ახალი ამბები

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3409 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3409 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3409 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2988 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0421 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9042 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.8586 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0456 შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

საქართველოს ახალმა საარჩევნო სისტემამ გზა გაუხსნა უფრო პლურალისტურ პარლამენტს - მიხაელ ზიბერტი

საქართველოს ახალმა საარჩევნო სისტემამ გზა გაუხსნა უფრო პლურალისტურ პარლამენტს, - ამის შესახებ აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მიხაელ ზიბერტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. მისივე თქმით, გერმანია საქართველოსგან არჩევნების მეორე ტურში საერთაშორისო სტანდარტების დაცვას ელოდება. „საპარლამენტო არჩევნების დროს გამოყენებულმა ახალმა საარჩევნო სისტემამ გზა გაუხსნა უფრო პლურალისტურ პარლამენტს. მნიშვნელოვანია ამ შესაძლებლობის გამოყენება. ველოდებით, რომ მეორე ტურში საერთაშორისო სტანდარტები დაცული იქნება. საარჩევნო პროცესის ხარვეზები ყველა პოლიტიკურ აქტორს შორის თანამშრომლობის გზით უნდა გამოსწორდეს,“ – წერს გერმანელი დიპლომატი.

ლატვიამ საქართველოში რეგულარული ფრენები ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო შეაჩერა

საქართველოში ლატვიის საელჩო განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო ლატვიასა და საქართველოს შორის დანიშნული ფრენები აღარ განხორციელდება. "ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოსა და ლატვიას შორის ფრენები დანიშნული არ არის. ლატვიის მოქალაქეებისათვის სამშობლოში დასაბრუნებლად დანიშნულია ფრენები 3 და 5 ნოემბერს", - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 19 სექტემბრიდან ლატვიაში ამოქმედდა რეგულაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოდან ჩასულ მოქალაქეებს სავალდებულო თვითიზოლაციის გავლა უწევდათ. 17 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ 1 ოქტომბრიდან, Wizzair-ი ქუთაისი-რიგის რეისზე კვირაში ერთ ფრენას შეასრულებდა. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ კომპანია საქართველოში ფრენებს 4 ოქტომრიდან განაახლებდა. უკანასკნელი განცხადების შემდეგ ეს ფრენები გაუქმდა.

სალომე სამადაშვილს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრ სალომე სამადაშვილს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, რომელიც უსიმპტომოდ მიმდინარეობდა. ამის შესახებ მან საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა. სამადაშვილის თქმით, ის ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება. შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსის 2295 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

NGO-ები: მთავრობამ ვერ უზრუნველყო არჩევნების დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარება

25 არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, "საქართველოს მთავრობამ ვერ უზრუნველყო არჩევნების დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარება". მათი აზრით, "2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ჩატარებულ არჩევნებს შორის ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი იყო". ისინი აღნიშნავენ, რომ "არჩევნები გამოირჩეოდა დემოკრატიის დაბალი ხარისხით, რაც დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარებისა და საერთაშორისო რეპუტაციისთვის". განცხადების ხელმომწერები არიან საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI), ახალგაზრდა იურისტთა ასოციაიცია (GYLA), ღია საზოგადოების ფონდი (OSGF), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), კავშირი საფარი, მწვანე ალტერნატივა, ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC), დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI), საქართველოს მედია-კლუბი, საქართველოს ატლანტიკური საბჭო, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP), ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტი (IDFI), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი (ICCC), რეგიონის განვითარების ცენტრი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის კვლევითი ცენტრი, საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი, კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი, მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი (MSDC), სამოქალაქო ინიციატივა, სათემო ფონდი ლელი, სათემო ორგანიზაცია ნუკრიანი. "წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდათ შესაძლებლობა, საარჩევნო კამპანია მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე ჩაეტარებინათ. თუმცა, კამპანიის მიმდინარეობისას იყო შემთხვევები, როდესაც ადგილი ჰქონდა ძალადობრივ დაპირისპირებას, ამომრჩევლებსა და ჟურნალისტებზე ზეწოლისა და მუქარის ფაქტებს, რომელთაც, ჩვეულებრივ, არ მოჰყვებოდა ქმედითი გამოძიება. ეს საზოგადოების ნაწილში აჩენდა საგამოძიებო ორგანოთა პოლიტიკური მიკერძოებულობის განცდას. ამასთან, წინასაარჩევნო პერიოდი ხასიათდებოდა მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის უპრეცედენტო გამოყენებით, რამაც წაშალა ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის. მმართველი პარტია არ მოერიდა მოქალაქეთა პატრიოტული გრძნობებით მანიპულირებას და, სავარაუდოდ ამ მიზნით, წამოიწყო ე.წ. კარტოგრაფების საქმე, რასაც, მაღალი ალბათობით, ორი უდანაშაულო ადამიანის დაკავება მოჰყვა. არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნებსა და მათ სიახლოვეს ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას, დამკვირვებლებისა და ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლისა და მათზე თავდასხმის შემთხვევებს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა დააფიქსირეს კენჭისყრის ფარულობის დარღვევისა და ამომრჩეველთა მოსყიდვის არაერთი შემთხვევა. მხოლოდ ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელთაც დაახლოებით 3 ათასი დამკვირვებელი ჰყავდათ, სხვადასხვა საარჩევნო უბანზე 500-ზე მეტი საჩივარი დაწერეს. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ნაწილი, ასევე პოლიტიკური პარტიების, მათ შორის, ოპოზიციის, წარმომადგენლები, დამკირვებლების მიმართ მტრული დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ. პრობლემას წარმოადგენდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების პირველადი შედეგების დაგვიანებით, საარჩევნო უბნების დახურვიდან დაახლოებით შვიდი საათის შემდეგ გამოქვეყნება, რაც უკანასკნელი რვა წლის მანძილზე დამკვიდრებული პრაქტიკის გაუარესებად უნდა შეფასდეს. პირველადი შედეგების დაგვიანებით გამოქვეყნებამ საზოგადოებაში ხმების სამართლიანი დათვლის შესახებ კითხვები გააჩინა. ეს კითხვები კიდევ უფრო გამძაფრდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ აღმოაჩინა, რომ საარჩევნო უბნების 8%-ის შემთხვევაში, ხმის დათვლის ოქმებში არსებობდა გარკვეული დისბალანსი. ამ გარემოებების გათვალისწინებით, არასამთავრობო ორგანიზაციები მოვითხოვთ იმ უბნების შედეგების ხელახალ დათვლას, რომელთა ოქმებშიც დისბალანსი შეიმჩნევა, ასევე, წარდგენილი საჩივრების კანონიერად და მიუკერძოებლად განხილვას" - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც გადალახა საარჩევნო ზღვარი, უარი თქვა პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურებში მონაწილეობის მიღებაზე. მანდატებზე უარი თქვა ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პროპუტინურმა პატრიოტთა ალიანსმა.

ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებული 102 წლის პაციენტი მკურნალობს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 102 წლის პაციენტი მკურნალობს. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 2295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 19 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2537 ადამიანი. უკანასკნელი მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 46 817 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 31 170 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 381 გარდაიცვალა.

ადამ კინზინგერი აშშ-ის კონგრესში ხელახლა აირჩიეს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი ილინოისიდან და საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათამვჯდომარე ადამ კინზინგერი აშშ-ის კონგრესში ხელახლა აირჩიეს. წინასწარი შედეგების თანახმად, რესპუბლიკელი კინზინგერი ხმათა 65%-ით პირველ ადგილზეა. მის კონკურენტს, დემოკრატ დანი ბრზოზოვსკის 35%-იანი მხარდაჭერა აქვს. კინზინგერი კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის წევრია 2010 წლიდან. ის წელს მეექვსედ აირჩიეს აღნიშნულ პოზიციაზე. ის აშშ-ის კონგრესის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა წევრია. კინზინგერი წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეა. ის ხშირად ეხმაურება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

