ის, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა და ლიდერებმა ხელი არ შეუშალონ ინვესტორს სამუშაოების განხორციელებაში. „დადასტურდა, რომ მედიაციის პროცესი ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო, რომელიც პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს მთავრობამ მიიღო. მედიაცია საერთაშორისო სტანდარტების შესატყვის გარემოში, ცივილიზებულად მიდის. დეესკლაციისთვის პირველი ნაბიჯები გადაიდგა. იცით, რომ ჩვენც შევამცირეთ პოლიციის კონტინგენტი და რკინის ჯებირები მოიხსნა. შემდეგი ნაბიჯი, რაც არის შეთანხმებული საერთაშორისო მედიატორთან არის ის, რომ აქციის მონაწილეებმა და ლიდერებმა ასევე უნდა აიღონ გარკვეული პასუხისმგებლობა, რომ არ შეუშლიან ხელს ინვესტორს და კომპანიას მშვიდობიანად განახორციელონ სამუშაოები საწყისი ნებართვის ფარგლებში. მედიაციის მთავარი მიმართულება არის გარემოსდაცვითი სტანდარტების გადამოწმება, გარემოსდაცვითი პროცედურების, თუ კვლევების გადამოწმება, იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, ყველა დარწმუნდეს, რომ ეს პროექტი განხორციელდება მხოლოდ უმაღლესი გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სტანდარტების შესატყვისად, როგორც საქართველოს ინტერესებში იქნება. დიალოგი მიმდინარეობს, ამ პლატფორმას ორივე მხარე კარგად ვიყენებთ“, - აღნიშნავს თურნავა.

პრემიერი: ფოთი-კონსტანცას პროექტის მიმართ დიდი ინტერესია ბრიუსელის მხრიდან, მსოფლიო ბანკი აფინანსებს და ჩვენ ამ პროექტს კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით გავაგრძელებთ

ფოთი-კონსტანცას პროექტთან დაკავშირებით პანდემიის პერიოდში იყო გარკვეული შეფერხება, ახლა მაქსიმალურად დავაჩქარებთ პროცესს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის შემდეგ, ფოთი-კონსტანცას პროექტთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პროექტთან დაკავშირებით არაერთი შეხვედრა გაიმართა. „ჩვენ როდესაც ვიმყოფებოდით ბრიუსელში, მაშინ გვქონდა ამის თაობაზე საუბარი. მანამდეც იყო საუბარი ევროკავშირთან, აღნიშნული პროექტის მიმართ არის დიდი ინტერესი ბრიუსელის მხრიდან, მსოფლიო ბანკი აფინანსებს და ჩვენ აღნიშნულ პროექტს კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით გავაგრძელებთ. რაც შეეხება ილტოს წყალსაცავის პროექტს, ტენდერი ჩატარდება წელს და ეს პროექტი უკვე დასრულებულია. 2019 წლის ბოლოს რკინიგზამ დაიწყო მუშაობა პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავდა ფოთისა და ბათუმის პორტის დაკავშირებით რუმინეთის პორტ კონსტანცასთან. ფიდერით (საკონტეინერო გემით) რუმინეთის პორტ - კონსტანცასთან. აღმოსავლეთდან რკინიგზით წამოსული კონტეინერების ევროპის დანიშნულებით ტრანსპორტირება და პირიქით. გაიმართა არაერთი შეხვედრა, მოეწერა ხელი მემორანდუმს. პანდემიის პერიოდში იყო გარკვეული შეფერხება, ახლა მაქსიმალურად დავაჩქარებთ პროცესს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი ანაკლიის პორტზე: თუ პროექტის დასაფინანსებლად რეალური ინვესტორი იქნება ქვეყანაში, ჩვენ მზად ვართ სრული მხარდაჭერისთვის

