სამართალი

შსს „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბთან მომხდარ ინციდენტს ძალადობის მუხლით იძიებს

„ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის ორგანიზაციის საარჩევნო შტაბთან მომხდარ ინციდენტზე სიხსხლის სამართლის საქმე აღიძრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეს 126-ე, ძალადობის მუხლით იძიებენ. ინციდენტისას დაშავდა 5 ადამიანი, „ნაციონალური მოძრაობის“ სამი წევრი და „ქართული ოცნების“ ორი მომხრე. შავლეგ მანდარია, რომელმაც თვალის არეში დაზიანება მიიღო, 24 ოქტომბერს გამოიკითხა შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის პოლიციის მთავარ სამმართველოში, „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ორ წევრთან ერთად, რომლებმაც ასევე მიიღეს დაზიანებები სახის არეში. მედიაში გავრცელებული ცნობებით, გავრცელებულ კადრებში ინციდენტის ადგილზე ასევე ჩანან რუსთავის საკრებულოს წევრები „ქართული ოცნებიდან“. საკრებულოს წევრმა ნინო ტაბატაძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ის და ამირან ჯანჯღავა, საკრებულოს წევრი, ჩხუბის დროს იქვე, „ქართული ოცნების“ შტაბში იყვნენ მხარდამჭერებთან ერთად. „ჩვენ ჩვეულებრივ ვმუშაობდით, როცა გარეთ ხმაური გავიგეთ. გავედით და შევესწარით დაპირისპირებას, შევეცადეთ ვითარების განმუხტვას, როგორ დაიწყო ჩხუბი, არ დამინახავს... ბალახაძეს მხოლოდ ქალაქიდან ვიცნობ, ვიცი, რომ რეპრესირებულია“, - განაცხადა ჯანჯღავამ. რუსთავის მერობის კანდიდატმა ქართული ოცნებიდან ნინო ლაცაბიძემ დღეს, გამართულ ბრიფინგზე დავით კირკიტაძე ძალადობაში, მისი საარჩევნო შტაბი კი პროვოკაციაში დაადანაშაულა. დავით კირკიტაძემ, რომლის, ინციდენტში მონაწილეობის შესახებაც გავრცელდა ვიდეო, დაპირისპირების შემდეგ განაცხადა, რომ ოფისის ფიზიკურად დაცვა მოუწიათ.

შს მინისტრის მოადგილე: თუ ვინმეს პოლიტიკური გეგმები აქვს, ბუნებრივია, ისინი ტოვებენ პოლიციას

პოლიცია უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური და თუ ვინმეს რაიმე პოლიტიკური გეგმები აქვს, ისინი ბუნებრივია, ტოვებენ პოლიციას, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ მედიასთან, როდესაც რამდენიმე თანამშრომლის მიერ შსს-ს დატოვებაზე დაუსვეს შეკითხვა. „სამინისტრო არის ძალიან დიდი უწყება, 40 000-მდე ადამიანი მუშაობს. შესაბამისად, გარკვეული ნაწილი ტოვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხდება ახალი კადრების მიღება. მთავარი პრინციპი რაც არის და კანონის დონეზეა გაწერილი - პოლიცია უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური და თუ ვინმეს რაიმე პოლიტიკური გეგმები აქვს, ისინი ბუნებრივია, ტოვებენ პოლიციას და აგრძელებენ პოლიტიკურ საქმიანობას", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ. ცნობისთვის, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა 21 ოქტომბერს განაცხადა, რომ სამსახურს პროტესტის ნიშნად ტოვებს. ანალოგიურ ფორმას მიმართეს კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა ჯიმი გაგუამ და საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა სამეგრელო-ზემო სვანეთში, გიორგი ბერიშვილმა. საქმე ეხება თბილისსა და სამეგრელოში მათი კოლეგების დაკავებას, რასაც ისინი უკანონოდ მიიჩნევენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თენგიზ გუნავას ინფორმაციით, ხობში პოლიციის ყოფილ უფროსს, ლექსო რაფავას სახლში იარაღი და ხელყუმბარა ჩაუდეს. მისივე ცნობით, სამეგრელოში ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ საპოლიციო ღონისძიებები ჩატარდა. ფაქტს გამოეხმაურა პრემიერი. „პოლიცია და ჩვენი სამართალდამცავი უწყებები, რა თქმა უნდა, ყველა კანონდარღვევაზე აკეთებენ რეაგირებას, რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანი იყო ყოფილი პოლიციელი, თუ ნებისმიერი სხვა პროფესიის, თუ ვინმე რაიმე დანაშაულს სჩადის, ყველა აგებს პასუხს“, - განაცხადა თემის კომენტირებისას ირაკლი ღარიბაშვილმა 21 ოქტომბერს.

