სამართალი

შსს-მ იზოლაციისა და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევის გამო ბათუმში ორი სარიტუალო დარბაზი დალუქა

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 11 აგვისტოს, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იზოლაციისა და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევის გამო, ბათუმში მდებარე ორი სარიტუალო დარბაზი - „ერა“ და „დავითი“ დალუქეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ობიექტები იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დაჯარიმდნენ. "ხსენებული სარიტუალო ობიექტები, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მიუხედავად, კვლავ განაგრძობდნენ საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას, რის საფუძველზეც მათ მიმართ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით და აღნიშნული ობიექტები დაილუქა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248 -ე პრიმა მუხლის თანახმად, იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისათვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, კერძოდ, იურიდიული პირის შემთხვევაში დაჯარიმებას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, ასევე, მის მიმართ ლიკვიდაციისა და დაჯარიმების ღონისძიების ერთობლივად გამოყენების შესაძლებლობას, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში - შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ვადით", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გომბორთან ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

გომბორთან ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. Europetime-ის ინფორმაციით გარდაცვლილია ერთი ადამიანი. წინასწარი ინფორმაციით, ერთმანეთს ორი სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

შსს პატრულ-ინსპექტორის ბრალდებებს პასუხობს

შსს „ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომელი აცხადებს, რომ თითქოს მას ხელმძღვანელი პირები სამსახურიდან წასვლას აიძულებენ“. უწყების განცხადებით, მიმდინარე წლის 11 აგვისტოს, გორის საპატრულო პოლიციაში ხელმძღვანელები ამ თანამშრომელს, მისი შესაძლო დისციპლინარული გადაცდომების და უკანონო საქმიანობის შესახებ გაესაუბრნენ, რამაც გამოიწვია პატრულ-ინსპექტორის უკმაყოფილება და გაღიზიანება. „ამ ეტაპზე პატრულ-ისნპექტორი თამაზ ჯოხაძე აგრძელებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას. პატრულ-ინსპექტორის მხრიდან შესაძლო დისციპლინარულ გადაცდომის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურეობრივი შესწავლის დასრულებისთანავე შედეგები დაინტერესებული პირებისთვის ცნობილი გახდება“, - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი თამაზ ჯოხაძე ამბობს, რომ სამსახურიდან ახსნა-განმარტების გარეშე ათავისუფლებენ. მან Facebook-ის პირად გვერდზე LIVE- ვიდეოში დაასახელა ადამიანები, რომლებმაც, როგორც თავად ამბობს, პოლიციიდან წასვლა მოსთხოვეს.

სუს-ის თანამშრომლებისა და თანამდებობის პირების სამსახურებრივი მოვალეობის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სუს-ის თანამშრომლებისა და თანამდებობის პირების სამსახურებრივი მოვალეობის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 320-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. „როგორც მოგეხსენებათ, უკანასკნელ პერიოდში გახშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებისა და თანამდებობის პირების სამსახურებრივი მოვალეობის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების ფაქტები, რაც ცალსახად წარმოადგენს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის დარღვევის ფაქტს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება. ამჟამად საქმეზე ტარდება ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე პირთა გამოვლენის, სამართლებრივი რეაგირებისა და შემდგომში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გახმაურების პრევენციის მიზნით. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 320-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურებას გულისხმობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექცია”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თბილისში ქალის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.დ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. შსს ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ბრალდებულმა თბილისში, კონფლიქტის ნიადაგზე, თავის ნაცნობს - 1983 წელს დაბადებულ მ.მ.-ს, მისსავე დროებით საცხოვრებელ ბინაში, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ა.კ. და 1988 წელს დაბადებული ა.მ. ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 9 აგვისტოს, თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 1993 წელს დაბადებულ ჯ.ც. სამართალდამცველებმა ა.კ. და ა.მ. ცხელ კვალზე დააკავეს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

