ეკონომიკა
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 1 დოლარის ღირებულება 3.40 ლარი გახდა
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ლარი დღეს მკვეთრად გაუფასურდა - ვაჭრობა 3.35-ის კურსით გაიხსნა, რის შემდეგაც დროის მოკლე პერიოდში დოლარის ღირებულება 3.40-მდე გაიზარდა. ეს ჯერ ოფიციალური გაცვლითი კურსი არაა; მას საქართველოს ეროვნული ბანკი 17:00-ზე გამოაქვეყნებს, თუმცა, სავარაუდოდ, აღნიშნული გაუფასურება ოფიციალურ კურსზეც მოახდენს გავლენას. რაც შეეხება დოლარის ოფიციალურ კურსს, ის დღეისთვის 3.3409 ლარს შეადგენს. ჯამურად ბოლო 5 სამუშაო დღის განმავლობაში დოლარის ოფიციალური ღირებულება 13 თეთრით გაიზარდა. ორშაბათს სებ-მა ლარის კურსის მერყეობის შესარბილებლად $60 მილიონიანი ინტერვენცია განახორციელა. ჯამურად, 2020 წლის განმავლობაში სავალუტო აუქციონების გზით ეროვნულმა ბანკმა $710 მილიონი დოლარი გაყიდა.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3409 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3409 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3409 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2988 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0421 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9042 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.8586 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0456 შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
ლარი დოლართან 5.5 თეთრით, ევროსთან კი 8.25 თეთრით გაუფასურდა
ლარი დოლართან 5.5 თეთრით, ევროსთან კი 8.25 თეთრით გაუფასურდა. 3 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 3.2988 ლარია, ერთი ევროსი კი 3.8586 ლარი. კომერციულ ჯიხურებსა და ბანკებში უცხოური ვალუტა კიდევ უფრო ძვირი ღირს – დოლარის ფასი 3.36 ლარს აღწევს, ევროსი კი 3.96 ლარს. გუშინ, 2 ნოემბერს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე კიდევ 60 მილიონი დოლარი გაყიდა. სებ-მა ლარის კურსის სტაბილურობისთვის ეს არაერთხელ გააკეთა. მხოლოდ სექტემბერ-ოქტომბერში სებ-მა 320 მილიონი დოლარის რეზერვი გაიტანა სავალუტო ბაზარზე. მთლიანად, მიმდინარე წელს კი ეროვნულმა ბანკმა 709 მილიონი დოლარი გაყიდა.
ჩვენს გამარჯვებას ეპიდემიასთან ბრძოლაში ფასი მაშინ აქვს, თუ ეკონომიკას მინიმალურ ზიანს მივაყენებთ - პრემიერი
ქვეყანაში სისტემური, ქვეყნის მასშტაბით „ლოკდაუნი“ არ იქნება, იქნება წერტილოვანი, კონკრეტული მიმართულებებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, წინასაარჩევნო კონტექსტში „ლოკდაუნზე“ საუბარი კიდევ ერთი მაგალითია, თუ როგორ იყენებენ ასეთ საკითხებს გარკვეული პოლიტიკური ძალები ხმების დასაგროვებლად. „ბევრი იყო საუბარი წინასაარჩევნო კონტექსტში „ლოკდაუნთან“ დაკავშირებით. მე მინდა გითხრათ, რომ კიდევ ერთი მაგალითია არჩევნებამდე რამოდენიმე დღით ადრე უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა ან ძალები როგორ იყენებენ ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს იმისთვის, რომ ამ მოკლე ვადაში რაღაც ხმები დააგროვონ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ავღნიშნავ, ქვეყანაში სისტემური, ქვეყნის მასშტაბით „ლოკდაუნი“ არ იქნება, იქნება წერტილოვანი კონკრეტული მიმართულებებით, მაგრამ სისტემური, სრულიად საქართველოს მასშტაბით არ იქნება და ვერ იქნება. მარტივად აგიხსნით რატომ - იმიტომ, რომ ჩვენს გამარჯვებას ეპიდემიასთან ბრძოლაში დღეიდან უკვე აქვს ფასი მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მინიმალურ ზიანს მივაყენებთ ეკონომიკას. გადაივლის ვირუსი, დავამარცხებთ ეპიდემიას და ჩვენი ქვეყნის სწრაფი ეკონომოკური აღდგენა გახდება ნომერი პირველი პრიორიტეტი. მე ძალიან კარგად მახსოვს, როგორ სპეკულირებდა ზოგიერთი პირველი ტალღის დროს ტესტირებების რაოდენობაზე, სწრაფ ტესტებზე და ა.შ. დრომ ყველაფერი აჩვენა. ზუსტად ასე იქნება მეორე ტალღის დროსაც. მეორე ტალღის ეფექტურობა მსოფლიოში გლობალურად შეფასებული იქნება რამდენიმე კრიტერიუმით და ეკონომიკური რესურსის შენარჩუნება და მინიმალური ზიანი ეკონომიკაზე იქნება ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ალბათ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სისტემური „ლოკდაუნი“ ქვეყნის მასშტაბით არ იქნება, იქნება წერტილოვანი, დროებითი კონკრეტული მიზნების მისაღწევად. თუმცა, ეს ყველაფერი დამოკიდებულია თუ რამდენად ეფექტურად დავიცავთ ჩვენ კონკრეტულ წესებს, პირბადეებს, დისტანციას და ა.შ. ასე რომ, ესეც მეორე ტალღაზე ჩვენი საერთო გამარჯვება უნდა იყოს,“- განაცხადა გახარიამ.