ბათუმში, არასრულწლოვანზე თანატოლების მხრიდან ძალადობის ფაქტზე შშს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში არასრულწლოვან გოგონებს შორის დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. "შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, როგორც კი ცნობილი გახდა ფაქტის შესახებ, დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები. ჩატარდა გამოკითხვები, მათ შორის არასრულწლოვნების. საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული დაცვით – მშობლებთან და სოც მუშაკთან ერთად ჩატარდა. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით," - აცხადებენ უწყებაში. ბათუმში არასრულწლოვან გოგონებს შორის დაპირისპირება მოხდა. ფაქტის ამსახველი ვიდეო მოზარდებმა სოციალურ ქსელ TikTok-ში ატვირთეს. როგორც ირკვევა, მე-8 კლასელი გოგონა თანატოლებმა მიტოვებულ რესტორანში წაიყვანეს, სადაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

შსს-ს თქმით, განსაკუთრებული მობილიზაცია არ ხდება და „თანამშრომლები ხან ვარჯიშობენ, ხან სპეციალურად ემზადებიან“, სუს-ი კი სპეცრაზმის გადაადგილებას უარყოფს

„შსს-ს თანამშრომელთა განსაკუთრებული მობილიზება არ ხდება და პოლიციელთა გეგმური როტაცია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია“, - შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, როტაცია სხვადასხვა პერიოდულობით ტარდება, პოლიციელები საოკუპაციო ხაზზე იცავენ ჩვენ მოსახლეობას, თანამშრომლები ხან ვარჯიშობენ, ხან სპეციალურ მომზადებას გადიან. „კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და საფუძველს მოკლებულია ამ თემაზე ატეხილი აჟიოტაჟი. რაც შეეხება თემას, პოლიციელთა გადაადგილება უკავშირდება თუ არა აჭარაში დაკავშირებულ აქციას, განვმარტავთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც დაგეგმილია საპროტესტო აქცია, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ქალაქში, ან რეგიონში იგეგმება მისი გამართვა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მართლწესრიგის და უსაფრთხოების დაცვის მიზნით ყოველთვის მობილიზებული არიან“, - აცხადებენ შსს-ში. თავის მხრივ, სუს-ი აცხადებს, რომ სპეცდანიშნულების რაზმის არცერთ თანამშრომელს თავისი მუდმივი დისლოკაციის ადგილი არ დაუტოვებია. სუს-იც მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, სპეცდანიშნულების რაზმის ნაწილი ღამით ბაზიდან გავიდა და დასავლეთის მიმართულებით გაემგზავრა. „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის არცერთ თანამშრომელს თავისი მუდმივი დისლოკაციის ადგილი არ დაუტოვებია. მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება, პირდაპირ ემსახურება წინასაარჩევნოდ საზოგადოებაში შიშისა და პანიკის დათესვას, აზიანებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმიჯს და მიზნად ისახავს უწყების მიმართ საზოგადოების ნდობის შემცირებას“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

ექიმი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შეიძლება, ყოველ წუთს დამძიმდეს

„მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შეიძლება, ყოველ წუთს დამძიმდეს, კომისიამ ერთხმად გადაწყვიტა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ის გადასაყვანია მრავალპროფილურ საავადმყოფოში“, განუცხადა ექსპრეზიდენტის ექიმმა მედიას, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს დღესაც ჩაუტარდა კვლევები და ის პრობლემები, რაც მას გუშინ ჰქონდა, გამოსწორდა, თუმცა „შესაძლოა, ახალი პრობლემებიც დაემატოს“. ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. დღეს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, მდგომარეობის შესწავლის მიზნით, ექიმები შევიდნენ. ისინი რუსთავის ციხეში რამდენიმე საათი იმყოფებოდნენ, თუმცა მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი საავადმყოფოში გადაყვანას ამ დროისთვის არ საჭიროებს, თუმცა სააკაშვილის და ასევე მისი პოზიციაა, რომ ციხის საავადმყოფოში გადაყვანა „მკვლელობის ტოლფასია“. „კონსილიუმის ყველა წევრი თანახმაა იმაზე, რომ სააკაშვილი, საჭიროების შემთხვევაში, გადაიყვანონ მაღალი კლასის საავადმყოფოში", - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ. იუსტიციის მინისტრის განმარტებით კი, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე საუბარი სიცრუეა. „ექიმების ჯგუფთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მაგრამ ერთი სიტყვაც არ თქმულა სამოქალაქო კლინიკაზე“, - აცხადენს მინისტრი. რაც შეეხება ექსპრეზიდენტის საქმეს, დღეს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ ადვოკატებს 20 ოქტომბერს გადაეცათ საქმის მასალები, რომლებსაც თანდართული აქვს როგორც მედიაში გავრცელებული ვიდეოჩანაწერი, ასევე არაერთი სხვა ფოტო და ვიდეომასალა, რომლებიც „მკაფიოდ ადასტურებს მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტს და ამ საქმეში ფიგურანტი სხვა პირების მონაწილეობას“. „ბოლო პერიოდში, გამოძიების პროცესშივე საქმის მასალების გასაჯაროების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, რაც უკვე საგანგაშო ტენდენციაზე მიუთითებს. საქართველოს პროკურატურა ამ მიმართულებით, ევროპული და სხვა წამყვანი ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს“, - ნათქვამია განცხადებაში. პროკურატურის განცხადებას უპასუხა ადვოკატმა. „საქმის მასალების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის დაკავებისას ამოღებულია ტელეფონი და ეს ტელეფონი დაიმტვრა, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე. ამის მიუხედავად, ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტმა, რაც წარადგინა, მისი ტელეფონით არის ეს ვიდეომასალა და მიხეილ სააკაშვილის მიერაა გადაღებული, რაც უთითებს ერთადერთ რამეზე, თუ ასეა ნამდვილად, ეს არის უბრალოდ დანაშაული. დალუქული ტელეფონიდან, როგორ აღმოჩნდა ვიდეომასალა ტელეკომპანია „იმედში“, ბუნებრივია, არ არსებობს ამის ლეგიტიმური გზა და ცალსახად შეიძლება, ერთადერთი შეფასება გავაკეთოთ - ეს არის დანაშაული“, - განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა. რაც შეეხევა ჰოსპიტალიზაციის საკითხს. მისი თქმით, ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გლდანის მე-18 დაწესებულებაში არ მოხდება. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდება დაემატა, სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით არის ცნობილი დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე. სასჯელის ზომად მას განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილვა მიმდინარეობს შემდეგ საქმეებზე: 7 ნოემბრის მოლენები, და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტები. ცნობისთვის, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. მან იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა.

თბილისში, მუშა ლიფტის შახტში ჩავარდა

თბილისში, მუშა ლიფტის შახტაში ჩავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მშენებარე კორპუსში მოხდა. ახალგაზრდა კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240–ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