თბილისის მასშტაბით, ყველა საბავშვო ბაღი იხურება

5 ნოემბრიდან საბავშვო ბაგა-ბაღები ისევ დაიხურება. "ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე და სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე, თბილისის საჯარო ბაღები ხვალიდან მუშაობას დროებით შეაჩერებენ", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. „ბაგა-ბაღებში სწავლა განვაახლეთ, თუმცა ძალიან მალე, 40-მდე ბაღის დახურვა მოგვიწია. არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გუშინ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, ამ საკითხთან დაკავშირებით, ბევრი მსჯელობა იყო. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ხვალიდან საჯარო ბაღები დროებით დაიხურება, ვიდრე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გამოსწორდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი შვილების, მომავალი თაობების ჯანმრთელობის მდგომარეობას ვუფრთხილდებით“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა თავის მოადგილეს, ილია ელოშვილს დაავალა, ბაღებში ის სოციალური პროექტი გაგრძელდეს, რომლის თანახმადაც, მშობლებს აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი რაციონის სახლში წაღება შეეძლებათ. „მინდა, ილია ელოშვილს დავავალო, რომ უზრუნველყოს კვების საკითხი, ისევე, როგორც ამას პანდემიის პერიოდში ვაკეთებდით და მშობლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, საკვები რაციონი სახლში წაეღოთ. პროდუქტებით უზრუნველყოფა მოვახდინოთ ისე, როგორც ეს წინა თვეების განმავლობაში გვქონდა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. მისივე თქმით, ყველა საჯარო ბაღი მუშაობას შეაჩერებს იქამდე, ვიდრე საკოორდინაციო საბჭოსა და ეპიდემიოლოგების მიერ სხვაგვარი რეკომენდაცია არ გაიცემა.

7 ნოემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს კიდევ 13 მარშრუტი ემატება

7 ნოემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს კიდევ 13 მარშრუტი ემატება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს არის საქალაქო მნიშვნელობის ავტობუსების ხუთი მარშრუტი და მიკროავტობუსების რვა საუბნო მნიშვნელობის ხაზი. ამ მარშრუტებზე მხოლოდ ახალი ტრანსპორტი ივლის. ავტობუსების მარშრუტები შემდეგნაირად ნაწილდება: N343 ზემო ფონიჭალა – ვაზისუბნის დასახლება; N344 ზემო ფონიჭალა – ბარათაშვილის ქუჩა; N363 თხინვალა – მეტროსადგური დელისი – უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი; N383 ქავთარაძე – ზემო ვაკე – ბარათაშვილის ქუჩა; N387 წრიული – საბურთალო – ვაკე – საბურთალო. რაც შეეხება მიკროავტობუსებს, ისინი შემდეგ მარშრუტებზე იმოძრავებენ: N482 ახალდაბა – წყნეთი; N483 წყნეთი – წრიული; N419 სოფ. აგარაკი – მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტი; N463 – ზაჰესი (ჭიჭინაძისა და ცქიტიშვილის ქუჩები); N464 – ბილფელდის, ჩიქოვანის ქუჩა, სპორტის სასახლე; N408 აეროპორტის დასახლება – ალექსეევკას დასახლება – მეტროსადგური ისანი; N457 სადგურის მოედანი – ჯავახიშვილის ქუჩა – ბესიკის ქუჩა; N476 მეტროსადგური სახელმწიფო უნივერსიტეტი, ანჯაფარიძის, ქავთარაძის, ნუცუბიძის, შარტავას ქუჩა, სადგურის მოედანი.