ნათია თურნავა: მიუხედავად იმისა, რომ სამყარო ებრძვის პანდემიას, ეკონომიკის გაჯანსაღების პირველი სერიოზული ნიშნები უკვე ჩანს
„საქართველოში ეკონომიკის გაჯანსაღების პირველი სერიოზული ნიშნები უკვე ჩანს“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. ნათია თურნავას განცხადებით, ეს აისახება თვითან თვემდე ეკონომიკის ვარდნის შესუსტებაში. ასევე - ექსპორტის პოზიტიურ დინამიკაში. შარშან ეს მაჩვენებელი აღწევდა რეკორდულ ნიშნულებს, წელს კი კოვიდის მიუხედავად, სერიოზული ზრდა გვაქვს. მინისტრის თქმით, სრულიად ლოგიკურია, რომ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა, პირველ რიგში, სავალუტო ფონდმა შეაფასა საქართველოს პერსპექტივა იმდაგვარად, რომ ერთ-ერთი რეგინული ლიდერი ვიქნებით ეკონომიკური ზრდის ტემპის თვალსაზრისით, კერძოდ, 2021-2025 წლებში, 5,5 პროცენტი იქნება საშუალო ზრდის ტემპი, ყოველწლიური, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შევძლებთ უახლოეს პერიოდში დავძლით კოვიდით გამოწვეული პრობლემები და გამოწვევები; კვლავ დავუბრუნდეთ მაღალი ზრდის ტრაექტორიას; განვიმტკიცოთ რეგიონული ლიდერის სტატუსი. „მიუხედავად იმისა, რომ გლობალურად სამყარო ებრძვის პანდემიას და საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი, რადგან ჩვენც ვართ გლობალური ეკონომიკის ნაწილი, ეკონომიკის გაჯანსაღების პირველი სერიოზული ნიშნები უკვე ჩანს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ერდოღანმა მოსახლეობას ფრანგული პროდუქციის ბოიკოტისკენ მოუწოდა
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თანამემამულეებს ფრანგული პროდუქციის ბოიკოტისკენ ორშაბათს, სატელევიზიო გამოსვლის დროს მოუწოდა. "მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, რომ არასდროს დაუჭირონ მხარი ფრანგულ ბრენდებს და არ იყიდონ ფრანგული პროდუქცია". – თქვა ერდოღანმა. თურქეთის პრეზიდენტს მსგავსი მოწოდებები წარსულშიც გაუკეთებია. 2018 წელს მან საზოგადოებას მოუწოდა, არ ეყიდათ აშშ-ში წარმოებული ელექტრონული მოწყობილობები. 2018-ში ერდოღანის მოწოდებებს შედეგი არ ჰქონია. ფრანგულ პროდუქციას ბოიკოტი გამოუცხადეს სხვადასხვა მაღაზიებმა ქუვეითში, საუდის არაბეთში, იორდანიასა და კატარში. ფრანგული მხარის განცხადებით, ჯერჯერობით, უცნობია ბოიკოტის გავლენა საფრანგეთის ვაჭრობაზე, თუმცა, სავარაუდოდ, ყველაზე მეტად ბოიკოტის შედეგებს სასოფლო-სამეურნეო სექტორი იგრძნობს. თურქეთისა და სხვა მუსლიმური ქვეყნების პოზიცია დაკავშირებულია საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებებთან. საფრანგეთის პრეზიდენტს სურს, დაიცვას სეკულარული ღირებულებები რადიკალური ისლამისგან. ეს საკითხი გამწვავდა მას შემდეგ, რაც ფრანგ მასწავლებელს, სამუელ პატის, მუჰამედის კარიკატურების გაკვეთილზე ჩვენებისთვის თავი მოჰკვეთეს. "ის სწორედ იმიტომ მოკლეს, რომ რესპუბლიკას განასახიერებდა. ის მოკლეს, რადგან ისლამისტებს ჩვენი მომავალი უნდათ. მათ იციან, მისი