პროკურატურა იუწყება, რომ გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

პროკურატურის განცხადებით, გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით ტრანსნაციონალური დანაშაული გაიხსნა. კერძოდ, უწყების ცნობით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიციის სხვადასხვა დანაყოფისა და საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ერთობლივად განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის შვიდი წევრი დააკავეს. გერმანული მხარის ჩართულობით და ევროჯასთის მხარდაჭერით დაგეგმილი ფართომასშტაბიანი ღონისძიება ერთდროულად ორ ქვეყანაში, ათეულობით სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა. საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებულ ღონისძიებაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 110 თანამშრომელი მონაწილეობდა. ღონისძიების ფარგლებში, განხორციელდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა; ამოღებულია 100-ზე მეტი ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხა. გამოვითხოვეთ ელექტრონული ინფორმაცია ათეულობით ობიექტიდან; განხორციელდა არაერთი საპროცესო მოქმედება - ყადაღა დაედო დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ უძრავ ქონებებს, ავტომანქანებს, საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად თანხებს, სხვადასხვა კომპანიების წილებს. საქართველოში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში და სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარე გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ: 2015 წელს, საქართველოს და ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეებმა, პირდაპირი ფინანსური და სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ჩამოაყალიბეს შეთანხმებულად მოქმედი, სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი. დანაშაულებრივი საქმიანობის პერიოდში, ორგანიზებული ჯგუფის წევრები, თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეების კუთვნილ მილიონობით ევროს და მოახდინეს დანაშაულებრივი გზით მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დააფუძნეს ექვსი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელთა ბაზაზე მოაწყვეს ე.წ. ქოლ-ცენტრი. ოპერატორებად უცხო ენის მცოდნე პირების დასაქმებით, დანაშაულებრივი ჯგუფის სამიზნეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეები წარმოადგენდნენ.ე.წ. ქოლ-ცენტრის დანაშაულებრივი ფუნქციონირებისთვის შეიქმნა ათეულობით ელექტრონული სავაჭრო პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფდა მომხმარებლისგან თაღლითურად მოპოვებული თანხების განთავსებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების საბანკო ანგარიშებზე.ე.წ. ქოლ-ცენტრის თანამშრომლები, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ცრუ სატელეფონო ნომრების გამოყენებით უკავშირდებოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, ეცნობოდნენ გამოგონილი სახელებით, მათი კომპანიის ადგილსამყოფელის შესახებ აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციას და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით. ოპერატორები მომხმარებლებს არწმუნებდნენ, რომ მათი დახმარებით ფასების ზრდა-შემცირებაზე ელექტრონული ვაჭრობის შემთხვევაში, შეძლებდნენ სოლიდური მოგების მიღებას. მომხმარებლისგან თანხმობის მიღების შემდგომ, მათგან ელექტრონული ვაჭრობისთვის გამოყოფილი თანხების განთავსება ხდებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე. დანაშაულებრივი გზით დაუფლებული ფულადი თანხები, საბანკო ტრანზაქციების მეშვეობით თავსდებოდა ორგანიზებული ჯგუფის მიერ უცხოეთში დაფუძნებული კომპანიების ანგარიშებზე, საიდანაც ფიქტიური დანიშნულებით, თითქოსდა გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, ირიცხებოდა საქართველში, მათივე კომპანიების ანგარიშებზე.აღნიშნული სქემით განხორციელდა თაღლითურად დაუფლებული 9,490,991 ევროს, 716 642 აშშ დოლარის და 218 000 ბრიტანული ფუნტი სტერლინგის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებულ იქნა ჯგუფის 7 წევრი. ექვს მათგანს წარედგინათ ბრალდება თაღლითობისთვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზებისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194 მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურამ ექვსივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი დაკავებულია მის მიმართ საექსტრადაციო პატიმრობის გამოყენების მიზნით.გამოძიება, გერმანულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობით გრძელდება ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში ჩართული სხვა პირების იდენტიფიცირების და მხილების მიზნით. საქართველოს პროკურატურა, ადასტურებს რა საკუთარ პატივისცემას საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლების, გერმანიის პოლიციის ატაშეს, ბამბერგის პროკურატურის და ბავარიის სახელმწიფო პოლიციის მიმართ, გამოთქვამს ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღდეგ ბრძოლაში სამომავლო ეფექტიანი თანამშრომლობისთვის მზადყოფნას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

თბილისში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს

ბოლო 10 დღეში, პოლიციამ თბილისში 11 ნარკორეალიზატორი დააკავა, მათ შორის 3, დაკავებულია ფონიჭალის დასახლებაში. დაკავებულებს ბრალი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ედებათ. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების - „ჰეროინის“, „ალფა-პვპ“-ს და „ბუპრენორფინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი"და ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები: ელექტროსასწორი და კოვზი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას და მცენარე კანაფის უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს“, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალი წარედგინა

რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალი წარედგინა. პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ბრალი 344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდების დადგენილება დღეს გამოიტანა და განმარტა, როგორ შემოვიდა სააკაშვილი საქართველოში. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, „ეს არის მიხეილ სააკაშვილის გმირობის დასტური, „ქართული ოცნების“ მიერ აღიარებული მიხეილ სააკაშვილის გმირობის დოკუმენტი“. მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით არის ცნობილი დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე. სასჯელის ზომად მას განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილვა მიმდინარეობს შემდეგ საქმეებზე: 7 ნოემბრის მოლენები, და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტები. ცნობისთვის, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. მან იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. ამავე თემაზე: პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში უკანონოდ შემოსვლისა და გადაადგილების დეტალური მარშრუტი გაასაჯაროვა

პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულ ელგუჯა ცომაიას ბრალი დაუმძიმა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოსვლის საქმეზე ბრალდებულ ტრაილერის მძღოლ ელგუჯა ცომაიას ბრალი დაუმძიმდა. პროკურატურა მას ახლა არამარტო მძიმე დანაშაულის დაფარვას, არამედ საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებასაც ედავება. პროკურატურის ინფორმაციით, 01:47 საათზე, ფოთის პორტის ტერიტორიაზე ცომაიამ გააჩერა სატვირთო ავტომანქანა და მივიდა ავტომანქანის მისაბმელის უკანა კართან, საიდანაც 01:49 საათზე ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მარჯვენა მხრიდან სატვირთო ავტომანქანის კაბინაში ჩაჯდა. "ამ ქმედებით, მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო კონტროლის გვერდის ავლით, ელგუჯა ცომაიას დახმარებით უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი... მიხეილ სააკაშვილის ზემოაღნიშნულ მისაბმელში ყოფნა, სადაც განთავსებული იყო რძის პროდუქტები, დადასტურებულია მისი კუთვნილი ტელეფონიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერებით და ვიდეო ექსპერტიზით", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სწორედ ამ გარემოების გამო დაუმძიმდა ელგუჯა ცომაიას ბრალი. მის გარდა დაკავებულები არიან მამა-შვილი შალვა და ზურაბ წოწორიები და ტრაილერის კიდევ ერთი მძღოლი გიორგი ნარიმანიძე. სამივე მათგანს ბრალი მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის აქვს წაყნებეული. ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ელგუჯა ცომაია პირველ ოქტომბერს დააკავეს. მაშინ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით (მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ელგუჯა ცომაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გოგელიას კლინიკაში 35 მოქალაქეს გრიპის ვაქცინის ნაცვლად C ვიტამინი გაუკეთეს

თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე გოგელიას კლინიკაში, გრიპის ვაქცინის ნაცვლად დაახლოებით 35 ადამიანს, სავარაუდოდ C ვიტამინი გაუკეთეს. მოქალაქეებმა მედიასთან საუბრისას განაცხადეს, რომ მათ აცრისას მოითხოვეს ენახათ ვაქცინის შეფუთვა, რაზეც უარი მიიღეს, რადგან გრიპის ვაქცინის ნაცვლად C ვიტამინს უკეთებდნენ. დაზარალებულების თქმით, გრიპის საწინააღდეგო ვაქცინით აცრისთვის, კლინიკას 75 ლარი გადაუხადეს. მომხდარზე ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ სპეციალური განცხადება გაავრცელა. როგორც უწყებაში განმარტავენ, გოგელიას კლინიკას აღნიშნულ მისამართზე არსებულ დაწესებულებაში იმუნიზაციის განხორციელების უფლება არ ჰქონდა და შესაბამისი სერტიფიკატი არ გააჩნია. გარდა იმისა, რომ კლინიკას იმუნიზაციის ნებართვა არ ჰქონდა, ექიმი, რომელმაც მოქალაქეებს ე.წ ვაქცინაცია ჩაუტარა, ერთი წლის წინ გაყალბებული სერთიფიკატით საქმიანობდა და ამის გამო პირობითი სასჯელიც მიიღო. გოგე ფაქტის შესწავლა ამ ეტაპზეც მიმდინარეობს, პრეპარატი რომლის ინექციაც დაახლოებით 35 ადამიანს გაუკეთეს ექსპერტიზაზე გადაიგზავნება.

მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებული დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეზე, კიდევ ერთი ბრალდებული დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე უკვე დაკავებულია სამი მოქალაქე. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას გულისხმობს. დანაშაული 4 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. "მსჯავრდებულის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში. მათი თქმით, "აქტიურ რეჟიმში ტარდება ყველა შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება".

