ახალი ამბები

ოპოზიცია თამარ ჟვანიას გადადგომას და ხელახალ არჩევნებს მოითხოვს

გაერთიანებული ოპოზიცია, ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას, ხელახალ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს. როგორც რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე, ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, ივანიშვილს დრო 20:00სთ-მდე აქვს. აქცია, რომელიც 31 ოქტომბრის ბოიკოტს უკავშირდება, ოპოზიციის ლიდერების გამოსვლებით მიმდინარეობს. საქართველოს ექს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უცხოელ პარტნიორებს მოუწოდეს, რუსთაველზე მდგარი ხალხის გვერდით დადგნენ. “მინდა, მივმართო ჩვენს უცხოელ პარტნიორებს - მადლობა თანადგომისთვის და მინდა, ერთი რამ გითხრათ, მე ვიცნობ ქართულ საზოგადოებას და ქართველ ერს, თქვენც იცნობთ, მაგრამ, ალბათ, მე უკეთესად ვიცნობ. ეს იცოდეთ, როდესაც რუსთაველი ასე ივსება და როდესაც ქართველი ერის მოთმინების ფიალა ივსება, არ ყოფილა, რომ ამ ხალხს გამარჯვებისთვის არ მიეღწიოს. დროზე დადექით ამ ხალხის გვერდით", - განაცხადა მარგველაშვილმა.

არა სიძულვილის ენას - ოპონენტი და არა მტერი

გოგა ჩანადირის სვეტი ორიოდე სიტყვა მინდოდა მეთქვა სიძულვილის ენაზე, მომატებულ აგრესიაზე, ამა თუ იმ მიზეზით საზოგადოების დაყოფაზე, რაც ყველაზე თვალსაჩინოდ მაინც სოციალურ ქსელებში იგრძნობა. თითქოს სულ გვიჭირს გაერთიანება რაღაც იდეის, მიზნის ირგვლივ, მაგრამ უფრო გვიჭირს სხვისი აზრის პატივისცემა, მეტიც - ხშირად ოპონენტი მტრადაც მიგვაჩნია, ზიზღით და სიძულვილით ვსაუბრობთ მასზე, იმდაგვარად შევეჩვიეთ მსგავს ამბებს, რომ თითქოს გვგონია, ჩვენი წილი სიმართლის დამტკიცება იმით უფრო დაფასდება, თუ რამდენად აგრესიულები, შეუპოვრები და უკომპრომისოები ვიქნებით ჩვენგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებთან. სოციალურ ქსელებში დაწერილი კომენტარების დიდი ნაწილი ამდაგვარი ზიზღით და სიძულვილითაა გაჯერებული. არადა მერე რა, რომ შენ ერთი პარტია მოგწონს, იმას მეორე, მესამე, მეოთხე? მერე, რა, რომ შენი პოლოტიკური გემოვნება განსხვავებულია? ამის გამო, ზიზღი, ადამიანის დამცირება შეიძლება? ამის გამო შეიძლება ეროვნული ენერგიის ასე უმიზნიდ ხარჯვა-გაფლანგვა? აშშ-ს ახლადარჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის პირველი სიტყვები იყო ძალიან მნიშვნელოვანი: „მე ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც არ ხედავს წითელსა და ლურჯს, არამედ ხედავს ამერიკის შეერთებულ შტატებს. დროა, შევწყვიტოთ ჩვენი ოპონენტების მტრებად აღქმა. ისინი ჩვენი მტრები არ არიან, ისინი ამერიკელები არიან". ამით, აშშ-ს 46-ე პრეზიდენტმა, ბიძგი მისცა დაყოფილი საზოგადოების გაერთიანებას, სიძულვილის ენის, ქიშპობის, ქსენოფობიის, ყოველგვარი ,,პარტიზანული'' ბრძოლის განსხვავებული შეხედულებების წინააღმდეგ გამოყენებას და უთხრა ამერიკელებს, რომ მთელი ძალა და ენერგია უნდა მოხმარდეს ქვეყნის გაძლიერებას,მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვას. არადა, თითქმის არასდროს ყოფილა ჩვენი ბედი ასე ერთმანეთის ბედზე და პასუხისმგებლობაზე დამოკიდებული, როგორც ახლა,ამ პანდემიის დროს. ამ განსაკუთრებით დაძაბულ და რთული გამოწვევებით სავსე დროს მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს, პატივი ვცეთ ერთმანეთს, ჩვენც ვაჯობოთ საკუთარ თავს, ნუ აღვიქვამთ მტრებად განსხვავებული აზრის მქონეებს. ნუ დავყოფთ საზოგადოებას ამისტებად და იმისტებად, კარგებად და ცუდებად, ვიყოთ, დე ვიყოთ ერთმანეთისთვის ოპონენტები - ვიმსჯელოთ, ხან დავეთანხმოთ, ხან არ დავეთანხმოთ ერთმანეთს, მაგრამ არ გავლანძღოთ, არ შევიძულოთ ერთმანეთი, დავუტოვოთ ერთმანეთს გზა და საშუალება ერთ მშვენიერ დღეს, საერთო, დიდი იდეის გარშემო გაერთიანებისთვის. ეს იდეა ჩვენი ქვეყნის ძლიერების, ერთიანობის, მშვიდობის იდეაა. დაე, ჩვენი ძალა საკუთარ სახელმწიფოსა და ერს მოვახმაროთ, განსხვავებული გემოვნება? ამაზე მუდამ იდავებენ და ესეც კარგია. რადგან სამყაროს მშვენიერებაც სწორედ მრვალფეროვნებაშია. პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორს ეკუთვნის და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას

ქალაქი შუშა სომხური ოკუპაციისგან გათავისუფლებულია - ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანის არმიამ მთიანი ყარაბაღის ქალაქი შუშა გაათავისუფლა. "დიდი სიამაყით ვაცხადებ, რომ ქალაქი შუშა გათავისუფლებულია სომხური ოკუპაციისგან. შუშა ჩვენია! ყარაბაღი ჩვენია!" - განაცხადა მან. პარალელურად კი, სოციალურ მედიაში ვრცელდება კადრები თუ როგორ ტოვებს სომხური მოსახლეობა ქალაქ შუშასა და მის შემოგარენში არსებულ დასახლებებს. აღსანიშნავია, რომ ქალაქი შუშა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქია და ის არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. დედაქალაქ სტეპანაკერტიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს.

