სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეში სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. სხდომას არ ესწრება ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტი. როგორც მისი ადვოკატები აცხადებენ, ის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ ესწრება პროცესს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე წარმოთქვამს შესავალ სიტყვას, დაცვის მხარეს კი რამდენიმე შუამდგომლობა ექნება, რომელიც მოპოვებული მტკიცებულებების საქმეზე დართვის მოთხოვნას შეეხება. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვს წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი და 2 კილოგრამი „კოკაინი“ ამოიღო, დაკავებულია 12 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, მხოლოდ დეკემბრის თვეში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 12 პირი დააკავეს. კერძოდ, თბილისსა და რეგიონებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად 9 პირი, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2, ხოლო თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა მიმდინარე თვეში 5 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ და 2 კილოგრამი „კოკაინი“ ამოიღეს. „ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებული არიან: 1984 წელს დაბადებული ი. ჯ., 1967 წელს დაბადებული ს. შ., 1975 წელს დაბადებული კ. ქ., აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე - 1998 წელს დაბადებული რ. მ., 1985 წელს დაბადებული რ. გ., 1973 წელს დაბადებული ნ. ა. და 1984 წელს დაბადებული რ. ა., თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1974 წელს დაბადებული გ გ. და 1971 წელს დაბადებული ა. კ. დააკავეს. ჩამოთვლილი პირების გარდა, ნარკოდანაშაულისთვის 2000 წელს დაბადებული გ.ქ. - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ხოლო 1980 წელს დაბადებული ზ.ბ. და 1986 წელს დაბადებული მ.გ. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს. მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, საქართველოში უკანონოდ შემოტანა და ნარკოტიკების უკანონო გასაღების მცდელობა. სამართალდამცველებმა მიმდინარე თვეში 5 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ და 2 კილოგრამი „კოკაინი“ ამოიღეს. 2021 წლის 21 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე-ოფიცრებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, თურქეთის მოქალაქე დააკავეს. მისი კუთვნილი ბარგის შემოწმების შედეგად სამგზავრო ჩანთაში მოწყობილ სამალავში 2 კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერება „კოკაინია“ იქნა აღმოჩენილი. ბრალდებული ტრანზიტული გადაზიდვის გზით ცდილობდა ნარკოტიკის საქართველოში შემოტანას. გარდა ამისა, სამართალდამცველებმა, 15 დეკემბერს, თბილისში დაკავებული პირის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 1 კილო და 600 გრამი „ჰეროინი“ ამოიღეს. ხოლო, 16 დეკემბერს, ლაგოდეხში, ერთ-ერთი ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 2 კილო და 200 გრამი ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინია" ამოღებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტად კვლავ რჩება ნარკოდანაშაულის აღმოფხვრა და ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარება. ბოლო 5 წლის განმავლობაში, ყველაზე მეტი ნარკორეალიზატორი მიმდინარე წელს დავაკავეთ. მინდა გაგაცნოთ 2021 წელს საქართველოს მასშტაბით ნარკოდანაშაულის მიმართულებით არსებული სტატისტიკურ მონაცემები. მიმდინარე წლის 22 დეკემბრის მონაცემებით, სულ დაკავებულია 136 ნარკორეალიზატორი. ამოღებულია: 19 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, 4 კილოგრამი "კოკაინი", 5 ათასი აბი "სუბუტექსი", 3 კილოგრამი „ალფა-პვპ“, 26 კილოგრამი "ბიო" და სხვა სახის ნარკოტიკები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილებების კუთხითაც იმუშავა. მნიშვნელოვნად გამკაცრდა სასჯელი ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლების მიმართ. ცვლილებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის მინიმალურ სასჯელად განისაზღვრა 10 წლიდან თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მაქსიმალურ ზღვარად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა დადგინდა. საკანონმდებლო ცვლილებები აგრეთვე შეეხო ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო გასაღებას და იგი გაიმიჯნა აღნიშნული ნივთიერების უკანონო დამზადებისგან და შეძენისა - შენახვისგან“, - განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ.

