ეკონომიკა
აშშ მიანმარის სამხედრო ხუნტის ლიდერებს სანქციებს დაუწესებს
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც მიანმარის სამხედრო ხუნტის ლიდერებს სანქციები დაუწესდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. აშშ-ს მთავრობამ სანქციების დაწესების შესახებ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც მინამარში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, სანქციები შეეხებათ როგორც სამხედრო ძალების ლიდერებს, ასევე მათი ოჯახის წევრებს და მათთან დაკავშირებულ ბიზნესებს. ამავდროულად, სამხედრო ხუნტას შეეზღუდება აშშ-ში არსებულ სამთავრობო ფონდებზე, დაახლოებით 1 მილიარდ აშშ დოლარზე წვდომა. "მიანმარელმა ხალხმა ხმა აიმაღლა და მსოფლიო ამას ხედავს. პროტესტის ზრდასთან ერთად ძალადობის გამოყენება მათ წინააღმდეგ, ვინც საკუთარ დემოკრატიულ უფლებებს იყენებს, მიუღებელია და ჩვენ ამას მუდმივად აღვნიშნავთ. ჩვენს გავამკაცრებთ კონტროლს ექსპორტზეც, გავყინავთ აშშ-ში არსებულ ყველა ანგარიშს, რომლიდანაც მიანმარის მთავრობას შეუძლია სარგებლობა, თუმცა, ამავდროულად მივაწვდით დამხმარებას სამედიცინო სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებას და სხვა სფეროების წარმომადგენლებს, რაც პირდაპირ მიანმარელ ხალხს დაეხმარება". - განაცხადა ჯო ბაიდენმა. ჯო ბაიდენის სამხედრო ხუნტას მოუწოდებს გაათავისუფლონ დაკავებული ლიდერები, მათ შორის აუნ სან სუ ჩი და სხვა პოლიტიკოსები. წინააღმდეგ შემთხვევაში ის უფრო მკაცრი ზომების მიღებით იმუქრება.
საქართველოსა და კორეას შორის საჰაერო მიმოსვლის შეთანხმება გაფორმდა
საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომლის მიხედვით, საქართველოს ავიაკომპანიები კორეის უმსხვილეს საერთაშორისო აეროპორტებში, ხოლო კორეული ავიაკომპანიები საქართველოს აეროპორტებში რეგულარული ფრენების განხორციელებას შეძლებენ. „შეთანხმების გაფორმებით, ორ ქვეყანას შორის საჰაერო ტრანსპორტის სფეროში სამართლებრივი ბაზა შეიქმნა, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის პირდაპირი რეგულარული ფრენების განხორციელებას, ხელს შეუწყობს ფრენის არეალის გაფართოებას, ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და ტურიზმის განვითარებას“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში. უწყების ინფორმაციით, 2018 - 2019 წლებში საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის რამდენიმე ჩარტერული რეისი შესრულდა, რომლებიც თბილისსა და სეულს შორის ავიაკომპანია “Korean Air”-მა განახორციელა. შესრულებული ფრენების ფარგლებში 1 500-მდე მგზავრი იქნა გადაყვანილი. ბოლო წლებში, პანდემიის დაწყებამდე, საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობაში კორეის რესპუბლიკიდან შემოსული ვიზიტორების მკვეთრი ზრდა ფიქსირდებოდა. კერძოდ, 2019 წელს საქართველოში კორეის რესპუბლიკიდან 16 642 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2018 წელთან შედარებით 25.3%ით, ხოლო 2017 წელთან შედარებით 112.2%-ით მეტია.
მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაცია, დაახლოებით, 3.5 მლნ ლარი დაჯდება
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციის პროექტი აგვისტოში დაიწყო. მისი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს სავარაუდოდ, სამი თვე დასჭირდება „მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციის პროექტი აგვისტოში დაიწყო. ამ ეტაპზე, ვესტიბიულს კაპიტალურად არემონტებენ და ბაქნის გადახურვის სამუშაოები ხორციელდება. ასევე, მიმდინარეობს სამხარაულის ექსპერტიზა ბაქნის მდგრადობაზე და შემდგომი ექსპლუატაციის უსაფრთხოებაზე. ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, გადაიდგმება შემდგომი ნაბიჯები და სამუშაოებს სავარაუდოდ, სამი თვე დასჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციის პროექტი დაახლოებით, 3.5 მილიონი ლარის ღირებულებისაა. 8 თებერვლდან თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგა. მეტროსადგური "გოცირიძე" მგზავრებს სამი თვის განმავლობაში ვერ მოემსახურება.
საარჩევნო რეფორმა და მართლმსაჯულების კუთხით არსებული გამოწვევები: ევროკავშირის ანგარიში საქართველოზე
ევროკომისიამ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, საქართველოს მიერ 2020 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნეს. ევროკავშირის ანგარიში ამბობს, რომ რეფორმების დინამიკის გასაგრძელებლად მთავარი ყურადღება პოლიტიკური კომპრომისის მიღწევას უნდა დაეთმოს. მიუხედავად კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევებისა, საქართველო ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება. ამასთან, საჭიროა შემდგომი ძალისხმევა, განსაკუთრებით მართლმსაჯულების რეფორმირების სფეროში და პოლიტიკური პოლარიზაციის განმუხტვისთვის. ეს ის ძირითადი დასკვნებია, რომლებიც ევროკავშირის მიერ დღეს გამოქვეყნებულ საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშშია მოყვანილი. ანგარიში გამოქვეყნდა ევროკავშირი - საქართველოს ასოცირების საბჭოს მორიგ სხდომამდე, რომელიც 16 მარტს გაიმართება და ასახავს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებას ბოლო ერთი წლის განმავლობაში. „ვაფასებთ საქართველოს უწყვეტ წინსვლას რეფორმების გზით, ისევე, როგორც იმ ერთგულებას, რომელსაც საქართველო იჩენს ჩვენს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართ. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ იმოქმედოს ინსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში, რათა საერთო ენა და არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამოსვლის გზა გამონახოს. ეს საშუალებას მისცემს საქართველოს პარლამენტს, მიიღოს გადამწყვეტი ზომები მდგრადი აღდგენისთვის კორონავირუსის პანდემიის შემდეგ და განახორციელოს უფრო ფართო რეფორმების დღის წესრიგი. „ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ასევე კარგად ვთანამშრომლობთ ასოცირების განახლებული დღის წესრიგის შესათანხმებლად, რომ მომავალი წლებისთვის მოვემზადოთ”, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა. ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ კი განაცხადა, რომ ევროკავშირი პანდემიის დასაწყისიდან ქართველ ხალხს გვერდში ედგა. „გასულ წელს საქართველოს დასახმარებლად 183 მილიონი ევროს გრანტების სახით მობილიზება მოვახდინეთ კორონავირუსის პანდემიის დასაძლევად. გარდა ამისა, ევროკავშირმა საქართველოთვის 150 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება გამოყო. გავაგრძელებთ საქართველოს დახმარებას მისი ეკონომიკური აღდგენისთვის და რეფორმების დღის წესრიგის წინ წასაწევად, იმისთვის, რომ მოხდეს ასოცირების შესახებ შეთანხმების სრულად განხორციელება და მისგან სარგებელის მიღება. კავშირების და ბიზნესგარემოს გაუმჯობესება ამ კონტექსტში გადამწყვეტ როლს ასრულებს და მნიშვნელოვანია ინვესტიციების გაზრდისათვის”. ძირითადი დასკვნები საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშში ჩანს, რომ საქართველო ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების და წამოწყებების ერთგულია. საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონთა კრებულთან (acquis) და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაზე მუშაობა ეფექტიანად მიმდინარეობდა. ამასთანავე, კვლავ არსებობს გამოწვევები საარჩევნო რეფორმისა და სასამართლო რეფორმის სფეროებში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არსებული ვითარება ცხადყოფს შემდგომი დემოკრატიული კონსოლიდაციის საჭიროებას, მათ შორის, ეუთო / ოდირის საბოლოო რეკომენდაციების გათვალისწინებით, ინკლუზიური დიალოგის საშუალებით, დროულად, 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის. მოკლევადიან პერიოდში, საჭიროა ინკლუზიური პოლიტიკური შეთანხმება უმრავლესობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, რათა შესაძლებელი გახდეს პარლამენტში მუშაობა ფართო რეფორმების დღის წესრიგის განსახორციელებლად. უფრო ფართო კონტექსტში, ქართულ პოლიტიკასა და მედიაში პოლარიზაციის განმუხტვა კვლავ პრიორიტეტია. მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გამოწვევები რჩება. არსებითია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი სრულად შეესაბამებოდეს ევროპის საბჭოს ვენეციისკომისიის ყველა რეკომენდაციას, გამჭვირვალედ განხორციელდეს და უზრუნველყოს პროცესის ჭეშმარიტი დამსახურების შესაბამისად წარმართვა, შემდგომი დანიშვნების დაწყებამდე. ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ამიტომ სავაჭრო ნაკადების ხელშესაწყობად ქვეყანამ კანონმდებლობა ევროკავშირის სტანდარტებთან და ნორმებთან მეტ შესაბამისობაში მოიყვანა. სამომავლოდ, უმნიშვნელოვანესია კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის ინკლუზიური, ეკოლოგიურად დაბალანსებული და მდგრადი დაძლევის უზრუნველყოფა და შემდგომი წინსვლა ციფრული კომპეტენციების გასაძლიერებლად და ციფრული წიგნიერების ასამაღლებლად. სტრუქტურული რეფორმები კვლავ მნიშვნელოვანია, რადგან ისინი აუმჯობესებენ საქართველოს საინვესტიციო კლიმატს და სავაჭრო პოტენციალს და ქვეყნის ეკონომიკა ნაკლებად მოწყვლადი ხდება გარე ფაქტორებთან მიმართებაში. ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ძალისხმევის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავჯდომარეობისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადგილზე უწყვეტი მუშაობის მეშვეობით“, - აღნიშნულია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ ანგარიშში.
ფინანსისტი: 8 ბანკის ზარალის შესახებ, მონაცემები ბუღალტრული გატარებაა და რეალურ მოგებას არ ასახავს
საყოველთადო ცნობილია, რომ საბანკო სექტორის სტაბილურობაზეა დამოკიდებული იმ ქვეყნების ეკონომიკის სტაბილურობა, რომლებსაც საბაზრო ეკონომიკა აქვთ. ასეთი ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება საქართველოც. ბოლო ათი წლის განმავლობაში, საქართველოში ბანკის გაკოტრების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. თუმცა პანდემიის ფონზე, ბანკები კრიზისის საფრთხეზე უკვე ალაპარაკდნენ. ბოლო სტატისტიკის მიხედვით, საბანკო სექტორის 2020 წლის წლიურმა ფინანსურმა შედეგებმა აჩვენა რომ სექტორის წმინდა მოგება 8.6-ჯერ შემცირდა და 2019 წლის 853 მილიონი ლარის ნაცვლად 99 მილიონი ლარი შეადგინა. საქართველოში მოქმედი ბანკებიდან, 8 ბანკმა, არა თუ მოგება, მილიონობით ლარის ზარალი ნახა. 2020 წელს ფინანსური ზარალი მიიღეს შემდეგმა ბანკებმა: 1) "ქართუ ბანკი" - -24,751,630 ლარის ზარალი; 2) "სილქ როუდ ბანკი" - -1,182,511 ლარის ზარალი , "ფინკა ბანკი საქართველო" - -2,887,850 ლარის ზარალი ; "ტერაბანკი" - -13,830,949 ლარის ზარალი ; "ვითიბი ბანკი ჯორჯია" - -14,776,340 ლარის ზარალი, / "ლიბერთი ბანკი" - -15,173,231 ლარის ზარალი, "პაშა ბანკი საქართველო" - -23,193,879 ლარის ზარალი / "ხალიკ ბანკი საქართველო" - -12,894,496 ლარის ზარალი. რაც შეეხება ბანკებს, რომლებმაც პანდემიის ფონზე მოგება ნახეს: "თიბისი ბანკი" - 123 მილიონის წმინდა მოგება. "საქართველოს ბანკი" - 57,108,880 ლარის წმინდა მოგება; "კრედო ბანკი" - 13,950,614 ლარის წმინდა მოგება ; "ბაზისბანკი" - 5,972,349 ლარის წმინდა მოგება, "პროკრედიტ ბანკი" - 3,534,386 ლარის წმინდა მოგება. მიანიშნებს თუ არა საბანკო სექტორის კრიზისზე აღნიშნული სტატისტიკა? პანდემიით გამოწვეული პრობლემების დასაძლევად, რა ნაბიჯები უნდა გადადგას როგორც საბანკო სექტორმა ისე ხელისუფლებამ, ამ საკითხებზე Europetime ფინანსების სპეციალისტს, ირაკლი ერაძეს ესაუბრა. როგორც Europetime-ს ფინანსისტმა ირაკლი ერაძემ განუმარტა, ბანკების მოგების ასეთი კლება ერთი შეხედვით საგანგაშოა, თუმცა მხედველობაში მისაღებია ის, რომ საქართველოში