"ქართული ოცნების" ლიდერები ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდებიან

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები დღეს, ეუთო/ ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ცნობილია შეხვედრა 12:00 საათზე სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ გაიმართება. შეხვედრის თაობაზე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდიან. „ხვალ გეგმავენ ჩვენი წარმომადგენლები ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან შეხვედრას. შევეცდებით დეტალურად, პუნქტობრივი სიზუსტით ეუთო/ოდირის წარმომადგენლები საქმის კურსში ჩავაყენოთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 2 295 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 295 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 295 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 46 817-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 537 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 31 170-მდე გაიზარდა. სამწუხაროდ, 24 საათში გარდაიცვალა 19 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 ადამიანი, აჭარაში - 9, იმერეთში - 6, შიდა ქართლში - 1, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 381 გარდაცვალების შემთხვევა. დღეს გამოვლენილი 2 295 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 989 შემთხვევა, აჭარაში - 387, იმერეთში - 387, ქვემო ქართლში - 166, შიდა ქართლში - 133, გურიაში - 27, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 97, კახეთში - 47, მცხეთა-მთიანეთში - 33, სამცხე-ჯავახეთში - 29, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - არ დაფიქსირებულა შემთხვევები. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 240. 4 355 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 117, აჭარაში - 690. მძიმე პაციენტი გვყავს 569, მათ შორის, თბილისში - 283, აჭარაში - 84. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 238 პირი - მათ შორის, თბილისში - 119, აჭარაში - 72. 2 428 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 180 - აჭარაში, ხოლო 878 - თბილისში. 8 457 პირი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 004 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 612, აჭარაში-1 392. სულ 6 ოქტომბრიდან - 3 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 11 723 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 330 პირი, საიდანაც თბილისში - 2 735, აჭარაში - 12 427, იმერეთში - 4 025“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

ვენაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ინფორმაცია ტერორისტულმა ორგანიზაციამ "ტელეგრამზე" განათავსა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვენაში თავდასხმა განხორციელდა "ხალიფატის ჯარისკაცის" მიერ. შეგახსენებთ, ავსტრიაში გუშინ განხორციელებული თავდასხმის შედეგად გარდაცვლილია ოთხი ადამიანი – ორი ქალი და ორი მამაკაცი. სამართალდამცავებმა ერთი შეიარაღებული პირის ლიკვიდაცია განახორციელეს. ვენაში განხორციელებული თავდასხმის გამო ავსტრიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

დონალდ ტრამპი - ოპონენტები ცდილობენ, არჩევნები მოიპარონ

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არჩევნებში დიდი გამარჯვება მოიპოვეს და ოპონენტები არჩევნების მოპარვას ცდილობენ. „ისინი ცდილობენ, მოიპარონ არჩევნები. ჩვენ არასდროს დავუშვებთ, რომ მათ ეს გააკეთონ. ხმის მიცემა არ შეიძლება საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ!“ – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“. Reuters-ის ინფორმაციით, ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების მიხედვით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ამ ეტაპზე ჯო ბაიდენი ლიდერობს. მას კოლეგიაში 220 ხმა აქვს, მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, კი - 213.

ქსნის ციხის შედეგი გაუქმებულია, მცხეთის ოლქში, შესაძლოა, მეორე ტური გაიმართოს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას ინფორმაციით, ქსნის ციხეში კენჭისყრის შედეგების მაჟორიტარული ნაწილი გაუქმდა და შესაბამისად, წინასწარი მონაცემებით, მცხეთის საარჩევნო ოლქში, შესაძლოა, მეორე ტური გაიმართოს. ამის შესახებ ჟვანიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიამ თავისი ინიციატივით შეისწავლა საკითხი, გადაამოწმა შედეგები და მონაცემები. "ამ ციხეში შედეგების მაჟორიტარული ნაწილი გაუქმდა, რაც ფაქტობრივად იწვევს წინასწარი მონცემებით ისეთ სურათს, რომ შესაძლებელია, მეორე ტური ასევე გაიმართოს მცხეთის იმ კონკრეტულ მაჟორიტარულ ოლქში, რომელსაც მცხეთის საარჩევნო ადმინისტრაცია კურირებს. წინასწარი მონაცემებით ასე იკვეთება. იქ არასწორად იყო ბიულეტენები გადაცემული, რადგან რეგისტრაციის მიხედვით არ ეკუთნოდათ სპეცსიაში მყოფ ამომრჩევლებს, გააბათილა ეს შედეგი საოლქო საარჩევნო კომისიამ, რის შედეგადაც შესაძლოა, გაიმართოს მეორე ტური".- აცხადებს ჟვანია. მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, შალვა კერესელიძეს, წინასწარი შედეგებით, 50,1% აქვს ხოლო ენმ– ძალა ერთობაშიას კანდიდატმა, ცეზარი ჩოჩელმა, წინასწარი შედეგებით, 33,42% მიიღო.

