სამართალი

პოლიციამ კახეთში ეკლესიის გაქურდვის ფაქტზე 1 ადამიანი დააკავა, ხოლო მისი არასრულწლოვანი ძმა, ამავე დანაშაულის ჩადენაში ამხილა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით 2000 წელს დაბადებული მ.გ. დააკავეს. ამავე დანაშაულის ჩადენაში მხილებულია დაკავებულის არასრულწლოვანი ძმა - 2004 წელს დაბადებული ლ.გ. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინსიტრო ავრცელებს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ძმებმა - მ.გ.-მ და ლ.გ.-მ, მიმდინარე წლის 7 ივლისს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან სხვადასხვა ნივთი მოიპარეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია", - ნათქვამია ინფორომაციაში.

ილიას უნივერსიტეტში მოკლული ლექტორის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს 35 000 ევროს გადახდა დააკისრა

სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული გადაწყვეტილების მიხედვით, ილიას უნივერსიტეტში მოკლული ლექტორის, მარიამ წივწივაძის საქმეზე საქართველოს 35 000 ევროს გადახდა დააკისრა. 2014 წელს ილიას უნივერსიტეტში მოკლული ლექტორის, მარიამ წივწივაძის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ მიიღო პრევენციული ზომები ოჯახური ძალადობის მსხვერპლის დასაცავად და არ გამოიძია პოლიციის უმოქმედობა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მიმართ. სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეში დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება), მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლთან მიმართებით. ამასთან, სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ მკვლელობამდე, ნახევარი წლის განმავლობაში მარიამ წივწივაძე და მისი ოჯახის წარმომადგენელი პოლიციას დახმარების თხოვნით სულ მცირე 11-ჯერ მიმართეს. ამგვარად, პოლიცია ინფორმირებული უნდა ყოფილიყო რეალური და უშუალო საფრთხის შესახებ. სასამართლოს დოკუმენტში საუბარია პოლიციის მხრიდან უმოქმედობაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ ნაციონალური სამართალდამცველი ორგანოების, კერძოდ, პოლიციის უმოქმედობა კიდევ უფრო მეტად უპატიებელია, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ქალების მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახური ძალადობა, არსებული ცნობებით, წარმოადგენდა სერიოზულ სისტემურ პრობლემას ქვეყანაში. ამგვარად, ხელისუფლების პასუხისმგებელ ორგანოებს უნდა სცოდნოდათ სიტუაციის სერიოზულობის შესახებ, რომელიც ქვეყანაში ბევრ ქალს ეხება და განსაკუთრებული გულმოდგინეობა უნდა გამოევლინათ, უნდა უზრუნველეყოთ ამ ჯგუფის მოწყვლადი წევრებისთვის სახელმწიფოს მხრიდან გაძლიერებული დაცვა. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ დაასკვნა, რომ ოჯახური ძალადობის ბრალდებების წინაშე სამართალდამცველი ორგანოების საერთო დისკრიმინაციულმა პასიურობამ შექმნა ატმოსფერო, რომელიც ქალების მიმართ ძალადობის გავრცელებას უწყობს ხელს. სტრასბურგის გადაწყვეტილებით, განმცხადებელს, გარდაცვლილის დედას, ზიანის ანაზღაურების სახით, სახელმწიფომ 35 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს. ცნობისთვის, 2014 წლის 17 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი მარიკა წივწივაძე ყოფილმა მეუღლემ, ლაშა მაღრაძემ უნივერსიტეტის შენობაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ჟურნალისტებზე ძალადობისთვის დაკავებულ 3 ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის და დევნის ბრალდებით დაკავებულების სხდომა დასრულდა. ტელეკომპანია „რუსთავის 2"-ის, „მთავარი არხის", გამოცემა - ,,ტაბულას" და საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტის“ წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებულებს ზაზა ჭაავას, ზაზა მჭედლიძეს და მურად დევლარიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ მიიღო. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. ბრალდების მხარე დაკავებულების მხრიდან როგორც მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებზე ამახვილებდა ყურადღებას. პროკურატურა მიუთითებდა, რომ დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე, ბრალდებულების სრული იზოლაცია იყო საჭირო. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ისინი პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმნენ და მათი დაცვის ქვეშ მყოფების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ. ზაზა ჭაავას ადვოკატი 2000-ლარიანი, მურად დევლარიშვილის ადვოკატი კი 3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. მესამე ბრალდებულს - ზურა მჭედლიძეს ადვოკატი არ ჰყავდა და ითხოვდა, აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩენილიყო. ცნობისთვის, პროკურატურამ "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა მიერ მედიის მიმართ ძალადობის ფაქტებზე 3 პირს, ზაზა ჭაავას, ზაზა მჭედლიძესა და მურად დევლარიშვილს ბრალდება 6 ივლისს წარუდგინა.

ვახტანგ გომელაური: სპეცრაზმი გამოყვანილი იყო. მაინცდამაინც რობოკობებში ჩაცმულებმა უნდა იარონ?!

