სამართალი
ავსტრიის ყოფილ ფინანსთა მინისტრს პატიმრობა შეეფარდა
ავსტრიის ყოფილი ფინანსთა მინისტრი კორუფციაში ბრალდებულად ცნეს და 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. კარლ-ჰაინც გრასერი გაფლანგვისთვის, ქრთამის აღებისთვის, მტკიცებულებების გაყალბებისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ათასობით ბინის გაყიდვისთვის ბრალდებულად ცნეს. ვენის სასამართლოს ინფორმაციით, გრასერმა 9 მილიონი ევროს ოდენობის ქრთამი აიღო. განაჩენი ასობით მოწმის ჩვენებისა და სატელეფონო ჩანაწერების საფუძველზე იქნა გამოტანილი. თავად გრასერი უარყოფს დანაშაულს. მისმა ადვოკატმა განაჩენს არასწორი უწოდა და განაცხადა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. 2000 წელს კარლ-ჰაინც გრასერი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფინანსთა მინისტრი გახდა.
ბადრი ესებუა შესაძლოა, საერთაშორისო ძებნილად გამოცხადდეს
"საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებული, ბადრი ესებუა შესაძლოა, საერთაშორისო ძებნილად გამოცხადდეს. „ალბათ გამოვაცხადებთ“, - ასე უპასუხა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს. რაც შეეხება გამოძიების მიმდინარეობას, შს მინისტრი ამბობს, რომ ესებუას ადგილსამყოფელის დადგენის და დაკავების ღონისძიება მიმდინარეობს. „შემთხვევების გახშირება არის 10 ან 20 შემთხვევა რომ მოხდება, ერთი შემთხვევა იყო და დავაკავეთ. ბანკებში ყაჩაღობის შემთხვევა ყოველთვის ხდება. ხელყუმბარით შევარდნა რაც მოხდა, დავაკავეთ“, - განაცხადა გომელაურმა. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის საქმეზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
პროკურატურა, ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის საქმეზე, განცხადებას ავრცელებს
პროკურატურა, ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის საქმეზე, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. "ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თ.გ.-ს მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე გამოძიება დასრულდა და სისხლის სამართლის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოში წარიმართა.საქართველოს პროკურატურა მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თ.გ.-ს მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილს ასაჯაროებს. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში, ბრალდებულების ა.ხ.-ს და ა.კ.-ს მიმართ არ არსებობს სათანადო მტკიცებულებები, წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას. აღნიშნულიდან და საქმისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გაასაჯაროოს სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 ნოემბერს, ქ.თბილისში, ა.ხ. და ა.კ. შეხვდნენ ქ.თბილისის ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თ.გ.-ს და პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, ქრთამის სახით 50 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, მედიის თანდასწრებით განცხადების გაკეთება შესთავაზეს, თითქოსდა არჩევნები გაყალბდა, რის შემდეგაც მას დემონსტრაციულად უნდა დაეტოვებინა თანამდებობა. ბრალდებულები ისნის კომისიის თავმჯდომარეს უარის მიღების შემთხვევაში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაპატიმრებით და მისი და ოჯახის წევრების ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ. ასევე, ა.კ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და 2020 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ინახავდა საბრძოლო მასალას, რომელიც მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.პროკურატურამ ა.კ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის 1 ნაწილით, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ხოლო ა.ხ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის 1 ნაწილით, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით 2020 წლის 9 ნოემბერს წარუდგინა, ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა. გამოძიების ფარგლებში სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მოპოვებულია საქმისათვის მნიშვნელოვანი არაერთი მტკიცებულება", - ნათვამია განცხადებაში. პროკურატურა ასევე ასაჯაროებს სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების სახით ბრალდებულების მიმოწერას, რომლებიც პროკურატურის თქმით, ადასტურებს, რომ ბრალდებულები მათთვის სასურველი შედეგის მისაღებად, ”ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების მოსვლის შემდეგ თ.გ.-ს დაპატიმრებით ემუქრებოდნენ. "ბრალდებული ა.კ. ბრალდებულ ა.ხ.-ს უგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებას: „ხატიამ ცესკოს დასაჭერ გამყალბებელთა სიაში შეგიყვანაო, ეს მივწერე“. ა.კ. გარდაცვლილს უგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს: „რა ქენი თედო ასეთი, ცესკოს დასაჭერთა სია ვნახე და იქ წერიხარ, ხატიამ ჩაგვაწერინა“, ასევე - „არ დაგეკარგება, შენს სახელზე შეინახება“, რაშიც ბრალდებული თ.გ.-ს თვის ქრთამის სახით შეთავაზებულ 50.000 აშშ დოლარს გულისხმობს", - აცხადებენ პროკურატურაში.