რუსთაველზე ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე პოლიტიკური პარტიები და მათი აქტივისტები იკრიბებიან. ოპოზიციური პარტიები უნდობლობას უცხადებენ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და მის ლეგიტიმურობას არ ცნობენ. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას თქმით, როგორც არ უნდა აიზიდოს ცაში ხელისუფლების პროპაგანდისტული დრონები, ივანიშვილმა ხალხის სიმრავლესა და ბრაზს თვალი უნდა გაუსწოროს. უგულავას შეფასებით, რუსთაველის გამზირზე ადგილი აქვს გაბრაზებული და შეურაცხყოფილი ადამიანების პროტესტს, რომელიც ივანიშვილისგან თავისუფალი არჩევანის დაბრუნებას ითხოვს. „ხალხი ბევრს ითმენდა იმ იმედითა და მოლოდინით, რომ არჩევნები ჩატარდებოდა და თავისუფალი არჩევანის გაკეთება შეგვეძლებოდა. დღეს ეს თავისუფალი არჩევანი წართმეული და ფეხქვეშ გათელილია. დღეს რუსთაველზე ყველა პოლიტიკური გემოვნების, ყველა ფერის საქართველო დგას ერთადერთი მოთხოვნით - არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი. თუ ადამიანის არჩევნებზე წასვლას აზრი არ ექნება, სულ სხვა სივრცეში გადავალთ. ცვლილებების სურვილი ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნაა. თუ ამას სახელმწიფო ჩაკეტავს, ცვლილებების სურვილი არსად გაქრება, პირიქით, უფრო გამძაფრდება და უფრო მეტად აგრესიული გახდება“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

9 ნოემბრიდან, დიდ ქალაქებში, ბაღები დაიკეტება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება. თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში დროებით დაიხურება როგორც მუნიციპალური, ისე კერძო საბავშვო ბაღები. საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე, მაია ცქიტიშვილმა თქვა, რომ 9 ნოემბრიდან, დიდ ქალაქებში - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი - 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებებით. გასულ 24 საათში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 2 859 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 18 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა - 2 754 პაციენტი.

აშშ-ს საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

საქართველოში აშშ-ს საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ისინი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებენ განაგრძონ საარჩევნო დარღვევების მტკიცებულებების სამართლებრივი საშუალებების გამოყენებით განხილვა, რაც უმნიშვნელოვანესია საზოგადოების მიერ არჩევნების ლეგიტიმურად ცნობის პროცესში "მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, განაგრძონ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული მტკიცებულებების განხილვა სამართლებრივი საშუალებების გამოყენებით, იმ დემოკრატიული პროცესების ფარგლებში, რომელიც საქართველომ ბოლო 20 წლის განმავლობაში შექმნა. დასაბუთებული საარჩევნო დარღვევების გამოსასწორებლად აუცილებელია სანდო და ინკლუზიური სამართლებრივი პროცესი, რათა მოხდეს ამომრჩეველთა ნების პატივისცემა, საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცება და საზოგადოებამ შეძლოს არჩევნების შედეგების ლეგიტიმურად ცნობა. მზად ვართ, ამ მიზნების მისაღწევად, საჭიროებისამებრ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ. საქართველოს სჭირდება პარლამენტი, რომელიც შეძლებს თავისი როლის შესრულებას გადაუდებელი პრობლემების გადაჭრაში, როგორიცაა ეკონომიკური არასტაბილურობა, პანდემია და რეგიონული დაძაბულობა; ამასთანავე, გაატარებს დამატებით რეფორმებს ქვეყნის სამომავლო დემოკრატიული, სამართლებრივი და საარჩევნო პროცესების გასაუმჯობესებლად. ყველა პოლიტიკურმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ასეთი შედეგის უზრუნველსაყოფად". – ნათქვამია განცხადებაში. საქართველოში აშშ-ს საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა მოქალაქეებს ასევე მოუწოდებენ, რომ 8 ნოემბრის შეკრება პანდემიასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების დაცვით განხორციელდეს. "საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც 8 ნოემბერს შეკრების უფლების გამოყენებას აპირებს, მოვუწოდებთ განახორციელონ ეს მშვიდობიანად და კოვიდ-19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების დაცვით; ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ხელი შეუწყოს სათანადო გარემოს შექმნას". – ვკითხულობთ განცხადებაში.