„3200 კაცი მუშაობდა იმ დღეს, თავიდან იყო სამი ლოკაცია, მერე გახდა 8 და ბოლოს - 20, საიდანაც თითო ლოკაციაზე 150 ადამიანი გამოდის“, - ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც 5 ივლისს, თბილისის ცენტრში განვითარებულ მოვლენებზე დაუსვეს შეკითხვა. რატომ არ მოხდა დამატებითი ძალების მობილიზება, მინისტრმა განმარტა, რომ „ფიზიკურად ამის საშუალება არ არის“. მისი თქმით, რისი საშუალებაც იყო, მთელი თბილისის მასშტაბით იყო „გაშლილი“ 3200 ადამიანი. „ჩნდება კითხვები, თუ რატომ არ იყო გამოყვანილი სპეცდანიშნულების რაზმი, ამ ინფორმაციას ვინ ავრცელებს, არ ვიცი. გეტყვით, რომ სპეცრაზმი გამოყვანილი იყო. მაინცდამაინც რობოკოპებით ჩაცმულებმა უნდა იარონ? ესენი ჩვეულებრივი პოლიციელები არიან. როცა სჭირდებათ ჩაცმა, უნდა აღიჭურვონ პლასტმასებით, ხელკეტებით“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. მას ასევე ჰკითხეს, გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას და ხომ არ დატოვებს პოსტს, მინისტრმა უპასუხა, რომ „ამაზე ოცნებობენ“. „ჩვენ ვართ ხელისუფლება და რაც ხდება, რა თქმა უნდა, იმაზე ვიღებთ პასუხისმგებლობას“, - აღნიშნა მინისტრმა და დაამატა, რომ მოთხოვნის შესაბამისად, მზადაა, პარლამენტში, კომიტეტზეც მივიდეს. „უკაცრავად, იდიოტიზმია, რომ თითქოს, გომელაურმა ჟურნალისტების ცემის ბრძანება გასცა. ასეთი მასიური დევნა ჟურნალისტებზე, სხვადასხვა ლოკაციაზე, აქამდე არ ყოფილა. ეს მიუღებელია, საშინელებაა, სამწუხაროა, რაც მოხდა. ვგმობ. პოლიციელებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ. ბიჭები საავადმყოფოშიც მოხვდნენ, თავები აქვთ გატეხილი, ოპერაცია გაუკეთეს. მოძალადეებს, ფიზიკურად რისი საშუალებაც იყო, ვაკავებდით“... შსს-მ ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტზე კიდევ 5 ადამიანი, ,,თბილისი პრაიდი''-ს ოფისის დაზიანების ფაქტზე კი 3 ადამიანი დააკავა

სასამართლომ „2012 წლის ციხის კადრების“ საქმეზე ზურაბ ადეიშვილი და დავით ჭაკუა დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ „2012 წლის ციხის კადრების“ საქმეზე იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ჭაკუა დამნაშავედ ცნო. მათ დაუსწრებლად 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა რომ, 2012 წლის სექტემბრის დასაწყისში ზურაბ ადეიშვილმა შეიტყო, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 დაწესებულებაში გადაღებული იყო პატიმრების ცემისა და წამების ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც შესაძლოა გამოქვეყნებულიყო ევროპის რომელიმე ქვეყნის ტელევიზიით. „თბილისის საქალაქო სასამართლომ, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზ.ა. და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე დ.ჭ. დამნაშავედ ცნო „2012 წლის ციხის კადრების“ საქმეზე, კერძოდ პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის ორგანიზების, მოწმეზე ზემოქმედების და დანაშაულის პროვოკაციის ორგანიზების ფაქტზე 2012 წლის 17 სექტემბერს, ზ.ა.-მ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დ.ჩ. და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე დ.ჭ. დაიბარა. თათბირზე გადაწყდა, რომ სასჯელაღსრულების №8 დაწესებულების თანამშრომლებს, ვ.ბ.-სთან დაკავშირებულ პირებს, ბ.ფ.-ს და ლ.ფ.-ს უნდა განეხორციელებინა ამავე დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრების დამცირება, ცემა და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც უნდა გადაეღოთ ვიდეოზე. ხსენებულ პირთა ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ფალსიფიკაციის გზით მტკიცებულებები უნდა შეკრებილიყო იმგვარად, რომ პატიმართა მიმართ ძალადობა „დაბრალებოდა“ პოლიტიკურ გაერთიანება „ქართული ოცნებას“. ზ.ა-სთან შეხვედრის შემდეგ, იმავე დღეს, დ.ჭ.-მ №8 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი – ლ.ფ. დაიყოლია ფარული ვიდეოკამერით პატიმართა მიმართ ძალადობის გადაღებაზე. პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილეობა უნდა მიეღოთ ამავე დაწესებულების თანამშრომლებს – ბ.ფ.-ს და ლ.ფ.-ს. ამავდროულად, ლ.ფ.-ს საჯაროდ უნდა გაევრცელებინა ცრუ ინფორმაცია, თითქოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ვ.ბ.-ს მეშვეობით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეუკვეთეს ციხეში პატიმრების წამება. 2012 წლის 17 სექტემბერს, დ.ჭ.-მ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მიზნით, იძულებით, შანტაჟისა და მუქარის გზით დაიყოლია ყოფილი პატიმარი და ვ.ბ.-სთან დაახლოებული პირი – ნ.მ. ცრუ ჩვენების მიცემაზე, თითქოსდა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნებისგან“ გარკვეული თანხის მიღების სანაცვლოდ ვ.ბ. საპყრობილეებში პატიმართა ცემისა და წამების ამსახველი კადრების გამოქვეყნებას გეგმავდა.2012 წლის 18 სექტემბერს, დავალებისამებრ, ლ.ფ.-მ, ბ.ფ.-სთან და ლ.ფ.-სთან ერთად №8 დაწესებულების №37-ე საკანში გააშიშვლეს პატიმრები რ.გ. და ე.წ., დააჩოქეს მუხლებზე და მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. იმავე დილით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მეშვეობით ლ.ფ.-მ საზოგადოებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოსდა პატიმართა ცემა და შეურაცხყოფა მოხდა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეკვეთით. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მიზნით ლ.ფ.-ს სამუშაო ოთახში შეიტანეს და წინასწარ საგანგებოდ მომზადებულ სეიფში მოათავსეს 14 100 აშშ დოლარი, მაისური მასზე დამონტაჟებული ვიდეოკამერით და ლაზერული დისკი, სადაც ასახული იყო №37 საკანში განხორციელებული ძალადობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2021 წლის 6 ივლისის განაჩენით, ზ.ა. დაუსწრებლად დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-332-ე მუხლის მეორე ნაწილით და მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 25-1443 მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, 25-3691 მუხლის მესამე ნაწილით და 25-145-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად, 2012 წლის 28 დეკემბერს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების შემდგომ, განესაზღვრა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით და 3 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება;ამავე განაჩენით, დ.ჭ. დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 25-1443 მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, 3691 მუხლის მესამე ნაწილით, 372-ე მუხლის მეორე ნაწილით და 25-145-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად, 2012 წლის 28 დეკემბერს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების შემდგომ, განესაზღვრა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით და 3 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება“,- აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