შვილის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის მამა დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია პირი, რომელიც არასრულწლოვანი შვილის და შვილის თანატოლი მეგობრების მიმართ გარყვნილ ქმედებებს სჩადიოდა და აღნიშნულს კამერით იღებდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, 1980 წელს დაბადებული გ.გ., დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 5-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თავისი არასრულწლოვანი შვილის და შვილის თანატოლი მეგობრების მიმართ სჩადიოდა გარყვნილ ქმედებებს, რომელთა ნაწილის ვიდეოგადაღებასაც ახორციელებდა. აღნიშნული ვიდეოჩანაწერები საქმეში წარმოდგენილია ნივთმტკიცების სახით. ასევე დადგენილია, რომ გ.გ.-ს არასრულწლოვნებთან სექსუალური ხასიათის მიმოწერა ჰქონდა. პოლიცია განაგრძობს საგამოძიებო მოქმედებებს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა არასრულწლოვნების გამოკვეთა-დადგენის მიზნით. გამოძიება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილ გარყვნილი ქმედების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს,"- ნათქვამია ინფორმაციაში.
პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის კიდევ 905 მოქალაქე დააჯარიმეს
სამართალდამცველებმა ბოლო 24 საათში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის კიდევ 905, ხოლო იზოლაციის და კარანტინის წესის დარღვევისთვის 105 მოქალაქე დააჯარიმეს, მათ შორის ისინიც, ვინც კომენდანტის საათის დროს ქუჩაში იყო. "შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვანდაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნებაკანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოსსაზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობისმოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონმაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულრეგულაციებს" - აცხადებს შსს. პირბადის ტარების წესის დარღვევა 20 ლარით ჯარიმდება, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა 2 000 ლარით.
შსს-მ რუსეთის მოქალაქისგან 2 მილიონამდე ლარის ღირებულების "ჰეროინი" ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე - 1979 წელს დაბადებული ა.ა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. “სამართალდამცველებმა ა.ა. ლაგოდეხი-ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე იმ დროს დააკავეს, როცა მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ გადაჰქონდა. პოლიციამ დაკავებულის ხელჩანთის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო 7 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 2 მილიონამდე ლარს შეადგენს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
კრიმინალური ორგანიზაციები ვაქცინის მომარაგების ჯაჭვებში შეღწევას და მის შეფერხებას გეგმავენ - ინტერპოლი
”მაშინ როცა მთავრობები ვაქცინაციების დასაწყებად ემზადებიან, კრიმინალური ორგანიზაციები მომარაგების ჯაჭვებში შეღწევას და მის შეფერხებას გეგმავენ", - ამის შესახებ ინტერპოლის გენერალურმა მდივანმა იურგენ შტოკმა განაცხადა. ორგანიზაციის განმარტებით, მათ 194 წევრი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები გააფრთხილეს, მოემზადონ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ქსელებთან გასამკლავებლად, რომლების სამიზნეც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები გახდება. ”მაშინ როცა მთავრობები ვაქცინაციების დასაწყებად ემზადებიან, კრიმინალური ორგანიზაციები გეგმავენ მომარაგების ჯაჭვებში შეღწევას და მის შეფერხებას. კრიმინალური ქსელები ასევე გეგმავენ ადამიანების ნდობით ისარგებლონ და ფეიკ ვებგვერდებისა და ყალბი სამკურნალო საშუალებების გამოყენებით შეცდომაში შეიყვანონ, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლესაც კი,“- აცხადებს ინტერპოლის გენერალური მდივანი იურგენ შტოკი.