ნიკა მელიას თქმით, მასობრივი შიმშილობის აქციაში 300-ზე მეტი ადამიანია ჩართული

„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან კარვები გაშალეს და პარტიის მხარდამჭერებმა შიმშილობა დაიწყეს. მოშიმშილეები 4 კარავში განთავსდნენ და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. პროტესტის ამ ფორმას წინ უძღვოდა აქცია რუსთაველის გამზირზე, სადაც ნიკა მელიამ მასობრივი შიმშილობის აქცია დააანონსა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თქმით, მასობრივი შიმშილობის აქციაში 300-ზე მეტი ადამიანია ჩართული. როგორც მელიამ „მთავარ არხს“ განუცხადა, კონკრეტული სიის შედგენა ახლა მიმდინარეობს.

ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმი ჩაერთვება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, გორის ჰოსპიტალში მოთავსებული საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ყურადღება დღეს რუსთაველის გამზირისკენაა მიპყრობილი, რადგან ხალხმრავალ აქციას ელოდება. ამასთან, როგორც ხერხეულიძემ ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, მესამე პრეზიდენტი თავს სუსტად გრძნობს და ელოდებიან უცხოელ ექიმს, რომელიც მისი მკურნალობის პროცესში ჩაერთვება. „მდგომარეობა უცვლელია. თავს სუსტად გრძნობს. ასეთ ხანმოკლე პერიოდში მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდებოდა, იმის გათვალისწინებითაც, რომ მისი მკურნალობის პერიოდში განსაკუთრებული ჩარევა არ მომხდარა. უმოკლეს პერიოდში ელოდებიან უცხოელ ექიმს, რომელიც გარკვეულწილად დაეხმარება ამ პროცესის დარეგულირებაში. ყოველ შემთხვევაში ახლა საიმედო არაფერია.

ქრთამის აღების ბრალდებით სოფლის მეურნეობის ლოგისტიკის და სერვისების კომპანიის კაჭრეთის სერვისცენტრის უფროსი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის სამსახურთან თანამშრომლობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქრთამის აღების ფაქტზე შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ კაჭრეთის სერვისცენტრის უფროსი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებისა და ბრძანებით ოფიციალურად განსაზღვრული თანხის კომპანიის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გვერდის ავლით, შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ კუთვნილი ტექნიკით 15 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მოხვნის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით 8 465 ლარი გამოართვა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ხსენებული ფაქტი არ ატარებდა ერთჯერად ხასიათს და ბრალდებულის მხრიდან სახელმწიფოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის პირადი მიზნებისთვის გამოყენება სისტემატურად ხორციელდებოდა, რის შედეგადაც ტექნიკა განიცდიდა ცვეთას, კომპანია ვერ იღებდა შესაბამის ანაზღაურებას და ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდა სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას. დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი მისამართების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია თანხა 11 500 აშშ დოლარისა და 52 245 ლარის ოდენობით“, – აცხადებენ სუს-ში. უწყების ცნობით, გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

საქართველოში 21 მლნ რუბლზე მეტი არადეკლარირებული თანხა შემოჰქონდათ - შემოსავლების სამსახური

მებაჟე ოფიცრებმა წითელ ხიდზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხა აღმოაჩინეს.შემოსავლების სამსახურის ცნოით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,წითელი ხიდი“ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხიდან შემოვიდა სატვირთო ავტომობილი, რომელსაც აზერბაიჯანის მოქალაქე მართავდა. „ავტომობილის მფლობელმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცერთან გასაუბრებისას განაცხადა, რომ დასადეკლარირებელ ნივთებს არ ფლობდა, თუმცა ეჭვის საფუძველზე, ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, 21 მილიონ 680 ათასი რუსული რუბლი აღმოაჩინეს. ამ თანხამ ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად 915 633 ლარი შეადგინა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით განესაზღვრა არადეკლარირებული თანხის ჩამორთმევა.