23 წლის გოგოს ცოლად მოყვანის მიზნით მოტაცების საქმეზე 4 პირს ბრალი წარუდგინეს

პროკურატურამ ცოლად შერთვის მიზნით მოტაცების საქმეზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 2 აგვისტოს, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში, თ.ნ.-მ ცოლად შერთვის მიზნით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ზ.ს.-სთან, შ.შ.-სთან და გ.თ.-სთან ერთად ა.რ.კ.-ს აღუკვეთა თავისუფლება. როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, ბრალდებულებმა ა.რ.კ. მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომობილში და ქალაქ კასპში, ზ.ს.-ს სახლში წაიყვანეს, სადაც დაზარალებული მისი ნების საწინააღმდეგოდ დაახლოებით 7 საათის განმავლობაში, პოლიციის თანამშრომლების მისვლამდე იმყოფებოდა. „სამართალდამცველებმა თ.ნ., ზ.ს., შ.შ. და გ.თ. 3 აგვისტოს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ოთხივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლუკა სირაძის საქმეზე მსჯავრდებული პროკურორი მარიანა ჩოლოიანი გაათავისუფლეს

ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული პროკურორი მარიანა ჩოლოიანი თავისუფალია. მარიანა ჩოლოიანმა პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. მის გათავისუფლებას ადასტურებს ადვოკატიც. პროკურორი ე.წ. უდოთი გათავისუფლდა. "მარიანა ჩოლოიანი გათავისუფლდა საბჭოს გადაწყვეტილებით, მას კანონმდებლობით ეხებოდა პირობით ადრე გათავისუფლება, საბჭომ უარი განუცხადა მარიანა ჩოლოიანს, რის შემდეგაც დაცვის მხარემ გაასაჩივრა გადაწყვეტილება, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბათილად ეცნო საბჭოს გადაწყვეტილება.კრიტერიუმებს ნამდვილად აკმაყოფილებდა ჩოლოიანი. კანონით გათვალისწინებულია ეს კრიტერიუმები, მაგალითად, სასჯელაღსრულებაში ქცევა, შენიშვნა და საყვედური არ უნდა ქონდეს, არ უნდა არღვევდეს შინაგანაწესს. კანონი არ ითვალისწინებს, რომ მოხდეს რაიმე პოზიციის შეჯერებას დაზარალებულ მხარესთან", - აცხადებს ჩოლოიანის ადვოკატი. ლუკა სირაძის ძმა "TV პირველთან" ამბობს, რომ ოჯახისთვის მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება. "საერთოდ არ ველოდებოდით რომ მარიანა ჩოლოიანს ვინმე გარეთ გამოუშვებდა, პირიქით ჩვენ ველოდებოდით რომ მას ბრალი დაუმძმდებოდა", - ამბობს გარდაცვლილი ლუკა სირაძის ძმა. მარიანა ჩოლოიანს 2020 წლის 7 სექტემბერს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2019 წლის დეკემბერში შეუფარდა. 2019 წლის 11 დეკემბერს, მეათე კლასის მოსწავლე ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც ის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, „მწვანე სკოლის“ კედლებზე გაკეთებული წარწერების გამო გამოკითხეს. გამოკითხვაზე მოზარდი ორჯერ, 10 და 11 დეკემბერს იმყოფებოდა და ის ორივეჯერ მარიანა ჩოლოიანმა დაკითხა.ლუკა სირაძე მიღებული დაზიანებების შედეგად 2019 წლის 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაკავებული მარიანა ჩოლოიანის გარდა, ლუკა სირაძის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუწყდა ორ პოლიციელს.

უკრაინაში დააკავეს პირი, რომელიც მთავრობის შენობის აფეთქებით იმუქრებოდა

უკრაინაში დააკავეს პირი, რომელიც მთავრობის შენობის აფეთქებით იმუქრებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ის თავად ჩაბარდა პოლიციას. ცნობისთვის, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე უცნობი პირი უკრაინის მთავრობის შენობაში შევიდა და ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრდებოდა. აღნიშნული ინციდენტის გამო, უკრაინის დედაქალაქ კიევში პოლიციის სპეციალური ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა.