სასამართლომ ნიკა მელიას გირაო 70 000 ლარამდე გაუზარდა და სხვა შეზღუდვები მოუხსნა

სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ენმ-ის ლიდერს, ნიკა მელიას გირაო 70 000 ლარამდე გაუზარდა და სხვა შეზღუდვების მოუხსნა. პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდასა შეზღუდვების მოსხნის მოსხნას ითხოვდა. უწყებამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. "მთავარია, შენს თავს არ უღალატო და თუ ჩვენ ჩვენს თავს არ ვუღალატებთ, სხვებსაც არ ვუღალატებთ და მე უბრალოდ აღარ ვაპირებ ამ სამაჯურის ტარებას. გამორიცხული ამბავია. მე ამ სამაჯურს აღარ ვატარებ, იმიტომ, რომ ეს არის უსამართლობის სიმბოლო, ეს არის ძალადობრივი სამაჯური, რომელსაც მე აღარ შევიბამ, გამორიცხულია და ზუსტად ვიცი, ვიჯდები მე ციხეში, თუ ვიქნები თქვენთან ერთად ამ ბრძოლაში, ერი გაიმარჯვებს". – თქვა მაშინ ნიკა მელიამ. ნიკა მელიას ამ გადაწყვეტილებას მალევე გამოეხმაურა ქართული ოცნების ლიდერი, ირაკლი კობახიძე, რომელმაც თქვა, რომ დაიჭერენ თუ არა ოპოზიციურ ლიდერს, ეს სამართალდამცავი უწყებების გადაწყვეტილებაა, თუმცა, ეს მას პოლიტიკურად სწორად არ მიაჩნია. 20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს. იმ დროს ენმ-ის დეპუტატს გამოძიება 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავებოდა.

BBC - ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების მიხედვით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ამ ეტაპზე ჯო ბაიდენი ლიდერობს

ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების მიხედვით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ამ ეტაპზე ჯო ბაიდენი ლიდერობს. BBC-ის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატ ჯო ბაინდენს 192 ხმა აქვს, მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კი 114. აღსანიშნავია, რომ პირველადი შედეგებით, ამომრჩეველთა ხმების რაოდენობით დონალდ ტრამპი ჯოზეფ ბაიდენს უსწრებს, თუმცა ადგილობრივი კანონმდებლობით, არჩევნებში გადამწყვეტი ამომრჩეველთა კოლეგიის ხმებია. გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიიდან სულ მცირე 270 ხმას მოიპოვებს. საარჩევნო კოლეგიის წევრებს თითოეული შტატი, მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად ირჩევს. არჩევნების საბოლოო შედეგების დადგენასა და გამარჯვებულის გამოვლენას, შესაძლოა, რამდენიმე დღე ან კვირაც დასჭირდეს, ვინაიდან, კორონავირუსის პანდემიის გამო, წლევანდელ არჩევნებზე ფოსტის საშუალებით ხმა უპრეცედენტოდ ბევრმა ადამიანმა მისცა და სხვადასხვა შტატს ხმების დათვლის განსხვავებული წესი აქვს.