პოლიციამ ეკონომიკური ექსპერტის, რამაზ გერლიანის წერილს და მობილურ ტელეფონს მიაკვლია

სამართალდამცავებმა „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორის, ეკონომიკური ექსპერტის, რამაზ გერლიანის წერილსა და მობილურ ტელეფონს მიაკვლია. წერილიც და ტელეფონით ორგანიზაციის ოფისიდან ამოიღეს. ამასთან, მობილურს, რომელიც მის სამუშაო მაგიდაზე იდო, მარკერით მიწერილი ჰქონდა პაროლი, რითაც პოლიციას გერლიანის ტელეფონის გახსნა შეუძლია. რაც შეეხება წერილს, მოკლე წერილში რამაზ გერლიანი აცხადებს, რომ „ბევრი ითმინა“ და „დაიღალა". ასევე, მიმართავს შვილებს, რომ უყვარს, ღმერთს კი პატიებას თხოვს. შეგახსენებთ, რომ ახლობლების ცნობით, „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორი, ეკონომიკური ექსპერტი რამაზ გერლიანი გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. მათივე ინფორმაციით, გერლიანის ავტომობილი ბოლოს ავჭალის პოლიციის შენობასთან შენიშნეს. როგორც ახლობლები აცხადებენ, რამაზ გერლიანს 2 დღეა ვერ უკავშირდებიან.

საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი მონეტების დამზადება-გამოყენების გზით, სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კუსტარულად დაამზადა 563 ცალი 1-ლარიანის ფორმისა და ზომის მონეტა, რომელიც სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გამოყენებით, ჩარიცხა თავისი მეუღლის ანგარიშზე, საიდანაც შემდგომში მოხდა მისი განაღდება. ბრალდებული დაკავებულ იქნა უშუალოდ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 30 ცალი კუსტარულად დამზადებული მონეტა და აღნიშნული მონეტების დასამზადებლად განკუთვნილი მოწყობილობები“, – აცხადებენ უწყებაში. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

პროკურატურამ ევროკავშირის ტერიტორიაზე მოქმედი უმსხვილესი საწარმოების მიმართ ჩადენილი თაღლითობის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ევროკავშირის ტერიტორიაზე მოქმედი 17 საწარმოს მიმართ ჩადენილი თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ დაიწყო. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე ლ.პ.-მ, არარეზიდენტი იურიდიული პირების ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, მის მიერ წარსულში დაფუძნებულ კომპანიას, 2020 წლის აპრილში შეუცვალა სახელწოდება და დაარეგისტრირა ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისის მსგავსი დასახელებით. ბრალდებული, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან ერთად წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, არარეზიდენტ საწარმოებს, რომლებსაც ინტელექტუალური საკუთრების რეგისტრაციაზე განაცხადი ჰქონდათ შეტანილი ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისში, ელექტრონული ფოსტით მეშვეობით უგზავნიდა ყალბ ინვოისებს და არარსებული მომსახურების ანაზღაურებას მოტყუებით არიცხინებდა, მის საკუთრებაში არსებული, ქართული კომპანიის საბანკო ანგარიშებზე. აღნიშნული ქმედებით, ლ.პ. 2020 წლის 9 ივნისიდან 2020 წლის 22 ივლისის ჩათვლით პერიოდში მოტყუებით დაეუფლა 17 არარეზიდენტი საწარმოს კუთვნილ ჯამში 47 922 ევროს (165 047.17 ლარი). შემდგომში, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის ნაწილი, კანონიერი სახის მიცემის, ლეგალიზაციის მიზნით, ბრალდებულმა დაანაწევრა და ფიქტიური ინვოისების საფუძველზე გადარიცხა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მასთან დაკავშირებული კომპანიის საბანკო ანგარიშზე, რითაც მოახდინა 17 271 აშშ დოლარის (52 708.95 ლარი) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა ლ.პ. 2021 წლის 20 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულის მიერ დაფუძნებული საწარმოს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სასჯელის სახედ ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს“, – აცხადებენ უწყებაში. საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.