შსს-მ ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტზე კიდევ 5 ადამიანი, ,,თბილისი პრაიდის" ოფისის დაზიანების ფაქტზე კი 3 ადამიანი  დააკავა

შსს-მ ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტზე კიდევ 5 ადამიანი, „თბილისი პრაიდი''-ს ოფისის დაზიანების ფაქტზე კი 3 ადამიანი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე კიდევ 5 მოქალაქე: 1993 წელს დაბადებული ო.გ. 1991 წელს დაბადებული ც.ჩ. 1987 წელს დაბადებული ბ.მ., 1990 წელს დაბადებული მ.დ. და 1997 წელს დაბადებული თ.გ. პოლიციამ ,,თბილისი პრაიდი''-ს ოფისის დაზიანების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავა 3 ადამიანი. 1992 წელს დაბადებულ გ.ე.-ს, 1998 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ა.ა.-სა და 1992 წელს დაბადებულ გ.ო.-ს ბრალად ედებათ, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, დევნა ძალადობით ან ძალადობის მუქარით და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევა. "გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ბრალდებულმა ო.გ.-მ და ც.ჩ.-მ ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. რაც შეეხება კიდევ სამ ბრალდებულს: ბ.მ.-მ, მ.დ.-მ და თ.გ.-მ იმავე დღეს თაბუკაშვილის და ჭანტურიას ქუჩების კვეთაზე ტელეკომპანია პირველის ოპერატორს და საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ფოტოგრაფს სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სამივე მათგანი დაკავებულია ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის, დევნისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის "ა" და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. სამართალდამცველთა მიერ ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა: გ.ე.-მ, ა.ა.-მ და გ.ო.-მ 5 ივლისს, ,,თბილისი პრაიდი''-ს ოფისის მფლობელების ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შეაღწიეს ოფისის აივანზე, რასაც მოყვა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება, განადგურება. მათი კანონსაწინააღმდეგო ქმედება ადამიანების, კერძოდ, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელთა დევნით იყო გამოწვეული. დაკავებული პირების მიმართ გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნას და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა მოძალადე პირთა დადგენის და დაკავების მიზნით. ამ დროისთვის, ჟურნალისტებზე თავდასხმის, დევნის, ჯგუფური ძალადობის, მუქარის და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მიერ სულ 15 პირია დაკავებული. გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები", - ნათქვამია შს საინისტროს განცხადებაში.