ჯო ბაიდენი: მე ვიქნები ყველა ამერიკელის პრეზიდენტი

„ამერიკა, დიდი პატივია, რომ ამირჩიე ამ შესანიშნავი ქვეყნის ლიდერად. რთული სამუშაო გველის, თუმცა გპირდები, მე ვიქნები ყველა ამერიკელის პრეზიდენტი, განურჩევლად იმისა, დამიჭირეთ თუ არა მხარი“, - ეს ახლად არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის სიტყვებია. 48 წლის შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნებში ორგზის დამარცხების და უფროსი შვილის - ბოს გარდაცვალების შემდეგ, რეკორდული მხარდაჭერით, 74 მილიონი ხმით, ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტია. გამარჯვებისადმი მიძღვნილ სიტყვაში მან აღნიშნა, რომ ქვეყნის გამაერთიანებლის როლს შეასრულებს და არა გაყოფის. „მოდით, ერთმანეთს შანსი მივცეთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა დელავერის შტატში გამართულ ღონისძიებაზე. ბაიდენმა იმ ხალხს მიმართა, ვინც მას ხმა არ მისცა. ვინ არის ჯო ბაიდენი და რა გზა გაიარა მან პრეზიდენტობამდე, ჯო ბაიდენის შესახებ სტატია „ევროპათაიმმა“ უცხოურ მედიაზე დაყრდნობით მოამზადა. 77 წლის ჯო ბაიდენი პენსილვანიის შტატში, ქალაქ სკრანტონში დაიბადა. ცხოვრობს უილმინგტონში, დელავერის შტატის უდიდეს ქალაქში. ბაიდენი დელავერის სენატორად ექვსჯერ აირჩიეს, პირველად - 1972 წელს. ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს იყო აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი. New York Times-ი აღნიშნავს, რომ მისთვის ჯანმრთელობის დაცვა და მასზე ზრუნვა მთავარ პრიორიტეტად რჩება, ამისკენ კი უფრო მეტად უბიძგა პირადმა ტრაგედიამ. 1972 წელს, ბაიდენმა ავტოკატასტროფის დროს ცოლი და ერთი წლის ქალიშვილი დაკარგა. ვაჟები კი დაშავდნენ. თავის წიგნში „Promise Me Dad“ ბაიდენი ყვება, მამაჩემი მეუბნებოდა, როცა დაეცემი, ძალა მოიკრიბე და ადექიო“. ბაიდენმა მამის რჩევა არაერთხელ შეასრულა, მაგალითად, 1972 წლის 7 ნოემბერს, როდესაც დელავერის შტატის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მგლოვიარემ სენატორის ფიცი საავადმყოფოს ოთახში, მისი შვილების საწოლის თავთან დადო და თქვა, რომ 6 თვით ცდიდა ბედს და თუ სენატორობა კარგ მამობაში ხელს შეუშლიდა, პოლიტიკაზე უარს იტყოდა. ბაიდენმა სენატში 36 წელი, თეთრ სახლში კი 8 წელი გაატარა. გამოცემა ახლად არჩეული პრეზიდენტის შესახებ სამ შეკითხვას სვამს. 1. იქნება თუ არა ის ამერიკის ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტი, დიახ, 20 ნოემბერს მას 78 წელი უსრულდება. 2. საიდან არის ბაიდენი წარმოშობით? სკრანტონში დაბადებული, 1942 წელს, დელავერში გადავიდა. როგორც პოლიტიკოსს, მას მჭიდრო კავშირები აქვს ორივე შტატთან, ტრამპი მას პენსილვანიის მიტოვებაში ადანაშაულებდა. „მე მაშინ მესამე კლასში ვიყავი“, - ასეთი იყო ჯო ბაიდენის პასუხი. ის პენსილვანიასთან კავშირების შენარჩუნებას განაგრძობს. 2016 წელს, საპრეზიდენტო მარათონი აქ ტრამპმა მოიგო და წელს, ბაიდენმა ამ შტატში დააფუძნა მთავარი შტაბი. 3. რა როლს თამაშობს ობამას ეპოქა ჯო ბაიდენის კამპანიაში? _როლი დიდია. ბაიდენმა და აშშ-ის 44-ე პრეზიდენტმა მჭიდრო ურთიერთობები დაამყარეს. ის ხშირად საუბრობდა ობამასთან მეგობრობაზე, ისინი ერთად მუშაობდნენ ჯანდაცვის და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე. ჯო ბაიდენის გზა თეთრ სახლამდე 77 წლის ბაიდენი ორჯერ იყრიდა კენჭს აშშ-ის პრეზიდენტობისთვის - 1988 და 2008 წლებში. 2017 წელს გამოქვეყნებულ მემუარებში, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა აღიარა, რომ თავადაც აპირებდა საარჩევნო კამპანიაში ჩართვას, რომ არა ამ გადაწყვეტილების მთავარი მხარდამჭერის, მისი ვაჟის გარდაცვალება თავის ტვინის აგრესიული სიმსივნით. ბოს ჩემსავით სჯეროდა, რომ მზად ვიყავი პრეზიდენტობისთვის; არავინ იყო ჩემზე მეტად მზად“, - დაწერა ბაიდენმა მის წიგნში Promise me Dad“. 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ჯო ბაიდენმა 2019 წლის აპრილში გამოაცხადა. ამ დროს საარჩევნო რბოლაში დემოკრატიული პარტიიდან უკვე ოცზე მეტი სხვა კანდიდატი იყო ჩართული - ბევრად უფრო ახალგაზრდა, ან უფრო ლიბერალი, უფრო მემარცხენე და პოლიტიკაში ბევრად ახალბედა, ვიდრე ბაიდენი. ჯო ბაიდენი შეეცადა, სტაბილურობის ბურჯად წარმოედგინა თავი ქვეყანაში, რომელიც, მისი თქმით, „ბრძოლის ველად“ იქცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მმართველობის განმავლობაში, ტრამპს მან ბრალი დასდო მოსახლეობის გახლეჩასა და საფრთხის შექმნაში. „ჩვენ ამ ერის სულისთვის ვიბრძვით“, - განაცხადა ბაიდენმა, როდესაც თავისი კანდიდატურის შესახებ გამოაცხადა. მისი თქმით, თუ ტრამპს კიდევ ოთხი წლით დაუთმობდნენ მართვის სადავეებს, ის „სამუდამოდ და ფუნდამენტურად შეცვლიდა ამ ერის ხასიათს. ბაიდენს პრობლემები ჰქონდა დემოკრატების მხარდამჭერ პროგრესულ ახალგაზრდებს შორის, რომლებიც იხრებოდნენ ან უფრო ლიბერალური კანდიდატებისკენ, როგორებიც არიან ბერნი სანდერსი და ელიზაბეთ უორენი, ან - უფრო ახალგაზრდებისკენ. საწყის ეტაპზე ბაიდენის სუსტმა შედეგებმა ნიუ-იორკის ყოფილ მერს, მილიარდერ მაიკ ბლუმბერგს, უბიძგა, მარათონში ჩართულიყო დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით. მაგრამ თებერვალში, პირველი ადგილი მოიპოვა სამხრეთ კაროლინაში, რასაც ის მედიის ცნობით, ძირითადად აფრიკელი ამერიკელების მხარდაჭერას უნდა უმადლოდეს. ჯო ბაიდენის მიერ თანამებრძოლის დასახელებას განსაკუთრებული ყურადღებით ორი ფაქტორის გამო ელოდნენ. დიდია შანსი, რომ მან ამ პოსტზე მხოლოდ ერთი ვადა დაჰყოს და ამ დროს ვიცე-პრეზიდენტის მნიშვნელობა განუზომლად იმატებს. მეორე, არანაკლებ ყურადსაღები ფაქტორი ამერიკაში შექმნილი პოლიტიკური კლიმატია. რასობრივი დაპირისპირებისა და სოციალური ცვლილებების ფონზე დემოკრატიული პარტიის ამომრჩევლისთვის შეიძლება ძველი ყაიდის, ასაკოვანი თეთრკანიანი კანდიდატი საკმარისად მომხიბლავი არ აღმოჩენილიყო. ჯო ბაიდენმა თანამებრძოლის ვინაობა მრავალკვირიანი ფიქრისა და კონსულტაციების შემდეგ დაასახელა. მან თავიდანვე დადო პირობა, რომ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ქალი იქნებოდა, თუმცა კონკრეტულად ვისზე შეაჩერებდა არჩევანს, დიდი ხნის განმავლობაში თავად მისთვისვე იყო უცნობი. ამერიკულმა პრესამ არაერთი სტატია მიუძღვნა კანდიდატის შერჩევის პროცესს. სერიოზულად განიხილებოდა პოპულარული სენატორის ელიზაბეტ უორენის კანდიდატურა, თუმცა ის კამპანიას არც ასაკობრივ და არც რასობრივ მრავალფეროვნებას შესძენდა. ფიქრობდნენ ბაიდენის მეგობარ სიუზან რაისზე, რომლის ძლიერ მხარესაც საგარეო პოლიტიკა წარმოადგენს, მაგრამ ის არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების ნაკლებობის გამო დაიწუნეს. საბოლოოდ არჩევანი კალიფორნიელ სენატორ კამალა ჰარისზე შეაჩერეს, რომელიც დემოკრატიული პარტიის პრაიმარიში ბაიდენის კონკურენტი იყო. კამალა ჰარისი დემოკრატიულ პარტიაში ცენტრისტად მიიჩნევა (თუმცა, ოპონენტებმა მას უკვე დასდეს ბრალი რადიკალიზმში). მას თავად მოუგია არაერთი რთული არჩევნები, რაც ამ დაძაბული კამპანიის დროს დემოკრატებს ნამდვილად გამოადგებათ. ჯო ბაიდენისთვის პოლიტიკასთან ერთად ასევე ძალიან მნიშნელოვანია პირადი ურთიერთობები. ამ მხრივ კი კამალა ჰარისს განსაკუთრებული უპირატესობა ჰქონდა - ის ბაიდენის გარდაცვლილი შვილის მეგობარი იყო. არჩევნებში მნიშვნელოვანი იქნება ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის წარმომავლობაც. კამალა ჰარისი იამაიკელი მამის და ინდიელი დედის შვილია, რაც ბაიდენის კამპანიას მრავალფეროვნებას სძენდა. ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელებიდან 24 საათის განმავლობაში ჯო ბაიდენის კამპანიამ 26 მილიონი დოლარის მიღება შეძლო. საარჩევნო კამპანიის დროს ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინას აქცევს „აშშ-ის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად“ და ევროპელ მოკავშირეებთან ითანამშრომლებს, რათა რუსეთს ძვირად დაუჯდეს უკრაინაში თავისი მოქმედებები. ბაიდენი ობამას ადმინისტრაციის დროს მთავარი ფიგურა გახდა უკრაინის საკითხებში. ჯოზეფ ბაიდენი საქართველოში ორჯერ არის ნამყოფი - პირველად 2008 წლის ომის დროს, როდესაც ჯერ კიდევ სენატორი იყო. ბაიდენი გახდა საქართველოსთვის ერთმილიარდიანი დახმარების გამოყოფის ინიციატორი. „მაშინ მირჩიეს, არ წამოვსულიყავი, მაგრამ მე ვიცოდი რატომ არის ჩემი ქვეყნისთვის ასე მნიშვნელოვანი თქვენი ქვეყნის თავისუფლება და სუვერენიტეტი. მე ჩამოვედი აქ და ვთქვი, რომ ვარ და ვიქნები თქვენს გვერდით და ამ ჩემს აღთქმას ამჯერად ვასრულებ, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი“, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის რანგში საქართველოში 2009 წლის ივლისში დაბრუნებულმა ჯოზეფ ბაიდენმა საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას. „მე ვლაპარაკობ არამარტო ჩემი სახელით, ასევე პრეზიდენტ ბარაკ ობამას სახელითაც. თბილისში ეს სტუმრობა მართლაცდა გამიზნულად მოჰყვა პრეზიდენტ ობამას მოსკოვში ვიზიტს. სწორედ ამიტომ გეგმავდა და სწორედ ამიტომ მომცა მეც დარიგება, თბილისში ვიზიტი დამეგეგმა. მე ვიცი, ბევრი წუხს და სვამს შეკითხვას, რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება საქართველოს ხარჯზე ხომ არ უნდა მოხდეს. ნება მიბოძეთ მკაფიოდ ვთქვა, რომ არა, საქართველოს ხარჯზე არ მოხდება რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება და რომ ეს შეუძლებელია. როგორც პრეზიდენტმა ობამამ ორი კვირის წინ დაადასტურა მოსკოვში, ჩვენ პრინციპების დამცველი ხალხი ვართ. ხალხებმა თვითონ უნდა აირჩიონ პარტნიორები, თვითონ უნდა გადაწყვიტონ თავიანთი ბედი. ჩვენ წინააღმდეგნი ვართ მეცხრამეტე საუკუნის ცნებებისა, გავლენის სფეროების ადგილი არ არის 21-ე საუკუნეში. ჩვენ არ მივიჩნევთ „სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, ჩვენ არ ვაღიარებთ მათ როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს და მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს, მკაფიოდ ჩამოყალიბებულს, მათ შორის - თქვენი ტერიტორიიდან ყველა შეიარაღებული ძალის გაყვანისა და ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულებას”, - აღნიშნა ბაიდენმა 2009 წელს. საქართველოში 2019 წლის ვიზიტის დროს დაჯილდოებულია საქართველოს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით. მომზადებულია New York Times-ის, BBC-ის და რადიო თავისუფლების მიხედვით.