შს მინისტრმა ავსტრალიელი ქალის მკვლელობაზე კომენტარი გააკეთა

შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ავსტრალიელი ქალის მკვლელობაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ნაკლები პროცენტია, რომ დამნაშავე უცხოელი იყოს. „ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა. პირველ რიგში მინდა მის ოჯახს, მის ახლობლებს მივუსამძიმრო. მაქსიმალურს ვაკეთებთ, ნამდვილად 24 საათის განმავლობაში მუშაობენ ჩვენი თანამშრომლები, გამომძიებლები, ოპერატიული თანამშრომლები, რომ სწრაფად მოხდეს გამოძიება. გვაქვს რაღაცები, თუმცა ჯერ ვერ ვიტყვით. შეიძლება გაფუჭდეს ეს გამოძიება და რაც ვიწვალეთ ამ ორი ღამის განმავლობაში, შეიძლება წყალში ჩაგვეყაროს ჩემი ერთი სიტყვით და არ მინდა გამოძიებას ხელი შევუშალო. სადაც საშუალებაა, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება გარდაცვლილი, ყველაზე ერთნაირად ვმუშაობთ და არის ერთი სტანდარტი“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ ისაუბრა გავრცელებულ ინფორმაციაზეც, რომ მთაწმინდის ტერიტორიაზე ფიზიკური ძალადობა სხვა ქალებზეც განხორციელებულა, რასთან დაკავშირებითაც უწყებაში შეტყობინებებიც შევიდა. შს მინისტრის თქმით, უწყებაში ორი შეტყობინება შევიდა, თუმცა ეს ფიზიკური ძალადობა არ იყო. „ორი შეტყობინება იყო, რომელზეც ფიზიკური ზეწოლა არ მომხდარა - „შეგვეშინდა, ჩვენსკენ მოძრაობდა და გავიქეცითო“. მოვიყვანეთ, დავკითხეთ და ვმუშაობთ ამ მიმართულებითაც“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაური: მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება 112-ის მომსახურების დონე და შემცირდება რეაგირების დრო

„მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით 112-ში", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე. დღეს ვახტანგ გომელაურმა საზოგადოებას სამინისტროს 10-წლიანი სამოქმედო გეგმა და სტრატეგიული ხედვები წარუდგინა. „მაქსიმალური კოორდინაციისა და ინციდენტებზე ოპერატიული რეაგირების გაუმჯობესების მიზნით, "112" და ერთობლივი ოპერაციების ცენტრი გაერთიანდა და 2020 წლიდან შეიქმნა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112";დაინერგა SMS და ვიდეოზარის სერვისი - ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს, გადაუდებელ შემთხვევებში, შეუძლიათ მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ვიდეოზარის საშუალებით დაუკავშირდნენ "112"-ს."112"-მა მოქალაქეებს ინოვაციურ, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სერვისი შესთავაზა. მობილური აპლიკაციით შესაძლებელია ჩუმი განგაშის - SOS შეტყობინების გაგზავნა და ოპერატორთან მიმოწერა.2020 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა მოძალადის ელექტრონული ზედამხედველობის პროგრამა, რომელსაც ტექნიკურად უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112. საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება "112"-ის მომსახურების დონე და შესაბამისად, შემცირდება რეაგირების დრო. აღნიშნულის განსახორციელებლად იგეგმება პრიორიტეტების განმსაზღვრელი პროგრამის დანერგვა.ასევე, დაინერგება ადრეული გაფრთხილების SMS სისტემა, რომელიც სახიფათო ტერიტორიაზე მყოფ აბონენტებს მომხდარი ან პოტენციური საფრთხის შესახებ შეატყობინებს.ინციდენტებზე მყისიერი რეაგირების მიზნით, მოხდება "112"-ში შემოსული ზარების ხმის ბანკის პროგრამული დამუშავება", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. მან ასევე ისაუბრა „ხელშესახებ ცვლილებებსა და რეფორმებზე, რომლებიც მისი თქმით, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის განვითარების მიმართულებით გატარდა. მინისტრის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას ექსპერტიზის სხვადასხვა მიმართულების შესაძლებლობების განვითარების და სტანდარტების ამაღლების კუთხით. „საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში მოხდა როგორც ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიური მიმართულებით გაუმჯობესება, ასევე, ადამიანური რესურსების გადამზადება. არ არსებობდა ჰაბიტოსკოპიური და კომპიუტერული ექსპერტიზის მიმართულებები, რაც 2013 წლიდან ამოქმედდა. უმნიშვნელოვანესია გენეტიკური ექსპერტიზის ლაბორატორიის შექმნა, რომელიც ხელს უწყობს გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებას. საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით აშენდა და აღიჭურვა საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ახალი ადმინისტრაციული შენობა, რომელშიც განთავსებულია 20 სხვადასხვა მიმართულების სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორია; წარმატებით განხორციელდა საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ლაბორატორიების აკრედიტაცია საერთაშორისო ISO სტანდარტის მიხედვით. საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი გახდა ევროპის საექსპერტო დაწესებულებათა კავშირის სრული წევრი; სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას ექსპერტიზის სხვადასხვა მიმართულების შესაძლებლობების განვითარებისა და სტანდარტების ამაღლების კუთხით, კერძოდ: ლაბორატორიების თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვის გზით განხორციელდება დნმ-ის, ქიმიური, ბალისტიკური, დაქტილოსკოპიური, ასევე, ქიმიური-ბიოლოგიური-რადიაციული და ბირთვული პროფილის ექსპერტიზის შესაძლებლობების განვითარება. გაფართოვდება ბალისტიკური და ქიმიური ექსპერტიზების სტანდარტის აკრედიტაციის სფერო. შემუშავდება ქიმიური-ბიოლოგიური-რადიაციული და ბირთვული პროფილის ექსპერტიზის და საშიში ქიმიური ნივთიერებების ლაბორატორიის შექმნის სამოქმედო გეგმა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