გორში,  „ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით რამდენიმე ადამიანი დააკავეს

გორში, „ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით, რამდენიმე ადამინია დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 5 პირი. ისინი გამთენიისას, სახლებში აიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს. „პირველი არხის“ ცნობით, ადვოკატი უკვე შეხვდა დაკავებულებს. ნინო შავშიშვილის განცხადებით, მას სისხლის სამართლის მასალები ჯერ არ გადასცემია. ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ. „ჩატარდა სპეცოპერაცია. ამ ეტაპზე ჩვენთვის ცნობილია, რომ დაკავებულია ხუთი პირი. ხუთივეს ედავებიან ერთიდაიმავეს, ვითომ ეს ადამიანები არიან ქურდული ტრადიციების მატარებელი. მქონდა მათთან შეხვედრა და მათ წარმოდგენა არ აქვთ ამ ბრალთან დაკავშირებით. არ გვაქვს არანაირი დოკუმენტაცია გადმოცემული. ბრალის წარდგენის შემდეგ გადმოგვცემენ დოკუმენტაციას და გავეცნობით, რაში ედავებიან. ღამის საათებში მოხდა დაკავება. მოხდა სახლებში შეჭრა, დააზიანეს ყველას კარი, სადაც იმყოფებოდნენ მცირეწლოვანი ბავშვები და ისინი არიან სტრესის ქვეშ“,- განაცხადა ადვოკატმა.

პროკურატურამ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტებზე კიდევ 5 ადამიანს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ 5 და 6 ივლის, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ოთხ პირს – ა.ნ-ს, თ.დ-ს, თ.ხ-ს, ი.ქ.-ს, ხოლო კიდევ ერთ პირს ი.ყ.-ს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და დევნის ფაქტზე ბრალი წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 და 6 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით გასამართი აქციის პარალელურად, მოწინააღმდეგე ჯგუფის მიერ მიმდინარე აქციაზე, ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე პირები, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ სხვადასხვა ტელეკომპანიის, ინტერნეტ-გამოცემის, ბეჭდური მედიის ჟურნალისტებს და ოპერატორებს და არ მისცეს მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულები ტელეკომპანია „მთავარი არხის“, „ტვ პირველის“ და „პალიტრანიუსის“ წარმომადგენლებს პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის მოტივით, ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მედიის წარმომადგენლების მიერ არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება. "სამართალდამცველებმა ა.ნ, თ.დ, თ.ხ, ი.ქ. და ი.ყ. 2021 წლის 6 და 7 ივლისს დააკავეს. ა.ნ.-ს თ.დ-ს, თ.ხ-ს და ი.ქ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ი.ყ-ს ბრალდება 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. 5 და 6 ივლისს „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის ბრალი 8 პირს წარედგინა. ამ ეტაპზე საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 25 პირი, მათ შორის 19 ჟურნალისტი და ოპერატორი. შინაგან საქმეთა სამინისტროში, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე ძალადობრივ ქმედებებში და კანონდარღვევის ფაქტებში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირების და ასევე, ორგანიზატორების დადგენის მიზნით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. აქვე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და დევნა კატეგორიულად მიუღებელია. ბრალდების მხარე დაზარალებულების კანონიერი ინტერესების დასაცავად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საჭირო ქმედებას განახორციელებს“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 6 ივლისს, პროკურატურამ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტებზე 3 ადამიანს ბრალი წარუდგინა

მალხაზ მაჩალიკაშვილი გაათავისუფლეს, სასამართლო პროცესი გადაიდო

პარლამენტის შენობის წინ გუშინ გამართულ აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული მალხაზ მაჩალიკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. დღევანდელ პროცესზე მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატმა პროცესის გადადების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა და მაჩალიკაშვილი დარბაზიდან გაათავისუფლა. საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 23 ივლის ჩაინიშნა. მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელსაც დაუმორჩილებლობას, წვრილმან ხულიგნობას და ცივი იარაღის ტარებას ედავებიან, აცხადებს, რომ დანას საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის იყენებს. "მე ვარ ქუჩაში და ვცხოვრობ კარავში. იარაღი, თუ მას ცივ იარაღს ვეძახით, საჭიროა, რადგან პურის დასაჭრელადაა საჭირო", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა. მისი ადვოკატი მარიამ პატარიძე აცხადებს, რომ მაჩალიკაშვილის დაკავების საფუძველი არის უკანონო და აბსურდული. რუსთაველის გამზირზე სოლიდარობის აქციის დროს მალხაზ მაჩალიკაშვილი დააკავეს