ევროკავშირმა ლუკაშენკოს, მის ვაჟს და 13 მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა

6 ნოემბერს ევროკავშირმა ბელარუსის დამატებით 15 მაღალჩინოსანი, მათ შორის, ალექსანდერ ლუკაშენკო და მისი 44 წლის ვაჟი და ეროვნული უშიშროების მრჩეველი, ვიქტორ ლუკაშენკო, სანქციების სიაში შეიყვანა. ევროკავშირის განცხადებაში წერია, რომ ლუკაშენკო, რომელსაც სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალაუფლება აქვს, პასუხისმგებელია სახელმწიფო აპარატის მიერ ძალადობრივ რეპრესიაზე 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე და მას შემდეგ. კერძოდ, მთავარი ოპოზიციონერების გაშვებით, თვითნებური დაკავებებით, მშვიდობიანი მომიტინგეების არასათანადო მოპყრობით, ასევე ჟურნალისტების დაშინებითა და ძალადობით. სანქცირებულებს შორის ასევე არიან ლუკაშენკოს შტაბის უფროსი, იგორ სერგეენკო და ბელარუსის KGB-ს უფროსი, ივან ტარტელი. ტარტელს ბრალად ედება სახელმწიფო აპარატის მიერ დარბევის წინამძღოლობა. ევროკავშირის სანქციების სიაში შესულ პირებს ევროკავშირის ქვეყნებში სამოგზაურო ვიზა ეკრძალებათ და ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ნებისმიერი აქტივი ეყინებათ. ამას გარდა, ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს მათთვის სესხის გაცემა ეკრძალებათ. 5 ნოემბერს ეუთო-მ განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ ადამიანთა უფლებების დარღვევა "აღმოჩნდა მასიური და სისტემატური და [ეს] ეჭვგარაშე დადასტურებულია". ეუთო-მ "პროცესის ყველა ეტაპზე არსებული დარღვევების გამო" ლუკაშენკოს გამარჯვების ანულირების მოწოდებით გამოდის. გაერთიანებული სამეფოს საგარეო მდივანმა, დომინიკ რააბი შეუერთდა ეუთოს მოწოდებას ბელარუსში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გამართვის შესახებ. ლუკაშენკოს საპრეზიდენტო ვადა ოფიციალურად 5 ნოემბერს დასრულდა. 12 ოქტომბერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა თქვა, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო ევროკავშირმა სანქციების ახალ სიაში უნდა შეიყვანოს. აღსანიშნავია, რომ 2 ოქტომბერს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები ეხება 40 ოფიციალურ პირს, რომლებსაც ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებასა და საპროტესტო აქციების ძალადობრივ დარბევაში ადანაშაულებენ. ეს სანქციები არ შეეხო ალექსანდრ ლუკაშენკოს. მაშინ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ამბობდა, რომ სანქციების დაწესების შემთხვევში ლუკაშენკომ შეიძლება აღარ შეასრულოს ევროკავშირის მოთხოვნები, არ დაიწყოს დიალოგი ოპოზიციასთან და არ გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები. ბელარუსის ხელისუფლბის წევრებს სანქციები უკვე დაუწესეს დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მ, კანადამ და ბალტიის ქვეყნებმა. საპროტესტო აქციები ბელარუსში ორი თვეა, გრძელდება. დემონსტრაციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. არჩევნების შედეგების თანახმად ალექსანდრ ლუკაშენკო მეექვსე ვადით გახდა ბელარუსის პრეზიდენტი. მან ხმების 80%-ზე მეტი მოაგროვა. ბელარუსის ცეესკოს მონაცემების თანახმად, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმების 10% დააგროვა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციების დაწყების შემდეგ ქვეყანაში 12 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. 26 ოქტომბერს ბელარუსში საყოველთაო გაფიცვა დაიწყო. საყოველთაო გაფიცვის დაწყება ბელარუსის ოპოზიციონერმა ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ხელისუფლებამ "სახალხო ულტიმატუმი" არ შეასრულა.