მოქმედმა ბანკებმა 1.2 მილიარდი ლარის ოდენობის ფულადი სახსრები დაარეზერვეს, რაც მომავალში სესხებზე შესაძლო დანაკარგების თანხას ასახავს. ფინანსისტის თქმით, სტატისტიკა, რომლის თანახმად 2020 წელს საქართველოში 8 ბანკმა მილიონობით ლარის ზარალი ნახა, ბუღალტრული გატარებაა და საბანკო სექტორის რეალურ მოგება\ზარალს არ ასახავს. "მაგალითისთვის ავხსნი. თუ ბანკმა მოგება ნახა 100 ლარი მაგრამ აქედან დაარეზერვა 80 ლარი, ფინანსურ მაჩვენებლებში მოგება გამოჩნდება რომ აქვს 20 ლარი", - აღნიშნავს ირაკლი ერაძე. აღნიშნულ სტატისტიკის შეფასებისას, ფინანსისტის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ციფრები ესე ვთქვათ უბრალოდ ბუღალტრული გატარებაა და არ ასახავს საბანკო სექტორის რეალურ მოგება\ზარალს, თავის მხრივ ცალსახად მაჩვენებელია იმისა რომ საბანკო სექტორი ვარაუდობს კოვიდით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის საფინანსო სექტორზე გადაცემის შესაძლებლობასაც. "საყურადღებოა უმოქმედო სესხების ზრდის ტენდენცია, რომელიც 2020 წლის დასაწყისში 4.5%-დან გაიზარდა და ამჟამად 8.4%-ს შეადგენს. ეს ის სესხებია რომლებზეც საბანკო სექტორი მიმდინარე შემოსავალს ან ვერ იღებს ან გართულებულია და საბოლოო ჯამში მათ საბალანსო უწყისს აუარესებს. როგორც წლიური მონაცემებიდან ირკვევა "ქართუ ბანკს" ესეთი უმოქმედო სესხის წილი მთლიან საკრედიტო პორტფელში 35%-ს შეადგენს, რაც მთლიანად საბანკო სექტორში ყველაზე მაღალია და სწორედ ეს იყოს შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი ამ ბანკის ცუდი ფინანსური შედეგისა. ზოგადად, იმისათვის რომ გავარკვიოთ ის თუ რა იყო მიზეზი კონკრეტული ბანკის კარგი თუ ცუდი ფინანსური შედეგისა საჭიროა მათი ყველა ძირითადი ფინანსური უწყისის ანალიზი. ჩემი დაკვირვებით 2020 წლის მაჩვენებლები საერთო ჯამში ნორმალურია იმ კრიზისის გათვალისწინებით რაც კოვიდპანდემიას მოყვა. ეროვნული ბანკის მიერ 2018 წლიდან 2019 წლის ბოლომდე გატარებული მაკროპრუდენტული ზომების დიდი წვლილიცაა, ის რომ ჩვენი საბანკო სექტორი მეტწილად მომზადებული დახვდა პანდემიის მიერ გამოწვეულ სიძნელეებს. სეგმენტის მდგრადობის შესანარჩუნებლად საჭიროდ ვთვლი რომ ხელისუფლებამ მაქსიმალურად უზრუნველყოს ფისკალური წესრიგი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიმართულებით და მაქსიმალურად შეეცადოს რომ მინიმუმამდე დაიყვანოს გაუმართლებელი ხარჯები, იქნება ეს სუბსიდიის, თუ სხვა სახით. თავის მხრივ ბანკებმა უნდა მოახერხონ: თითოეული უმოქმედო სესხის ინდივიდუალურად განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებები მათ მიმართ მიღებულ იქნას კონკრეტული მსესხებლის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით. 2021 წელს ჩვენი ეკონომიკისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იქნება რამდენად შეძლებს ეროვნული ბანკი ხელისუფლებასთან და საბანკო სექტორთან ერთობლიობით საბანკო სეგმენტის მდგრადობის შენარჩუნებას, რადგან მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის ბანკებზე გადაცემის საშიშროება ესეთ ვითარებებში ყოველთვის არსებობს, რისი დადგომაც დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს მთლიანად ეკონომიკისთვის", - განუცხადა Europetime-ს ირაკლი ერაძემ. ეროვნული ბანკის მონაცმეებით, ქართული ბანკების ჯამური აქტივები ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად წლიურად 22%-ით არის გაზრდილი და 56.9 მილიარდ ლარს შეადგენს. აღსანიშნავია რომ 2019 წელს "თიბისი ბანკის" მოგებამ 392 მლნ ლარი შეადგინა. მისი აქტივების ღირებულება 18 მლრდ ლარი იყო და ამ მხრივაც ეს კომერციული ორგანიზაცია საქართველოში პირველ ადგილს იკავებს. 2020 წელს კი მონაცმეები ასე გამოიყურება - "თიბისი ბანკი" - 123,180,649 ლარის წმინდა მოგება, აქტივების ზომა 21,727,528,822 ლარი. "თბისი ბანკში" აღნიშნავენ რომ ხვა ბანკებისგან განსხვავებით 2020 წლის მოგება მხოლოდ ტრანზაქციებით იყო განპირობებული. დიდი ბანკებისგან განსხვავებით, 2020 წელს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოგება, 2019 წელთან შედარებით, საგრძნობლად გაიზარდა. ეროვნული ბანკის ფინანსური ანგარიშის თანახმად, გასულ წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აქტივების ზომა 7.1%-ით გაიზარდა და ამჟამად ჯამური მოგება 2020 წელს 44.8 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2019 წელს არსებულ 0.1 მილიონიან მოგებას ბევრად აღემატება. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს საქართველოში ჯამურად 1.18 მილიარდი ლარის მოცულობის სესხები აქვთ გაცემული.
კორონავირუსის ვაქცინაზე შეთანხმებების ნაწილი კონფიდენციალურია
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პარტია "ლელოს" მოთხოვნას უპასუხა და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს აქვს დადგენილი წესი, რომლითაც გასცემს საჯარო ინფორმაციას. როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, Covax-თან, ისევე, როგორც სხვა მწარმოებლებთან შეთანხმებების ნაწილი კონფიდენციალურია და მის გასაჯაროებას სამინისტრო არ აპირებს. მისივე თქმით, ყველას შეუძლია, სამართლებრივი გზით მოიპოვოს ინფორმაცია. "ინფორმაციის ნაწილი, რომელიც ჩვენ Covax-ის ხელშეკრულების ფარგლებში, ისევე, როგორც მწარმოებლებთან შეთანხმებით გვაქვს, არის კონფიდენციალური, გაუთქმელობის ხელშეკრულების პირობებში. ის, რაც საჯარო ინფორმაციაა, ამას ჯანდაცვის სამინისტრო, ზოგადად, გაუზიარებს ყველა დაინტერესებულ მხარეს", - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ცნობისთვის, პარტია ლელოს ერთერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა ხელისუფლებას მოუწოდა, გასააჯაროვოს Covid-19-ის ვაქცინასთან დაკავშირებული ყველა საჯარო მიმოწერა. მისივე თქმით, თუკი ხელისუფლება ამ ინფორმაციის დამალვას შეეცდება, პარტია სამართლებრივ გზებს მიმართავს.