რუსთაველის გამზირზე სოლიდარობის აქციის დროს მალხაზ მაჩალიკაშვილი დააკავეს

რუსთაველის გამზირზე, გუშინ მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულებს შორის მალხაზ მაჩალიკაშვილიცაა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ. დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. მისი თქმით, გუშინ ღამე, ჩიტაძის ქუჩის კუთხის მიმდებარედ ძალადობრივი ჯგუფები ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას და ამავდროულად, მალხაზ მაჩალიკაშვილს აყენებდნენ შეურაცხყოფას. ამის შემდეგ, ადვოკატის თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილი პოლიციის მოწოდების დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. ამასთან, ადვოკატის ცნობით, მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ კანონი არ დაურღვევია და მოლოდინი აქვს, რომ სანქციის გარეშე გაათავისუფლებენ. "სოლიდარობის აქციის მხარეს იდგა და ჯებირებს მიღმა ადამიანები მისი მისამართით იჩენდნენ დევნას ასე ვთქვათ. როდესაც მისი იდენტიფიცირება მოხდა, დაუწყეს როგორც სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე ფიზიკურადაც იწევდნენ მისკენ. ფაქტი არის, რომ თუ მის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა პოლიცია, მის მიმართ ადმინისტრაციული დაკავება არ უნდა განეხორციელებინა," - განაცხადა სოციალური სამართლიანობის ცენტრის ადვოკატმა მარიამ პატარიძემ ,,რუსთავი 2"-თან საუბრისას. ცნობისთვის, 5 ივლისს ,,თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 5 ივლისს განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად, 6 ივლისს, პარლამენტის წინ, მდუმარე აქცია დაიგეგმა. პარალელურად დაანონსდა მეორე აქცია ქაშვეთის ეკლესიასთან, რომლის მონაწილეები ე.წ. მდუმარე აქციის მონაწილეების მიმართ აგრესიით იყვნენ განწყობილნი. ორი დაპირისპირებული აქციის მონაწილეები პოლიციას ერთმანეთისგან ცოცხალი ჯაჭვით და რკინის კონსტრუქციებით ჰყავდა გაყოფილი. მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანოს წინ გამართული აქცია დასრულდა, ქაშვეთის ეკლესიასთან მყოფმა ადამიანებმა პარლამენტის წინ გადმოინაცვლეს და ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა. შსს-ის ინფორმაციით, გუშინდელ აქციებზე დააკავეს 100 ადამიანი.

შს მინისტრის მოადგილე: 5 ივლისის ღონისძიებასთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან თავიდანვე იყო გაცხადებული, რომ უსაფრთხოების ღონისძიებების დაცვა რთული იქნებოდა

5 ივლისის ღონისძიებასთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან ცალსახად და თავიდანვე იყო გაცხადებული, რომ უსაფრთხოების ღონისძიებების დაცვა რთული იქნებოდა, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, 5 ივლისის ღონისძიებაზე არსებობდა სერიოზული რისკები და ამის შესახებ ინფორმაცია შს სამინისტროს ღია და დახურული წყაროებიდან ჰქონდა. როგორც ინისტრის მოადგილემ აღნიშნა, გაფრთხილების მიუხედავად, ღონისძიების ორგანიზატორები არ განიხილავდნენ ღონისძიების არც ფორმატის და არც მასშტაბის შეცვლას. „რაც შეეხება 5 ივლისის ღონისძიებას ჩვენი მხრიდან ცალსახად და თავიდანვე იყო გაცხადებული, რომ ღონისძიების მასშტაბების, მონაწილე პირთა რაოდენობის და იმ ფორმატის გათვალისწინებითაც რა ფორმატითაც იყო შემოთავაზებული ეს ღონისძიება, რთული იქნებოდა უსაფრთხოების ღონისძიებების დაცვა. ამავე დროს, გასათვალისწინებელი იყო წარსული გამოცდილება მსგავსი ღონისძიების ჩატარების. ასევე შეხვედრა შედგა შს მინისტრსა და დიპლომატიური წარმომადგენლობის პირებთან, სადაც შს მინისტრის მიერ გაცხადებული იქნა, რომ 1-3 ივლისის ღონისძიებასთან მიმართებაში სრულად იქნებოდა დაცული მონაწილეთა შეკრება მანიფესტაციის უფლება. ხოლო რაც შეეხება 5 ივლისის ღონისძიებას არსებობდა სერიოზული რისკები, რაც ღია და დახურული წყაროებიდან შს სამინისტროს ჰქონდა. მიუხედავად ჩვენი არა ერთი გაფრთხილებისა ღონისძიების ორგანიზატორები არ განიხილავდნენ ღონისძიების არც ფორმატის, არც მასშტაბის შეცვლას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვთავაზობდით ალტერნატიულ ლოკაციებს, სადაც შესაძლებელი იქნებოდა მსგავსი ღონისძიების ჩატარება“, - განაცხადა დარახველიძემ.

შსს: რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე  დავაკავეთ 100 ადამიანი, დაკავებულებიდან 68 გათავისუფლებულია ხელწერილით