მელია გირაოს გადახდას და სამაჯურის გაკეთებას არ აპირებს

ენმ-ძალა ერთობაშიას წევრის, ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის თქმით, მელია გირაოს გადახდასა და ელექტრონული სამაჯურის გაკეთებას არ აპირებს. "ნიკა მელია არ აპირებს სამაჯურის გაკეთებას. მან არაერთხელ დააფიქსირა, რომ ვინაიდან ეს გადაწყვეტილება იყო უკანონო, ის არის მხოლოდ ერთი მიზნით გაკეთებული, რომ ჩამოაცილონ ნიკა მელია აქტიურ პოლიტიკურ პროცესებს. მათ შორის, არც გირაოს გადახდას, არც სხვა აღკვეთის ღონისძიებით, თუ რაიმე ახალს მოიფიქრებს სასამართლო. არ მგონია, რომ სასამართლომ ეს აბსურდული შუამდგომლობა დააკმაყოფილოს". – ამბობს კონდახაშვილი. მისივე თქმით, პოლიტიკურად დადგა იმის აუცილებლობა, რომ პროკურატურამ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართოს, რათა, მისივე სიტყვებით, საზოგადოების თვალში გამოჩნდეს, რომ რეაგირება მოახდინეს. "ერთმნიშვნელოვნად ვაფიქსირებ, რომ ბრალდების მხარე არის სამართლებრივ აბსურდში შესული. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განმარტებულია, რომ თუ ბრალდებული არღვევს აღკვეთის ღონისძიებას, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო უფრო მკაცრ აღკვეთის ღონისძიებას უფარდებს და გირაოს თანხა ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში. ამ შემთხვევაში, ერთი მხრივ, პროკურორი ამბობს, რომ ნიკა მელიამ დაარღვია აღკვეთის ღონისძიება, თუმცა პატიმრობას არ ან ვერ იყენებენ. ამ შუამდგომლობას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. ნიკას გირაო ისედაც შეფარდებული აქვს და არათუ საზღვრის გადაკვეთა, ჩამორთმეული აქვს სახლიდან გასვლის უფლება, სიტყვით გამოსვლის უფლება, დაწესებული აქვს ელექტრონული მონიტორინგი. მაგრამ არცერთი ეს აღკვეთის ღონისძიება არ მუშაობს, გუშინ და გუშინწინ კი არ გაიგო პროკურატურამ, რომ აღკვეთის ღონისძიება არ მუშაობს, ფარატინა ფურცელი, ფიქცია და პოლიტიკური კონტექსტის მატარებელია, ეს, დაახლოებით, ერთი წელია, გრძელდება". –ამბობს ადვოკატი. გენერალური პროკურატურის განცხადებით, უწყება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერისთვის, ნიკა მელიასთვის 100 000-ლარიან გირაოსა და საზღვრის კვეთის აკრძალვას ითხოვს, ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე. პროკურატურამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ნიკა მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. "მთავარია, შენს თავს არ უღალატო და თუ ჩვენ ჩვენს თავს არ ვუღალატებთ, სხვებსაც არ ვუღალატებთ და მე უბრალოდ აღარ ვაპირებ ამ სამაჯურის ტარებას. გამორიცხული ამბავია. მე ამ სამაჯურს აღარ ვატარებ, იმიტომ, რომ ეს არის უსამართლობის სიმბოლო, ეს არის ძალადობრივი სამაჯური, რომელსაც მე აღარ შევიბამ, გამორიცხულია და ზუსტად ვიცი, ვიჯდები მე ციხეში, თუ ვიქნები თქვენთან ერთად ამ ბრძოლაში, ერი გაიმარჯვებს". – თქვა მაშინ ნიკა მელიამ. ნიკა მელიას ამ გადაწყვეტილებას მალევე გამოეხმაურა ქართული ოცნების ლიდერი, ირაკლი კობახიძე, რომელმაც თქვა, რომ დაიჭერენ თუ არა ოპოზიციურ ლიდერს, ეს სამართალდამცავი უწყებების გადაწყვეტილებაა, თუმცა, ეს მას პოლიტიკურად სწორად არ მიაჩნია. 20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს. იმ დროს ენმ-ის დეპუტატს გამოძიება 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავებოდა.