მსგავსი ჩუმი გმირებით, ისინი ამას ვერ მიიღებენ". – თქვა მაკრონმა სამუელ პატის მკვლელობასთან დაკავშირებით. ერდოღანმა მაკრონი ანტიისლამურ განწყობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მუსლიმები საფრანგეთში ისეთივე ზეწოლის ქვეშ არიან, როგორც ებრაელები ევროპაში მეორე მსოფლიო ომის წინ. ერდოღანმა ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, შეეჩერებინათ საფრანგეთის პრეზიდენტის "სიძულვილის კამპანია". რამდენიმე დღის წინ ერდოღანმა მაკრონის ისლამთან დაკავშირებული პოზიციის გამო თქვა, რომ მენტალური ჯანმრთელობის შემოწმება სჭირდებოდა. ერდოღანის კომენტარის შემდეგ საფრანგეთმა თურქეთიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიხმო. "ისლამზე თავდასხმისთვის" მაკრონი გააკრიტიკა პაკისტანის პრეზიდენტმაც. ბანგლადეშში, ერაყში, ლიბიასა და სირიაში კი საპროტესტო აქციები გაიმართა.
საქართველოს ახალი მილიარდერი ჰყავს
საქართველოს ახალი მილიარდერი ჰყავს - ამის შესახებ ამერიკული გამოცემა “ფორბსი” წერს. როგორც გამოცემა იუწყება, ყაზახური ფინთექ-პლატფორმა Kaspi-ს 2 დამაარსებელი ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსების შემდეგ მილიარდერები გახდნენ, მათგან ერთი კი სწორედ ქართველი მიხეილ ლომთაძეა. მიხეილ ლომთაძე 1975 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოში, დაიბადა. თბილისშივე აიღო ბაკალავრის ხარისხი, შემდეგ კი სწავლა აშშ-ში, ჰარვარდის ბიზნესსკოლაში განაგრძო. ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ, ლომთაძემ პირველი საქმიანობა საქართველოში დაიწყო. 2002 წელს მან კომპანია “ჯი-სი-ჯი აუდიტი” დააფუძნა, რომელსაც თავადვე მართავდა და მალევე მსოფლიოში ავტორიტეტულ აუდიტორიულ კომპანია “ერსტ ენდ იანგის” შეუერთა. მას შემდეგ ლომთაძე საქმიანობას რუსეთში აგრძელებს. სწორედ რუსეთ უკავშირდება მისი წარმატებული კარიერის სტარტი, რომელიც ყაზახეთში გრძელდება. ლომთაძე ჯერ კიდევ 2008 წელს იქცა ყაზახეთის ყველაზე წარმატებულ და მდიდარ ახალგაზრდა ფინანსისტად. საფინანსო სექტორში ის კონკურენტუნარიან კადრად ისეთმა მიმართულებებმა აქცია, როგორიცაა ვენჩურული ფონდები და რისკების მართვა, მაკროეკონომიკა და ფინანსური ბაზრის კარგად ცოდნა. 2009 წლისთვის მიხეილ ლომთაძე უკვე ყაზახეთში, “კასპი ბანკის” მმართველი ხდება. პრესისთვის მიცემული ინტერვიუში ამბობს, რომ მისი ხელმძღვანელობის დროს “კასპი ბანკის” წარმატებულობაზე The Financial Times-ის მიერ მინიჭებული სტატუსიც მოწმობს. გავლენიანმა გამოცემამ “კასპი ბანკი” 2009 წლის საუკეთესო ყაზახურ ბანკად დაასახელა, რამაც ბანკის პრესტიჟი საბანკო-საფინანსო ინდუსტრიაში მნიშვნელოვნად გაზარდა. ცნობისთვის, კომპანია Kaspi ყაზახეთში ოპერირებს. ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა 18 მილიონს შეადგენს, ქართველი ბიზნესმენის მიერ დაფუძნებულ კომპანიას 7 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, რაც სესხების ბაზრის უდიდეს წილს, 32%-ს შეადგენს. კომპანიის მთავარი საქმიანობა ელექტრონული ფინანსური პროდუქტებისთვის (სესხები, გადასახადები) შესაბამისი პლატფორმის უზრუნველყოფას წარმოადგენს. პანდემიის გამო, Kaspi-ს პროდუქტების მოხმარებამ პიკს მიაღწია. 2019 წელს, Kaspi-ს წმინდა მოგებამ $515 მილიონია. კომპანია პანდემიის გამო კიდევ უფრო გაიზარდა, შემოსავალმა მხოლოდ 2020 წლის პირველ ნახევარში, $286 მილიონი შეადგინა. Kaspi-მ პანდემიისგან გამოწვეული პრობლემები მოსახლეობას ტექნოლოგიების დახმარებით მოუგვარა, შედეგად ის კონკურენტთაგან განსხვავებით გაიზარდა. ივნისში, ყაზახური ონლაინ გამოცემა Kazpravda.kz წერდა, რომ Kaspi-ს მთავარმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ლომთაძემ ყაზახეთის პრეზიდენტისგან პანდემიის დროს „უანგარო მუშაობისათვის", „ხალხის მადლიერების“ მედალი მიიღო. წყარო
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე კიდევ 40 მლნ დოლარი გაყიდა
2020 წლის 22 ოქტომბერს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კიდევ 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2173 შეადგინა. ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილურობისთვის რეზერვები წელს არაერთხელ გაყიდა. მხოლოდ ოქტომბერში სებ-მა უკვე 110 მილიონი დოლარის რეზერვი გაიტანა სავალუტო ბაზარზე, სექტემბერში კი - 150 მილიონზე მეტი. საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი განსაკუთრებით დაეცა პანდემიის შედეგად ჩაკეტილი საზღვრებისა და რამდენიმეთვიანი კარანტინის ფონზე. 7 თვის წინ, პანდემიის დაწყებამდე, 2020 წლის 23 თებერვალს ერთი ევროს ოფიციალური კურსი - 3.0571 ლარი იყო, ხოლო 1 აშშ დოლარის - 2.8299 ლარი. დღეს 1 დოლარი ოფიციალურად 3.2274 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.8267 ლარი. ამ პერიოდში ლარი ევროსთან 77 თეთრით გაუფასურდა, ხოლო დოლართან - 40 თეთრით.
"ბრიტანეთმა ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ხელშეკრულება უნდა შეასრულოს"
ბრიტანეთმა ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ხელშეკრულება უნდა შეასრულოს, მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგებით დასრულდება მხარეებს შორის მიმდინარე სავაჭრო მოლაპარაკებები, - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მაროშ შევჩოვიჩმა განაცხადა. „შეთანხმებით თუ შეთანხმების გარეშე გასვლის შესახებ ხელშეკრულების მიმართ პატივისცემაა საჭირო,“- განაცხადა მაროშ შევჩოვიჩმა. მისივე თქმით, ევროკავშირი მოწოდებულია, სავაჭრო შეთანხმებასა და მათი სამომავლო ურთიერთობის სხვა ასპექტებზე შეთანხმებას მიაღწიოს, მაგრამ მხარების პოზიციები დაშორებულია. ”ჩვენი მიზანია კვლავ მივაღწიოთ შეთანხმებას, რომელიც გზას გაუხსნის ახალ ნაყოფიერ ურთიერთობებს ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ასეთი შეთანხმებისთვის, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად ”, - აღნიშნა მაროშ შევჩოვიჩმა.