დღესაც გიდასტურებთ, თუ აღნიშნული პროექტის დასაფინანსებლად რეალური ინვესტორი იქნება ქვეყანაში, ჩვენ მზად ვართ სრული მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ-ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი ანაკლიის პორტის შესახებ მამუკა ხაზარაძის მიერ დასმულ კითხვას. მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტს უპრეცედენტო მხარდაჭერა ჰქონდა ხელისუფლების მხრიდან, პარლამენტმა ჩაწერა კონსტიტუციაში და ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს და ზონას მიეცა სპეციალური სტატუსი. "ანაკლიის პორტზე, ჯერ კიდევ ჩემი პირველი პრემიერობის დროს ჩვენ გვქონდა არა ერთი შეხვედრა, სრულ მხარდაჭერას გიწევდით და გიდასტურებდით ამ პროექტთან მიმართებაში. ყველა ტრიბუნიდან, ყველა დონეზე მე და შემდეგი პრემიერებიც ყოველთვის მხარს გიჭერდით. ყოფილი პრემიერი და პარტიის თავმჯდომარეც, მოგეხსენებათ, მხარს გიჭერდათ ამ პროექტში. უფრო მეტიც, დაფინანსების შემოთავაზებაც კი გქონდათ თქვენ მიღებული. თქვენ მოგეცათ გონივრულზე მეტი ვადა, 4 წელი. სამწუხაროდ, თქვენ ვერ შეასრულეთ ვალდებულებები და ეს პროექტი ვერ განხორციელდა. უფრო მეტიც, პარლამენტმა ჩაწერა კონსტიტუციაში და ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს და ამ ზონას მიეცა სპეციალური სტატუსი, რაც იყო უპროცედენტო ნაბიჯი ჩვენი მხრიდან, უმაღლეს დონეზე გქონდათ მხარდაჭერა. მას შემდეგ მოგეხსენებათ, მე ბოლო 4 წელი არ ვიყავი მთავრობაში და როგორც მთავრობის წევრებისგან ვიცი, თქვენ არა ერთხელ-სამჯერ თუ ოთხჯერ გადაგივადეს. პირველი ფაზაც ვერ შეასრულეთ. შემდეგ სამწუხაროდ წავიდა პოლიტიკური, სპეკულაციები და საუბარი იმაზე, რომ თითქოს მთავრობა გიშლით ხელს და რუსეთის დავალებით ვერ განახორციელეთ აღნიშნული პროექტი. დღესაც გიდასტურებთ, თუ აღნიშნული პროექტის დასაფინანსებლად რეალური ინვესტორი იქნება ქვეყანაში, ჩვენ მზად ვართ სრული მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ. უფრო მეტიც, მიწებიც გადმოგეცათ, 100 მილიონი დოლარის დაფინანსებაზეც მიიღეთ გარანტია, საპარტნიორო ფონდიდან. მანამდე დაიხარჯა რამდენიმე ათეული მილიონი ლარიც. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან გაუგებარი და სამწუხაროა, იმიტომ, რომ ჩვენ ერთად გვივლია ამერიკაშიც მათ შორის ამ პროექტით, გაეროს ტირბუნიდან, ყველა პლატფორმაზე გქონდათ სრული მხარდაჭერა და სამწუხაროა,რომ ეს პროექტი ვერ განხორციელდა",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ნათია თურნავა ანაკლიის პორტზე: ერთ თვეში გვეცოდინება, რა ფორმით შეიძლება შევთავაზოთ ინვესტორებს