საქალაქო სასამართლომ სისხლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის 100-მდე საქმის განხილვა გადაიდო
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სამივე კატეგორიის - სისხლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის ასამდე საქმეზე არსებული რეკომენდაციების შესაბამისად, განხილვა გადაიდო - ამის შესახებ განცხადებას სასამართლო ავრცელებს. “საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2020 წლის 1 დეკემბრის სხდომაზე მიღებულ იქნა რეკომენდაციები, კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით სასამართლო სისტემაში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. მითითებული რეკომენდაციის 1-ლი პუნქტის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტების თანახმად, საერთო სასამართლოებმა უნდა უზრუნველყონ წარმოებაში არსებულ საქმეთა (გარდა შემჭიდროვებულ ვადებში განსახილველი საქმეებისა) განხილვის გადადება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საქმეთა განხილვის ვადების გათვალისწინებით, ასევე - პროცესის მონაწილეთა სასამართლო განხილვაში მონაწილეობა დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. გარდა ამისა, რეკომენდაციების მე-2 პუნქტის თანახმად, საჭიროების შემთხვევაში, საგამონაკლისო წესით მოსამართლეს უფლება მიეცა - საქმის განხილვა განახორციელოს თავისი ადგილსამყოფელიდან დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ დისტანციურად გასამართი პროცესების რაოდენობა საქმეებზე მნიშვნელოვნად გაიზრდება; ასევე გაიზრდება თითოეულ საქმეში დისტანციურად ჩართული პირების რაოდენობაც. ამ ვითარებამ დღის წესრიგში დააყენა პროცესების დისტანციურად, შეუფერხებელი წარმართვისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გადამზადების საკითხი, რაც მოითხოვს გარკვეულ რესურსებსა და დროს, განსაკუთრებით საქართველოს ყველაზე დიდი სასამართლოს - თბილისის საქალაქო სასამართლოსათვის, რომელშიც სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებს 117 მოსამართლე. ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სამივე კატეგორიის - სისხლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის ასამდე საქმეზე (აღნიშნული რაოდენობა შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს), არსებული რეკომენდაციების შესაბამისად, გადაიდო მათი განხილვა. ეს არის აუცილებელი ღონისძიება, რათა არ მოხდეს სხვადასხვა მოსამართლესთან ერთდროულად მრავალ საქმეზე დანიშნული დისტაციური პროცესებით ტექნიკურ-სისტემური კოლაფსი და თბილისის საქალაქო სასამართლომ უზრუნველყოს ამ რეკომენდაციის სრულყოფილად შესრულება, მართლმსაჯულების ეფექტიანად, მათ შორის - ტექნიკური თვალსაზრისით დაუბრკოლებლად განხორციელება ყველა კატეგორიის საქმეზე”, - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შსს-მ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 1028 ფაქტი გამოავლინა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 24 საათში, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 1028 ფაქტი გამოავლინა. შსს-ს ინფორმაციით, იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევისთვის 83 პირი, პირბადის ტარების წესის დარღვევაზე კი 945 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. ამასთან, დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1028 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად(იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევა) 83 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 945 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქუთაისში მისო ინტელექსპრესი გაქურდეს - წაღებულია ოქრო და ფული
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორმა პირმა ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, საცხოვრებელი კორპუსის სარდაფიდან იატაკი ამოჭრა, კომპანია მისო ინტელექსპრესის ფილიალის საცავის ოთახში შევიდა, ლითონის საცავის კარი გაჭრა და ფული და ოქროს ნივთები წაიღო. უწყების ცნობით, ერთი პირი ხელვაჩაურში, მეორე კი ქუთაისში დააკავეს. მათი ინფორმაციით, ერთერთი პირის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად მოპარული ოქროს ნივთებისა და თანხის ნაწილი ამოიღეს, მეორესგან კი - 2 შეკვრად დაფასოებული, 3,231 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, ნაქურდალი ფულისა და ოქროს ნივთების ნაწილი, ასევე, დანაშაულის ჩადენის დროს გამოყენებული სამუშაო იარაღები. გამოძიება ერთი პირის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობას გულისხმობს და 3-დან 10 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. მეორეს მიმართ კი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, ასევე, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობას და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას. დანაშაულები 3-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