შსს ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შსს ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, 18 ოქტომბერს მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, სამი პირი - 1988 წელს დაბადებული ბ.ლ., 1983 წელს დაბადებული ბ.ხ. და 1977 წელს დაბადებული ლ.რ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბ.ლ.- მ მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, 1994 წელს დაბადებულ, ა.შ.- ს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა, მიღებული დაზიანებების შედეგად ა.შ. ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბ.ლ.-მ შემთხვევის ადგილი ბ.ხ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით დატოვა, რა დროსაც ბ.ხ.-ს მის მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ მოუყვა.სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბინის ჩხრეკის დაწყებამდე ბ.ლ. მისსავე საცხოვრებელ ბინაში, ფანჯრიდან გადახტომის მცდელობის დროს დააკავეს. პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.სამართალდამცველებმა, განზრახ მკვლელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, ბ.ხ.-ს მეგობრის, ლ.რ.-ის ბინის ჩხრეკა განახორციელეს.აღმოჩნდა, რომ ბინაში იმალებოდა ბ.ხ, რომელმაც საგამოძიებო ღონისძიების ჩატარების დროს ხელყუმბარა საბრძოლო მოქმედებაში მოიყვანა, ხოლო შემდეგ აივნიდან კორპუსის ქვემოთ, პერიმეტრზე მყოფი სამართალდამცველების მიმართულებით ისროლა, თავად კი მიმალვის მიზნით სხვა საცხოვრებელი სახლის აივანზე გადახტა.პოლიციამ ბ.ხ. მიმალვის მცდელობის დროს, მეზობელი საცხოვრებელი ბინის აივანზე დააკავა და მისი პირადი ჩხრეკის შედეგად კიდევ ერთი ხელყუმბარა ამოიღო.ბ.ხ.-ს მიერ სამართალდამცველების მისამართით ნასროლი ხელყუმბარა, გამნაღმველებმა გააუვნებელყვეს.პოლიციის თანამშრომლებს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია და ბ.ხ.-ს დაკავებაში სამართალდამცველებს ხელი შეუშალა ბინის მეპატრონე - ლ.რ.-მ.პოლიციელების მიმართ გაწეული წინააღმდეგობისთვის იგი ადგილზე იქნა დაკავებული მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 19-353 პრიმა, 353-ე, 236-ე, 260-ე და 375-ე მუხლებით მიმდინარეობს. ანასტასია შატალოვა 18 ოქტომბერს გვიან ღამით, საბურთალოზე, ნაქირავები სახლის სადარბაზოსთან მოკლეს, მას რამდენჯერმე ესროლეს. აღნიშნული მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ 18 ოქტომბერს, ბათუმის ყოფილი მერის, ზურაბ ბერიძის სახლიც გაჩხრიკა. შატალოვას და ბერიძეს საერთო შვილი ჰყავს. მცირეწლოვნის მეურვეობის საკიტხზე, მათ შორის სასამართლო დავა მიმდინარეობდა.

ხვალ მეგის ქარდავას სასამართლო პროცესი გაიმართება

უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირების შემდეგ, მეგის ქარდავას საქმეზე ხვალ, პირველი სასამართლო სხდომა გაიმართება სასამართლო ელდარ ქობალიას, კობა მატკავას და მერაბ ყოლბაიას წამების საქმეებს განიხილავს. აღნიშნულ საქმეზე მეგის ქარდავას ბრალი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეობის პერიოდთან დაკავშორებით წამების მუხლით აქვს წარდგენილი. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 16:00 საათზეა ჩანუშნული. შეგახსენებთ, ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის 11 საქმეა აღძრული, მათგან ნახევარში ქარდავა უკვე მსჯავრდებულია. ყოფილ მაღალჩინოსანზე ძებნა 2013 წელს გამოცხადდა. საქართველოს მიერ ძებნილი ქარდავა უკრაინაში პირველად 2017 წელს ყალბი პასპორტების აღმოჩენის გამო დააკავეს. დაკავებული უკრაინას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვდა. 4 წლიანი პროცედურების შემდეგ უკრაინის სამართალდამცავმა უწყებებმა ქარდავა ხელმეორედ დააკავეს და 13 სექტემბერს უკრაინის სასამართლომ მისი ექსტრადირების გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მას საქართველოს გარდა, უკრაინის, ლატვიისა და ბელიზის მოქალაქეობის დამატასტურებელი ფიქტიური მოწმობები ჰქონდა, სარგებლობდა ომარ ძანძავას სახელზე გაცემული პასპორტითაც. საქართველოში, მეგის ქარდავას მძიმე ბრალდებები სისხლის სამართლის 11 საქმეზე წარედგინა, მათ შორის 5 საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დაუსწრებლად დადგა. ყოფილმა მაღალჩინოსანმა ქვეყანა 2012 წელს, ოქტომბრის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ დატოვა. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, პატიმრების წამების ეპიზოდზე, მეგის ქარდავას 7 წლით და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა. გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 2006 წლის ციხის ბუნტის საქმეზეც - მეგის ქარდავა ისევ პატიმარების მიმართ, არაადამიანურ მოპყრობაში დამნაშავედ სცნეს და 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. იგივე სასჯელი მიესაჯა ქარდავას ზუგდიდის პოლიციაში ბელა როგავას დამამცირებელი მოპყრობის საქმეზე. ე.წ. კასრების საქმეში წამებასა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მეგის ქარდავას სასჯელი 9 წლით განესაზღვრა. 9 წელი მიესაჯა პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამებით გარდაცვალების საქმეზეც. თბილისის საქალაქო სასამართლო მეგის ქარდავას წინააღმდეგ, 6 საქმეს ჯერ კიდევ განიხილავს. სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, მეგის ქარდავა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ორჯერ დაჯილდოვდა, კონსტიტუციური წყობილების დაცვისთვის და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის.