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, დაახლოებით, ერთ თვეში ეცოდინებათ, რა ფორმით შეიძლება შესავაზონ ანაკლიის პორტი ინვესტორებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ანაკლია სტრატეგიული პროექტია. "მოგეხსენებათ, ანაკლია ჩვენთვის სტრატეგიული პროექტია. ჩვენ მართლაც ძალიან სერიოზულად ვფიქრობთ, მიუხედავად პოსტპანდემიური პერიოდისა, როგორ გავხადოთ ანაკლიის პროექტი კვლავ საინტერესო ინვესტორებისთვის. ჩვენ ავიყვანეთ საერთაშორისო კონსულტანტი, რომელიც 2015 წელს მომზადებული სატენდერო დოკუმენტაციას აახლებს და ასევე, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების, იგივე ბაზრის კვლევას. დაახლოებით, ერთ თვეში გვექნება შედეგები და ჩვენ დავინახავთ რა ფორმით შეიძლება შევთავაზოთ უკვე ინვესტორებს", — განაცხადა თურნავამ. ირაკლი ღარიბაშვილი: პრიორიტეტად რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა EXCLUSIVE: ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა იმედი მაქვს, ანაკლიის პორტის პროექტზე ინვესტორების მოზიდვა წელს მოხერხდება - ნათია თურნავა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაახანგრძლივა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაახანგრძლივა. "ევროკავშირი რუსეთის მიმართ ერთიან და სტრატეგიულ მიდგომას 5 სახელმძღვანელო პრინციპის საფუძველზე განახორციელებს. ჩვენ გავახანგრძლივეთ ჩვენი ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ: მოსკოვმა უნდა შეიტანოს თავისი წვლილი მინსკის შეთანხმებების უზრუნველყოფაში. ჩვენ დიალოგის ფორმატებსა და პირობებს შევისწავლით", - წერს შარლ მიშელი Twitter-ზე. ცნობისთვის, ევროკავშირის შეზღუდვები რუსეთის ფინანსური, ენერგეტიკული და თავდაცვითი სექტორების წინააღმდეგაა მიმართული. თავდაპირველად ევროკავშირმა რუსეთს სანქციები 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო დაუწესა. 2015 წლიდან სანქციები მინსკის შეთანხმებების შესრულებაზეა მიბმული.

ირაკლი ღარიბაშვილი: მასწავლებლების ანაზღაურება 2030 წლისთვის 2200 ლარს გადააჭარბებს

ეტაპობრივად გაიზრდება მასწავლებლების ანაზღაურება და 2030 წლისთვის საშუალო დატვირთვის პირობებში 2200 ლარს გადააჭარბებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კვლავ დიდი ყურადღება დაეთმობა განათლების ხარისხსა და ხელმისაწვდომობას. „ამის თაობაზე ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. როგორც სკოლების რეაბილიტაციას, ზოგადადი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ჩვენი განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაციას საერთაშორისო დონეზე. მომდევნო 10 წლის განმავლობაში, უმაღლესი განათლება 2 მილიარდ 830 მილიონი ლარით, ხოლო მეცნიერება 2 მილიარდ 104 მილიონი ლარით დაფინანსდება. ეტაპობრივად გაიზრდება მასწავლებლების ანაზღაურება და 2030 წლისთვის საშუალო დატვირთვის პირობებში 2200 ლარს გადააჭარბებს. მომდევნო წლების განმავლობაში, ზოგადი განათლების ბიუჯეტი 2 მილიარდ 230 მილიონს გადააჭარბებს. უმაღლესი განათლების ბიუჯეტი - 270 მლნ. ლარი, ხოლო მეცნიერების ბიუჯეტი - 243 მლნ. ლარი გახდება. პროფესიული განათლების ბიუჯეტი 554 მლნ. ლარს მიაღწევს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრი: ჩვენი ამოცანა უნდა იყოს უახლოეს წლებში ტურისტების რაოდენობა 13 მილიონამდე გავზარდოთ

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის ამოცანა უნდა იყოს უახლოეს წლებში ტურისტების რაოდენობა 13 მილიონამდე გაიზარდოს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, ტურიზმიდან შემოსავალი, მომდევნო წლების განმავლობაში, მათი გათვლებით, 6.5 მილიარდ დოლარს მიაღწევს. "რაც შეეხება ტურიზმს. აქ, მე მინდა რამდენიმე სიტყვით შევეხო ამ მეტად მნიშვნელოვან მიმართულებას. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ საქართველო მსოფლიო ტურისტულ რუკაზე წარმოჩინდეს, როგორც მოწინავე, ყველა სეზონის, მომსახურების მაღალი ხარისხის, მრავალფეროვანი და უნიკალური შთაბეჭდილებების ქვეყანა. უკვე არსებულს დაემატება ახალი ტურისტულ ცენტრები ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს უახლოეს წლებში 13 მილიონამდე გავზარდოთ ტურისტების რაოდენობა. ტურიზმიდან შემოსავალი, მომდევნო წლების განმავლობაში, ჩვენი გათვლებით, 6.5 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს სოფლის მეურნეობის განვითარება. ამისთვის ვგეგმავთ მიწის ფონდის სრულ რეგისტრაციას და მოსახლეობის მიწით, ტექნიკით, სოფლის მეურნეობის სპეციალისტების მომსახურებით, ფინანსებზე წვდომით უზრუნველყოფას, გადამამუშავებელი და სარეალიზაციო პირობების შექმნას, ასევე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კარლ ჰარცელი: ჩვენი სამოქმედო გეგმა მოიცავს ინვესტიციებს გზებში, რკინიგზაში, ლოგისტიკურ ცენტრებსა და პორტებში