დაინერგება დანაშაულის შეტყობინების აპლიკაცია, რომლითაც მომხმარებელი სამართალდარღვევის ფაქტს შესაბამის დანაყოფს ანონიმურადაც აცნობებს

„შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთი დანაყოფი ინტენსიურად მუშაობს იმისთვის, რომ პოლიცია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით პასუხობდეს ამოცანებს, რომელთა წინაშეც ყოველდღიურად ვდგავართ", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა უწყებაში გამართულ ღონისძიებაზე. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, გრძელდება აქტიური მუშაობა ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის დანერგვის მიმართულებით. „შემუშავებულია განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც, 2025 წლისთვის, ანალიტიკური ქსელი უნდა დაინერგოს მთელი ქვეყნის მასშტაბით. აღნიშნულ პერიოდში დაიხვეწება ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის სრულფასოვნად განხორციელებისთვის საჭირო სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფა. საპოლიციო რესურსების სწორად და ეფექტიანად გადანაწილების, ოპერატიული რეაგირების მონიტორინგისა და შემადგენლობის მუშაობის შეფასების მიზნით მუშავდება ელექტრონული დისპეტჩერიზაციის თანამედროვე სისტემა, რომელიც სტრატეგიული და ტაქტიკური ანალიზის ერთიანი სისტემის დანერგვასა და ანალიტიკური მონაცემების ფიქსაციასაც გულისხმობს. დაინერგება დანაშაულის შეტყობინების აპლიკაცია, ელექტრონული პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, სხვადასხვა ტექნიკური საშუალებით, სამართალდარღვევის ფაქტის შესახებ მონაცემი როგორც ღიად, ასევე, ანონიმურად მიაწოდოს სამინისტროს შესაბამის დანაყოფს. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შეიქმნება კრიმინოგენულ-საინფორმაციო რუკა. მოხდება დანაშაულის შემთხვევების, სამეთვალყურეო კამერების, საპატრულო ეკიპაჟების გადაადგილებისა და სტრატეგიული ობიექტების ელექტრონულ რუკაზე ასახვა. ელექტრონული რუკა გაზრდის პოლიციის მხრიდან ინფორმაციაზე წვდომის ოპერატიულობას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს დროის მოკლე მონაკვეთში ყველა საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და აღქმას. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, 2025-2030 წლებისთვის, კონკრეტულ ლოკაციებზე იგეგმება, სხვადასხვა სახის ჭკვიანი კამერის განთავსება, რომლებიც დაფიქსირებული არაორდინარული ქცევის, აგრეთვე, ხმის დეტექციის მიხედვით გასროლის იდენტიფიცირებისას შეტყობინებებს გადასცემს პოლიციის შესაბამის დანაყოფებს. 2022-2027 წლების შუალედში გაგრძელდება ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სახის ან მოძრაობის ამოცნობა-იდენტიფიკაციის ინსტრუმენტების განვითარება, რომელიც იძლევა ფოტოსურათის, მათ შორის ჯგუფური ფოტოს, ფოტოების ფრაგმენტების აღდგენის მიხედვით ცალკეული პირის ამოცნობის შესაძლებლობას. განვითარდება ვიდეოამომცნობი ინსტრუმენტები, რომელთა საშუალებით შესაძლებელია ვიდეოფაილებში ასახული პირების იდენტიფიცირება. 2021-2027 წლებში, სტატისტიკური მონაცემების გენერირების, სხვადასხვა დეტალისა და გარემოებების გათვალისწინებით, დამუშავების, სიზუსტისა და პროცედურის გამარტივების მიზნით, განხორციელდება სტატისტიკური მოდულის დახვეწა", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაური: მომდევნო 10 წელში სრულად განახლდება ყველა სასაზღვრო სექტორი, გაძლიერდება სასაზღვრო ავიაცია და სანაპირო დაცვის ფლოტი