9 თებერვლამდე 11.2 ათასი ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა
2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 9 თებერვლამდე პერიოდში განხორციელდა 11.2 ათასი ტონა ვაშლის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 4.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამიისტრო ავრცელებს. "აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა 13-ჯერ აღემატება 2019/2020 წწ ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 4.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. 2020 წელს წარმოებული ვაშლის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ 10.8 ათასი ტონა. რუსეთის ფედერაციის გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე ყაზახეთში, სომხეთში, უნგრეთში, თურქმენეთში, სინგაპურსა და ჰონკონგში", - ნათქვამია განცხადებაში.
7 თებერვლამდე განხორციელებულმა მანდარინის ექსპორტმა 19.0 მლნ დოლარი შეადგინა
2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 7 თებერვლამდე პერიოდში განხორციელდა 39.0 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 19.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი თქმით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 7.8 ათასი ტონით (25%), ხოლო ექსპორტის ღირებულება 2.8 მლნ აშშ დოლარით (17%) აღემატება 2019/2020 წწ ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. "2020 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (22.5 ათასი ტონა), სომხეთსა (8.7 ათასი ტონა) და უკრაინაში (5.3 ათასი ტონა). აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე მოლდოვაში, თურქმენეთში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, ლიეტუვაში, სლოვენიაში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში, აზერბაიჯანში, აშშ-სა და გერმანიაში", - ნათქვამია განცხადებაში.
ყურძნის ხარისხის კონტროლი გამკაცრდება
ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, რთველი 2021-ის ფარგლებში, ყურძნის ხარისხის კონტროლი გამკაცრდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი თქმით, ჩასაბარებელი ყურძნის შაქრიანობა, რომელიც შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტაციებითაა დადგენილი, განსაზღვრავს ყურძნის ხარისხს, რაც შემდგომ მის საბაზრო ღირებულებაზეც აისახება. გარდა ამისა, კონტროლი განხორციელდება ადგილწარმოშობის ჯიშების სპეციფიკაციებით განსაზღვრულ მოსავლიანობის ლიმიტზე. აღნიშნული საკითხი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ოთარ შამუგიამ კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელებთან, ადგილობრივ მაჟორიტარ დეპუტატებთან და მუნიციპალიტეტების მერებთან თელავში გამართულ შეხვედრაზე განიხილა. „ძალიან მნიშვნელოვანია, ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია დროულად იყოს მიტანილი მევენახე ფერმერებამდე. ამ მიმართულებით აქტიურად იმუშავებენ სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები, რომლებიც ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, უახლოეს დღეებში დაიწყებენ შეხვედრებს რეგიონებში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ფერმერებთან. გარდა ამისა, მიმდინარე წელს იგეგემება ვენახების კადასტრის პროგრამის დასრულება კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში, რაც მნიშვნელოვანია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების და ხარისხიანი ღვინის წარმოების ხელშეწყობისთვის“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესება მუდმივი პროცესია და სწორედ ვენახის მოვლასა და ყურძნის კონდიციაზეა დამოკიდებული ქართული ღვინის ხარისხი, მისი საერთაშორისო რეპუტაცია და, შესაბამისად, საექსპორტო ფასი. სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ შეხვედრაზე იმ აქტივობებზე ისაუბრა, რომელთა ფარგლებშიც, ფერმერები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ სამინისტროს მიერ დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებზე, მათ შორის, მაღალი ხარისხის ქართული ღვინის წარმოების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებზე. კახეთის სამხარეო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, ირაკლი შიოშვილის განცხადებით, კადასტრის პროგრამის დასრულება და მის საფუძველზე რთველის ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კახეთის რეგიონისთვის, სადაც ვენახების ფართობები ყოველწლიურად იზრდება; რთველის ორგანიზებულად ჩატარება კი, ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია.
Tesla-მ ბიტკოინებში $1,5 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა
ილონ მასკის კომპანია Tesla-მ ბიტკოინებში 1,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო. Tesla აცხადებს, რომ საკუთარ პროდუქციას კრიპტოვალუტაზე გაყიდის. კომპანიის განცხადების შემდეგ ბიტკოინის ფასმა რეკორდულ ნიშნულს - $43 000 მიაღწია.
ბიზნესის წარმომადგენლებმა პრემიერთან შეხვედრაზე „კომენდანტის საათის“ წესში ცვლილებების შეტანა მოითხოვეს
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მხსვილი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პოსტპანდემიური ეკონომიკური აღდგენის ეტაპზე. „ვფიქრობთ, 2 კვირაში მივაღწევთ, რომ დარჩენილი შეზღუდვები თანდათან გაუქმდეს", - ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და მსხვილ დამსაქმებლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ეპიდემიოლოგების მიერ დაწესებული მოთხოვნები ზედმიწევნით უნდა შესრულდეს. „ჩვენ დავაყენეთ ძალიან კონკრეტული საკითხი, რომ დარჩენილ შეზღუდვებზე ძალიან მალე ვიმსჯელოთ. ისევ მივიღეთ დაპირება, რომ დააკვირდებიან ეპიდსიტუაციას მომავალი ორი კვირის განმავლობაში. ვისაუბრეთ გარკვეულ პარამეტრებზე კორონავირუსის ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, ორ კვირაში ჩვენ იმასაც მივაღწევთ, რომ დარჩენილი შეზღუდვები თანდათანობით გაუქმდეს. იყო თხოვნა და ეს ჩვენთვის გასაგებია, რომ ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვისთვის უნდა გავაკეთოთ ყველაფერი. კონკრეტულად, ეს ნიშნავს იმას, რომ ეპიდემიოლოგების მიერ დაწესებული მოთხოვნები ზედმიწევნით უნდა დავიცვათ“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ. საცალო გაყიდვების კომპანია ICR Group-ის დამფუძნებელის კახა ხაზარაძის განცხადებით, პრემიერს კომენდანტის საათით 2 საათით გადაწევა სთხოვეს. მისი თქმით, შეზღუდულ დროში სამუშაოს შემდეგ თანამშრომლების სახლებში გადაყვანა ინფიცირების რისკების მატარებელია, ამიტომ სექტორი კომენდანტის საათის გადაწევას ითხოვს. „დავაყენე საკითხი და ვთქვი, რომ ტრანსპორტის 21:00 საათამდე ამოქმედების საკითხი პრობლემატურია, რადგან სავაჭრო ობიექტები 19:00 საათზე იკეტება და რჩება 2 საათიანი პერიოდი ხალხის გადაყვანისთვის. თუ ადრე იყო სავაჭრო ობიექტებში ინფიცირების რისკი, ახლა იქმნება გადაყვანის დროს ინფიცირების რისკი, ამიტომ ვითხოვთ კომენდანტის საათის 2 საათით გადატანას. მოინიშნა, გვითხრა რომ მოკლე პერიოდში დაგვიბრუნდება და გავაგრძელებთ მაგ საკითხებს კონსულტაციებს“, - განაცხადა კახა ხაზარაძემ. „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დამფუძნებლის, თემურ ჭყონიას შეფასებით გიორგი გახარიასა და კერძო სექტორს შორის შეხვედრამ კონსტრუქციულ რეჟიმში ჩაიარა. როგორც მან აღნიშნა, საუბარი იმდენად კონსტრუქციული იყო, რომ დაიბნა. „საკითხები მეგობრული იყო, კონსტრუქციული. ჩემდა გასაკვირად ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, სერიოზულად, ყოველგვარი მლიქვნელობის გარეშე. ბიზნესის მნიშვნელობა გაცილებით გაზრდილია და ურთიერთობაში პირადად იღებს ვალდებულებას თავის თავზე რომ ხელშეწყობილი იყოს და ჩქარი ტემპით განვითარდეს. მე არაფერი მითქვამს პირველად ცხოვრებაში, იმიტომ რომ იმდენად კონსტრუქციულად წავიდა საუბარი, დავიბენი“, - განაცხად თემურ ჭყონიამ. კითხვაზე რატომ არ დააყენა მისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, ბიზნესმენმა უპასუხა, რომ შეხვედრაზე ამჯობინა დისკუსია არა კონკრეტული ბიზნესების, არამედ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე წარმართულიყო. „ჩემი მხრიდან არაფერი მითქვამს. დამიძახეს და მოვედი. სახელმწიფოებრივ საკითხებზე უნდა იყოს საუბარი და ჩემს თავს მე თვითონ მოვუვლი. რა თქმა უნდა ბიზნესი სახელმწიფოა, მაგრამ ბიზნესმა თავის თავს უნდა მოუაროს. ჩვენ თუ ვისაუბრებთ უნდა ვისაუბროთ ერთობლივად რა შეგვიძლია უფრო დიდი გავაკეთოთ სახელმწიფოსთვის და ბიზნესი რომელიც თავის თავს ვერ უვლის იმას სახელმწიფო ვერ მოუვლის", - განაცხადა ჭყონიამ. ვითიბი ბანკის გენერალური დირექტორის, არჩილ კონცელიძის განცხადებით, პრემიერთან შეხვედრის მთავარი თემა პანდემიური მდგომარეობიდან გამოსვლა იყო. მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერთან შეხვედრის შემდეგ არჩილ კონცელიძემ ჟურნაილსტებს უთხრა, რომ კითხვები ბიზნესსაც ჰქონდა. „ძირითადად საუბარი პანდემიიდან გამოსვლის საკითხებზე იყო, რა გაკეთდება. დაახლოებით 15 კითხვა ბიზნესმა დასვა. გვაინტერესებდა პანდემიის და შეზღუდვების მოხსნის პრინციპები და როდის დაიწყება ეკონომიკის სრული გახსნა. რაზეც გვიპასუხეს, რომ დაავადების რაოდენობასთანაა მიბმული და რომ შეზღუდვების მოხსნას ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ველოდოთ“, - განაცხადა ვითიბი ბანკის პრეზიდენტმა. შეხვედრის დასრულების შემდეგ „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ იმ 2 ძირითად საკითხზე, რაზეც შეხვედრის დროს გამახვილდა ყურადღება. „პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, თუ რა მაჩვენებლებზე არის დამოკიდებული და როგორ შეიძლება, თანდათანობით, გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულში, მთლიანი ბიზნესი გაიხსნას. მეორე საკითხი უფრო ეხებოდა საშუალოვადიან განვითარებას, ბიზნესი უფრო მეტად კონკურენტუნარიანი გახდეს და ეკონომიკა უფრო მოძლიერდეს, რა სტრუქტურული რეფორმები უნდა გატარდეს, პრივატიზაცია კიდევ უფრო გაიზარდოს და რა ფუნდამენტალური ცვლილებები არის ეკონომიკაში საჭირო. საუბარი იყო, რომ პრემიერ-მინისტრი მზად არის, 24 საათიან რეჟიმში შეხვდეს ბიზნესმენებს. ითქვა, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი შეხვედრა და ფაქტიურად, ყოველთვიურ რეჟიმში მოხდება ბიზნესებთან შეხვედრა. შეხვედრაზე სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც პრაქტიკულ კითხვებს სვამდნენ, რომელ საათიდან რომელ საათამდე შეიძლება ემუშავათ, რამდენად შესაძლებელია, რომ შაბათ-კვირას დაიწყონ მუშაობა. პრემიერ მინისტრმა ჩაინიშნა კითხვები და მოწოდება იყო, რომ კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები გაიცემა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ განათლება არის პრიორიტეტული და განათლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი, შემდეგ სავაჭრო სფერო, რესტორნები და ა.შ.“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. IG დეველოპმენტის დამფუძნებელი მინდია საბანაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება და პრემიერი მოტივირებულია, რომ ეკონომიკა რაც შეიძლება სწრაფ რეჟიმში ამუშავდეს. მისი თქმით, პრემიერმა საფუძველი ჩაუყარა ყოველთვიურ შეხვედრებს და საკითხები, რაც რთული გადასაწყვეტია, პირდაპირი კომუნიკაციის რეჟიმში გვარდება. „ყველას კარგად გვესმის, რა მდგომარეობაში უწევს ხელისუფლებას, მართოს სიტუაცია. პრემიერიც კარგად აცნობიერებს ამ ვითარებას. პრემიერმა საფუძველი ჩაუყარა ყოველთვიურ შეხვედრებს, განხილვებს, დისკუსიას და ის საკითხები, რაც რთულია გადასაწყვეტად, ეს საკითხები პირდაპირი კომუნიკაციის რეჟიმში გვარდება. მოტივირებულია მთლიანად ხელისუფლება და პრემიერი, რომ რაც შეიძლება სწრაფ რეჟიმში ამუშავდეს ეკონომიკა. ყველა ის სექტორი, რაც გაჩერებულია მათ ამუშავებაზეა საუბარი. ეს არის დამოკიდებული დადებითობის 4%-ზე. თუ ვინმეს შეეხო პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემები, დამერწმუნეთ, პირველი ჩვენი კომპანიაა და გაბრაზებული ჩვენც ვართ, მაგრამ რეალობა ისაა, რომ პრემიერი ცდილობს, ყველაფერს აკეთებს და გვერდით გვიდგას“, - განაცხადა მინდია საბანაძემ.