22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება

ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ეს შეზღუდვა გავრცელდება როგორც ქვეითად მოსიარულეებზე, ასევე ტრანსპორტით გადაადგილებაზე. შეზღუდვა არ იმოქმედებს საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე და იმ პირებზე და მათ საავტომობილო საშუალებებზე, რომლებიც გადაადგილდებიან სტრატეგიული ობიექტების ფუნქციონირებისთვის, ასევე სამედიცინო დაწესებულებების, ფარმაცევტული დაწესებულებების, მედია დაწესებულებების და მიტანის სერვისის უზრუნველსაყოფად“,- განაცხადა ცქიტიშვილმა. მისივე თქმით, ის ფიზიკური პირი, ვინც 9 ნოემბრიდან გადაადგილებასთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვას დაარღვევს 2 ათასი ლარით დაჯარიმდება.

საქართველოში კორონავირუსის 2859 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2859 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველიინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 54852 -ს შეადგენს. ამასთან, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2754 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 39773-მდე გაიზარდა. 24 საათში გარდაიცვალა 18 ადამიანი, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს გარდაცვალების 441 შემთხვევა. ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 3015 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 4670 პირი, კოვიდ სასტუმროში იმყოფება 2599 მოქალაქე.

1197-თბილისი, 620-აჭარა, 438-იმერეთი - სტატისტიკა რეგიონების მიხედვით

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, დღეს გამოვლენილი 2 859 შემთხვევიდან, 1 197 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა აჭარაში გამოვლენილია ინფიცირების 620 შემთხვევა, ხოლო იმერეთში 438. “დღეს გამოვლენილი 2 859 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 197 შემთხვევა, აჭარაში - 620, იმერეთში - 438, ქვემო ქართლში - 109, შიდა ქართლში - 62, გურიაში - 63, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 138, კახეთში - 94, მცხეთა-მთიანეთში - 38, სამცხე-ჯავახეთში - 72, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 28”,-განაცხადა ხოჯევანიშვილმა. რაც შეეხება გარდაცვლილებს, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გარდაცვლილი 18 პირიდან 7 თბილისში მკურნალობდა. „სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 18 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 ადამიანი, აჭარაში - 4, იმერეთში - 4, ქვემო ქართლში - 2, ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 441 გარდაცვალების შემთხვევა“,-განაცხადა ხოჯევანიშვილმა. მისივე ინფორმაციით, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 345 პირია.

Facebook-მა კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო ალტ-ინფოსთან დაკავშირებული ქსელი წაშალა

Facebook-მა კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო ჰომოფობიურ და ქსენოფობიურ გამოცემა Alt-info-სთან დაკავშირებული ქსელი წაშალა. კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ წაიშალა 50 ანგარიში, 49 გვერდი, 4 ჯგუფი, 8 ღონისძიება და 19 ინსტაგრამის ანგარიში. Alt-info კი ამ ეტაზე დაბლოკილია ფეისბუქზე. Facebook-ის განცხადებით, ქსელის ნაწილის იდენტიფიცირება ISFED-ის საჯარო ანგარიშების საფუძველზე მოხდა. ორგანიზაციიაში ამბობენ, რომ 2020 წლის ოქტომბერში ანგარიშების, ჯგუფებისა და გვერდების 14 ქსელი წაშალეს, საიდანაც 8 საქართველოში, მიანმარში, უკრაინასა და აზერბაიჯანში ფიქსირდებოდა, რომელთა სამიზნეც ამავე ქვეყნების მოსახლეობა იყო. ბოლო სამი წელია, Facebook-ი იკვლევს კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევას და მსგავს ქსელებს საკუთარი პლატფორმიდან შლის. აქამდე საქართველოში ქართულ ოცნებასთან, სარეკლამო კამპანია პანდასთან, კოკა ყანდიაშვილთან და ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული გვერდები წაშალეს. ოქტომბერში კი სოციალური ქსელის გიგანტმა, თავისი პლატფორმიდან პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებული ქსელიც წაშალა.

ფარული ჩანაწერების ფრიალი რომ დაიწყო, მაშინ დაადგა ნაც მოძრაობის ხელისუფლება დაისის გზას - სამადაშვილი