შინაგან საქმეთა სამინისტროში უწყების 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ 10-წლიან გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა სასაზღვრო პოლიციის რეფორმირებასა და შესაძლებლობების გაზრდას, რისთვისაც რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი იგეგმება. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზღვრის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა. დაცული საზღვრები ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გარანტია. შესაბამისად, 10-წლიან გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა სასაზღვრო პოლიციის რეფორმირებასა და შესაძლებლობების გაზრდას. ბოლო წლების განმავლობაში აშენდა სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის 25 სასაზღვრო სექტორი.სასაზღვრო ოპერაციების ელექტრონული დაკვირვების სისტემა მოეწყო 9 სექტორის დასაცავ მონაკვეთზე. აშენდა და აღიჭურვა გემთსარემონტო სახელოსნო ფოთში, რამაც შესაძლებელი გახადა ხომალდების სარემონტო სამუშაოების ადგილზე ჩატარება.აშენდა საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი (JMOC). უწყებათშორისი ცენტრი აერთიანებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას, რომლებსაც კოორდინაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო უწევს. აშენდა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბათუმის ბაზირების სადგური - მცირე ზომის ნავმისადგომი. სრულიად განახლდა სანაპირო დაცვის რადიო-საკომუნიკაციო სისტემები. სანაპირო დაცვის დეპარტამენტს გადაეცა „აილენდის" კლასის 2 სადარაჯო ამერიკული ხომალდი. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ორი ჯგუფი და ორი მცურავი საშუალება ნატოს ოპერაციული კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამაში ჩაერთო. 10-წლიან გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა სასაზღვრო პოლიციის რეფორმირებასა და შესაძლებლობების გაზრდას, რისთვისაც რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი იგეგმება. კერძოდ: სრულად განახლდება ყველა სასაზღვრო სექტორი, სახელმწიფო საზღვარი სრულად აღიჭურვება საზღვრის დაკვირვების თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით, გაძლიერდება სანაპირო დაცვის ფლოტი. სასაზღვრო პოლიციის სარგებლობაში არსებულ ყველა ვერტმფრენს ჩაუტარდება კაპიტალური რემონტი და მოდერნიზაცია. იგეგმება სასაზღვრო პოლიციისთვის 2 ახალი შვეულმფრენის შეძენა. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის განახლებული სტრატეგიის ფარგლებში, საზღვრის მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით, 2021-2030 წლებში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა საზღვარზე რისკების ანალიზის ერთიანი სისტემის დანერგვა-განვითარებას. სასაზღვრო-გამტარი პუნქტების სრული შემადგენლობა აღიჭურვა ახალი ტიპის ვიდეოკამერებით, სპეციალური საპოლიციო საშუალებებით. სასაზღვრო-გამტარი პუნქტები აღიჭურვა ინსპექტირების თანამედროვე დანადგარებით", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