„მსოფლიო ბანკთან ერთად მოვამზადეთ ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის საინვესტიციო სამოქმედო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს პრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს საქართველოში და რეგიონის სხვა ქვეყნებში“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, ფოთში, სადაც მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღნიშნა და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისთვის ევროკავშირის ძალისხმევას ხაზი გაუსვა. დასავლეთ საქართველოში სამდღიანი მოგზაურობის ფარგლებში, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, მეზღვაურთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ ფოთში ორგანიზებულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. ელჩი ესტუმრა ფოთის საზღვაო საწვრთნელ ცენტრს და შეხვდა აკადემიის სტუდენტებსა და მეზღვაურებს. მან დამსწრეთ მიმართა სიტყვით, რომელშიც ხაზგასმული იყო ევროკავშირის მხარდაჭერა და წვლილი საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარებაში სხვადასხვა პროექტისა და პროგრამის საშუალებით, რომლებიც ეხება მთელ რიგ საკითხებს, მათ შორის ნავიგაციის უსაფრთხოების გაძლიერებას, საზღვაო გარემოს დაცვას, და ასევე, განათლებისა და სწავლების თანამედროვე სტანდარტების დანერგვას საერთაშორისო აღიარებისთვის. „ჩვენ ვამზადებთ ღონისძიებებს, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს პორტებში ენერგოეფექტურობის დონის ამაღლებას, ხოლო ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი სახელმწიფო იმუშავებს პორტებში გემების მიერ წარმოქმნილი ნარჩენების მიმღები ობიექტების გაუმჯობესებაზე. და ბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ მსოფლიო ბანკთან ერთად მოვამზადეთ ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის საინვესტიციო სამოქმედო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს პრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს საქართველოში და რეგიონის სხვა ქვეყნებში. ეს გეგმა მოიცავს ინვესტიციებს გზებში, რკინიგზაში, ლოგისტიკურ ცენტრებსა და პორტებში როგორც საქართველოში, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანში. ჩვენი მიზანია, მოვიძიოთ დაფინანსება იმ პრიორიტეტული ობიექტებისათვის, რომლებიც რეგიონისა და ევროკავშირის სატრანსპორტო გზების დამაკავშირებელ სტრატეგიულ მარშრუტებზე მდებარეობენ. ძვირფასო რექტორო, ძვირფასო კადეტებო, ჩვენი საერთო მიზნების მიმოხილვის შემდეგ, მინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა ამ განსაკუთრებულ დღეს თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობისათვის. გილოცავთ მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს. იცურეთ და საქართველო ევროკავშირთან კიდევ უფრო ახლოს მიიყვანეთ!“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.

სომხეთის მთავრობამ თურქული პროდუქციის იმპორტის აკრძალვა გაახანგრძლივა

მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, სომხეთის დროებითმა მთავრობამ ქვეყანაში თურქული პროდუქციის იმპორტის აკრძალვის კიდევ 6 თვით გაგრძელების გადაწყვეტილბა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გავრცელებული ინოფრმაციით, თურქული საქონლის იმპორტზე აკრძალვა პირველ ივლისს იწურებოდა და 2022 წლის პირველ იანვრამდე გახანგრძლივდა. "თურქული პროდუქციის შემოტანის აკრძალვის გაგრძელება უნდა განიხილებოდეს არა მხოლოდ როგორც ეკონომიკური სანქცია თურქეთის წინააღმდეგ, არამედ უსაფრთხოების თვალსაზრისითაც - შეწყვიტონ სომხური წყაროებიდან თურქეთის სახელმწიფო ხაზინის დაფინანსება", - განაცხადა სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა. მისი თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში თურქეთიდან იმპორტის მოცულობა თითქმის 70% -ით შემცირდა.

საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა და“Rothschild & Co”-ს მმართველმა დირექტორმა იმსჯელეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია “Rothschild & Co”- ის მმართველ დირექტორს არიელ მალარდ დე როტშილდს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციას ავრცელებს. როგორც ცნობილია, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და კონკრეტულ სფეროებში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს. ასევე ყურადღება დაეთმო ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს. შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური მრჩეველი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით ვაზილ ჰუდაკი ესწრებოდა.

გარემოსდაცვითი პოლიტიკის გასაძლიერებლად გერმანიის მთავრობამ საქართველოს 24 მლნ ევრომდე გრანტი გამოუყო

გარემოსდაცვითი პოლიტიკის გასაძლიერებლად გერმანიის მთავრობამ საქართველოს 24 მლნ ევრომდე გრანტი გამოუყო, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ხელმოწერილი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული გრანტი ნაწილდება სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოზე. „საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, კლაუს ფაიგელმა საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის, ხელი მოაწერეს საგრანტო ხელშეკრულებას ,,ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“, რომლის საფუძველზეც ქვეყანა 24 მლნ ევრომდე მოცულობის გრანტს მიიღებს. ხელმოწერის ცერემონიის დაწყებამდე სტუმრებს მიმართეს და საქართველო-გერმანიას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა. აღსანიშნავია, რომ გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი ორ ქვეყანას შორის განვითარების სფეროში მიღწეული თანამშრომლობის ფარგლებში, ქვეყანას ეხმარება ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში როგორიცაა: გარემო და ენერგეტიკა, მათ შორის, ენერგოეფექტურობის მიმართულება, ურბანული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, სამოქალაქო საზოგადოება და საჯარო ადმინისტრირება. განსაკუთრებით ღირებულია ის დახმარება, რომელიც რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა საქართველოს COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული პირების სოციალური დახმარების ანაზღაურებისთვის გამოუყო. 2020-2021 წლებში საქართველოს ამ მიმართულებით დახმარების სახით გამოეყო 200 მლნ ევრო, საიდანაც უკვე მიღებულია 185 მლნ ევრო. დღეს ხელმოწერილი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული გრანტი ნაწილდება სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოზე. თანხის ერთი ნაწილი მოხმარდება აჭარის სატყეო სააგენტოს შესაძლებლობების განვითარებას, მეორე ნაწილი - დაცული ტერიტორიების ხელშეწყობას, მათ შორის, რაჭასა და შიდა ქართლში ორი ახალი დაცული ტერიტორიის ჩამოყალიბებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ევროკავშირის გარდა, ბელარუსისთვის საჰაერო სივრცეს 7 ქვეყანა კეტავს

ევროკავშირის გარდა, 7 ევროპული სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირის შემადგენლობაში არ შედის, ბელარუსის თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცეს კეავენ. ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის საბჭომ გამოაქვეყნა როგორც ცნობილია, ბელარუსისათვის ცა ჩაკეტა ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკამ, მონტენეგრომ, სერბეთმა და ალბანეთმა, ასევე ისლანდიამ, ლიხტენშტეინმა და ნორვეგიამ. ბელარუსისათვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვის აკრძალვა ძალაში 5 ივნისიდან შედის. ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა განმარტა, რომ ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლებაზე ზეწოლას მანამ განაგრძობს, სანამ მთავრობა ბლოგერ რომან პროტასევიჩს არ გაათავისუფლებს. ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი აამოქმედა შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა. ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს. 24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს. 24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.