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 30 მილიონი დოლარი გაყიდა
დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 30 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. "2020 წლის 19 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 30 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2100 შეადგინა",-აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს 10 მთავარი საექსპორტო საქონლიდან, 6-ის ექსპორტი შემცირდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 121.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.9%-ით ნაკლებია. იანვარ-სექტემბერში ექსპორტმა 2 403.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.1%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო იმპორტი 5 717.6 მლნ. აშშ დოლარი იყო და 15.9%-ით შემცირდა. საქსტატის ინფორმაციით, ამ პერიოდში საქართველოს 10 მთავარი საექსპორტო საქონლიდან, 6-ის ექსპორტი შემცირდა: სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 541.6 მლნ აშშ დოლარი, გაიზარდა 14.1%-ითმსუბუქი ავტომობილები - 304.2 მლნ. აშშ დოლარი, შემცირდა 37.3%-ითფეროშენადნობები - 180.3 მლნ. აშშ დოლარი, შემცირდა 24.9%-ითყურძნის ნატურალური ღვინოები - 143.3 მლნ. აშშ დოლარი, შემცირდა 5.8%-ითსპირტიანი სასმელები - 86.3 მლნ. აშშ დოლარი, გაიზარდა 10.8%-ითმინერალური და მტკნარი წყლები - 81.3 მლნ. აშშ დოლარი, შემცირდა 16.9%-ითძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - 77.3 მლნ. აშშ დოლარი სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 71.5 მლნ. აშშ დოლარი, შემცირდა 49.6%-ითოქრო - 68.8 მლნ. აშშ დოლარი, გაიზარდა 29.5%-ითაზოტოვანი სასუქები 56.3 მლნ. აშშ დოლარი, შემცირდა 21%-ითსაქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნების სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (355.3 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (327.9 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (308.6 მლნ. აშშ დოლარი). რუსეთი და ჩინეთი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნების სამეულშიც შედიან: თურქეთი (981.6 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (626.0 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (509.6 მლნ. აშშ დოლარი).
იანვარ-სექტემბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14.9%-ით შემცირდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 121.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 14.9%-ით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 2 403.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (12.1%-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი 5 717.6 მლნ. აშშ დოლარი (15.9%-ით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-სექტემბერში 3 314.1 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8% შეადგინა. დეტალური მონაცემები საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს გამოქვეყნდება.
WHO მთავრობებს მიმართავს: საგანგებო მდგომარეობებმა შესაძლოა ბიზნესები გაანადგუროს
მსოფლიო ჯანდაცვის ორგნიზაცია (WHO) მთავრობებს აფრთხილებს, რომ კორონავირუსის გამო დაწესებულმა საგანგებო მდგომარეობებმა, შესაძლოა, ბიზნესები გაანადგუროს. ამის შესახებ ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს. WHO-ს წარმომადგენელი დავიდ ნაბარო აცხადებს, რომ ორგანიზაცია მხარს არ უჭერს საგანგებო მდგომარეობის დაწესებას, როგორც ვირუსზე კონტროლის ძირითად საშუალებას. ის აღნიშნავს, რომ აკრძალვების დაწესება გლობალურ ეკონომიკას მნიშვნელოვნად აზარალებს. „საგანგებო მდგომარეობები ნეგატიურ გავლენას ახდენს მოწყვლად ჯგუფებზე, განსაკუთრებით კი, ღარიბ ადამიანებზე და კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აგდებს მათ“, - განაცხადა ნაბარომ. WHO-ს წარმომადგენელი, ასევე, აღნიშნავს, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა და აკრძალვები მძიმედ მოქმედებს იმ ქვეყნებზე, რომელთა ეკონომიკაც ტურიზმზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ WHO-ს ხელმძღვანელი ტედროს გებრეისუსი ქვეყნის მთავრობებს ეკონომიკის და სკოლების გახსნისკენ მოუწოდებს. „ჩვენ უნდა მოვახერხოთ ვირუსის კონტროლი მთლიანი დახურვის გარეშე და ისე, რომ ამან ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ იქონიოს“, - განაცხადა გებრეისუსმა.