საპენსიო სქემაში ჩართული 1 მილიონი ადამიანის დანაზოგი უკვე 1,3 მილიარდი ლარია
საპენსიო აქტივების მოცულობამ 1.3 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც დარიცხული სარგებელი 116 მილიონი ლარია. ამ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო Facebook-ზე ავრცელებს. მისივე თანახმად: საპენსიო აქტივები განთავსებულია ქართულ კომერციულ ბანკებში და ერიცხება ეფექტური წლიური სარგებელი 10.8%. საპენსიო აქტივების 76% განთავსებულია სადეპოზიტო სერთიფიკატებში და ვადიან დეპოზიტებში, ხოლო 24% სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე. საპენსიო აქტივები ამ დროისათვის სრულად ლარშია ინვესტირებული. დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 624 -მა ადამიანმა. საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა იზრდება და თვეში საშუალოდ 12 000-ზე მეტი ადამიანი ემატება სქემას.
გარდაბნის მუნიციპალიტეტში ასეულობით ათასი ლარის საეჭვო ხარჯებზე, აუდიტის სამსახური ანგარიშს აქვეყნებს
2018-2019 წლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს, ხარჯების ანაზღაურების სახით, მიღებული აქვთ 264.2 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტმა კი ვერ წარმოადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები საკრებულოს წევრების ხარჯების დასადასტურებლად - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანაგრიშშია აღნიშნული. ანგარიში 5 თებერვალს გამოქვეყნდა. აუდიტის დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ 2018-2019 წლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტმა ა(ა)იპ − ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს ანგარიშზე გადარიცხა 90.0 ათასი ლარი.მუნიციპალიტეტმა ა(ა)იპ დააფინანსა ისე, რომ არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია დახარჯული საბიუჯეტო სახსრებიდან რა სარგებელი მიიღო მუნიციპალიტეტმა. აქედან გამომდინარე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაწეული 90.0 ათასი ლარის ხარჯის მიზანშეწონილობა არ არის სათანადოდ დასაბუთებული. დასკვნის თანახმად, მაშინ როცა მერიის ქონების მართვის სამსახურში 35 ადამიანია დასაქმებული, ბიუჯეტიდან 67 ათასი ლარი გადაურიცხეს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციას, საკონსულტაციო სამუშაოებისთვის. მერიამ ასოციაციის მიერ გაწეული სამუშაოების მტკიცებულება ვერ წარადგინა. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, ასოციაცია მერიას ეხმარება უძრავი ქონების და მატერიალური ფასეულობების აღწერაში, თუმცა აუდიტის ჯგუფის მიერ გამოვლინდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების დანაკლისი. 2018-2019 წლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ 5.0 ტონამდე საწვავი გახარჯულია თანამშრომლების შვებულებაში ყოფნის დროს, კერძო საკუთრებაში მყოფ ავტომობილებში. ანგარიშის თანახმად, ასევე გამოვლინდა, რომ ნახევარ ტონამდე საწვავი დახარჯულია ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებაში მყოფი პირების სარგებლობაში არსებულ მანქანებზე. გარდა ამისა, 6.0 ტონამდე საწვავი ავტომობილებში ჩასხმულია სხვადასხვა ქალაქში ისეთ დროს, როდესაც მუნიციპალიტეტში დასაქმებული პირები არ იმყოფებოდნენ ქვეყნის შიგნით სამსახურებრივ მივლინებაში. წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, 2018-2019 წლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ სულ გაიხარჯა 823.7 ათასი ლარის ღირებულების 393.6 ტონა საწვავი. გარდაბნის მუნიციპალიტეტისათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად რეკომენდებული იყო 8 ერთეული სამორიგეო ავტომანქანა. რეალურად კი მუნიციპალიტეტი 2018 წელს სარგებლობდა ბალანსზე რიცხული 23 სამორიგეო და 69 კერძო საკუთრებაში არსებული მანქანით, ხოლო 2019 წელს − 19 სამორიგეო და 76 კერძო საკუთრებაში არსებული ავტომობილით. რიგ შემთხვევებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ერთჯერადად ჩასხმულია ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავი. სულ 2018-2019 წლებში გამოვლინდა 191 მსგავსი შემთხვევა, რა დროსაც ავტომობილის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით ჩასხმულია 3.1 ტონა საწვავი. სატრანსპორტო საშუალებების მართვაში არსებული ხარვეზები მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სამორიგეო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა 84 ერთეულით აღემატება საქართველოს მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. ანგარიშში ასევე საუბარია სატენდერო პირობების დარღვევაზე გამარტივებულ შესყიდვებში არსებული შეუსაბამობები გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისას, 7,932.6 ათასი ლარის ღირებულების ობიექტები ჩაბარებულია და ანგარიშსწორება განხორციელებულია ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე, რაც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და იწვევს თანხების ზედმეტად ანაზღაურების რისკს. 2018-2019 წლებში, მუნიციპალიტეტის, მერიის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დაქირავებულთა რაოდენობა აღემატებოდა კანონით დადგენილ ნორმას. საჯარო ფინანსების რაციონალურიხარჯვის პრინციპიდან გამომდინარე,
ეკონომიკის მინისტრი ბიზნესს აფრთხილებს
ეკონომიკის მინისტრი ბიზნესს ხელისუფლებასთან ულტიმატუმის ენით საუბარს არ ურჩევს. ნათია თურნავას თქმით, 8 და 15 თებერვლიდან შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება რომელიმე ბიზნესის მხრიდან სახელმწიფოზე ზეწოლის შედეგი არ ყოფილა. „ეს ჩვენი გეგმაზომიერი ნაბიჯებია, რაზეც წინასწარ განვაცხადეთ. ჯერ კიდევ 25 იანვარს შედგა მთელი ეკონომიკური გუნდის შეხვედრა სარესტორნო ინდუსტრიასთან, სადაც ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ კიდევ ორი კვირის განმავლობაში დავაკვირდებით ვითარებას და შემდეგ გადავდგამთ მომდევნო ნაბიჯს. სწორედ ასეც მოვიქეცით. ორი კვირის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი ქვემოთ წამოვიდა, ამიტომ შევძელით და 15 თებერვლიდან დავაანონსეთ ჯერ რესტორნების ღია სივრცეებია გახსნა, რაც არის ზოგადი პრაქტიკა მთელ მსოფლიოში. მომდევნო ერთი-ორი კვირის განმავლობაში თუ არ გაუარესდა ეპიდვითარება, ჩვენ შეგვეძლება ვიმსჯელოთ თარიღზე, თუ როდიდან შევძლებთ გავხსნათ შიდა სივრცეებიც, მაგრამ, ეს იქნება ჩვენი შეგნებული, პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილების შედეგი. რა თქმა უნდა, ყველა ბიზნესი ძალიან ღირებულია ჩვენთვის, მაგრამ მთლიანად საზოგადოების ინტერესიდან გამოვალთ”, - განაცხადა ნათია თურნავამ პირველ არხთან. მინისტრმა აღნიშნა, რომ არ არის გამორიცხული, რომ სარესტორნო ბიზნესს თანამშრომლების ტესტირებაში სახელმწიფო დაეხმაროს, როგორც ეს ხდება მაღაზიებისა და მოლების შემთხვევაში. „