ლარი დოლართან 5.5 თეთრით, ევროსთან კი 8.25 თეთრით გაუფასურდა

ლარი დოლართან 5.5 თეთრით, ევროსთან კი 8.25 თეთრით გაუფასურდა. 3 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 3.2988 ლარია, ერთი ევროსი კი 3.8586 ლარი. კომერციულ ჯიხურებსა და ბანკებში უცხოური ვალუტა კიდევ უფრო ძვირი ღირს – დოლარის ფასი 3.36 ლარს აღწევს, ევროსი კი 3.96 ლარს. გუშინ, 2 ნოემბერს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე კიდევ 60 მილიონი დოლარი გაყიდა. სებ-მა ლარის კურსის სტაბილურობისთვის ეს არაერთხელ გააკეთა. მხოლოდ სექტემბერ-ოქტომბერში სებ-მა 320 მილიონი დოლარის რეზერვი გაიტანა სავალუტო ბაზარზე. მთლიანად, მიმდინარე წელს კი ეროვნულმა ბანკმა 709 მილიონი დოლარი გაყიდა.

ცესკოსთან სამართალდამცავებმა რკინის ბარიკადები განათავსეს, რასაც აქციის მონაწილეები ქვებს ურტყამენ

ცენტრალური საარჩევნო კომისის შენობასთან, სადაც ოპოზიციური პარტიების აქტივისტები არიან შეკრებილები, სამართალდამცავებმა რკინის ბარიკადები განათავსეს. აქციის მონაწილეები რკინის ბარიკადებს ქვებს ურტყამენ. ცესკო-სთან ოპოზიციის წევრები და მათი მხარდამჭერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა. მანამდე კი ოპოზიციის მხარდამჭრერებმა რესპუბლინის მოედნიდან ცესკო-ს შენობამდე მანქანებით მსვლელობა მოაწყვეს.

მინსკში ანტისამთავრობო აქციები გრძელდება

2 ნოემბერს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში 1000-ზე მეტი მომიტინგე კვლავ გამოვიდა ალექსანდერ ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით. მომიტინგეებს შორის ბევრი პენსიონერი იყო. მათ ხელში ეკავათ ბელარუსის ისტორიული, თეთრი-წითელი-თეთრი დროშები, რაც ბელარუსის ოპოზიციის სიმბოლო გახდა. "ლუკაშენკო! სასამართლო!"; "გამარჯვებამდე, ბოლომდე!" - გაიძახოდნენ მსვლელობის მონაწილეები. პირველი ნოემბრისგან განსხვავებით, როდესაც მინსკში აქციაზე ასობით ადამიანი დააკავეს, 2 ნოემბრის აქციაზე დაკავების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. პირველ ნოემბერს სამართალდამცავებმა ათასობით მომიტინგის დასაშლელად გამოიყენეს ასაფეთქებელი საშუალებები, რეზინის ტყვიები. დააკავეს, დაახლოებით, 300 ადამიანი. ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციის წარმომადგენლის თქმით, დაკავებულებს შორის 4 ჟურნალისტია, მათგან 2 სასტიკად სცემეს. საპროტესტო აქციები ბელარუსში ორი თვეა, გრძელდება. დემონსტრაციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. არჩევნების შედეგების თანახმად ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტი მეექვსე ვადით გახდა. მან ხმების 80%-ზე მეტი მოაგროვა. ბელარუსის ცეესკოს მონაცემების თანახმად სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმების 10% დააგროვა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციების დაწყების შემდეგ ქვეყანაში 12 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. 26 ოქტომბერს ბელარუსში საყოველთაო გაფიცვა დაიწყო. საყოველთაო გაფიცვის დაწყება ბელარუსის ოპოზიციონერმა ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ხელისუფლებამ "სახალხო ულტიმატუმი" არ შეასრულა.