გერმანიაში დაკავებული გიორგი კალანდაძის საქმეში უკრაინელი კონსულები ერთვებიან

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა, რომ გერმანიაში დაკავებული გიორგი კალანდაძის საქმეში უკრაინელი კონსულები ჩაერთვნენ. უკრაინის საგარეო უწყების ცნობით, კალანდაძეს უკრაინის მოქალაქეობა აქვს. ამასთან, უკრაინის საელჩო გერმანიაში ინფორმირებულია 19 დეკემბერს ბერლინ-ბრანდერბურგის აეროპორტში უკრაინის მოქალაქის გიორგი კალანდაძის დაკავების შესახებ. უკრაინული მედიის ცნობით, კალანდაძეს უკრაინის მოქალაქეობა 2019 წლის 20 დეკემბერს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით მიენიჭა. შეგახსენებთ, საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა გიორგი კალანდაძე ბერლინის აეროპორტში მიმდინარე წლის 19 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა გენერალური შტაბის უფროსის ყოფილ მოადგილეს მოქალაქის თავისუფლების უკანონო აღკვეთას და წამებას ედავება. ამავე თემაზე: საქართველოს გენერალური პროკურატურა გერმანულ მხარეს გიგი კალანდაძის საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე შუამდგომლობით მიმართავს

რუსი დეპუტატი გარდაცვლილი იპოვეს

რუსი კანონმდებელი, ქალაქ მაგადანიდან, ალექსანდრ კრამენკო საკუთარ ოფისში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გარდაცვლილი იპოვეს. იკითხებიან პოტენციური მოწმეები, ახლობლები, თვითმხილველები, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. გამოძიება არ გამორიცხავს თვითმკვლელობასაც. 59 წლის დეპუტატი პოპულარული გახდა ერთ-ერთი ფოტოს ირგვლივ სკანდალის გამო, რომელზეც ჩანს კაცი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღი უჭირავს და 200 იშვიათი სახეობის გარეული იხვით გაკეთებულ წარწერა „კამჩატკა 2021“-თან დგას. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფოტოზე ასახული თოფიანი კაცი კრამარენკო იყო. თავად მან უარყო ეს ინფორმაცია. მოგვიანებით განაცხადა, რომ იხვები, სანადირო სკოლის სათამაშოებია და არა ცოცხალი ფრინველები. „ერთიანმა რუსეთმა“ კრამარენკოს წევრობა გამოძიების დაწყების შემდეგ შეუჩერა.

პეტრო პოროშენკო სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი. Reuters-ი იტყობინება, რომ პეტრო პოროშენკოს ბრალად დონბასის რეგიონში სეპარატისტული ძალების დაფინანსებასთან კავშირი ედება ბრალად. უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს განცხადებაში ნათქვამია, რომ პეტრო პოროშენკო ეჭვმიტანილია ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობაში. პეტრო პოროშენკოს პარტიაში „ევროპული სოლიდარობის პარტია“ აცხადებენ, რომ ბრალდება ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებით არის ფალსიფიცირებული და ის ფარსად იქცევა, როგორც ყველა წინა ბრალდება. პარტიაში აცხადებენ, რომ პეტრო პოროშენკო სტამბოლსა და პოლონეთში ვიზიტით გაემგზავრა.

თემურ ალასანიას დაკითხვა სასამართლოში დღეს ვერ შედგა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თეიმურაზ ალასანია, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით იყო დაკითხვაზე იყო დაბარებული, სასამართლოში არ გამოცხადდა. პროკურორმა მიხეილ სადრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თემურ ალასანია საქართველოში არ იმყოფება, რის გამოც სასამართლომ საკითხი განუხილველად დატოვა. მიხეილ სადრაძის განცხადებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებული დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება სსკ-ის 180-ე და 194-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. პროკურორის თქმით, საქმე ეხება 2012 წლამდე პერიოდში ხელოვნურად შექმნილი სამართლებრივი პრობლემის მოგვარების და იმ დროინდელ ხელისუფლებასთან ურთიერთობის დარეგულირების სანაცვლოდ ერთ-ერთი ბინზესმენისგან 1 მლნ აშშ დოლარის თაღლითურად, მოტყუებით დაუფლების და ამ თანხის სავარაუდო გათეთრების ფაქტს. „დღევანდელ სხდომაზე წესით და რიგით უნდა მომხდარიყო მისი მოწმის სტატუსით დაკითხვა. თუმცა ის სასამართლოში არ გამოცხადდა. შესაბამისად, ერთადერთი გადაწყვეტილება რაც შეიძლება სასამართლოს მიეღო იყო ის, რომ ეს საკითხი განუხილველად დატოვა. ვიდრე ეს პროცესი განხორციელდებოდა, ბუნებრივია, ჩვენ მოწმესთან, მის ადვოკატთან გვქონდა კომუნიკაცია, ეს იყო 18 დეკემბერს. მასთან კომუნიკაციის შესაბამისად შემოვიტანეთ შუამდგომლობა, ვინაიდან, ვიცოდით, რომ ის დღეს, წესით საქართველოში უნდა ყოფილიყო და მონაწილეობა უნდა მიეღო დაკითხვაში. თუმცა ფაქტია, რომ არ არის სასამართლოში. აქედან გამომდინარე, ეს მოცემულობაა მხოლოდ. ფაქტია, რომ დღეის მოცემულობით არ არის საქართველოში. თუმცა, ბუნებრივია, ბევრი კითხვა არსებობს თეიმურაზ ალასანიასთან. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით დაისვას ყველა ლეგიტიმური კითხვა მის წინაშე და მოვისმინოთ შესაბამისი პასუხები”, - აცხადებს მიხეილ სადრაძე. თემურ ალასანიას ადვოკატის, ბექა ბასილაის ინფორმაციით, თემურ ალასანია 2 დღის წინ თურქეთში იმყოფებოდა, სადაც შეუძლოდ გახდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოში დაბრუნება ვერ შეძლო. ასწორედ ამის გამო არ მვიდა სააკაშვილის ბიძა სასამართლოში 20 დეკემბერს დანიშნულ გამოკითხვაზე. ბექა ბასილა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიების კითხვებს არ გაურბის და ამის დასტური იყო რამდენიმე დღის წინ სასამართლოში გამოკითხვაზე მისი მისვლა.

სოზარ სუბარი: სალომე ზურაბიშვილს შესწევს ძალა, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი თანხმობის ფასილიტატორი და წარმმართველი იყოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ წინასაახალწლო შეხვედრის ფორმატი უფრო იყო, ვიდრე კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებული. მმართველი გუნდის წევრმა აღნიშნა, რომ ე.წ. შერიგების საკითხზე არ უსაუბრიათ. „სალომე ზურაბიშვილმა ძალიან კარგი პროცესი დაიწყო, კერძოდ შეხვედრა საზოგადოების სხვადასხვა ფენასთან, პოლიტიკოსთან და არამხოლოდ. ეს არ არის რაღაც კონკრეტული შერიგების და ასეთი ფორმატის შეხვედრები. შეხვედრების მიზანია ზოგად ჩვენს საზოგადოებაში არსებობდეს უფრო ფართო კონსენსუსი და ყველას ყველასთან შეგვეძლოს დიალოგი. წინასაახალწლო შეხვედრის ფორმატი უფრო იყო, ვიდრე კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებული, თუმცა საბოლოო ჯამში ძალიან კარგი ფორმატია და ფაქტია, რომ პრეზიდენტი და პრეზიდენტის სასახლე გახდეს ერთგვარი საზოგადოების მიზიდულობის ცენტრი. ცენტრალი ფიგურა ამ თვალსაზრისით ქვეყანაში სწორედ პრეზიდენტია. შეხვედრაზე 3 ქალი მერი იყო წარმოდგენილი, ვსაუბრობდით რეგიონებში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე. რამდენიმე დღის წინ თავად თქვა სალომე ზურაბიშვილმა, რომ სიტყვა „შერიგებას“ არჩევს „ეროვნული თანხმობის“ მიღწევას, ალბათ უფრო სწორი ტერმინია, ვიდრე შერიგება ვიღაცებს შორის. დღეს ამ თემაზე არ ყოფილა საუბარი. დღეს ვისაუბრეთ ზოგადად პოლიტიკაზე, რეგიონში არსებულ პრობლემებსა და პოლიტიკაში ქალის როლის გაძლიერებაზე. ვიდრე სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდებოდა, მაშინაც დარწმუნებული ვიყავი და დღეს კიდევ უფრო ნათლად ვხედავ, რომ ეს არის ადამიანი უზარმაზარი გამოცდილებით და რომელსაც ზუსტადაც შესწევს ძალა, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი თანხმობის ფასილიტატორი და წარმმართველი იყოს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. მის გარდა პრეზიდენტთან შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი ნინო წილოსანი იმყოფებოდა. გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა დავით ბაქრაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურატურა გერმანულ მხარეს გიგი კალანდაძის საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე შუამდგომლობით მიმართავს