საქართველოს ელჩმა და აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიების მუშაობის გააქტიურებაზე ისაუბრეს
5 თებერვალს გაიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ზურაბ პატარაძის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან საჰიბა გაფაროვასთან. ინფრომაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს ელჩმა და აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიების მუშაობის გააქტიურებაზე ისაუბრეს შეხვედრის ფარგლებში ზურაბ პატარაძემ ხაზგასმით აღნიშნა ორ მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოს - საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა ყველა სფეროში, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მხარეთა შორის უმაღლესი დონის პოლიტიკური დიალოგის უწყვეტ რეჟიმსა და ნაყოფიერ ურთიერთობებზე COVID-19 პანდემიის პერიოდში. "მხარეებმა ასევე მიმოიხილეს თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი ორმხრივ და მრავალმხრივ საპარლამენტთაშორისო ფორმატებში. გამოითქვა სურვილი, რომ 2021 წელს გააქტიურდეს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები, მათ შორის უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის, შესაბამისი სამთავრობოთაშორისო, როგორც ეკონომიკური ასევე სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიების, ბიზნეს-ფორუმების ჩატარების თვალსაზრისით. საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს მიაწოდა ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული ისტორიული გადაწყვეტილების შესახებ, რომელმაც სამართლებრივად დაადგინა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს ომისა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდგომ პერიოდში საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და ადამიანის უფლებების დარღვევებში. ასევე საუბარი შეეხო ბოლო პერიოდში, რეგიონში განვითარებულ მოვლენებს. მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით, ზურაბ პატარაძემ კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის შეიარაღებული დაპირისპირების შეწყვეტასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანია რეგიონის სტაბილურობისა და განვითარებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
ბაიდენის ადმინისტრაციამ ეკონომიკური კრიზისიდან გამოსასვლელად ახალი გეგმა შეიმუშავა
ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკის გაუმჯობესების საჭიროებაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებზეც მისი ადმინისტრაცია იმუშავებს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით,160 მილიარდი დოლარი კორონავირუსის ეროვნულ სტრატეგიაში ჩაიდება, რომელიც მოიაზრებს უფრო მეტი დახმარების გამოყოფას: წარმოების, მიწოდებისა და იმუნიზაციის ცენტრებისთვის, რაც ხალხისთვის ვაქცინის მისაწოდებლადაა საჭირო". „ჩვენი უმთავრესი მიზანია ხალხის იმუნიზაცია", - აცხადებს ჯო ბაიდენი. გეგმის ფარგლებში აშშ მოსახლეობას დამატებით 1,400 დოლარით დაეხმარება. ჯო ბაიდენის თქმით, დახმარების ახალი გეგმა შექმნის უფრო მეტ სამუშაო ადგილს, გაზრდის ეკონომიკას და უფრო მეტს გააკეთებს, რათა აშშ უფრო ეფექტური გახდეს". ბაიდენის თქმით, თუ მისი ადმინისტრაცია ახლავე არ იმოქმედებს, „2025 წლამდე ვერ მიაღწევს უმუშევრობის იმ მაჩვენებელს, რომელიც პანდემიამდე ჰქონდა სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა უმუშევრობის მაჩვენებელზეც ისაუბრა. „მილიონობით ამერიკელია უმუშევარი, ბევრი მათგანი 6 თვეა, რაც სამსახურის გარეშე დარჩა“, - დასძენს ჯო ბაიდენი.
ეკონომიკის სამინისტრო: ENKA-სთვის, რომელიც „ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტს ახორციელებს, რიონის მთელი ხეობა საკუთრებაში არ გადაგვიცია
"ENKA-სთვის, რომელიც „ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტს ახორციელებს, რიონის მთელი ხეობა საკუთრებაში არ გადაგვიცია", - ამის შესახენ განცხადებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათი თქმით, ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ემსახურება დაძაბულობის შექმნას. როგორც სამინისტროში განმარტავენ, კომპანიას საკუთრებაში ან გრძელვადიანი სარგებლობის უფლებით გადაეცა მხოლოდ ის კონკრეტული ტერიტორია, სადაც უშუალოდ შენდება და განთავსდება ჰიდროსადგურის ნაგებობები. „გვსურს, გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს კომპანია „ენკას,“ რომელიც „ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტს ახორციელებს, სახელმწიფოსგან საკუთრებაში გადაეცა რიონის მთელი ხეობა. ხაზგასმით განვმარტავთ, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ემსახურება დაძაბულობის შექმნას - კომპანიას საკუთრებაში ან გრძელვადიანი სარგებლობის უფლებით გადაეცა მხოლოდ ის კონკრეტული ტერიტორია, სადაც უშუალოდ შენდება და განთავსდება ჰიდროსადგურის ნაგებობები, რაც ქვეყანაში ჩვეულებრივად მიღებული პრაქტიკაა - როდესაც ინვესტორი ახორციელებს ინვესტიციას, მითუმეტეს, განსაკუთრებით დიდ ინვესტიციას (საუბარია 800 მილიონ დოლარზე), ცხადია, მიწა მას უნდა ჰქონდეს ან საკუთრებაში, ან გრძელვადიანი სარგებლობის უფლებით. დამატებით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს მთავრობასა და კომპანიას შორის 2019 წლის 25 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება, ჰესების მშენებლობისა და ექსპლუატაციაში მიღების ვალდებულებასთან ერთად, მოიცავს ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის, ნამოხვანი-ალპანას მონაკვეთის მშენებლობას კომპანიის ხარჯებით და შემდგომში მის უსასყიდლოდ გადაცემას სახელმწიფოსთვის. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიას არ აქვს უფლება, მისთვის გადაცემული კონკრეტული მიწები გამოიყენოს სხვა მიზნებისათვის ან გაასხვისოს მესამე პირებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
პრემიერი: შეზღუდვების მიზანმიმართული დარღვევის შემთხვევაში, ორგანიზაციები სახელმწიფო მხარდაჭერას და სუბსიდიას ვეღარ მიიღებენ