WTO-ს ქალი ხელმძღვანელი ეყოლება
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას (WTO) ისტორიაში პირველად ქალი ხელმძღვანელი ეყოლება. ახალი ხელმძღვანელის საარჩევნო პროცესი ბოლო ეტაპზეა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის მიხედვით, 8 კანდიდატიდან შეირჩა ორი და ორივე ქალბატონია, მათგან ერთი ნიგერიის ყოფილი ფინანსთა მინისტრი ნგოზი ოკონჯო-ივეალაა, ხოლო მეორე სამხრეთ კორეის ვაჭრობის მინისტრი იო მიუნ-ჰი. ფინალში მყოფ ორივე კანდიდატს, როგორც პოლიტიკაში ყოფნის, ასევე საერთაშორისო გამოცდილებაც აქვთ, ორივეს განათლება აშშ-ში აქვთ მიღებული. ნიგერიის ყოფილი ფინანსთა მინისტრი გარკვეული დროით საგარეო მინისტრის პოზიციასაც იკავებდა, ასევე მას ეკავა წამყვანი პოზიციები ეკონომისტის რანგში მსოფლიო ბანკში. ამჟამად ოკონჯო-ივეალა ვაქცინების საერთაშორისო ალიანსის Gavi-ის საბჭოს თავმჯდომარეა. რაც შეეხებმა მეორე კანდიდატ იო მიუნ-ჰის, ის ვაჭრობის დარგის სპეციალისტია და „დეტალურად ერკვევა ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებში“. ორივე კანდიდატს აქვს უნარი წარმატებით აწარმოოოს მხარეებს შორის შეთანხმებები, რაც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელისათვის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. როგორც გამოცემა წერს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ახალ ხელმძღვანელს ნოემბრის დასაწყისისთვის დაასახელებს.
"გული გვწყდება ანაკლიის პროექტი რომ ვერ შედგა, იმედი გვაქვს, ამერიკელი ინვესტორები დაინტერესდებიან"
იმედი გვაქვს, ანაკლიის პორტით ამერიკელი ინვესტორები დაინტერესდებიან,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემა “ფორბს კვირის” წამყვანს გიორგი ისაკაძეს განუცხადა. ინტერვიუში, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ანაკლიის პორტის პროექტსაც ეხება, ნათია თურნავა ამბობს, რომ ახალ ტენდერს ანაკლიის პორტის პროექტისთვის, სავარაუდოდ, მომდევნო წლის მეორე ნახევარში გამოაცხადებენ, მანამდე კი სატენდერო დოკუმენტაცია გადაიხედება. “ვფიქრობთ, მომავალ წელს, მეორე ნახევარში ალბათ უკეთესი კონიუნქტურა იქნება. მანამდე დრო დაგვჭირდება, რომ 2014 წელს მომზადებული სატენდერო დოკუმენტაციის გადახედვა მოხდეს და ისევ გავიაზროთ ამ პროექტის ეკონომიკა, რომ უფრო ადეკვატური გავხადოთ. შემდეგ შევუდგებით ინვესტორების ძებნას და დიდი იმედი გვაქვს, ამერიკელი ინვესტორები დაინტერესდებიან. რატომ? ლოგიკაა ამაში. აშშ-ის განვითარების საფინანსო კორპორაცია, ყოფილი OPIC, აფინანსებს PACE-ის ტერმინალს ფოთში. ამერიკის მთავრობა USAID-ის მეშვეობით გვეხმარება ყველა ქართულ პორტში ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვაში, რომ ერთი ფანჯრის პრინციპით მოხდეს გემების მომსახურება. შესაბამისად, აშშ-ის აქტივობა არის საკმაოდ მაღალი საპორტო ინფრასტრუქტურაში. ალბათ ლოგიკური იქნება, კვლავ ამერიკელი ინვესტორები დაინტერესდნენ ამ პროექტითაც”,- აცხადებს თურნავა. წამყვანის რეპლიკაზე, რომ ანაკლიის პორტის პროექტში, რომელიც ჩაიშალა, უკვე წარმოდგენილი იყვნენ ამერიკელი ინვესტორები SSA Marine-სა და Konti ჯგუფის სახით, თურნავა პასუხობს: “ჩვენ ძალიან გული გვწყდება, რომ ვერ შედგა პროექტი, ეს პროექტი რომ შემდგარიყო, უკვე 3 წლის წინ უნდა გვქონოდა მოქმედი პორტი და გავასწრებდით ბევრ კონკურენტს შავ ზღვაზე”,- განაცხადა ნათია თურნავამ. შეგახსენებთ, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან საქართველოს მთავრობამ ხელშეკრულება სწორედ წელს გაწყვიტა. მიზეზად ვალდებულებების შეუსრულებლობა სახელდება. ანაკლიის განვითარების კონსორციუმი კი აცხადებს, რომ ინვესტორების მოზიდვა და ვალდებულების შესრულება სწორედ მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო ვერ მოახერხეს. ისინი საარბიტრაჟო სასამართლოში აპირებენ საჩივრის შეტანას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან სრულ ინტერვიუს მაყურებელი შაბათს, 19:30 საათზე, გადაცემა Forbes Talk-ში მოისმენს, რომელიც BMG-ისა და FORBES GEORGIA-ს ოფიციალური ფეისბუქ გვერდის მეშვეობით გავა.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2170 ლარი გახდა
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 3.2170 ლარამდე გამყარდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2209 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.39 თეთრი შეადგინა. ლარი გამყარდა ევროსთანაც. ხვალისთვის 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.7803 ლარი იქნება, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.7965 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.62 თეთრი შეადგინა. დღეს ლარი თურქული ლირის და ფუნტი მიმართაც გამყარდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან შევა ძალაში.