გენერალური პროკურატურა საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსის მოადგილის გიგი კალანდაძის გერმანიაში დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს გენერალური პროკურატურა გერმანულ მხარეს გიგი კალანდაძის საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე შუამდგომლობით მიმართავს. მათივე განმარტებით, საქმე ეხება 2012 წლის ივლისში ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მიზნით დაკავებული პირის წამებას. „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა ბერლინის აეროპორტში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი გიორგი კალანდაძე 2021 წლის 19 დეკემბერს დააკავეს. გიორგი კალანდაძე ე.კ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ბრალდებით, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილით სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული. გამოძიებით დადგენილია, რომ 2012 წლის ივლისში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დავით ახალაიამ, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ გიორგი კალანდაძემ, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მეგის ქარდავამ და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსმა რომან შამათავამ ერთობლივად განიზრახეს ე.კ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთა და წამების გზით მისგან ტერორისტული აქტის მომზადების აღიარება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მათი დავალებით, 2012 წლის 28 ივლისს საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა,ზუგდიდში უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება ე.კ.-ს და ხელბორკილებით ნიღაბჩამოცმული, თბილისში მდებარე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში გადაიყვანეს. 2012 წლის 29 ივლისს დავით ახალაიამ, გიორგი კალანდაძემ, მეგის ქარდავამ და რომან შამათავამ, სამხედრო პოლიციის შენობაში, ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მოთხოვნით, რამდენიმე საათის განმავლობაში აწამეს ე.კ.,წამებისა და ცემის დროს, მას არაერთხელ დაასხურეს წიწაკის მხუთავი აირი და გაგუდვის ინსცენირების მიზნით, თავზე პოლიეთილენის პარკი ჩამოაცვეს. ე.კ.-მ სასტიკად წამების შემდეგ, გონება დაკარგა, თუმცა მისთვის სამედიცინო დახმარებაც კი არ აღმოუჩენიათ. წამების შემდეგ, ე.კ. შენობის ერთ-ერთ ოთახში, უმწეო მდგომარეობაში რამდენიმე დღე იმყოფებოდა. გიორგი კალანდაძის მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას თორმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე ვადით. საქართველოს გენერალური პროკურატურა გერმანულ მხარეს ძებნილი პირის საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე შუამდგომლობით, კანონით დადგენილ ვადაში, მიმართავს", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, 19 დეკემბერს, გიორგი კალანდაძის დაკავების შესახებ მისი ახლობლები იუწყებოდნენ. შესაბამისი პოსტი ასევე გამოაქვეყნა საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება. „ის არის 2008 წლის ომის გმირი. მაშინ მე-4 ბრიგადის ჯგუფმა, რომელსაც ის მეთაურობდა, შეაჩერა რუსეთის ტანკების მოწინავე დამრტყმელი ძალა და ამ ბრძოლის დროს მძიმედ დაიჭრა რუსეთის 58-ე არმიის მეთაური გენერალი ხრულოვი. უკრაინაში ომის დაწყებისთანავე გიგი აქტიურად ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში. მას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს გაღებული მტრის შეტევის შეჩერებაში აღმოსავლეთის ფრონტზე. სწორედ ამის მერე საქმეც აღიძრა“, - წერდა მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილის თქმით, „სირცხვილია, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორედ რუსეთის მთავარ მტრებს უქმნის პრობლემებს მსოფლიოს მასშტაბით“. დარწმუნებული ვარ, გერმანიის პროკურატურა და სასამართლო სწრაფად გაერკვევიან დაკავების მოთხოვნის დაუსაბუთებლობაში და გიგი ძალიან სწრაფად გათავისუფლდება და მას ბოდიშსაც მოუხდიან. გერმანიის სასამართლო მურუსიძის კანტორა არავის ეგონოს. უბრალოდ, საქართველოს ხელისუფლება მორიგ ჯერზე იჭრის თავს!“, - აცხადებდა სააკაშვილი. გიგი კალანდაძეს, რომელიც პირველად 2012 წლის ნოემბერში დააკავეს, სამ საქმეზე წაუყენეს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით. სასამართლომ ის გაამართლა თავისუფლების უკანონო აღკვეთის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ეპიზოდებში, მაგრამ სააპელაციომ დამნაშავედ ცნო 2011 წლის ოქტომბერში ვაზიანის სამხედრო ბაზაზე თავისი ხელქვეითების „შეურაცხყოფაში“, როდესაც ის გენშტაბის უფროსის მოადგილე იყო. მას სასჯელის სახედ სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა 3 თვის ვადით განესაზღვრა, თუმცა 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის თანახმად, გათავისუფლდა ამ ზომისგან. 2015 წელს კი, მთავარმა პროკურატურამ წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ახალაია, გენშტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი კალანდაძე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ა/რ მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა.