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას 6 ივლისს რუსთაველის გამზირზე პოლიციის მიერ გამოვლენილი კანონდარღვევის ფაქტების და მათზე მომხდარი რეაგირების შესახებ. უწყების ინფორმაციით, დააკავეს 100 ადამიანი, მათგან 68 გათავისუფლებულია ხელწერილით, 32 კი რჩება იზოლატორში. ,,მიმდინარე წლის 6 ივლისს, პარლამენტის წინ გამართული აქციის მოწინააღმდეგედ შეკრებილი მოქალაქეების ნაწილის პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს. პირველი კლასიკური გიმნაზიის და ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი ადამიანების აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი.შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე, ამ ეტაპზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 100 პირი. დაკავებული პირებიდან 68 გათავისუდფლებულია ხელწერილის საფუძველზე, 32 პირი რჩება დროებითი მოთავსების იზოლატორში.საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ბრალდებულის სახით ადგილზევე დაკავებულია 2 პირი.1989 წელს დაბადებული ი. ყ. დაკავებულია "პალიტრა ნიუსის" ოპერატორის მიმართ ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობის უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 126-ე მუხლებით გრძელდება. რაც შეეხება ბრალდებულის სახით დაკავებულ მეორე პირს - 1965 წელს დაბადებულმა გ.შ.-მ საპატრულო პოლიციის ავტომანქანის გვერდითი საქარე მინა დააზიანა. გამოძიება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.პოლიციამ რუსთაველის გამზირზე გამართული ორივე აქციის მიმდინარეობისას გაატარა კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი ზომა, რათა მაქსიმალურად მშვიდ გარემოში გამოეხატათ მოქალაქეებს პროტესტი. მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეები წინააღმდეგობას უწევდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ისროდნენ სხვადასხვა ნივთებს, რის შედეგადაც სამმა სამართალდამცველმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზიანდა პოლიციის ავტომანქანები.შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მისცემს 6 ივლისს, რუსთაველის გამზირზე გამოვლენილ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, სამართალდარღვევის და დანაშაულის თითოეულ ფაქტზე სამინისტრო მოახდენს შესაბამის რეაგირებას", - ნათქვამია განცხადებაში.

"თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულებიდან ერთს, 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

გუშინ, "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულებიდან ერთს, 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. 3-დღიანი პატიმრობა მიესაჯა პაატა გურჩიანს, რომელიც მრგვალ ბაღთან მომხდარი ინციდენტის დროს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მანუჩარ ცაცუამ გამოაცხადა. "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი დღეს იმართება. გურჩიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც საზოგადოებრივ ადგილზე ლანძღვას, გინებას, მოქალაქეების შეურაცხყოფას, ასევე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას გულისხმობს. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ,,ღირსების მარშის" ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ თბილისი პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ შსს-მ დღეს გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით 8 მოქალაქე დააკავა „თბილისი პრაიდი“ აცხადებს, რომ „ღირსების მარში“ არ შედგება შსს-მ მედიასაშუალებების წარმომადგენლებისადმი ძალადობის ფაქტზე კიდევ 3 ადამიანი დააკავა

პოლიციამ დააკავა მოქალაქე, რომელიც გუშინდელ აქციაზე სკუტერით ხალხის მასაში შევარდა

პოლიციამ დააკავა მოქალაქე, რომელიც გუშინდელ აქციაზე სკუტერით ხალხის მასაში შევარდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. გავრცელებული ინფორმაციით, შსს-მ მედიასაშუალებების წარმომადგენლებისადმი ძალადობის ფაქტზე კიდევ 3 ადამიანი დააკავა. გუშინ ადმინისტრაციული წესით, 8 მოქალაქ დააკავეს. გამოძიებით დადგინდა რომ დაკავებულებმა ტელეკომპანია რუსთავის 2-ის, მთავარი არხის, გამოცემა - „ტაბულას“ და საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტის“ წარმომადგენლებს, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტერიტორიაზე ძალადობით და ძალადობის მუქარით ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში და მიაყენეს ფიზიკური დაზიანება. გამოძიება 154-ე მუხლის მეორე ნაწილით და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გრძელდება .„ძალადობრივ ქმედებებსა და კანონდარღვევის ფაქტებში მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, ამ დროის მონაცემებით უკვე გამოიკითხა სხვადასხვა მედიასაშუალების 25 წარმომადგენელი, მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი მასალების შესწავლა, ასევე დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები“, - აცხადებენ შსს-ში.

შსს-მ მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ძალადობის ფაქტზე კიდევ 3 ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ განვითარებული მოვლენებისას, მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ძალადობის ფაქტზე კიდევ 3 პირი დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, 3 პირი: წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული მ.დ., 1983 წელს დაბადებული ზ.ჭ., და ასევე, წარსულში ნასამართლევი, 1979 წელს დაბადებული ზ.მ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის, „მთავარი არხის“, გამოცემა - „ტაბულას“ და საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტის“ წარმომადგენლებს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტერიტორიაზე ძალადობით და ძალადობის მუქარით ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში და მიაყენეს ფიზიკური დაზიანება. გამოძიება 154-ე მუხლის მეორე ნაწილით და 126-ე მუხლის 1 ნაწილით გრძელდება. ძალადობრივ ქმედებებში და კანონდარღვევის ფაქტებში მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, ამ დროის მონაცემებით უკვე გამოიკითხა სხვადასხვა მედიასაშუალების 25 წარმომადგენელი, მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი მასალების შესწავლა, ასევე დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა დაკავების მიზნით გრძელდება აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები“, - აცხადებენ უწყებაში. გუშინ, შსს-მ ადამიანიც ადმინისტრაციული წესით დააკავა. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ,,ღირსების მარშის" ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ თბილისი პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ შსს-მ დღეს გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით 8 მოქალაქე დააკავა „თბილისი პრაიდი“ აცხადებს, რომ „ღირსების მარში“ არ შედგება

პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქის დაჭრის ფაქტზე 1 ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1989 წელს დაბადებული გ. ხ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე თბილისში დააკავეს. ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, კ. ხეთაგუროვის ქუჩაზე გ.ხ. უცხო ქვეყნის მოქალაქე ჯ.კ.-ს, მოულოდნელად თავს დაესხა და ცივი იარაღით სხეულის დაზიანება მიაყენა. დაშავებული კაცი სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. გ.კ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. დაკავებულის ოჯახის წევრების განმარტებით მას ფსიქიკური პრობლემები აღენიშნება. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.

შსს-მ მოძრაობა "სირცხვილიას" და "თბილისი პრაიდის" ოფისზე განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მოძრაობა "სირცხვილიას" და "თბილისი პრაიდის" ოფისზე განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. შსს დედაქალაქის ქუჩებში შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან წესრიგი, დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და ნებისმიერ თემაზე პროტესტი გამოხატონ კანონის ფარგლებში. "შინაგან საქმეთა სამინისტრო პირველ რიგში გმობს სიძულვილით მოტივირებულ ქმედებებს, მათ შორის მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ გამოხატულ ძალადობის ნებისმიერ ფორმას. ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადე მოვუწოდებთ დედაქალაქის ქუჩებში შეკრებილ მოქალაქეებს დაიცვან წესრიგი, დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და ნებისმიერ თემაზე პროტესტი გამოხატონ კანონის ფარგლებში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მოძრაობა "სირცხვილიას" და "თბილისი პრაიდის" ოფისზე განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა მოქალაქეების ნაწილმა პარლამენტის შენობის უკან მდებარე მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისში შეჭრა სცადეს. ოფისში იმყოფებოდნენ ჟურნალისტები და აშუქებდნენ მიმდინარე მოვლენებს, აქციის მონაწილეებმა დააზიანეს ასევე მათი ტექნიკა. აქციის მონაწილეების მხრიდან თბილისში, ახვლედიანის ქუჩა №17-ში მდებარე „თბილისი პრაიდის“ ოფისიდან დროშის ჩამოხსნის, განადგურებისა და ინვენტარის დაზიანების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით დაიწყო, ასევე, გამოძიება. კანონდარღვევის გარდა ამ ფაქტებისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებას უკვე აცნობა, რომ დღეს რუსთაველის გამზირზე მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობის და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის გამოვლენილ ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. აღნიშნულ ფაქტებზე ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, შესწავლილი იქნება ინციდენტების ამსახველი ყველა მასალა. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს, მოვუწოდებთ არსებული რისკების გათვალისწინებით ითანამშრომლონ პოლიციის თანამშრომლებთან, გაითვალისწინონ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებები და რეკომენდაციები. დედაქალაქის ქუჩებში საპოლიციო ძალები მობილიზებული რჩებიან და განაგრძობენ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ,,ღირსების მარშის" ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობრივ ქმედებებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო თბილისი პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობრივ ქმედებებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობრივ ქმედებებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. ამასთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს. „დღეს დილიდან, რუსთაველის გამზირზე, სხვადასხვა ჯგუფმა დაიწყო შეკრება და საპროტესტო აქციები. შეკრების პარალელურად დედაქალაქში უსაფრთხოების ზომებიდან და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებული არიან პოლიციის თანამშრომლები და განსაკუთრებულ რეჟიმით მუშაობენ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე შეკრებილი ცალკეული პირების მხრიდან მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელდა ძალადობრივი ქმედებები და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები. რუსთაველზე პოლიციის თანამშრომელთა რეაგირების შედეგად მედიასაშუალებების წარმომადგენლები ამ ეტაპზე უსაფრთხო ადგილზე არიან განთავსებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე, 126-ე მუხლებით დაიწყო. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის გარდა, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ლოკაციაზე გარკვეული ჯგუფების მიერ რამდენიმე მასშტაბური შეკრება-მანიფესტაცია არის დაანონსებული, მათ შორის, იგეგმება „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დასკვნითი ღონისძიების ჩატარება. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ რომ „თბილისი პრაიდის“ დასკვნითი ღონისძიების ჩატარება, ღონისძიებაში ჩართული პირების უსაფრთხოებისთვის რისკების შემცველია. აღნიშნული რისკების შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან, არაერთხელ განემარტათ ღონისძიების ორგანიზატორებს. კიდევ ერთხელ საჯაროდ მოვუწოდებთ „თბილისი პრაიდის" მონაწილეებს, რუსთაველის გამზირზე, მოწინააღმდეგე ჯგუფების მიერ დაგეგმილი აქციების მასშტაბურობიდან გამომდინარე, უარი თქვან ღია, საჯარო სივრცეში მარშის გამართვაზე. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსთაველზე შეკრებილ ყველა პირს, დაიცვან წესრიგი, დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და ნებისმიერ თემაზე პროტესტი გამოხატონ კანონის ფარგლებში. ასევე მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს არ დაუშვან ძალადობრივი მოწოდებები და არ გასცდნენ შეკრებისა და გამოხატვის კანონით დასაშვებ ფარგლებს. სამართალდარღვევის ყველა ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება მკაცრი და მყისიერი რეაგირება“, - აღნიშნულია განცხადებაში. თბილისი პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ მთავრობა „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს დღევანდელი მარშის სხვა ლოკაციაზე ჩატარებას სთავაზობს „თბილისი პრაიდი“ პრემიერს პასუხობს