თბილისში გაუჩინარებული ავსტრალიის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში გაუჩინარებული ავსტრალიის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. სხვა დეტალები ჯერ არ გავრცელებულა. ავსტრალიის მოქალაქე, შანაე ბრუკი თბილისში 30 ივლისს დაიკარგა. ამავე თემაზე: შსს თბილისში უცხოეთის მოქალაქის გაუჩინარების საქმეს თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით იძიებს

შსს თბილისში უცხოეთის მოქალაქის გაუჩინარების საქმეს თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით იძიებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში უცხოეთის მოქალაქის გაუჩინარების საქმეს თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით იძიებს. როგორც ცნობილია, 30 ივლისს, თბილისში უცხოეთის მოქალაქე, შანაე ბრუკი დაიკარგა. ის ავსტრალიის მოქალაქეა. ახლობლები ამბობენ, რომ ის მთაწმინდაზე სასეირნოდ იყო წასული. მეგობრების მონაყოლზე დაყრდნობით, ასევე ვრცელდება ცნობები, რომ შანაი ბრუკმა დაურეკა ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფ მეგობარს, რომელმაც გაიგო, როგორ ეუბნებოდა ის ვიღაცას, რომ ხელი გაეშვა. მეგობრები ვარაუდობენ, რომ უცხოელს თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა. ამის შემდეგ სატელეფონო საუბარი გაითიშა. მეგობრები დაკარგულს ღამის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ. შანაი ბრუკი საქართველოში წელიწადნახევრის წინ ჩამოვიდა. ის ინგლისური ენის პედაგოგია.

საქართველოს, სომხეთის და უკრაინის სამართალდამცველებმა ერთობლივი სპეცოპერაცია ჩაატარეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, უკრაინაში ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ჩატარებულ საერთაშორისო სპეცოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა და დაკავებულია დანაშაულებრივი დაჯგუფების ორი წევრი, ამოღებულია 368 კგ „ჰეროინი“. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. ,,რვა თვის განმავლობაში მიმდინარე მასშტაბურ სპეცოპერაციაში სამი ქვეყნის - სომხეთის, საქართველოს და უკრაინის სამართალდამცველები მონაწილეობდნენ. პოლიციამ მიმდინარე წლის 22 ივლისს, ქალაქ კიევში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ფაქტზე დააკავა ორგანიზებული დაჯგუფების ორი წევრი, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები არიან. სომხეთის, საქართველოს და უკრაინის სამართალდამცველები, ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების მხილების მიზნით, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში, საერთაშორისო კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს. ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში დადგინდა, რომ ტრანზიტულად გადასაზიდ ტვირთში დამალული იყო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი", რომელიც ირანის ისლამური რესპუბლიკიდან, სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს გავლით, უკრაინაში უნდა ყოფილიყო გადაზიდული, საიდანაც, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, მისი ცენტრალურ ევროპაში გატანა მოხდებოდა.პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობის, დაახლოებით 368 კგ ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომლის ღირებულება შავ ბაზარზე დაახლოებით 75 000000 მილიონ ლარს შეადგენს.გამოძიებას უკრაინელი სამართალდამცველები განაგრძობენ. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიციამ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია და ასევე მოჭიდავე ნიკა ყორშია დააკავა

სამართალდამცავებმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია და ასევე მოჭიდავე ნიკა ყორშია დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს შსს-ში დაუდასტურეს. შსს-ს ცნობით, ნუგზარ წურწუმია და ნიკა ყორშია ადმინისტრაციულ სამართალდადღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. გარდა სპორტსმენებისა, სამართალდამცავებმა დააკავეს კიდევ ორი პირი. მათ პოლიციელზე თავდასხმას სისხლის სამართლის კოდექსის 356-ე მუხლით ედავებიან. ნუგზარ წურწუმიასა და ნიკა ყორშიას 3-3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ, დანარჩენი ორი პირის მიმართ კი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია. როგორც Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, შემთხვევა ხობში ერთ-ერთ სუპეარკეტთან მოხდა, სადაც დაკავებული პირები პოლიციას არ დაემორჩილნენ.