ვაზისუბანში აფეთქება მოხდა

ვაზისუბნის დასახლებაში, ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება მოხდა, წინასწარი ინფორმაციით, ამის მიზეზი ბუებრივი აირის დაგროვება გახდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ბრიგადები და ხანძარი უკვე ლოკალიზებული. განახლება ისნის რაიონის გამგებლის ნიკა ელისაშვილის განცხადებით, ვაზისუბანში აფეთქების შედეგად დაზიანება წინასწარი ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანმა მიიღო, ერთის მდგომარეობა მძიმეა.

სურამში ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული ახალგაზრდა კაცი სიმაღლიდან და გარდაიცვალა

სურამში ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული 33 წლის კაცი სიმაღლიდან და გარდაიცვალა. „რუსთავი 2-ის“ ცნობით, გარდაცვლილს, 33 წლის კაცს, რომელიც ხიდის კონსტრუქციიდან, სიმაღლიდან გადავარდა, 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა. შემთხვევა სურამში 17 დეკემბერს მოხდა. გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო. 240-ე მუხლი სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც პირის გარდაცვალება გამოიწვია. შაბათს, 18 დეკემბერს, მის გარდაცვალებას ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულების საპროტესტო აქცია მოჰყვა. დასაქმებულები შრომისას უსაფრთხოების ზომების დაცვას მოითხოვენ.

„ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით, სამართალდამცველებმა 5 პირი დააკავეს