როდის დაიწყება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება

პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გასაუბრება სამშაბათს, 6 ივლისს დაიწყება. კომიტეტი დღეში ორ კანდიდატს გაესაუბრება. პირველი ინტერვიუ დაიწყება 10:00 საათზე, ხოლო მეორე 16:00 საათზე, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხონაშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება პლენარულ სხდომაზე პარლამენტის რეგლამენტის 111-ე მუხლის - კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურის მიხედვით წარიმართება. ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ გასაუბრების პროცესში ყველა ოპოზიციურ ფრაქციას, პოლიტიკურ ჯგუფს და უფრაქციო დეპუტატებს მიეცემათ დრო კითხვების დასმისთვის, მიუხედავად იმასა, რომ მათმა უმრავლესობამ უარი განაცხადა პროცესში მონაწილეობაზე. შესაბამისად, თითოეულ კანდიდატთან გასაუბრებისთვის ფრაქციას „ქართული ოცნება“ გამოეყოფა 75 წუთი, ფრაქციას „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ – 15 წუთი, ფრაქციას - „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ – 15 წუთი, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 32 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფს - „გირჩი“ – 15 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფს „მოქალაქეები“- 15 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფს „ევროპელი სოციალისტები“ – 15 წუთი, ხოლო პარლამენტის უფრაქციო წევრებს - ჯამში 33 წუთი. მისი თქმით, გასაუბრების პროცესში კითხვების დასმის შესაძლებლობა, ასევე ექნებათ არასაპარლამენტო სუბიექტებსაც. კერძოდ, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, იურიდიული სამსახურის დირექტორს, სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციების და აკადემიური წრეების წარმომადგენელებს ჯამში მიეცემათ 75 წუთი, ანუ თითო სუბიექტს - 15 წუთი. „მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველმა უარი განაცხადა პროცესში მონაწილეობაზე, მისთვის კანდიდატებთან გასაუბრებისას გამოყოფილი იქნება შესაბამისი დრო. ჩვენ, სახალხო დამცველს ვთავაზობთ, რომ ჩაერთოს პროცესში. მისთვის დრო გამოყოფილი იქნება და მან უნდა გადაწყვიტოს მიიღებს თუ არა მონაწილეობას გასაუბრებაში“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციამ ასევე უარი განაცხადა მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესში მონაწილეობაზე, თუმცა ეს პოზიცია ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ არ გაიზიარა. „არასამთვარობო ორგანიზაციების ნაწილი ემიჯნება ამ ბოიკოტს და სურს ამ პროცესში მონაწილეობა. მაგალითად, სოციალური სამართლიანობის ცენტრს და ასევე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას აქვს სურვილი მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს 9 კანდიდატი წარუდგინა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი არიან: გოჩა აბუსერიძე, გიორგი გოგიაშვილი, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პროცესს მონიტორინგს გაუწევენ საქართველოში წარმოდგენილი საერთაშორისო ორგანიზაციები. კომიტეტმა, ასევე მოისმინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის ანგარიში, სამუშაო ჯგუფის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მოადგილის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ცხრავე კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულად თავსებადია კანონმდებლობასთან. პარლამენტი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობას დაადგენს

პროკურატურამ ტრეფიკინგის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე, გ.ჩ-ს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ჩ-მ ექსპლუატაციის მიზნით გადაიბირა ერთი პირი, რომელსაც 2021 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, სისტემატურად უწევდა შრომით ექსპლუატაციას. მათი ინფორმაციით, ბრალდებული დაზარალებულს დამცირებით, აბუჩად აგდებით, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლით, ასევე, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით აიძულებდა თბილისის ქუჩებში ყოველდღიურად ემათხოვრა. როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, შეგროვებულ თანხებს გ.ჩ. თავად ისაკუთრებდა და პირადი შეხედულებისამებრ განკარგავდა. „გ.ჩ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარედგინა (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) - მუქარით, ძალადობითა და იძულების სხვა ფორმით ადამიანის გადაბირება ექსპლუატაციის მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით), რაც სასჯელის სახით 12-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ჩ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,-აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრეფიკინგის ბრალდებით თბილისში ერთი ადამიანი დააკავა იუსტიციის სამინისტრო: ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) ბრძოლის კუთხით საქართველო კვლავ პირველ საფეხურზეა