ფარული ჩანაწერების ფრიალი რომ დაიწყო, მაშინ დაადგა "ნაცმოძრაობის" ხელისუფლება დაისის გზას, ახლაც ასეა, წრეზე არა, მაგრამ სპირალზე ტრიალებს ისტორია , - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება obozrevatel-ზე გავრცელებულ ჩანაწერებს. სალომე სამადაშვილის შეფასებით, ჩანაწერების შინაარსის განხილვაში არ შევა და ეს არის სხვადასხვა დროს ფარული მიყურადებით განხორციელებული პირადი საუბრების ჩანაწერების მონტაჟი. "ბევრი ადამიანი მწერს, ამიტომ აქ ვუპასუხებ: დღეს გავრცელებული ჩანაწერის შინაარსის განხილვაში არ შევალ-ეს არის სხვადასხვა დროს, ფარული მიყურადებით განხორციელებული პირადი საუბრების ჩანაწერების მონტაჟი. ანუ, რომ გესმოდეთ, შესაძლოა თქვენ საუბარს იწერდნენ, როდესაც ყავას სვამთ მეგობართან ერთად რომელიმე კაფეში ან რესტორანში. არაა გამორიცხული გისმენდნენ საკუთარ სამზარეულოშიც. ქართული ოცნება ისე გაიხრწნა, აღარც მალავს, რომ უსმენს, იწერს, უთვალთვალებს... ფარული ჩანაწერების ფრიალი რომ დაიწყო, მაშინ დაადგა ნაც მოძრაობის ხელისუფლება დაისის გზას. ახლაც ასეა, წრეზე არა, მაგრამ სპირალზე ტრიალებს ისტორია. ქოცების ადგილზე ამაზე უფრო ვიდარდებდი, ვიდრე ამ ჩანაწერის შინაარსზე. კოვიდის კარგი წამალი ისე კარგი ძილია-მადლობა ტელეიმედს, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა დღეს ოცნების აგონიაში",- წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე". ცნობისთვის, უკრაინული ვებ-გვერდი obozrevatel.com აუდიოჩანაწერს ავრცელებს, რომელშიც მათი ინფორმაციით, ოპოზიციონერი გუბაზ სანიკიძე და თემურ ალასანია ფიგურირებენ. ვებ-გვერდის ინფორმაციით, ჩანაწერში განიხილება სამოქმედო გეგმა ხელისუფლებისთვის ძალაუფლების ძალადობრივი გზით ჩამორთმევის მიზნით. obozrevatel - ის მიერ გავრცელებულ კიდევ ერთ ჩანაწერში, მათივე ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი საუბრობს, თუმცა ვის ესაუბრება, იდენტიფიცირებული არ არის. ავთენტურია თუ არა ჩანაწერი, ამ ეტაპზე უცნობია.

60 486 ახალი შემთხვევა და 828 გარდაცვლილი - საფრანგეთი დღეს

საფრანგეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 60 486 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის, - შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, საფრანგეთში დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1.7 მილიონამდე გაიზარდა. ამასთან, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 828 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 40 000-ს მიაღწია. შეგახსენებთ, ერთი კვირაა საფრანგეთში საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. შეზღუდვების ფარგლებში მოქალაქეებს საცხოვრებელი სახლების დატოვება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ ისინი სამსახურში, აუცილებელი პროდუქციის შესაძენად, სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, ან დღეში 1 საათის განმავლობაში სავარჯიშოდ მიდიან. ქვეყანაში დახურულია რესტორნები და ბარები, თუმცა სკოლები და ბაგა-ბაღები ღიაა. გარდა ამისა, საფრანგეთში ღამის 22:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ე.წ. „კომენდანტის საათი“ მოქმედებს. ახალი შეზღუდვები ძალაში, სავარაუდოდ, 1-ელ დეკემბრამდე დარჩება.

ბაიდენმა ტრამპს ჯორჯიის შემდეგ პენსილვანიაშიც გადაასწრო

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების დათვლა გრძელდება. ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს კიდევ ერთ შტატში, პენსილვანიაში გადაასწრო, სადაც უკვე ხმების 98%-ია დათვლილი. ამ დროისთვის ბაიდენს 49.5% (3 295 315 ხმა) აქვს, ტრამპს კი - 49.4% (3 289 731 ხმა). მანამდე ბაიდენმა ტრამპს გადაასწრო ჯორჯიის შტატში, სადაც ხმების 99%-ია დათვლილია და ბაიდენს 1 097 ხმით მეტი აქვს მიღებული. ხმების დათვლა გრძელდება ალიასკას და ჩრდილოეთ კაროლინას შტატებშიც, სადაც ტრამპი ლიდერობს. ასევე ნევადაში და არიზონაში, სადაც ბაიდენია პირველ ადგილზე. ბოლო მონაცემებით ბაიდენს საარჩევნო კოლეგიაში 253 ხმა აქვს მოპოვებული, მას კიდევ ჩვიდმეტი ხმა სჭირდება. პენსილვანიის მოგების შემთხვევაში ის 20 ხმას მიიღებს. დონალდ ტრამპი არჩევნების მოპარვაზე საუბრობს და ხმების დათვლის შეწყვეტას ითხოვს. მის გუნდში ამბობენ, რომ იმ შტატებში, სადაც ტრამპი მცირე სხვაობით დამარცხდა, ხმების გადათვლას მოითხოვენ.

დავივიწყოთ სიბრაზე და დემონიზაცია, შეიძლება ოპონენტები ვართ, მაგრამ არა მტრები - ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტობის „დემოკრატი“ კანდიდატი ჯო ბაიდენი ამერიკელ ხალხს მოუწოდებს, ერთიანობა შეინარჩუნონ და სიბრაზე დაივიწყონ. „მკაცრი არჩევნების შემდეგ დაძაბულობა მაღალია. სერიოზული პრობლემები გვაქვს, პარტიზანულ ბრძოლაზე გასაფლანგი დრო არ გვაქვს. დავივიწყოთ სიბრაზე და დემონიზაცია, შეიძლება ოპონენტები ვართ, მაგრამ არა მტრები,“- განაცხადა ჯო ბაიდენმა. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ გამარჯვებაში დარწმუნებულია. „რიცხვები გვეუბნება, რომ ამ არჩევნებს მოვიგებთ. ჩვენ 74 მილიონზე მეტი ხმა ავიღეთ, ეს იმაზე მეტია, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პრეზიდენტობის რომელიმე კანდიდატს აუღია,“- აღნიშნა ბაიდენმა. მისი თქმით, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ კამალა ჰარისთან ერთად ექსპერტებს ხვდება, ვინაიდან ისინი თეთრი სახლისთვის ემზადებიან. ბოლო მონაცმებით, ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს ქვეყნის მასშტაბით 4.1 მილიონი ხმით უსწრებს. ამ ეტაპზე, საარჩევნო კოლეგიაში „დემოკრატ“ კანდიდატს გამარჯვებისთვის საჭირო 270 ხმიდან 253 აქვს, დონალდ ტრამპს კი -214.

რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერი ავარიაში მოყვა

რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერი, ალექსეი ავერჩუკი, ავარიაში მოყვა მოსკოვის კუტუზოვის პროსპექტზე. შემთხვევის ადგილიდან ავერჩუკი ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუსეთის ვიცე-პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სხვა ცნობები არ გავრცელებულა. იუწყებიან, რომ ავარიაში მოყვა სამი ავტომობილი და ავერჩუკის გარდა დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3613 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3613 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3613 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4000 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0387 შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9892 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 4.0137 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0245 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

პაციენტთა ნაწილს სამი სავალდებულო გამოკვლევა ჩაუტარდება

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, დღეიდან კოვიდ სასტუმროში მყოფ ყველა და ბინაზე მყოფ პაციენტთა ნაწილს სამი სავალდებულო გამოკვლევა ჩაუტარდება. როგორც ჯანდაცვის მინისტრთან კლინიკური ჯგუფის შეხვედრის შემდეგ ცერცვაძემ განმარტა, სამი სავალდებულო გამოკვლევიდან ერთი იქნება სისხლის საერთო ანალიზი, მეორე - D დიმერი და მესამე - სატურაციის განსაზღვრა. „ბინაზე დატოვებულ და სასტუმროში დატოვებულ პაციენტებს ანუ იმათ, ვინც არ ჩაითვლება, რომ არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას და ასეთი ჩვენი დათვლით არის 75% დღეისთვის, 25%-ის ჰოსპიტალიზაცია ხდება, როდესაც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში მხოლოდ 15%-ის ჰოსპიტალიზაცია ხორციელდება. დღევანდელი სხდომა ეთმობოდა იმას, თუ როგორ გაუმჯობესდეს ბინაზე და კოვიდსასტუმროში პაციენტების მკურნალობა, რათა მინიმიზებული იქნეს ის რისკები, რაც იწვევს ბინაზე დატოვებულების გარდაცვალებას. პირველი - ყველა სასტუმროში დატოვებულ პაციენტს და ბინაში მყოფთა ნაწილს ჩაუტარდება სამი სავალდებულო გამოკვლევა: სისხლის საერთო ანალიზი, D დიმერი და სატურაციის განსაზღვრა. ეს შერჩევით დღესაც ტარდებოდა, მაგრამ დღეიდან იქნება სავალდებულო და სისტემური. D დიმერის განსაზღვრა გაძლევს სიგნალს, პაციენტს აქვს თუ არა თრომბო ემბოლიური რისკი და შესაბამისი ჩარევით ეს გართულება თავიდან იქნება აცილებული. სისხლის ანალიზი გვაძლევს სურათს, რამდენად მძიმეა პროცესი და ხომ არ არის ბაქტერიული გართულება და მესამე სატურაციის განსაზღვრა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც მოგვცემს საშუალებას განვსაზღვროთ, რამდენად არის ის ჟანგბადზე დამოკიდებული - ასეთი პაციენტები არიან განსაკუთრებით რისკ ჯგუფები“, - განაცხადა ცერცვაძემ.

აქციები დასტაბილურებულ სიტუაციას კვლავ რისკის ქვეშ აყენებს - ჯანდაცვის მინისტრი

აქციები დასტაბილურებულ სიტუაციას კვლავ აყენებს რისკის ქვეშ. სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც ადამიანებს მოვუწოდებთ, ნუ დაარღვევენ იმ წესებს, რომელიც მოწოდებულია,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, როგორც ტიკარაძე აცხადებს, ინფიცირების მაჩვენებელმა 1.79-დან 1.26-მდე დაიკლო და ეს კოეფიციენტი დასტაბილურდა. „ოქტომბერში, სანამ ჩვენ არ გვყავდა გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი, რომელსაც დღეს ვაანონსებთ, ჩვენი ინფექციის მაჩვენებლის კოეფიციენტი აღემატებოდა 1.79-ს, მას შემდეგ, რაც მოვუწოდეთ მოქალაქეებს და რიგ ადგილებში სავალდებულოც გავხადეთ პირბადე, ასევე დისტანციური მუშაობა, კოეფიციენტმა მნიშვნელოვნად დაიკლო, დავასტაბილურეთ კოეფიციენტის მაჩვენებელი და ის გახდა 1.26. ეს არის ძალიან კარგი შედეგი იმ მინიმალური აქტივობებით და ეფექტიანი მუშაობით, რომელიც განვახორციელეთ“,- განაცხადა ტიკარაძემ. მისივე თქმით, მზადაა ოპოზიციასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს და მოუწოდებს მათ, პირადი ინტერესები ბოროტად არ გამოიყენონ. „ჩვენ ოპოზიციასთან მიმართებაში მზად ვართ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, ეს მნიშვნელოვანია. ნებისმიერი მოლაპარაკება და შეთანხმება შეიძლება მოხდეს ბევრად უფრო ცივილურად და ეფექტურად, არ გამოვიყენოთ ბოროტად ჩვენი ემოციები და პირადი ინტერესები. არ გავავრცელოთ ინფექცია ქვეყანაში. ეს არის დღეს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ამოცანა“, - განაცხადა ეკა ტიკარაძემ. შეგახსენებთ, რამდენიმე დღეა რაც ოპოზიციური პარტიების ლიდერები, მათი მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები დედაქალაქის მასშტაბით აქციებს მართავენ. აქციის მონაწილეები ცესკოს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.