„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით, სამართალდამცავებმა 5 პირი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, აღნიშნული პირები შედეგად, თბილისში, ქუთაისში, ზესტაფონსა და თერჯოლაში დააკავეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული აქტიური კომპლექსური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თბილისში, ქუთაისში, ზესტაფონსა და თერჯოლაში 5 პირი დააკავეს. „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1982 წელს დაბადებული ი.მ., 1975 წელს დაბადებული გ.გ. (მეტსახელად „გადაბმული“), 1978 წელს დაბადებული კ.ჟ., 1984 წელს დაბადებული შ.კ. და 1966 წელს დაბადებული გ.ს. დანაშაულები 7-დან 10-მდე წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ფინანსური უთანხმოების გამო მოდავე მხარეებმა არსებული დავის მოსაგვარებლად მიმართეს „ქურდული სამყაროს“ წევრებს: ი.მ.-ს, გ.გ.-ს და კ.ჟ.-ს, რომლებიც აღნიშნული დავის გადაწყვეტის მიზნით, თავის მხრივ დაუკავშირდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“. ამის შემდეგ, „ქურდული სამყაროს“ წევრებმა, მოდავე მხარეებთან ერთად, ფინანსური დავის ქურდული წესით გარჩევისთვის რამდენიმე შეხვედრა გამართეს თბილისში, წინასწარ დაქირავებულ ბინაში, ასევე, ერთ-ერთი მოდავე მხარის ოფისში. შეხვედრებზე „ქურდული სამყაროს" წევრებმა მოუსმინეს დაპირისპირებულ მხარეებს და დაავალეს, სადავო ფულიდან - 50 000 ლარიდან ობიექტურად განსაზღვრული კუთვნილი წილების ერთმანეთისთვის გადახდა, ასევე, ორივე მხარეს მოსთხოვეს მათ დავაში ჩართული „კანონიერი ქურდებისათვის" გარკვეული თანხის გაგზავნა. მოდავე მხარეები ვერ შეთანხმდნენ კუთვნილ წილებზე, რის შემდგომაც "ქურდული სამყაროს" წევრებმა ისინი დაავალდებულეს, ჩასულიყვნენ საბერძნეთში მყოფ „კანონიერ ქურდებთან“, რომლებიც უკვე ქურდული გარჩევის საფუძველზე მიიღებდნენ საბოლოო გადაწყვეტილებას. გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე პრიმა-4 მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს“, - განაცხადეს შსს-ში.

იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება გაასაჩივრა

სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება, სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, იუსტიციის სამინისტრომ სასამართლოში გაასაჩივრა. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა. „ადმინისტრაციული აქტი დღეს გავასაჩივრეთ. შესაბამისად, ეს უკვე სამართლებრივი პროცესია. ხელისუფლების დანაწილების პრინციპის თანახმად, ეს სასამართლო ხელისფლებამ უნდა განიხილოს. ვნახოთ, დაველოდოთ, რა გადაწყვეტილება იქნება და ამის შესაბამისად ვიმოქმედებთ. თუ ისინი თვლიან, რომ რაიმე დავარღვიეთ, ჩვენ მკვეთრად განსხვავებული პოზიცია გვაქვს, რაც რა თქმა უნდა, მტკიცებულებებს ეფუძნება. საუბარია გადაწყვეტილების მიღების მიზნებზე - ხაზგასმით ვიტყვი, რომ კადრების გასაჯაროებასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე იყო მიღებული. აქ საჯარო ინტერესი ძალიან მაღალი იყო. როდესაც საქმე ეხება მართლწესრიგს, სახელმწიფო უსაფრთხოებას და საზოგადოებრივი მშვიდობის შენარჩუნებას, ეს ძალიან მაღალი საჯარო ინტერესია“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას. შეგახსენებთ, იუსტიციის სამინისტროს მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების გამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა.

საგამოძიებო სამსახური: საქართველოში რეგისტრირებულ სანქციადადებულ კომპანიებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე გამოძიება დავიწყეთ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე. უწყების განცხადებით, გამოძიებას საფუძვლად დაედო მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სხვადასხვა კომპანიის მიერ ხდება საბაჟო წესის დარღვევით საქონლის/ტვირთის ტრანსპორტირება, განხორციელებული ფინანსური ოპერაციები სრულად არ აისახება კომპანიების სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტებში, რის შედეგადაც საბაჟო წესების დარღვევის გზით, ადგილი აქვს ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადებისათვის თავის არიდებას, ასევე შემდგომში, სხვადასხვა დანაშაულებრივი გზით, ხდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. „საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე, 218-ე და 194-ე მუხლებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ამავე თემაზე აშშ-მ საქართველოში მოქმედ სამ კომპანიას სანქცია დაუწესა