მსოფლიო ბანკი: საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 6%-ით შემცირდება
მსოფლიო ბანკმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის ეკონომიკური პროგნოზები განაახლა. ახალი შეფასებით ბანკი 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის 6%-ით შემცირებას პროგნოზირებს. ამასთან, COVID-19-ის კრიზისით გამოწვეული უმუშევრობის გამო, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 160,000 მოქალაქე წელს შეიძლება სიღარიბეში აღმოჩნდეს. "საქართველოში ეკონომიკის მკვეთრი ვარდნა შენელდა ფისკალური მხარდაჭერით, კრედიტების სტაბილური ზრდით და ფულადი გზავნილების აღდგენით. მიუხედავად ამისა, 2020 წელს ეკონომიკის ზომა, სავარაუდოდ, 6%-ით შემცირდება, რაც ასახავს პანდემიის დასაწყისში მობილობაზე დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებს, სამუშაო ადგილების შემცირებას, ისევე როგორც საერთაშორისო ტურიზმზე დაწესებულ შეზღუდვებს, რომელიც პანდემიამდე საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 8 პროცენტს შეადგენდა. ზემოქმედება ასევე მწვავე იქნება სოციალური თვალსაზრისით, 2020 წელს საქართველოს დაახლოებით 160,000 მოქალაქე შეიძლება სიღარიბეში აღმოჩნდეს, ხოლო 400,000 ადამიანს შემოსავალი შეუმცირდეს. სავარაუდოდ, ეკონომიკის ზრდა 2021 წელს 4 პროცენტს მიაღწევს, რამდენადაც პანდემიასთან დაკავშირებული შოკები გაიფანტება და ტურიზმი აღდგენას დაიწყებს მომხმარებლებისა და ბიზნესის თავდაჯერებულობის მატებასთან ერთად," - ნათქვამია მსოფლიო ბანკის განცხადებაში. სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელის, სებასტიან მოლინეუსის განცხადებით, ბანკი სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ეკონომიკის პოსტ-პანდემიური აღდგენის პროცესში. „საქართველოს ძალისხმევა COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის ეკონომიკური და სოციალური შედეგების დაძლევის მიმართ მტკიცეა და შესაძლებელი გახდა პანდემიამდე ეკონომიკის გონივრული მართვით, თუმცა გასაკეთებელი კვლავაც ბევრია სიღარიბის სავარაუდო ზრდაზე რეაგირების თვალსაზრისით. მსოფლიო ბანკი ჩართული იყო COVID-19-ის მიმართ საქართველოს მთავრობის საპასუხო ღონისძიებებში ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მიმართულებების მხარდაჭერის კუთხით. და ახლაც, კერძო სექტორისთვის დაგეგმილი დახმარებითა და ბიუჯეტის მიზნობრივი მხარდაჭერით, მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ ქვეყნის პოსტპანდემიური აღდგენის პროცესში“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.
ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 20 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა
ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონის შედეგს აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, დღეს აუქციონზე 20 მილიონი აშშ დოლარი გაიყიდა. "2020 წლის 2 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.1929 შეადგინა," - აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი 3-ჯერ იზრდება
საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი წელს 3-ჯერ გაიზრდება. როგორც შპს „ნადი გრუპის“ ხელმძღვანელმა მერაბ ნადარაიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, თუ შარშან იტალიაში 15 ტონა პროდუქტი გავიდა, წელს დეკემბერში 45 ტონამდე იქნება. მისი თქმით, მოთხოვნის ზრდა, უცხოეთში პროდუქტის პოპულარობამ განაპირობა. ცნობისთვის, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში ლოკოკინების ფერმა „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ეს არის ევროპული ჯიშების ლოკოკინები, რომელთა გამრავლებაც საქართველოში ხდება. კომპანიის ხელმძღვანელმა რამდენიმე თვის წინ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ნახევარფაბრიკატების გადამამუშავებელი ქარხანის მშენებლობაც დააანონსა. თუმცა, როგორც დღეს მერაბ ნადაიარია ამბობს, პანდემიის გამო იტალიელი პარტნორების ჩამოსვლა ვერ მოხერხდა. შესაბამისად, პროექტის განხორციელება გაჭიანურდა. „საწარმოს მშენებლობა დაგეგმილი იყო, თუმცა სამწუხაროდ, ჯერ ვერ დავიწყეთ. პანდემიის გამო ჩვენი იტალიელი პარტნიორები ვერ ჩამოვიდნენ. ამიტომ, მოხდა გადავადება. როგორც კი პანდემია დასრულდება, დაახლოებით, 1 თვეში განახლდება მუშაობა. თითქმის ყველა საკითხზე მოლაპარაკებული ვართ მათთან. რაც შეეხება ლოკოკინების ექსპორტს, ამ მიმართულებით პრობლემა არ გვქონია, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ ახლა ვამზადებთ საექსპორტო პროდუქტს, რომელსაც დეკემბერში გავიტანთ. შარშან იტალიაში გავიტანეთ 15 ტონა, წელს იქნება 45 ტონა. მოთხოვნა ძირითადად მოდის იტალიიდან, პორტუგალიიდან, საფრანგეთიდან, ინგლისიდან. ჩვენ წელსაც უშუალოდ იტალიაში ვაგზავნით“,-ამბობს მერაბ ნადაიარა. მისი თქმით, პროდუქტის სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე, უცხოელი პარტნიორების მოძიება რთული არ არის. თუმცა, ცოცხალი ლოკოკინები საქართველოში პოპულარობით მაინც ვერ სარგებლობს. „ცოცხალ ლოკოკინაზე მოთხოვნის ზრდა განაპირობა ცნობადობის ამაღლებამ. ეს არის ძალიან სასარგებლო პროდუქტი, ცილების მაღალი შემადგენლობით (ქოლესტერინი აქვს - 0). უცხოეთში იციან ამის შესახებ, მოთხოვნაც საკმაოდ მაღალია. რეალიზაცია არ ჭირს. რაც შეეხება საქართველოს, აქ მოთხოვნა ჯერ კიდევ არ არის. ჩვენთან მხოლოდ გადამუშავებულის რეალიზაციას ვგეგმავთ“, - განაცხადა მერაბ ნადარაიამ. ცნობისთვის, ამჟამად კომპანია ფერმაში 12 ადამიანს ასაქმებს. ლოკოკინების ფერმის საინვესტიციო ღირებულება კი 1,6 მლნ ლარია.
უცხოური ბარათებით საქართველოში გადახდები 1 მილიარდი ლარით შემცირდა
2020 წლის 8 თვის განმავლობაში საქართველოში უცხოური ბანკების მიერ გამოშვებული საგადასახადო ბარათებით 810.5 მილიონი ლარის ოპერაციები შესრულდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 988 მილიონი ლარით, ანუ 55%-ით ნაკლებია. უცხოური ბარათებით საქართველოში შესრულებული ოპერაციების კლება პირველ რიგში ქვეყანაში ტურიზმის შემცირებასთან არის დაკავშირებული. მაგალითად, 2019 წლის აგვისტოში საბარათე გადახდებმა უცხოური ბანკების საბარათე გადახდებმა 317.1 მილიონი ლარი შეადგინა, წელს კი ეს მაჩვენებელი 5-ჯერ ნაკლები იყო და 69 მილიონ ლარს შეადგენდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2020 წლის 8 თვეში საქართველოში უცხოეთის მოქალაქეთა 1.3 მილიონი ვიზიტი შედგა, მათი უდიდესი ნაწილი პირველ კვარტალში, საზღვრების ჩაკეტვამდე იმყოფებოდა ქვეყანაში. 2019 წელთან შედარებით ტურიზმის მაჩვენებელი 75%-ით არის შემცირებული. უცხოური საბანკო ბარათებით განხორციელებული ოპერაციების კლება ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც, წელს საქართვრლოში ადგილობრივი მოთხოვნის მოცულობა შემცირებულია. 2020 წლის 7 თვეში ეკონომიკურმა კლებამ 5.7% შეადგინა.