პოლიციამ ჯგუფურად ძარცვის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ბრალდებით, 6 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: 1998 წელს დაბადებული დ.ს., 1998 წელს დაბადებული ვ.ჯ., 1990 წელს დაბადებული ლ.ხ., 2002 წელს დაბადებული ნ.ზ., 1981 წელს დაბადებული რ.ა. და 1994 წელს დაბადებული კ.ლ. ჯგუფურად განხორციელებული ძარცვის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და წამების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან სამქეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 14 ივლისს, თბილისში, შარტავას ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ ბინაში, თანხის გამოძალვის მიზნით თავს დაესხნენ 1993 წელს დაბადებულ დ.კ-ს, მასზე განახორციელეს ფიზიკური ძალადობა, სიცოცხლის მოსპობის მუქარით წაართვეს თანხა და სხვა პირადი ნივთები, შემდეგ კი აღუკვეთეს თავისუფლება. სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულები მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა საგნით აწამებდნენ დ.კ.-ს, რის შემდეგაც ბრალდებული დ.ს.-ის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გაიყვანეს ქალაქგარეთ, სადაც კვლავ იძალადეს მასზე, ხოლო მოგვიანებით თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიატოვეს. პოლიციამ ასევე დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 18 ივლისს, ღამით, ბრალდებულები - ვ.ჯ. და კ.ლ. იგივე მოქალაქეს - დ.კ.-ს სახლიდან გასვლის დროს თავს დაესხნენ, ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მისი საცხოვრებელი ბინიდან მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ მობილურ ტელეფონებს, მაჯის საათს და საფულეს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა, შეტყობინების მიღებისთანავე, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს, დაიკითხა როგორც დაზარალებული, ასევე, სხვა პირებიც, დაინიშნა ექსპერტიზები, ჩატარდა ამოცნობები, რა დროსაც დაზარალებულმა დ.კ.-მ მის მიმართ განხორციელებული თავდასხმაში მონაწილე ექვსივე პირი ამოიცნო", - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში. ჯგუფურად განხორციელებული ძარცვის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და წამების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" პუნქტით, 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით და 178-ე მუხლით მიმდინარეობს.

"თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის დროს ძალადობაში ბრალდებული კიდევ ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე კიდევ ერთი პირი დააკავა – 1991 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გ.გ.-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, თბილისში, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. „5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 29 პირი, კერძოდ: ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დაკავდა 25 პირი; „თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი; ერთი პირი კი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა. დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები“, – აღნიშნავენ შსს-ში.

ვახტანგ გომელაური 5 ივლისის მოვლენებზე: ვმუშაობთ, რომ სრული სიმკაცრით დაისაჯონ, რათა სხვამ აღარც გაბედოს და აღარც კი გაიფრიქროს მსგავსი რამ

შს მინისტრი აცხადებს, რომ 5 ივლისის ძალადობაში მონაწილეები „მაქსიმალურად უნდა დაისაჯონ, რათა ხვალ იგივე არ განმეორდეს“. ამ საკითხზე ვახტანგ გომელაურმა გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის სულ 27 ადამიანია დაკავებული, თუმცა სავარაუდოა, რომ ეს რიცხვი გაიზრდება. „ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. ეს ჩემთვისაც მიუღებელია და რა თქმა უნდა ვგმობ. აქედან გამომდინარე ვსაუბრობ, რომ მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ყველა ადამიანი დაისაჯოს, იყო ეს ორგანიზატორი თუ ის, ვინც მოუწოდებდა და ფიზიკურად უსწორდებოდა ჟურნალისტებს. ვმუშაობთ, რომ სრული სიმკაცრით დაისაჯონ, რათა სხვამ აღარც გაბედოს და აღარც კი გაიფრიქროს მსგავსი რამ. ჩვენი ქვეყნის მონაპოვარია თავისუფალი მედია და ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, 27 წელია ძალოვან უწყებაში ვმუშაობ და არც 90-იანი წლების მიტინგებზე მახსოვს, რომ ჟურნალისტებზე ასეთი ძალადობა განეხორციელებინოთ. ეს იყო კატასტროფა და ძალიან მძიმე ყველასთვის“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა. ვახტანგ გომელაური: ძალიან დიდი ხანია, ძალოვან უწყებაში ვმუშაობ და არ მახსოვს ასეთი მასიური ძალადობა ჟურნალისტების მიმართ