დროებითი მოთავსების იზოლატორში პატიმრის დაზიანების საქმეზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური განცხადებას ავრცელებს

დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებული პირისთვის დაზიანებების მიყენებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური განცხადებას ავრცელებს. "2020 წლის 18 ოქტომბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შემოვიდა შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებულ ბ. ხ. -ს სხეულზე არსებულ დაზიანებებთან დაკავშირებით. შეტყობინების მიღების შემდგომ, ბ. ხ. -სთან გარემოებების დაზუსტების მიზნით ჩატარდა გასაუბრება, რის საფუძველზეც, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან ბ ხ.-ს მიმართ განხორციელებული სავარაუდო არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისა და ჩვენების მიცემის იძულების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’, ,,ე’’ და ,,ზ’’ ქვეპუნქტებითა და ამავე კოდექსის 335-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით," - ნათქვამია განცხადებაში.

ნარკოტიკული საშუალების გასაღებისათვის სანქცია გამკაცრდება, ცვლილება იურიდიულმა კომიტეტმა განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილება, რომელიც ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური, ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი ნივთიერებების გასაღებისათვის დადგენილი სანქციის გამკაცრება ითვალისწინებს. კანონპროექტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღება დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე, ნაცვლად მოქმედი რედაქციით განსაზღვრული ექვსიდან თერთმეტ წლამდე დადგენილი სანქციისა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, სანქცია იმატებს დასახელებული ნივთიერებების დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო გასაღებისთვისაც. კერძოდ, დიდი ოდენობის შემთხვევაში სასჯელის შუალედი გაიზრდება შვიდიდან თოთხმეტი წლით თავისუფლებით აღკვეთიდან თორმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე, განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში კი განსაზღვრულია თოთხმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. ალექსანდრე დარახველიძემ ასევე აღნიშნა, რომ გაიმიჯნება ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი ნივთიერებებთან მიმართებაში შეძენა/შენახვის შემადგენლობა და გასაღების მიმართულება. შესაბამისად: • ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო გასაღება დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე; • ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღება დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე; • აღნიშნული ნივთიერების დიდი ოდენობით გასაღება დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით გასაღება - თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თოთხმეტ წლამდე. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ცვლილებების ძირითად მიზანს წარმოადგენს ნარკოგამსაღებლებთან აქტიური ბრძოლა და მათ წინააღმდეგ საკანონმდებლო მიდგომების გამკაცრება.

საბურთალოზე ახალგაზრდა ქალი მოკლეს

თბილისში, საბურთალოზე, გვიან ღამით ქალი მოხდა. გავრცელებული ცნობებით, ცეცხლსასროლი იარაღიდან მას რამდენჯერმე ესროლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სუს-ი: სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს სუს-ის უფროსის მოადგილის სახლი გაქურდეს, გაძარცულია სუს-ის თანამშრომლის სახლი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 28 სექტემბერს მარნეულში მომხდარი ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ აღნიშნულ დღეს თითქოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის სახლი გაქურდეს. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 28 სექტემბერს მარნეულში მომხდარი ქურდობის ფაქტის შესახებ.გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის სახლი გაქურდეს სიმართლეს არ შეესაბამება. ასევე სრული სიცრუეა თითქოს, ქურდობისას სახლიდან გაქრა სამსახურებრივი მეხსიერების ბარათი. გაქურდულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული დანაყოფის ერთ-ერთი თანამშრომლის ოჯახის კუთვნილი სახლი. საცხოვრებელი სახლიდან წაღებულია საოჯახო ნივთები. ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

იურისტების ჯგუფი: გირგვლიანის საქმეზე მოსამართლეების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს და ხელისუფლებას ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს

იურისტების ჯგუფი, ხელისუფლებას გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ორმაგი სტანდარტების გამოყენებაში ადანაშაულებს. აღნიშნულ თემათან დაკავშირებით, იურისტების ჯგუფმა სპეციალური განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით პასუხისგებაში მიეცნენ მაღალი თანამდებობის პირები - შსს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის თავმჯდომარე - ბაჩო ახალია და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ არ დამდგარა სამართალდამცავი სისტემის თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხი. "საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2011 წლის 26 აპრილს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქმეზე: „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“ საქართველოს მიერ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა. სტრასბურგის სასამართლომ მიუთითა რომ აღნიშნულ საქმეზე ხელისუფლების სხვადასხვა შტოები: გამოძიების ორგანოები, დევნის ორგანოები, პრეზიდენტი, სასჯელაღსრულებითი უწყება და სასამართლო შეთანხმებულად მოქმედებდნენ რათა არ განხორციელებულიყო მართლმსაჯულება. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აღნიშნულ საქმეზე დაიწყო ხელახალი გამოძიება და პასუხისმგებლობაში მიეცნენ მაღალი თანამდებობის პირები - მათ შორის შსს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის თავმჯდომარე - ბაჩო ახალია და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მეორეს მხრივ ნიშანდობლივია ის, რომ გირგვლიანის საქმის ფაბრიკაცია და მართლმსაჯულების გაყალბება მოხდა სწორედ სამართალდამცავი სისტემის თანამშრომლების - გამომძიებლების, პროკურორების, მოსამართლეების მიერ, თუმცა დღემდე არ დამდგარა მათი პასუხისმგებლობის საკითხი. აღნიშნული მეტყველებს იმას, რომ ქართულმა ოცნებამ წინა ხელისუფლების მანკიერი სამართალდაცვითი სისტემა გამდმოიბარა თავისი ფიგურანტებით და დღეს თავის სასარგებლოდ ამუშავებს. 2019 წლის 27 ივლისს ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ (კონსტიტუციის 42-ე მუხლის) მიერ გამოქვეყნდა კვლევა რომელიც ნათლად აჩვენებს, თუ როგორ გაამრუდეს მოსამართლეებმა მართლმსაჯულება გირგვლიანის საქმეზე. ეჭვს არ უნდა იწვევდეს ის გარემოება, რომ ეს გაყალბება მოხდა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან წინასწარი შეთანხმებით. სამოქალაქო სექტორმა არაერთგზის მოუწოდა ხელისუფლებას რომ დაეყენებინა გირგვლიანის მოსამართლეების პასუხისმგებლობის საკითხი, თუმცა მოხდა პირიქით, გირგვლიანის საქმის განმხილველი მოსამართლეები ნაირა გიგიტაშვილი და ლევან მურუსიძე უვადოდ დაინიშნენ. დღეს როდესაც გირგვლიანის საქმის ირგვლივ საზოგადოებრივი ინტერესი კვლავ გამოცოცხლდა, იურისტები ხელისუფლებას კვლავ მოუწოდებენ აირიდოს ორმაგი სტანდარტით მოქმედება და სამართალდამცავი სისტემა გაათავისუფლოს იმ საქმის ფიგურანტებისგან რომელიც მძიმე ლაქად ადევს ქართულ მართლმსაჯულებას", - აღნიშნულია იუისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: კახა წიქარიშვილი, კახა კოჟორიძე, მაია ბაქრაძე, ირაკლი კორძახია, ეკატერინე ციმაკურიძე, ბესიკ ლოლაძე, გიორგი ცობეხია, ირმა კაკიაშვილი, თამარ გეგელია, ირაკლი გაბრიჩიძე, ხათუნა გრიგალაშვილი, ირაკლი შავაძე, თამარ ხიდაშელი, უჩა ნანუაშვილი.

პოლიციამ ბათუმში ჩადენილი მკვლელობისთვის ძებნილი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბათუმში მომხდარ განზრახ მკვლელობასა და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული, ძებნილი პირი - 1974 წელს დაბადებული რ.გ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს, ღამით, ბათუმში, მეზობლად მცხოვრებ ძმებს - 1972 წელს დაბადებულ ტ.კ.-ს და 1964 წელს დაბადებულ ა.კ.-ს, მათსავე საცხოვრებელ ბინაში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ტ.კ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დაჭრილი ა.კ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს რ.გ.-ს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა) დაუსწრებლად ბრალი წარედგინა და მასზე ძებნა გამოცხადდა.სამართალდამცველებმა ბრალდებული, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში დააკავეს.პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.დაკავებული რ.გ. პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.