თბილისის ზღვის ჰოსპიტალს თავს შეიარაღებული პირები დაესხნენ, წაღებულია თანხა
თბილისის ზღვის ჰოსპიტალს თავს შეიარაღებული პირები დაესხნენ. შემთხვევა დილის 6 საათზე მოხდა. ფორმულას ინფორმაციით, თავდამსხმელები თავდაპირველად დაცვის თანამშრომლების მიმართულებით ისროდნენ, შემდეგ კი სროლა უმისამართოდ განაგრძეს. იმ შესასვლელთან, საიდანაც ჰოსპიტალში თავდამსხმელები შევიდნენ, გადაუდებელი დახმარების განყოფილება მდებარეობს, იქვე არიან მოთავსებულები კოვიდ პაციენტები, რომლებიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. თავდამსხმელებმა წაიღეს 3000 ლარი. ექიმ ნინო კილაძის თქმით, თავდამსხმელები დაცვას გაეცნენ, როგორც პაციენტები. "სთხოვეს კარის გაღება. დაცვამ კარები რომ არ გააღო, მოხდა 3 გასროლა. შედეგად არავინ დაშავებულა. ეს 2 ადამიანი, სავარაუდოდ, იყო ფეხით. წაიღეს 3000 ლარი. ძალიან მარტივად შესაძლებელია, ტყვია მოხვედროდა ჩვენს თანამშრომელს, ისევე, როგორც ბრმა ტყვია შესულიყო განყოფილებაში, სადაც პაციენტები წვანან". - ამბობს ექიმი. შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.
შსს-მ რეგულაციების დარღვევისთვის კიდევ 948 პირი დააჯარიმა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 984 შემთხვევა გამოავლინეს. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლით 79 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00 საათიდან, 5:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის, დაჯარიმდა 905 ფიზიკური პირი. მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა. მათ შორის, გახანგრძლივდა გადაადგილებაზე შეზღუდვა (კომენდანტის საათი), დიდ ქალაქებში დაიკეტა სავაჭრო ობიექტები და გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
პრემიერმა სახელმწიფო რწმუნებულებს შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლი დაავალა
საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს დაავალა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვების აღსრულება მკაცრად გააკონტროლონ. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიდეოკონფერენციისას, მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეზღუდვების გამკაცრება ეპიდემიის გავრცელების შენელებას ისახავს მიზნად და მიღებული ზომების ეფექტურობისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მათ აღსრულებას. პრემიერმა რწმუნებულებს მოუწოდა, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი შესაბამის უწყებებს დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მონიტორინგში, ასევე, მკაცრად გაკონტროლდეს სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადის გამოყენება იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც სავაჭრო ობიექტების მუშაობაზე შეზღუდვები არ ვრცელდება. პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულებთან საუბრისას ასევე განიხილა რეგიონებში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება. მთავრობის მეთაურმა დეტალური ინფორმაცია თითოეულ რეგიონში ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის შესაბამისად, კოვიდის მართვის პროცესში დამატებითი კლინიკების ჩართვის შესახებ, ასევე კოვიდ-სასტუმროების მობილიზების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მსგავსი საჭიროება გამოიკვეთა. მთავრობის მეთაურმა სახელმწიფო რწმუნებულებს მოუწოდა, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი რეგიონებში ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვის პროცესს და აქტიურად ჩაერთონ ღონისძიებებში, რომლებიც სტაციონარებში საწოლფონდის შესაძლო დეფიციტის პრევენციის მიზნით ტარდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რეგიონებში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებისა და კოვიდის მართვის პროცესში გამოკვეთილი გამოწვევების ოპერატიულად გადაჭრის მიზნით, სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრებს რეგულარულად მართავს.
დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
დავით გარეჯის საქმის განხილვა პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე საქალაქო სასამართლოში ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერები შეიკრიბნენ და დაკავებულთა გათავისუფლება მოითხოვეს. მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლები სახელმწიფო ბრალმდებელს სტვენით და შეურაცხმყოფელი განცხადებებით შეხვდნენ. დაკავებულთა ადვოკატებმა სხდომაზე 200 ადამიანის ხელმოწერა წარმოადგინეს, რომლებიც მელაშვილსა და ილიჩოვას თავდებში ჩაუდგნენ, მათ შორის არიან პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები. საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ 7 ოქტომბერს, საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა. 17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.
დააკავეს კაცი, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მათხოვრობას აიძულებდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა კაცს, რომელიც თავის 12 და 9 წლის შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა. პროკურატურის ინფორმაციით, შს სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ მამამ სარგებლის მიღების მიზნით, შეიმუშავა არასრულწლოვნებით ვაჭრობის გეგმა და მათ შრომით ექსპლუატაციას უწევდა. კერძოდ, 2019 წლიდან 2020 წლის ნოემბრამდე იგი აიძულებდა მოზარდებს მოეთხოვათ მოწყალება და გაეყიდათ წვრილმანი ნივთები თბილისის სხვადასხვა უბანში. გამოძიების თანახმად, მამამ შვილებს სავალდებულოდ დაუწესა ყოველდღე, მისთვის 20 ლარის მიტანა, რასაც თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდა. თუ ბავშვები თანხას არ მიუტანდნენ, კაცი მათზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა. პროკურატურის ცნობით, დაკავებულ კაცს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1432 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“, „გ“ და „ე“ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თოთხმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
ბელარუსში საპროტესტო აქციებზე 300-მდე ადამიანი დააკავეს
29 ნოემბერს ბელარუსის სხვადასხვა ქალაქებში გამართულ საპროტესტო აქციებზე 300-მდე ადამიანი დააკავეს. ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 250 ადამიანი მინსკში დააპატიმრეს. კვირის მორიგმა აქციამ ამჯერად "მეზობლების მარშის" სახელი მიიღო. დემონსტრანტები ქალაქის სხვადასხვა რაიონებში პატარა ჯგუფებად იკრიბებოდნენ, რის შემდეგაც ქალაქის ცენტრში ერთ კოლონად უნდა გაერთიანებულიყვნენ. თვითმხილველთა ინფორმაციით, ზოგიერთ შემთხვევაში დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები. აქციის დაწყებამდე მინსკში კვლავ შეფერხებული იყო მობილური ინტერენეტის კავშირის და დახურული იყო მეტროს ცენტრალური სადგურები. საპროტესტო აქციები ბელარუსში სამი თვეა, გრძელდება. დემონსტრაციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. არჩევნების შედეგების თანახმად ალექსანდრ ლუკაშენკო მეექვსე ვადით გახდა ბელარუსის პრეზიდენტი. მან ხმების 80%-ზე მეტი მოაგროვა. ბელარუსის ცეესკოს მონაცემების თანახმად, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმების 10% დააგროვა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციების დაწყების შემდეგ ქვეყანაში 13 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
პატიმრებს ხანმოკლე პაემნისა და ამანათის უფლებებით სარგებლობა შეეზღუდათ
28 ნოემბრიდან, ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლება 2021 წლის პირველ იანვრამდე შეუჩერდათ, ამანათების უფლებით კი ისინი 28 დეკემბრამდე ვერ ისარგებლებენ. პენიტენციური სამსახური ცვლილებებს უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და ეპიდსიტუაციით ხსნის. “მოცემული ცვლილებები შესაბამისობაშია ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადწყვეტილებებთან და მიზნად ისახავს covid-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციას პენიტენციურ დაწესებულებებში”, - აცხადებს უწყება. სამსახურის განცხადებით, შეზღუდვების მოქმედების ვადის შემდგომ გაგრძელებასთან ან მოხნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მთავრობის რეკომენდაციების შესაბამისად მიიღებს.
ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, მანქანების ქურდობისთვის ძებნილი, საქართველოში დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულმა პირმა, თანამზრახველებთან ერთად, 2019 წლის სექტემბერ-დეკემბრის პერიოდში, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ტერიტორიაზე, 17 ძვირად ღირებულ ავტომობილს უკანონოდ დაეუფლა. " შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლუქსემბურგის მიერ ინტერპოლის არხებით ძებნილი და ევროპის მასშტაბით განსაკუთრებული სტატუსით ძებნილთა სიაში მყოფი პირი - 1972 წელს დაბადებული, უკრაინის მოქალაქე დ.კ. დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ დ. კ., თანამზრახველებთან ერთად, 2019 წლის სექტემბერ-დეკემბრის პერიოდში, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ტერიტორიაზე, 17 ძვირად ღირებულ ავტომობილს უკანონოდ დაეუფლა. შემდეგ კი, დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის წევრებთან ერთად უკანონოდ დაუფლებული ქონების - ავტომობილების ლეგალიზება მოახდინა. დაკავებულს ბრალი ედება ლუქსემბურგის სსკ-ის 51-ე, 322-ე, 324 - პრიმა 2, 461-ე, 467-ე და 5061-ე მუხლებით, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ქურდობას, კრიმინალური ორგანიზებული დაჯგუფების შექმნა/წევრობას და ფულის გათეთრებას გულისხმობს",-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ევროპამ პუტინის შიდა წრეს პირდაპირი სანქციები უნდა დაუწესოს - ალექსეი ნავალნი
ევროპამ ვლადიმერ პუტინის შიდა წრეს პირდაპირი სანქციები უნდა დაუწესოს, რადგან ისინი ხელისუფლებაში დროებით მყოფი კრიმინალები არიან, - ამის შესახებ რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის მაღალჩინოსნებისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე მოგზაურობის აკრძალვა ან მათი აქტივების გაყინვა სერიოზულად არ მიიღება, თუკი ეს სანქციები მდიდარი ოლიგარქების წინააღმდეგაც არ იქნება მიმართული. „მე ნამდვილად არ ვარ პირველი და სამწუხაროდ, არც უკანასკნელი ვიქნები, ვინც მოწამლეს ან მოკლეს,“- განაცხადა ნავალნიმ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია რუსმა ხალხმა იცოდეს, რომ ევროპარლამენტი და მთლიანად ევროპა ასეთ ფაქტებზე არ ჩუმდება. ალექსეი ნავალნიმ ევროპარლამენტარებს ვიდეო კონფერენციის საშუალებით მიმართა.
ჰაკერებმა AstraZeneca–ზე კიბერშეტევა განახორციელეს - Reuters
ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებელ კომპანია AstraZeneca–ზე კიბერშეტევა განახორციელეს, – იუწყება Reuters. მისივე ცნობით, ჰაკერები AstraZeneca–ს თანამშრომლებს „ლინკდინისა" და "ვოთსაფის" მეშვეობით დაუკავშირდნენ და მათ პირად კომპიუტერებში შეღწევა მოახერხეს. ბრალდებებთან დაკავშირებით ჩრდილოეთ კორეის მხარეს ჯერ–ჯერობით კომენტარი არ გაკეთებია. ცნობისთვის, 22 ნოემბერს AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის მაღალი ეფექტურობის შესახებ გახდა ცნობილი. AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი პრეპარატის ტესტირებისას ვაქცინაციის ორი ვარიანტი გამოიყენებოდა, რომლებმაც ვაქცინის განსხვავებული ეფექტურობა აჩვენა. კერძოდ, პირველ შემთხვევაში თითქმის 3 000-მა ადამიანმა ვაქცინა ჯერ ნახევარი დოზით მიიღო, ხოლო ერთ თვეში - სრულად. ვაქცინაციის ასეთმა მეთოდმა 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა. სრული დოზის განმეორებით, ერთთვიანი პაუზის შემდეგ შეყვანის ხერხმა კი თითქის 9 ათას მოხალისეში 62-%-იანი ეფექტურობა გამოავლინა. როგორც 26 ნოემბერს AstraZeneca-ს აღმასრულებელმა დირექტორმა პასკალ სორიოტმა Bloomberg–ს განუცხადა, AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაზე სავარაუდოდ, ახალ კლინიკურ ცდას ჩაატარებენ.