ორგანიზაციები დაწესებული შეზღუდვების მიზანმიმართული დარღვევის შემთხვევაში, გარდა უმკაცრესი რეაგირებისა, ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას სახელმწიფოს მხარდაჭერის ღონისძიებებში და ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებას. ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. "ორგანიზაციები ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას და ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხრიდან იმ სუბსიდირებას და დახმარებას, რომელიც გათვალისწინებული იყო პანდემიის წინააღმდეგ ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებებით", - აღნიშნა პრემიერმა. პრემიერის თქმით, ეს არის სამართლიანი გადაწყვეტილება, რომელიც გამოავლენს თითოეული მოქალაქის და ორგანიზაციის პასუხისმგებლობას. „მიზანმიმართული დარღვევა ნებისმიერი ორგანიზაციის მიერ, დაწესებული წესებისა, გარდა იმისა, რომ ამას როგორც შედეგი მოყვება უმკაცრესი რეაგირება, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასეთი ორგანიზაციები ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას და ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხრიდან იმ სუბსიდირებას და დახმარებას, რომელიც გათვალისწინებული იყო პანდემიის წინააღმდეგ ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებებით. გარდა ამისა, ვეღარ მიიღებენ მომავალში სახელმწიფოს მხარდაჭერის ღონისძიებებში მონაწილეობას. ვფიქრობ, ეს არის სამართლიანი, რომელმაც უნდა გამოავლინოს თითოეული მოქალაქის და ორგანიზაციის პასუხისმგებლობა,“- განაცხადა გიორგი გახარიამ. ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ყველა ის არსებული საჯარიმო სანქცია, რომელიც არის დაწესებული, კვლავ იმოქმედებს. "ამ თვალსაზრისით, სანქციებია დაწესებული ბიზნესისთვის როგორც შრომითი უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, ასევე ბიზნესის ფუნქციონირებისთვის, მათ შორის არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც გათვალისწინებული, ასეთი მიზანმიმართული განმრეობითი ქმედებისთვის. ბუნებრივია, თუ ჩვენ ვხედავთ, რომ შეზღუდვების შემსუბუქების, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების პარალელურად, არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის იქნება ბიზნესი, ეხება რესტორნებსაც, ბაზრობებსაც და სხვა ბიზნესსუბიექტებსაც, მიზანიმიმართულად აიგნორებს შეზღუდვებს, ჩვენი რეაგირება იქნება კანონის ფარგლებში", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. მთავრობის განმარტებით, კორონავირუსით ინფიცირების ბოლო 7 დღის დადებითობის საშუალო მაჩვენებელი 4%-მდე შემცირდა, ამიტომ შეზღუდვების ეტაპობრივ შემსუბუქება დაგეგმილზე ადრე დაიწყება. 15 თებერვლიდან კვების ობიექტები ღია სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ - გარდა შაბათ-კვირისა; მკაცრდება სანქცია პირბადის ტარების წესის დარღვევაზე და მეორედ დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა გაიზრდება. ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან - თბილისში, რუსთავში და ქუთაისშიც, ანუ მთელი საქართველოს მასშტაბით აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა (თბილისის მეტრო, ავტობუსები, ე.წ სამარშუტო ტაქსები) - გარდა შაბათ-კვირისა; გაიხსნება ღია და დახურული ბაზრობები - გარდა შაბათ-კვირისა; ერთი კვირის შემდეგ, ანუ 15 თებერვლიდან - თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც, სრულად მთელი საქართველოს მასშტაბით: ბავშვები სწავლას საკლასო ოთახებში განაგრძობენ (ამასთან, მშობლებს კვლავაც ექნებათ უფლება სურვილის შემთხვევაში აირჩიონ დისტანციური სწავლება);
იტალიის ახალი მთავრობის ფორმირება ევროპის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბანკირს, მარიო დრაგის დაავალეს
დღეს, 3 თებერვალს, კვირინალების ბორცვზე (როგორც ამ ბორცვზე მდებარე პრეზიდენტის სასახლეს ეძახიან იტალიელები), პრეზიდენტმა მატარელამ მარიო დრაგი დაიბარა და ფაქტობრივად იტალია ჩააბარა. იტალიაში კრიზისის ფონზე, სერჯო მატარელამ დეპუტატთა ქვედა პალატიდან რობერტ ფიკო მიიწვია და ახალი კოალიციის შექმნისთვის ნიადაგის მოსინჯვა დაავალა. ფიკომ რამდენიმე დღეში პრეზიდენტს შეატყობინა, რომ ვერ შეძლო დავალების შესრულება. მატარელამ მარიო დრაგი დაიბარა. მარიო დრაგის, ანუ „სუპერ მარიოს“ ავტოგრაფი ევროს ყველა კუპიურაზეა. დრაგი მსოფლიოში ერთერთი წარმატებული ეკონომისტ-რეფორმატორია. 2002 წლიდან 2011 წლამდე იტალიის ბანკს ხელმძღვანელობდა. მანამდე, რამდენიმე წელიწადი სახელმწიფო ხაზინას. 2011 წლიდან 2019 წლის ოქტომბრამდე კი ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველი იყო. კვირინალებზე მინისტრთა კაბინეტის შერჩევა-დასახელება მიმდინარეობს. იტალიელები სკეპტიკურად უყურებენ დრაგის კანდიდატურას - ეს ბოლო წლებში რიგით მეორე ე.წ. ტექნიკური მთავრობაა. პირველმა, მარიო მონტემ იტალიელები "დასაჯა" და არნახული გადასახადები დაუწესა ბერლუსკონისგან გათამამებულ ხალხს, უბრალო პენსიონერებსაც კი. მატარელამ იმედი გამოთქვა, რომ მარიო დრაგის მიერ ჩამოყალიბებული მინისტრთა კაბინეტი პარლამენტის მხარდაჭერას მოიპოვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების გამართვა გახდება საჭირო. ჯუზეპე კონტემ თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც კოალიციური მთავრობიდან იტალიის ექს პრემიერ-მინისტრის მატეო რენცის პარტია გავიდა
EBRD-ის პრეზიდენტი: მზადად ვართ შავი ზღვის როლის გაძლიერების კუთხით საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებისათვის
EBRD-ის ახალარჩეულ პრეზიდენტთან ოდილ ღენო-ბასოსთან, სალომე ზურაბიშვილმა ონლაინფორმატში შეხვედრა გამართა. ევროპის რეკონსტრუქტციისა და განვითარების ბანკის ახალმა პრეზიდენტმა საქართველოსთან შავი ზღვის მხრით თანამშრომლობისთვის მზაობა გამოხატა. ოდის ბასომ, შავი ზღვის როლის გაძლიერების კუთხით საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოხატა და ასევე აღნიშნა, რომ EBRD მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოს მწვანე ენერგიისა და ენერგოეფექტურობის რეფორმების დანერგვაში. რეკონსტრუქტციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, საქართველოს პრეზიდენტს პანდემიის დროს მათ მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც საქართველოში მცირე ბიზნესების დახმარების მიმართულებით გაკეთდა.